განცხადება ლევან ვასაძის წერილის დაბლოკვასთან დაკავშირებით


? ამა წლის 20 აგვისტოს, Facebook-მა „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“-ს გვერდიდან წაშალა ლევან ვასაძის წერილი ქართულ ენაზე „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, ხოლო, გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი რამდენიმე დღით დაბლოკა.


? წერილის წაშლის მიზეზად Facebook-მა “hate speech” ანუ ე.წ. „სიძულვილის ენის“ გამოყენება დაასახელა.


? შეგახსენებთ, რომ წერილში ლევან ვასაძე საკუთარი ჯანმრთელობის მოულოდნელი და უცნაური გაუარესების გარემოებებზე საუბრობს და ექიმების მიერ დასმულ მძიმე, იშვიათ დიაგნოზზე ყვება.


? ავტორი წერილში ასევე სვამს შეკითხვებს იმის შესახებ, თუ: რატომ დაემთხვა მისი დაავადება პოლიტიკაში შესვლას; საიდან გაიგეს „ლიბერასტულმა ტელეარხებმა“ ლევან ვასაძის სტამბოლში გამგზავრების შესახებ, როცა აღნიშნული ფაქტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა და რატომ ატეხეს მეორე დღესვე აჟიოტაჟი მოწამვლის შესახებ; რატომ არ დაინტერესდა არც ერთი სახელმწიფო უწყება (მათ შორის არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – სუსი) ამ გარემოებებით და სხვა.


? სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში, სადაც მუდმივად არის საუბარი „სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების“, „ცენზურის დაუშვებლობის“ და ა.შ. შესახებ, აღნიშნული უფლება ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ინტერესების გამოხატვას ემსახურება. სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანის მხრიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი „სიძულვილის ენად“ აღიქმებოდეს.


? აღნიშნული ფაქტი, სავარაუდოდ, უკავშირდება ლევან ვასაძის პოლიტიკურ და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის გულისხმობს პიროვნების მხრიდან – მათ შორის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე – გამოთქმული მოსაზრებების თავისუფალი გავრცელებისათვის ხელის შეშლას.


©️ საზოგადოებრივი მოძრაობა – ერთობა, რაობა, იმედი (ე.რ.ი.)

23.08.2021