სულ მინდა საჭირბოროტოზე გესაუბროთ და გული არ მიშვებს. ეტყობა, იცილებს უარყოფითს. გპირდებით, რომ დავძლევ. გუშინდელი ჩემი სიჩუმე მეოთხე ქიმიით იყო განპირობებული – როგორც პირველ თავში გაგაფრთხილეთ – ისევე, როგორც ჩემი დღევანდელი დაგვიანება ამ ნაწერისა, რისთვისაც, შენდობას ვითხოვ.
მინდა შევეხო ოჯახის სიწმინდეს. მთელი ამქვეყნიური სითბო ადამიანისათვის ოჯახში იშვება და ყველა უბედურება და გულქვაობა მისი ნგრევისას მოდის.
ურბანული თანამედროვეობა მოდერნის დაბადებიდან ერჩის მას – როგორც უკანასკნელ ბასტიონს ადამიანის ბედნიერებისა. ეს ის ბასტიონია, რომლის ნგრევაც მოიყვანს ანტიქრისტეს.
სანამ ეს მოხდება, ჩვენ მოწოდებულნი ვართ არა მხოლოდ დავიცვათ ის, არამედ, ასეთ დროსაც კი, ავიყვანოთ მსოფლიოსათვის გამაოგნებელ სიმაღლეზე. სწორედ მაგიტომ ვერ დაიდგამს ბოლომდე აქ ტახტს ანტიქრისტე, ღვთისმშობლის შემწეობითა და ჩვენი საქმით დამტკიცებული რწმენით.
ითვლება, რომ ამაში მთავრობა და პოლიტიკა უნდა დაგვეხმაროს. ეს, ჩემი აზრით, კარგია – თუ როდისმე მივაღწიეთ ამას – მაგრამ, ნუ გაგიკვირდებათ, ეს მეორადია. მთავარი არის თითოეული ჩვენთაგანის მოქმედება, აყოლებული გულისთქმას და არა უბრალოდ „ვაი-ვიში“ მიტოვებულ მიწაზე.
პირველ რიგში, რა არის ტრადიციული – არ ვიტყვი, მხოლოდ ქრისტიანული – მაგრამ, პირველ რიგში, ქრისტიანული ოჯახი? ეს არის კიდობანი, რომელიც ამქვეყნიური ბობოქარი ზღვის ტალღებში მიცურავს. რა არის მისი ამ ცურვის საბოლოო მიზანი? ნავსაყუდელი, რომელშიც დრო აღარ არის და რომლის ბინადარნიც მარადიულ ნეტარებაში გადადიან. რამდენ წევრს დაჰკარგავს ხომალდი ამ მსვლელობისას და საერთოდ, მივა თუ არა ის მარადიულ ყურემდე, დამოკიდებულია, პირველ რიგში, ხომალდის მესაჭეზე, ანუ მამაზე, რომლის მთავარი მოვალეობაც არის ცოლ-შვილის ერთგულება – როგორც ხორციელი, ისე სულიერი და მათზე დაუღალავი ზრუნვა. ის დგება პირველი და ის იძინებს ბოლო, ის მიუჩენს ამ ხომალდში ყველას ადგილსა და საქმეს, თუმცა, ის უძლურია ნებისმიერი ამ საქმის აღსრულებაში მეუღლის გარეშე.
სიმფონია გულთა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ჟღერს ასეთ ხომალდზე, არის ენით აღუწერელი სიმყუდროვე და ბედნიერება. არანაირი სხვა სახის ლხინი და ხორცის სიამე, რომელსაც ბრძენი ქართული ენა ავხორცობას ეძახის, არ მივა მასთან ახლოსაც კი.
ბუნებრივია, ამ ხომალდისა შურს და ებრძვის მის ყურემდე მისვლას ადამიანის მტერი. საფრთხე უამრავია, წყალქვეშა კლდეებიც უცნობ ფარვატერში, ქარიშხლებიც, ხომალდის ბინადართა უიმედობაც და უსიხარულობაც, გარე ჯადოებიც, ხომალდის გარშემო მცურავი ნიმფების დამღუპველი ძახილიც, რომელსაც, როგორც გვახსოვს, ოდისევსი თავისი ხომალდის ბინადრებთან ერთად ასე გაუმკლავდა: მათ ყურები ცვილით დაუცო და უბრძანა, თავად ის ყურებდაუცობელი ანძაზე მიებათ და დროებით დაყრუებული მეზღვაურები გააფრთხილა, როცა გავგიჟდები და მუდარას, მუქარას და ბრძანებას გეტყვით ამიშვათ, რათა ნიმფებთან გადავეშვა, არ ისმინოთ ჩემი სიგიჟის და უფრო მაგრად მიმაბით იმ ანძაზეო. პროტოქართული კულტურიდან, და არა მარტო მისგან, ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოპარული პირველი ინდოევროპული (ჰინდუისტურს თუ არ ჩავთვლით) მითოლოგიის ეს ეპიზოდი, ძალზედ საინტერესო და მრავალწახნაგოვანია და აშკარად ატარებს ჩვენებური სიბრძნის კვალს.
ერნსტ იუნგერი იტყოდა, რომ მითოსს რამოდენიმე შრე აქვს ყოველთვის და მათი გარჩევა მითოლოგიური მეცნიერების ანაბანაა.
ჩვენს ალეგორიას რომ დავუბრუნდეთ, შეგვიძლია ასეთ დასკვნებამდე მივიდეთ:
1️⃣. ოდისევსის გადაწყვეტილება, დარჩეს ყურებდაუცობელი, სიმბოლოა იმ ღვთაებრივი სიბრძისა – თუნდაც ის წარმართული იყოს (ქართულში ხომ წარმართი – წარსულში მართალს ნიშნავს, კიდევ ერთი საოცრება ჩვენი ენისა) – რომელიც ქადაგებს, რომ ოჯახის მამა ნებისმიერ საფრთხეში არ უნდა იყოს გათიშული, ყრუ, ბრმა ან ზურგშექცეული, თუ მას უნდა, რომ ხომალდი არ დაიღუპოს;
2️⃣. ამავე დროს, უმცროსებისთვის ყურების ცვილით დავსება – უფროსის სიბრძნე და გამოცდილებაა, რომელმაც გაიარა მათი ასაკი, იცის, რომ ისინი ამ სინამდვილეს ვერ გაუძლებენ, მამას არ დაუჯერებენ, ნიმფებთან გადაეშვებიან მაცდურ უფსკრულში და პოსეიდონის სამკაპის (ანუ უხსენებელის სამკაპის საოცარი წინასახის) კბილებზე მოფართხალე ტანჯულები გახდებიან;
3️⃣. და ბოლოს, ყველაზე საოცარი რამ: ამგვარი ხრიკით, ხომალდის მართვის იერარქიის წესის დროებით, ნებაყოფლობით, თავდაყირა დაყენება – როდესაც ყრუ უმცროსები, რეალობისაგან შეშლილ უფროსს, მისივე წინასწარი ბრძანებით არ ემორჩილებიან და მის სიგიჟემდელ ნებას აღასრულებენ – არის დაცემული კაცობრიობის მიერ კოსმიურ გონთან მიახლების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. როდესაც განსაცდელი (კიდევ ერთი საოცარი ქართული სიტყვა, რომელიც ცდას, ანუ დროს, ანუ T-ს უსვამს ხაზს და ასე ანუგეშებს ადამიანს მისი წარმავალობით) გადაივლის, მაშინ უმცროსები უფროსის კიდევ ერთ, ბოლო ბრძანებას შეასრულებენ: აუშვებენ მას და ის ამოუღებს მერე მათ ყურებიდან ცვილს და არა პირიქით. ამაშიც დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი.
ბევრი ჩვენთაგანი, ამ ამბის გახსენებისას, ალბათ, უმალ ჩვენს პოლიტიკუმზე დაიწყებს ფიქრს, მაგრამ, აი, რა არის აქ ბევრად უფრო საინტერესო.
ოჯახი – „ოდისეის“ ამ ეპიზოდის კონტექსტში. მამას სიბრძნის უკიდეგანო სიფართე და უძირო სიღრმე სჭირდება. ის რაღაც, გადამწყვეტ მომენტში, ნებსით კარგავს ხელისუფლებას, მაგრამ, იმიტომ რომ, მამაა და ყველაფერი სწორედ გააკეთა მანაც და მისმა უმცროსებმაც, ზუსტად მაგიტომ არის ანძაზე მიბმული, დუჟმომდგარი და დროებით გაგიჟებული ოდისევსი, სინამდვილეში, ამ თავის უხელისუფლებობაშიც სრული ხელისუფალი, რადგანაც ყველაფერი, რაც ხდება მის თავს, ხდება არა წინდაუხედავობით, არამედ, წინდახედულობით. რატომ არის საჭირო მისი არ დაყრუება მასეთ დროს, მითი ბოლომდე ვერ განსაზღვრავს, მაგრამ, ნათლად მიგვანიშნებს, რომ განსაცდელში ოჯახის მამას ხუთივე გრძნობა შეუბოჭავი უნდა ჰქონდეს, თუნდაც, ეს მისი დროებითი სიშლეგის ფასად ხდებოდეს.
მასეთი მამის ხელში გაზრდილი უმცროსიც, თავისი ხომალდის შექმნისას, დიდებული მესაჭე იქნება, მამის ხომალდთან ერთად გააგრძელებს მსვლელობას და მისგან აიღებს რჩევას ყველა ღელვისას.
ამ ალეგორიას რომ არ გადავყვეთ, ვთქვათ, რომ ოჯახში, ისევე როგორც ხომალდის მსვლელობაში, არ არის არაფერი მდგრადი, საბოლოოდ განსაზღვრული და განაღდებული. მშვენიერ ოჯახებშიც კი, როგორც კი ისინი მოადუნებენ ყურადღებას საღმრთო მცნებების დაცვაში, ეგრევე ჩნდება სარეველა მის ბოსტანში, როგორც ჟანგი ხომალდზე. და თუ მამა, დედა და შვილები დროზე, ხელჩაკიდებულნი, ლოცვითა და სიყვარულით არ ამოძირკვავენ ამ სარეველას, მათი ბოსტანი მოიშთობა ისევე, როგორც ჩაიძირება მთვლემარე მესაჭის ხელში ჟანგიანი ხომალდი.
ამიტომ გვმართებს მუდმივი სიფხიზლე ოჯახთან მიმართებაში, მისი მუდმივი გამარგვლა საკუთარი ხელით და მისი მუდმივი მოვლა. ყველა სიტყვას, ყველა ქცევას მნიშვნელობა აქვს, იუმორიან, პირადი მაგალითიანად; პასიური, აპათიური მამა უკვე მოღალატეა თავისი მოწოდებისა, რადგან, მეუღლეს აღარ რჩება მომწოდებელი, შვილებს მაგალითის მიმცემი. მეუღლე ცდილობს მამის ადგილის დაკავებას და ამის გამო ხშირად ციკლოპებსა და ჰეკატონჰეირებს შობს; ოჯახის სითბო ნელდება და სიცივე შემოდის – სიცივე მომასწავებელი უბედურებისა.
ჩემთვის, როგორც ქალაქში გაზრდილი მეოთხე თაობა მთაწმინდელისათვის, კაცობაში უკვე ცხადი გახდა, რომ ეპოქა ქალაქური სიკარგისა მთავრდება. ჯერ კიდევ იოსებ გრიშაშვილი ემშვიდობებოდა მას და მე რასაც „კარგ თბილისს“ ვეძახდი, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა.
ამიტომ ვხედავ მე ერის მომავალს დაცლილი საქართველოს თავიდან უხვად დასახლებაში და ჩვენს ზღაპრულ მიწებზე დაბალსართულიან და მიწიან სახლებად გაშლაში. თუ რა სჭირდება ასეთ რევერსს, არა ერთი წელია გვისაუბრია მეგობრებთან ერთად და საჭირბოროტოზე როცა გადავალ, კიდევ შევაჯამოთ. მაგრამ, ხილულის გარდა, მას ის მეხუთე ელემენტი, ანუ როგორც ლათინები იტყოდენ, ის კვინტესენცია სჭირდება, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ შევაბრუნებთ ამ ვითომ „ჩამომაქალაქებელი ჰიპნოზის“ ბორბალს. ამ მეხუთე ელემენტს ჩვენი გულის გონით მოქმედება ჰქვია.
მეუღლისდამი „სატრფიალოში,“ ჩემი სათაყვანო ჯანო კახიძის მუსიკის შთაგონებით, მე მას, მათ შორის, ასეთ რამესაც ვეუბნები:
„წამყე გრილი ტყეებისკენ,
შეველიოთ ამ ქალაქსა,
რირა-ვო-რერა,
იქ დაგიფენ მზეებისგან
ამოქარგულ ლურჯ ფარდაგსა,
რირა-ვო-რერა.
უკეთესად დაგიცავ და,
უფრო მშვიდად გეფერები,
რირა-ვო-რერა,
გულში შვილებს ჩავიკრავ და
უფალს მათთვის ვევედრები,
რირა-ვო-რერა.”
და ვეუბნები მას ამას არა მხოლოდ თბილისზე, არამედ, ყველა ქალაქზე, სადაც გვიცხოვრია. ცინიკოსი იტყვის, შენ რა გიჭირს, საშუალება გაქვსო. და რამდენადაც არ უნდა ავხნა, რომ მე ეს საშუალება ლამის მთლიანად იმ სოფლის უანგარო კეთილმოწყობასა და სხვა ოჯახებისათვის სასკოლო-საეკლესიო, სასოფლო-სამეურნეო ბიძგის მიცემას შევალიე, მაინც, აზრი არა აქვს.
მე რომ კაცმა მკითხოს, რა მინდა ჩემი შვილებისათვის, მე ვიტყვი, რომ ეს არის დიდი, ერთგული ოჯახები. და ძალიან გამეხარდება, თუ ისინი არ იქნებიან თბილისში. ამაყი და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შვილები დაცლილი საქართველოს თავიდან დასახლებაში შეიტანენ წვლილს. ამაყი და ბედნიერი ვიქნებით მე და ნინო, თუ ისინი რძლები და სიძეები იქნებიან სვანეთში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამეგრელოში, ყველგან, სადაც საქართველოა და, ჩემი აზრით, რაც უფრო ახლოს იქნებიან მიწასთან, მით უკეთესი. მანამდე კი ისწავლონ ყველგან, დააგროვონ გამოცდილება და ოღონდ არ დააყოვნონ დაოჯახება ერგულ ადამიანებთან ერთად.
მე კი, თუ უფალმა ინება და გამიშვა, გული ჩემს საყვარელ დედულეთსა და ჩემს საყვარელ მამულს შორის მეგლიჯება. არა მგონია, ოდესმე შევძლო ჭალაში არ ჩასვლა, მაგრამ, ვნატრობ მზიანში, ყოფილ ფიჩხიჯვარში სახლის აღდგენაზე და იქ შვილიშვილების მიღებაზე – ჩემი და ნინოს ნახელავით. თქვენ რას ნატრობთ, ჩემო კარგებო: მოჩურჩულე საქართველოს კვლავ ამღერებაში მონაწილეობასა და მისი მიტოვებული სასაფლაოების გაკოპწიავებას თუ რაიმე სხვას?
© ლევან ვასაძე
? 18.08.2021
Recent Comments