
მრავალ ფერისცვალებას!
მამები ამბობენ, რომ თაბორზე მაცხოვარმა კი არ იცვალა ფერი, არამედ, მოციქულებს აეხილათ თვალი, რათა მისი ჭეშმარიტი და დაუტევნელი სისპეტაკე ეხილათ წამით და ამიტომ დაცვივდნენ შიშისაგან მიწაზე.
იქნებ, ჩვენც ვთხოვოთ შემოქმედს, ოდნავ მაინც აგვიხილოს თვალი?!
და ელიასა და მოსეს გამოცხადების და მათთან მაცხოვრის საუბრისას იქნა პეტრე ვითარცა მთვრალ, და უთხრა მაცხოვარს, ვქმნათ ჩვენ აქ სამ ტალავარ, ანუ კარავი, და ვიყოთ აწი სულ აქ.
ჩვენ ეს განცდა სამშობლოში ყოფნისას გვაქვს, თუ თვალი ოდნავ აგვეხილა, და, კიდევ, მის უწმინდესობასთან – როდესაც უღვინოდ ხარ მთვრალი და არსად არასოდეს არ გინდა წასვლა, სულ აქ გინდა ყოფნა.
არსებობს თაბორის მთის ხელთუქმნელი ენერგიის სწავლება წმინდა გრიგოლი პალამასი, რომელიც მე-14 საუკუნეში შეიქმნა, თითქოსდა, უკვე ყველაფერშექმნილ საქრისტიანო კულტურაში. სამყაროს შექმნამდე არსებული თაბორის ნათელის ეს სწავლება ენით ვერ გადმოიცემების ჩემნაირისაგან, მაგრამ, გულით სრულიად შეიგრძნობა.
არის რაღაც ენერგია, რომელიც თან ახლავს ჭეშმარიტებას და რომლითაც ცოცხლობს და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი. მისი მსახურებისას, არავითარი იარა არ გაშინებს; მისგან განშორებისას, სიბნელე ისადგურებს შენში. ამაზე ამბობდა წმინდა სერაფიმე საროველი, ადამიანის ცხოვრების აზრი მადლის მოხვეჭააო.
მთელი ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე პოეტურ და ნატიფ ადგილას, ჯერ კიდევ ელია წინასწარმეტყველის სიცოცხლეშივე, ეუბნება უფალი, სად არის ის. იქნება ძლიერი ქარი, გამარღვეველი მთათა და დამანგრეველი კლდეთა, მაგრამ, არ არის ქარში უფალი. ქარის მერე მიწა იძვრის, მაგრამ, არ არის მიწისძვრაში უფალი. მიწისძვრის მერე – ცეცხლი, მაგრამ არც ცეცხლში არ არის უფალი. ცეცხლის მერე ჩუმი სიო დაჰბერავს და იქ არის უფალი.
ასე ვართ ჩვენ ამ ჩუმი სიოს, თაბორის ხელთუქმნელი ენერგიის მოლოდინში – ამ ქარში, ამ მიწისძვრებში, ამ ცეცხლში, უკვე რახანია. და ველით იმ ჩუმ სიოს, ოღონდ, მისი შეგრძნება არ მოგვეცემა არც ხმაურში და არც უსაქმურობაში. ის მოგვეცემა გაფაციცებულ ცხოვრებაში. აი, ისეთში, ჩვენებმა რომ იცოდნენ და ჩვენ რომ დავივიწყეთ.
ჩემს დედულეთში, ზემო იმერეთში, ჭალაში, ჩემს ბავშვობაში – გაგანია კომუნიზმის დროს – ამ გაფაციცებაში, ფერისცვალებამდე ზაფხულის ხილსაც კი არ სჭამდნენ წესში მაცხოვრებელნი. ფერისცვალებას მაყვლით ჯვრებს ვიხატავდით შუბლებზე, იმ მაყვლით, რომლის ბუჩქის დაუშთობელ ცეცხლშიც ესაუბრა თაბორის მეორე თანამოსაუბრეს, მოსეს, მის ცხოვრებაში უფალი.
ჩვენ ვერ გავზომავთ ვერასოდეს სიღრმეს ქართული კულტურისა, მაგრამ, მთელი ცხოვრება კი უნდა ვიმოგზაუროთ მასში ამ საზომით.
გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ ლექსში, „იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა“, მე ამ ძიების კითხვების ნაწილს ვსვამ გოდერძის თვალით:
„… სად ნახა, ნეტავი, ნიკალამ ჟირაფი,
რატომ აგვიშენა ვახტანგმა თბილისი,
რად სურდა ამირანს იმედის კიაფით
გაეღვიძებინა ჯვარმცმელთა სინდისი,
რას ნიშნავს ბერძნისთვის კოლხეთში ქურდობა
და სინამდვილეში რა არის საწმისი,
რატომ დააბრალეს მედეას მკვლელობა,
მითარგმნე პრომეთე – აღთქმა, თუ საწყისი.
როდის ამიჩეხეს ეს ცნობიერება,
რეებით მტენიან, როგორ მაბრუებენ,
შენ თუ არ მიშველი, მე რა მეშველება,
იმდენად მჩაგრავენ, ისე მატყუებენ.
პატარა ბიჭისთვის სასირცხვო იარებს
მამას ვერ ვაჩვენებ, გასკდება ეს გული,
ტკივილს შურისგება ვეღარ დამიამებს
და უღირსებისგენ გამძვრება ეს სული …“
ვერა და ვერ გადავდივარ პროზაულზე, საჭიროზე ამ დღიურში, ცოტაც მინდა. მაგრამ, დღეს აი რას ვიტყვი:
იმ უღირსებაში, ქარიშხლებში, მიწისძვრებში, ცეცხლში, რომელშიც ჩვენვე ჩავიგდეთ საკუთარი თავი, გამოსავალი არ გვაქვს, გარდა დამშვიდებისა, მაგარი შრომისა და გაფაციცებული ლოცვისა, რომ მოგვასწროს უფალმა იმ ჩუმ სიოს, რომელიც ყველაფერს დაალაგებს. მე, უვიცს, ასე მგონია, ის სულ აქ არის, ნუგეშინისმცემელი, პარაკლეტ – ბერძნულად, უფალმა ხომ უთხრა მოციქულებს, ჩემს მოსვლამდე ის სულ თქვენთან იქნებაო.
და რატომ არ ვუსმენთ მას?!
© ლევან ვასაძე
? 19.08.2021
Recent Comments