ლევან ვასაძე – უძლურის დღიური, II თავი

ამ დღიურის წერისას, ხან მოვიწყენთ ხოლმე და ხან გავიხარებთ. კვირა დღის მადლს მოწყენა არ შეშვენის და ასეთ რამეს გავიხსენებ.

ათონზე, ივერონის მონასტერში ყოფნისას, დავესწარი საღვთისმეტყველო საუბარს ქართველ მღვდელმთავარს და ივერონის მონასტრის იღუმენს შორის. ორივე მამის საუბარი დინჯად, შესვენებებითა და ზოგჯერ, თვალმინაბული ჩაფიქრებით, ანუ მოსაუბრეთა გულში – ლოცვით მიმდინარეობდა. მე გასუსული ვუსმენდი.

ქართველმა მღვდელმთავარმა ჰკითხა ბერძენ ბერს, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრიო. იღუმენს არც უფიქრია, ევქარისტიაში მონაწილეობაო.

ჩემი საერო აზროვნებისათვის ეს მკვეთრი რამ იყო. ასე არასოდეს მიფიქრია, თუმცა, მეგონა, რომ რაღაცა ვიცი და რაღაცას ვაზროვნებ. ეს იყო ოციოდე წლის წინ. რაც წლები გადის, ვრწმუნდები, იღუმენის სიტყვების ყოვლისმომცველ სიბრძნეში.

რა არის ევქარისტია? პირდაპირი მნიშვნელობით, ის უმანკო კრავის ნებსით მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაა, რომელიც მანვე საიდუმლო სერობას დაუდგინა წესად მოციქულებს. როდესაც მასში მონაწილეობ, პირდაპირ იმ სერობას უერთდები, არა სიმბოლურად, არამედ, ნამდვილად, თუმცა, გონება ამას ვერ წვდება. იღებ თვით ღმერთის სისხლსა და ხორცს, ყოველთა მაკურნებელს და ნაკლულევანთა აღმავსებელს.

რა მიგაქვს მანდ შენ? პირველ რიგში, წესით, შენი უღირსების სინანული და გულწრფელი მადლიერება სამყაროს შემოქმედისადმი, ვინც ექვს დღეს იქმოდა და მეშვიდე დღეს მოისვენა და შენც იგივე დაგიწესა. ანუ, წესი მოსვენებისა, გარინდვისა, მადლობისა, სიხარულისა.

თუ ამას ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ასრულებ, მანდ ყველაფერი დიდებულია, მანდ ხვდება ერთმანეთს ყველაფერი ყველაზე ნატიფი: სიტყვაც (წმინდა წერილი), პოეზიაც (ფსალმუნი), მუსიკაც (გალობა), მხატვრობაც (ხატი და ფრესკა), ხუროთმოძღვრებაც (აღმავალი ხაზოვანება სამი განზომილებისა), ყველაფერი, რაც ადამიანური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველია, ყველაფერი, საიდანაც წამოვიდა მეცნიერება და კულტურა, აწ განძარცვული და ობლად დარჩენილი მთავარი წყაროსაგან. ცალ-ცალკე მათ ვერ გაიგებ ბოლომდე, მხოლოდ სული წმინდის მადლით გაერთიანებულ ერთობაში ხარობს გული, გინდა სვეტიცხოველში იდგე და გინდა სოფლის მცირე ბაზილიკაში. უბრალოდ უნდა დადგე, გაჩერდე, გაიყურსო და როგორც არ უნდა ცქმუტავდეს ხორცი, შეასრულო მეოთხე მცნება.

მაგრამ, მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ – ეს დღიური არ არის არც სასულიერო პირის კალმით ნაწერი და ვერც მე დავდებ თავს დიდ სულიერებაზე, სამწუხაროდ – და, აი, რას ვიტყვი: რომაც არ იყო ჭეშმარიტი ევქარისტიის მონაწილე, მაინც მოწოდებული ხარ მისკენ – ვინც არ უნდა იყო, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყო. მშვიდად დადგომა, გარინდება, მსხვერპლის შეწირვა, თავის დადება, სიხარული, თმენა, მადლიერება, საერთოს ნაწილად ყოფნა, ერთობა, რაობა, იმედი, ეს ხომ ყველა ადამიანს ესმისა და ახარებს – თუ ის ადამიანია.

ამიტომ არის ოცი წლის წინ ივერონის იღუმენის სიტყვა უზადო: ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების აზრი არის ევქარისტიაში, ანუ, ქართულად რომ ვთარგმნოთ, მადლში მონაწილეობის მიღება. ვაკეთებთ კი ამას კვირიდან კვირამდე? თუ ვზოზიალობთ ჩვენს უაზრობაში და არ გვცალია? რა სასაცილო სიტყვაა. არ გვცალია.

ეს ხომ ყველას შეგვიძლია. მეც კი. ახლა ყველაფერი მეკრძალება, კვირაში ერთხელ, სკაფანდრში, სავადმყოფოში ქიმიაზე გასვლის გარდა და აქაც არ მტოვებს შემოქმედი. ძირითადად ჩემი მშობლიური წმინდა გიორგის ქართული ტაძრის მამები მომაკითხავენ ხოლმე მე უღირსს საზიარებლად ბინაში. მაგრამ, ხანდახან, ძალიან რომ არ შევაწუხო ისინი, სხვებს ვთხოვ ხოლმე ამ მართლმადიდებელ ქალაქში.

და აქაც, საოცრება. ისე მოხდა, რომ ის რუსი მამებიც, ვინც ამ წყალობას იღებს ჩემზე, სადმე კი არ მსახურობენ, არამედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, „პალიანკაზე“, ბავშვთა დამწვრობის და ტრავმატოლოგიის საავადმყოფოსთან რომ არის. მშვიდები, ერთი მეორეზე კარგები და სიყვარულით სავსენი, საქართველოში შეყვარებულნი და ივერიის ღვთისმშობელზე შეწირულნი.

დღეს წინამძღვარი მესტუმრა, მამა ალექსი ემელიანოვი, სანთელივით ახალგაზრდა კაცი. სამივე ძმა მღვდლები არიან, სამივე ერუდიტი, სამივე ბრწყინვალე. რომ შემობრძანდა, სახე არ ჰქონდა, გული გამისკდა, სულ ვდარდობ, როგორ იტევს მისი გული ყოველი წირვის მერე იმ ბავშვთა საავადმყოფოში ნანახს.

მე ჩემს ბინტებში და სკაფანდრში დავხვდი, თვალი შემავლო და მივხდვი, რაღაც საშინელი გადაეტანა ამ დღესაც. თვალებით ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ნარკომანმა მამამ ორი წლის შვილი ფანჯრიდან გადმოაგდო ბებიის თვალწინ, მეხუთე სართულიდანო. პატარა პირდაპირ ასფალტზე დაეცა, სამანქანო გზაზე და მხოლოდ ფეხი მოტყდა, სხვა არაფერი დაუშავდაო. სამი კვირა ვუვლიდით და დღეს მოვნათლე, მაქსიმე დავარქვიო. ყველაფერი ახსოვს და ეშინიაო, ამბობს, გადმოვვარდი, მამიკომ გადმომაგდოო. მორიგი სასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძართან. მალე გამოწერენო. თითქოს ხომ სიხარულია, მაგრამ, შევატყვე, რომ მამა ალექსეის მლოცველ გულზე გაიარა ამ სიხარულის აღსრულებამ და კიდევ ერთი ღრმა იარა დააჩნია ამ კაცს.

რომ მაზიარა, ჩაიზე მივიწვიე და შევატყვე, კიდევ დარდობდა. კიდევ რა მოხდა-მეთქი. კამჩატკიდან 17 წლის ბიჭი ჩამოიტანეს, გოგო გადაარჩინა და თვითონ აწყვეტილ მანქანას შეუვარდა, კომაშიაო. ის, ვინც გაჭყლიტა, არ დასაჯეს და არც ეხმარებაო. ამ ბიჭის მამა სულ ტირის და ლოცულობს და დღეს აღიარა, რომ არა ამ ჩემი ბიჭის უბედურება, არც მოვიდოდი ღმერთთანო და აღსარება მითხრაო, თქვა მამა ალექსიმ და მზერა სივრცეში გაექცა. შევატყვე, განიცდიდა აღსარებაზე მოსმენილს, მე ხომ არ მეტყოდა.

რა ჰქვია ბიჭს, მეთქი. სტეფანეო. სპორტსმენი, ანგელოზივით ბიჭი და ორი თვის თავზე, თვალი ძლივს გაახილა დღესო. ის კი, ვინც გაიტანა, ვიღაცის შვილია და არც კი დაისაჯა და არც კი ეხმარება ამ ოჯახს, რა არის ესო, გაიმეორა.

ვისხედით ასე. აღარც ჩემი მოწამლული გული გვედარდებოდა, აღარც ჩემი ძვლის ტვინის ქიმიის ტკივილები. ფანჯრებში მზე შემოდიოდა და ჩუმად ვხარობდით, რომ ორი წლის მაქსიმე გადარჩა და რომ სტეფანემ თვალი გაახილა, თან, ზუსტად სტეფანე პირველმოწამის დღეს და ეს, ორივე, ივერიის ღვთისმშობლის კალთის წყალობით.

ჩემი ლექსის სტრიქონი გამახსენდა:

„მე უსამშობლოდ მინდოდა ყოფნა,

რადგან ვერ ვიტევ მის ცრემლს და ტკივილს“.

მაგრამ, სად წაუხვალ გულს. ყველგან ერთი და იგივეა. და ეს ერთი და იგივე აუტანელია ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრის, ანუ ევქარისტიაში მონაწილეობის გარეშე.

მე ვერ დავწერ ასე ყოველ ჯერზე. უფრო პროზაულ რამეებზე მოგვიწევს ალბათ საუბარი. მაგრამ, დღეს ასე იყოს, რადგან კვირაა. ხვალამდე.

©️ ლევან ვასაძე

? 15.08.2021