ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. IX თავი

დღეს მოულოდნელად მომეცა საშუალება წერისა, თუმცა, არ ველოდი და ისევ გწერთ. იქნებ სჯობდეს, არც პირადზე და არც პოლიტიკურზე, როგორც წინა ორი-სამი თავი იყო, არამედ, ფილოსოფიურზე და ცოტა პოეტურზეც.


აქაც უფრო ვიწროდ, ადამიანის პიროვნულ ჭრილში და არა საქვეყნოში, რომელიც ასე მაღელვებს, შემინდეთ.


ჩვენ სულ უკმაყოფილონი ვართ. ეს ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების შედეგია, რომელიც მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიკურნების.


ეს ჩვენი დაუკმაყოფილებლობა, ადრე, პრე-მოდერნში, ტრადიციულ საზოგადოებაში, ჩვენს ნაკლად იყო შერაცხული მთელ იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში – აღმოსავლურ და დასავლურ საქრისტიანოშიც და ისლამშიც.


და როგორც არ უნდა ეცადა ადამიანს მასეთ საზოგადოებაში თავისი ამ დაუკმაყოფილებლობის შევსება, იგი მაინც საზოგადოებრივი ნორმისა და მორალის წინააღმდეგ მიდიოდა, რომელიც მას არსებულით დაკმაყოფილებისაკენ მოუწოდებდა და ეგოიზმსა და მომხვეჭელობას განიკითხავდა.


ამიტომ, მიწათმესაკუთრე მხოლოდ არისტოკრატი იყო, ანუ ის, ვინც ომში საკუთარი სისხლითა და თავდადებით დაიმსახურა მეფისაგან წყალობა, ხოლო ვაჭარი სულ თავის მართლებაში – რომ ვაჭრობს. და ეგ მესაკუთრეობაც არ იყო დიდი ბედენა, თავადი პასუხს აგებდა უამრავ ხალხზე, ომში ისევ პირველი მიდიოდა და ვაჟებს პირველი სწირავდა.


სამმა ნახსენებმა სამყარომ სამი განსხვავებული გზა გაიარა მას მერე.


აღმოსავლურმა ქრისტიანულმა, თავისი დიდებულების დონეზე, ვერ გაუძლო სწორი ცხოვრებით მომადლებულ ფუფუნებას და გაიხრწნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქალაქში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებაცა და მისი საბოლოო დამხობაც 1453 წელს, მხოლოდ შედეგი იყო შიდა ლპობისა.


ისლამმა, თუმც ნაკლებად ურბანიზირებულმა და, თავის მხრივ, მინიმუმ ორ სამყაროდ გაყოფილმა – თუმცა, ალბათ მეტადაც, თუ მაზდეიზმის გავლენას გავიაზრებთ სპარსულ შიიზმზე – იერუსალიმზე და კონსტანტინოპოლზე ტრიუმფის მიუხედავად, იმპერიულ ცდუნებას ვერ გაუძლო და ხალიფატის ჩამნაცვლებელმა სულთანატმა თითქმის გაქრობის პირას მიიყვანა შემდგომში თურქეთი. ის, რაც აღსდგა ქემალ ფაშას წყალობით, უკვე სხვა იყო. ის, რაც ანგლოსაქსებმა შექმნეს არაბიაში – კიდევ სხვა. ის, რაც ირანის კულტურაა, კიდევ სხვა.


და აი, ყველაზე მავნე ბედი კაცობრიობისათვის დასავლურ ქრისტიანობას ერგო. ჩემი აზრით, ის ფილოსოფოსების ბრალია, რომლებიც ღვთისმეტყველებიდან იწყებდნენ. ჯერ იყო და არაბული კულტურის გავლით მათთან შესულმა არისტოტელეს თარგმანების შეუთანხმებლობამ მათ სქოლასტიკასთან, გამოიწვია უმწვავესი ე.წ. ავეროისტული კრიზისი. ამან კი, სქოლასტიკა უბრალოდ დაღუპა და გარდაქმნა ტვინის ჭყლეტად და ტანჯვად. მის რეაქციად წამოსულმა რენესანსის სამივე ტალღამ კი გაიბრწყინა კაცობრიობის იმედად, მაგრამ, მედიჩების კარზე ჩასული ჭეშმარიტების რენეგატი პლიფონის ხელიდან, საბოლოო ჯამში, საღმრთო რა უნდა აღმოცენებულიყო?! თუ არ ვცდები, სადღაც ამ ორის მიჯნაზე (სქოლასტიკისა და რენესანსის) – ან თუმცა, იქნებ, უფრო ადრეც – თავისი გიგანტური წვლილი დასავლური ცივილიზაციის დაღუპვაში შეიტანა უილიამ ოკამმა, თავისი ცნობილი სამართებლითა და ნომინალიზმით, რასაც გასული საუკუნის საოცარი ამერიკელი ფილოსოფოსი, რიჩარდ უივერი, ჯერ კიდევ 40-იან წლებში მიხვდა, მოულოდნელი გამჭრიახობით.


ასეა თუ ისე, შემოალაჯა მოდერნმა. ბევრს კამათობენ, ვისგან დაიწყო ის: რენე დეკარტისგან თუ ჯონ ლოკისგან, ფრენსის ბეკონისგან, თუ თავად მარტინ ლუთერისგანაც კი. მაგრამ, ასეა თუ ისე, დადგა ხანა, სადაც იგივე ბეკონმა ადამისეული ღირსება სამყაროს პატრონისა და სახელის დამრქმევისა სრულიად გადაღრიცა და ამ ჩვენს დაცემულ სამყაროში ადამიანს ბუნების დამორჩილებისაკენ მოუწოდა.


მანდ დამთავრდა ჩვენი დაუკმაყოფილებლობის ცოდვად შერაცხვა. დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხი იყო. ინდივიდუალიზმიც, ფრანგული რევულუციაც, მონარქიების დამხობა-გამოფატვრაც, კოლექტივიზმის ორი უღმერთო ფორმა – მარქსიზმი და ფაშიზმიც და ამ სამი ბასტარდის ერთმანეთში ომით სისხლში ჩამხრჩვალი გასული საუკუნე.


ჩვენი საყვარელი სამშობლო ამ ხორცის მანქანაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია მოსახლეობის ოდენობასთან შეფარდებით. სამას ორმოცდაათ ათასზე მეტი გმირი შესწირა მან ფაშიზმთან ბრძოლას. და რამდენი შეეწირა კომუნიზმს – ჩემი დიდი ბაბუების ჩათვლით ყველა მხრიდან – თუმცა, ბევრად ნაკლები, ვიდრე ფაშიზმთან ბრძოლას. და რა დღეში ვართ ახლაც, რომ იმ გმირების მოხსენიებას გამარჯვებული ლიბერალიზმი გვიკრძალავს და სასწაულად ცოცხლად დარჩენილ რამდენიმე ვეტერანს, ყოველ წელს თავს ესხმის ვაკის პარკში შეშლილი, უვიცი და დაზომბილი, საწყალი ახალგაზრდების სახით. და რამდენი ბავშვი შეეწირა დედის საშოში ლიბერალურ იდეოლოგიას, აბორტების სახით?! ამ მოვლენამ, რაც საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ ლენინის დროს იყო დაშვებული, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დედის საშოში მილიონ ნახევარი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვინაიდან, წელიწადში საშუალოდ ორმოცდაათი ათასს აბორტს ვაკეთებთ აგერ უკვე 30 წელია. და არავინ დათვლის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საქართველოში ნარკომანიას, რომელიც ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია, როგორც მასიური მოვლენა.
რა ვქნათ აწი, როგორ ვიცხოვროთ?! აღარც განათლება, აღარც ინდუსტრია, აღარც უსაფრთხოება, მხოლოდ ვალები და შავი ღრუბელი. გაინძრევი და…


მე მგონია, რომ ყველაფერი ადამიანიდან იწყება. ჩემს მდგომარეობაში უამრავი დრო მაქვს ვილოცო, ვიფიქრო ჩემს ცოდვებზე და არ მივცე ამ ავადობასაც და ამ პატარა დღიურსაც საშუალება, ისევ გამიტაცოს ამპარტავნებაში, ქების სმენაში და ლანძღვაზე ბრაზში. იქნებ ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ ბავშვს ჩვენ ვხოცავთ პროცენტულად აბორტებით, მაგაზე გვეფიქრა? იქნებ გაგვებედა, ჩვენს შეცდომებზე საუბარი, რაც დავუშვით საბჭოთა კავშირის დაშლისას? იქნებ დაგვეშვა, სულო ცოდვილო, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც გვყავს, არის უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ? თქვენ არა, დავუშვათ მე. იქნებ გვეღიარებინა, რომ გავზარმაცდით, ნაწილი მაინც, გავამპარტავნდით და იქნებ, ეგ მარტო საბჭოთა კავშირის ბრალი არ არის და ჩვენი ბრალიცაა? და იქნებ, არ ჩაგვექოლა ერთმანეთი ყველაფერზე? და იქნებ, მაშინ დაწყებულიყოს ჩვენში ის, რასაც ასე ველოდებით საიდანღაც?


ლევან ვასაძე

24.08.2021