ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური”. XI თავი

აწ შემობრძანებულ მარიამობას გილოცავთ! სამყარო ირინდება, მოციქულები, ვინ ცოცხალნი, სული წმინდით აღიტაცებიან, ვინ წამებით უკვე მოკლულნი, მკვდრეთით აღდგებიან, ეს თავად მათგან ვიცით, არავის შეუძლია არ დაესწროს მარადის ქალწულის მიძინებას. რა გვედღესასწაულება? რა და ის, რომ მისი პირველი წილხვედრი ჩვენა ვართ და ჩვენ ვუერთდებით სამყაროს ღვთისმშობლის ზეცად ასვლას თავის ძესთან და ეს სასწაული დღეა ჩვენთვის.

როდესაც ამ წილხვედრობას რაღაც ჩვენს განსაკუთრებულობას მივაწერთ და ვამაყობთ, გვემართება ის, რასაც ვხედავთ ირგვლივ, ხოლო როდესაც ვხვდებით, რომ ეს წილხვედრობა საშინელი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენ ვართ მისი დესპანები სამყაროში, ანუ ყველა ჩვენი ქალი მოწოდებულია მას ემსგავსოს კდემითა და სიყვარულით და ყველა ჩვენი კაცი – მის ძეს და ჩვენს ღმერთს სიმამაცითა და სიყვარულით, მაშინ ვხვდებით დავითის ლაშქარში, დიდგორში და ჩვენი მშობლიური თრიალეთის ქედზე ვამარცხებთ ყველას.

დღეს ვერ დავწერ ვერაფერ სხვაზე, და ვერც ბევრს ვერ დავწერ, არც ღვთისმეტყველი ვარ და არც სასულიერო პირი, ამიტომ, არ მაქვს ამის უფლება. სულ ვუფრთხი მესამე მცნების დარღვევას და მითუმეტეს, ინტერნეტისთვის არ მემეტება, დღიური მე ვიცი გაყვითლებული ფურცლებით, მელნით დასვრილი, როგორებიც მაქვს, მაგრამ, იმას ვინ წაიკითხავს და როდის.

ამიტომ, რადგან ამ სივრცეში მოვხვდი თქვენთან ერთად, და რადგან ამ სივრცეშიც არ მასვენებენ უხსენებელის შიკრიკები და აქაც, ცოცხალ-მკვდარს, ყველანარიად მიტევენ, მებრძვიან და მავიწროებენ, ამ ბრძოლასაც გავუმართავ მათ, და როგორც უფალს უნდა და როგორც დედა ღვთისმშობელი შეავედრებს მას, ისე იყოს ჩემს თავს. მაგრამ, დღეს ვეღარ დავწერ ბევრს.

ხვალ საერთოდ ვერაფერს დავწერ, შემინდეთ. ათორმეტთაგან საუფლოთა დღესასწაულთა, როგორ ვთქვა, მაგრამ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელია ეს. ჩვეულებრივ ჭალაში ვხვდები ხოლმე მას, მე-11 საუკუნის სპეთის მაცხოვარზე, მერე ყვირილაში ვცურავ შვილებთან ერთად და მერე სუფრა გვაქვს სააბაშიძეოში, ზალიკაშვილების კუთხეში, იმ სუფრას არაფერი მირჩევნია მე. წელს ბევრი წავიდა ჩვენი კუთხიდან ჩემი ნათესავი მიღმიერში: გივიკო და მაკა ქამუშაძეები, მანამდე ტატო აბაშიძე, მანამდე დათუნა ბიძია და რა ვიცი, რა მოვყვე ეს ამბები.  ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი ჭალაში არის აბაშიძეების საგვარეულო სასაფლაო, სადაც ჩვენები ასვენიან, ჩემი დიდი ბაბუის, დეკანოზ ერეკლე აბაშიძის აკლდამასთან ერთად, რომელსაც მისი უწმინდესობაც კი ესტუმრა სახლში პატივის მისაგებად, და რომლის დიაკვნად და მღვდლად კურთხევის სიგელებზე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ხელმოწერებია ჩვენს „ზალაში“.  მაგ „ზალაში“ დალია სული ბატონმა გიზო ნიშნიანიძემ ჩვენ ხელში თამადობისას, ლექსის თქმისას.

და წმინდა ანტონ ეპისკოპოსიც და წმინდა გაბრიელიც სტუმრად არიან მანდ ნამყოფნი.  ისევე, როგორც ოლივერ და მარჯორი უორდროპები და რა ვიცი კიდევ ვინ. ლიზიკო ბებიას, დეკანოზი ერეკლეს რძალს, ჩემი დიდი ბაბუის, ივლიანეს მეუღლეს, ვაჟამ, ჩვენთან თბილისში სახლში სტუმრობისას, როდესაც 16 წლის ლიზიკო ბებიამ დილას ვარდები შემოუტანა ნაქეიფარ მგოსანს, ლექსი მიუძღვნა:

„ყვავილები შემომიძღვენ,,

თვით ყვავილმა ახლად შლილმა,

ვით არ გიძღვნა მე მადლობა,

გულ მოკლულმა ქართლის შვილმა.“

ეგ ხელნაწერი მერე გაქრა როგორღაც ჩვენი ოჯახიდან. არც მინდა მაგაზე საუბარი. ერეკლე ბაბუას სიტყვა კი, მიძღვნილი აკაკის იუბილესადმი, გურამ შარაძის წიგნშია სრულიად დაცული.

როდესაც პატრიარქი ჩვენთან სახლში მოდიოდა ჭალაში, მისი ყოფილი გარემოცვის ნაწილიც და მთავრობაც (მე საქართველოში არ ვიყავი და ბედნიერი ჩემი ბებია და მშობლები ელოდებობდნენ გაფაციცებულები), ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ მას ამაში. როდესაც ის მაინც წამოვიდა, პატრულის უფროსი ჩაუდგა წინ და გამოუძღვა. უფროსობამ დაურეკა გზაში და სად მიდიხარ ერთი, გვაინტერესებსო.  იმან უპასუხა, მე ჩემ პატრიარქს მივყვები და თქვენ სად მიდიხართო. სად გაქრნენ ეს კაცები აწი?

ჩემი ბებია, თავადის ქალი, მარიამ აბაშიძე, ჩემი ბუბა, 100 წლისაა, წელს 101-ს გახდება და ყველას გვეხმარება დღემდე, გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ადამიანი. მისი მეუღლე, ჩემი ბაბუ, ლევან ჭანტურიშვილი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გეოფიზიკოსი, უნივერსიტეტის ჩემპიონი კრივში, მევიოლინე, ბრწყინვალე პოეტი, ხელს ვერ ვუწევდით კარგა ხანს ვერავინ, 37 წელს დახვრეტილი გურიის ერობის თავმჯდომარის, ჩემი დიდი ბაბუის, სიო ჭანტურიშვილის მესამე ვაჟი – სიო ბაბუასი, რომელმაც 1921 წელს უარი სთქვა მაზნიაშვილის ხალხთან ნოე ჟორდანიას ხალხს გაყოლოდა, „სამი ბიჭი მყავს და ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ და რავა გავაფრანგოო, ჯობია დამხვრიტონო!“ – მისი შვილი იყო ჩემი ბაბუ, ლევანი, ვისი სახელიც მე მქვია, სააბაშიძეოს ერთგული სიძე. მათივე კლასელი, ტიციანის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე, ტიციანის და პასტერნაკის ლექსების მუზა, ნიტიკო ბებია, ვინც ჩემს პირველ ლექსებს აფასებდა ბუბასთან ერთად, როცა წერა არ ვიცოდი და 3 წლისა ლექსად ვლაპარაკობდი და ბუბა იწერდა და ნიტიკო ბებია ხარობდა, და როცა იცინოდა, გეგონებოდა ტიროდა, ბუბამ მითხრა, ეს ტიციანის დახვრეტის მერე დაემართაო.  მათივე კლასელი, „თეთრი გიორგის“ დამაარსებელი, მუსტაფა (ლევან) შელია, მოკლული ჩეკისტის მიერ 43 წელს, მათივე კლასელი ლუკა ტყემალაძე, 17 წელი ციმბირ-ნახეხი, იმიტომ, რომ მუსტაფას ერთი ღამე გაათევინა სახლში, ბაბუაჩემის უახლოესი ძმაკაცი და თანამოჭადრაკე (ბაბუ გროსმეისტერებს უგებდა ხოლმე). მათივე კლასელი, ახოვანი არისტოკრატი, ბიჭიკო თუშმალიშვილი, სორბონაში მეღვინეობაზე ლექციებს კითხულობდა და მთელი “სამტრესტის” სინდისი და ხელმძღვანელი იყო იმ კორუფციის მიუხედავად; მან მითხრა ჭალაში, ბუბას და ბაბუს ქორწინების 50 წლისთავზე: ლევანიკო, შვილო, იცოდე მარტო ჩვენ და ფრანგებს გვეთქმის რამე ღვინოზე მსოფლიოში და გთხოვ, ეს თანმიმდევრობა არ აგერიოსო – მისი მოწაფეობით ვცდილობ დღემდე მეღვინეობა მევენეხეობის განვითარებას საქართველოში, თორემ, მაგ ფასად ორ შატოს ვიყიდდი საფრანგეთში და ამდენ ღალატს და ცინიზმის არ ვნახავდი, რაც ვნახე. მათივე კლასელი, თამარა დოლიძე, და რა ვიცი, კიდევ ვინ. არის საოცარი ფოტო ამ ადამიანების, მეათე კლასში, კლასიკურ გიმნაზიაში, აწ პირველ საშუალო სკოლაში: ყველას ვიღაც დაუხვრიტეს უკვე, ბუბას – ბიძა, ანტონი (ქუცა) აბაშიძე, ბაბუს – მამა, ნიტიკო ბებიას – მამა, და ასე შემდეგ, ყველა შერაცხული მტრის ოჯახად, ყველა დაობლებული და დარჩენილი მშობელი ან დაჭერილი, ან უმუშევარი. სხედან ეს 16 წლის ბავშვები 40 წლის ადამიანის თვალებით და ქვევით ერთ-ერთი მათგანის ლექსი უწერიათ:

„მოდი, ძვირფასო ერთხელ კიდევ ავწიოთ თასი,

ნუ დავივიწყებთ, რომ ოდესღაც ჩვენც ბალღებს ვგავდით,

ჩემთვის სიცოცხლე რომ ეჩუქნათ ასჯერ ათასი,

საქართველოსთვის არცერთ მათგანს არ დავზოგავდი.“

ვასაძეების შტოზე, და უდიდეს და ნაწამებ ოჯახზე თავის გაგუებით, მერე მოვყვები როგორმე, ცალკე – ის ჩემი მამულია, ეს ჩემი დედულეთი. მამაჩემის დედის, ყიფიანების შტოზე კიდევ ცალკე, ლეგენდარული ჩემი ბებიის, თამარ ყიფიანის თაოსნობით.

მანდ არის ჩემი გულიც ამ მარიამობას, სანამ მე, ჩემს მოსკოვის ბინაში ვზივარ და კვირაში ერთხელ სკაფანდრში დავდივარ ქიმიოთერაპიაზე, და სანამ ჩემები დაზაფრულები ლოცულობენ და მადლობენ ღმერთს ყველაფრისათვის კიკეთში, და ჭალის სახლი ამ მარიამობას მოწყენილია.

მათი შვილები ვართ ჩვენ. და ჩვენ ვართ სამშობლოს მოღალატეები და თქვენი მედროვე „ნაბოლშევიკარი“ ნაშიერები და დამსმენების და დამხვრეტების შვილები და შვილიშვილები,  და კიდევ კომუნისტები რომ არ იღებდნენ თავიანთ რიგებში – თუმცა, ამათ მშობლებს ძალიან რომ უნდოდათ, მაგრამ რომ არ ვარგოდნენ – იმათი ნაშიერებიც არიან წინსვლის მგოსნები, ხომ?!

და მსოფლიოში უდიდესმა ტერორმა რომ ვერ დააშინა, და მერე მსოფლიოში უდიდეს ომში რომ სამშობლოსათვის იომეს და გაიმარჯვეს, იმათ შვილებს დაგვაშინებენ თქვენი პატრონები, ჩვენი რაღაც გვერდების დაბლოკვით იმისათვის, რომ კითხვებს ვსვამთ, რატომ გვჭირს მოულოდნელად, რაც გვჭირს და რა ხდება ჩვენს თავს? და თქვენ გაგვაჩუმებთ ჩვენ და თქვენ დაგვამარცხებთ ჩვენ?

არც კი მეცინება უკვე ამაზე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ რამით ვგავართ ჩვენს დიდებულ მშობლებს და ბებია-ბაბუებს, ჩვენ მათი აჩრდილები ვართ. მაგრამ, თქვენ და თქვენს მხდალ და უკულტურო პატრონებს გეყოფით. 

განა ჩვენგნითა?

მეოხებითა ყოვლად წმინდისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, რამეთუ დროის მიღმა მდგომმა შემოქმედმა წინასწარ იცოდა, რომ არცერთი მოციქულის ვედრება არ ეყოფოდა სწორედ ჩვენი, ქართველების ცოდვებს, და მაგიტომ გაგვხადა იმის წილხვედრი, ვისაც ვერ ეტყოდა უარს ვედრებაზე, რადგან ჩვენი გადარჩენაც სურდა. 

და აწი ასეა, ბატონებო და მათო უცხოელო პატრონებო, თქვენ, სამწუხაროდ, იმ ბანაკში აღმოჩნდით, რომელიც არ ავედრებს თავის ცოდვებს მას, და ამიტომ, სამწუხაროდ, არც ვიცი როგორ გიშველოთ, და ჩვენ, სწორედ ის ხალხი ვართ, ვინც ხვალ დავდგებით სანთლებივივით, ჩვენები – ტაძრებში, მე – ჩემს ბინაში და შევავედრებთ თქვენს პატიებას მას, მთელი გულით, რომ იქნებ, რამე გეშველოთ ჩვენთან ერთად, რამეთუ არა უწყით, რასაცა იქმთ.

ლევან ვასაძე

27.08.21