კრისტინა პუშოუს წერილი ლევან ვასაძეზე: “ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას.”

სტატია გამოქვეყნდა: 2019 წლის 18 ივნისს. განახლდა: 2019 წლის 20 ივნისს.

ავტორი: კრისტინა პუშოუ – არასამთავრობო ორგანიზაცია New Leaders Initiative („ახალი ლიდერების ინიციატივა“) დამფუძნებელი და დირექტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებას და გაძლიერებას. კრისტინა პუშოუ ასევე მუშაობდა საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მრჩევლად.

როდესაც ულტრაკონსერვატორ ქართველ მილიონერს, ლევან ვასაძეს შარშან თბილისში გამართულ მიტინგზე პირველად შევხვდი, მე ის სერიოზულად ვერ აღვიქვი. ანდა როგორ უნდა აღმექვა? ჩაცმულობით ცხენზე ამხედრებულ შუა საუკუნეების რაინდს ჰგავდა, ყველა მხრიდან მართმადიდებელი მღვდლებით იყო გარშემორტყმული და რამდენიმე ათას მხარდამჭერს რუსთაველის გამზირზე მიუძღვოდა. საპროტესტო აქცია ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი მცირე დემონსტრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ბევრი სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის მსგავსად, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, ვასაძე მეც საზოგადოების უკიდურეს ფენებთან ახლოს მდგომ პროვოკატორად აღვიქვი. მისმა ქცევამ იმდენად გამართო, ჩავთვალე, ზედმეტად სასაცილო იყო იმისათვის, რომ საშიში ყოფილიყო. პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მძიმე პროცესის ფონზე, ვასაძის სენსაციური რიტორიკა, რომ ლიბერალიზმი არის „ამორალური ჯოჯოხეთური კულტი“ და რომ, საკრედიტო ბარათები საზოგადოებას „ანტიქრისტეს მოსვლისათვის“ ამზადებს – როგორც ყოველთვის, პოლიტიკისგან აბსურდული გადახვევები იყო.

მაგრამ, 16 ივნისს, როდესაც ვასაძის სიტყვით გამოსვლას ვუსმენდი იმ ხალხის წინაშე, ვინც თბილისში მოახლოებული „გეი-პრაიდის“ ჩატარების გასაპროტესტებლად იყო შეკრებილი, ჩემი შეცდომა გავაცნობიერე. მე ის სათანადოდ არ მყავდა შეფასებული.

მისი ძირითადი პუნქტები ალექსანდრე დუგინის, რუსი ულტრანაციონალისტის რიტორიკას იმეორებდა, რომელიც ფართო წრეების მიერ კრემლის მთავარ იდეოლოგად არის მიჩნეული. ეს არ არის შემთხვევითი, ვასაძე დუგინთან მჭიდროდ დაახლოებული პირია. ის ესწრება დუგინის „ევრაზიულ“ ფილოსოფიურ ფორუმებს, რომელიც რუსეთს მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს სულიერი წინამძღოლის სტატუსს ანიჭებს. დუგინის „ევრაზია“ რეალობა რომ იყოს, საქართველო მასში მოსკოვს დაქვემდებარებული ვასალი სახელმწიფო იქნებოდა. იგივე ეხება უკრაინას, მოლდოვას და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც დიდი რაოდენობით მართმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობა ჰყავთ. რუსეთი კი, დუგინის თანახმად, „ერთადერთი ნაციონალური საზოგადოება იქნებოდა ამ ზესახელმწიფოებრივ იმპერიულ კომპლექსში“.

13 ივნისს თბილისში, ვასაძემ რუსული იმპერიალიზმის ღია მხარდაჭერა ცოტა ხნით შეწყვიტა და უფრო პოპულარულ პოზიციებს მოეჭიდა. თავისი მიმართვა ქართულად და ჩვეული მესიჯით დაიწყო: „ერის გადარჩენა დამოკიდებულია ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნებაზე, ხოლო დასავლეთი „გეი დღის წესრიგის“ წინ წამოწევით ამ ღირებულებებს ანადგურებს“.

მაგრამ, შემდეგ, რაღაც ახალი დაამატა: პირობა, რომ „ორგანიზებულ სამოქალაქო რაზმებს“ შექმნიდა. ამ „შეიარაღებულ ფორმირებებში“, მისი თქმით, სამხედრო ვეტერანები და სპორტსმენებიც იქნებოდნენ, რომლებიც „პოლიციის კორდონის გარღვევას“ და მიმდინარე კვირაში თბილისი პრაიდის მონაწილეებთან (ანდა, ვასაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გარყვნილების პროპაგანდისტებთან“) დაპირისპირებას შეძლებდნენ.

მოგვიანებით, თავისი მიმართვა ვასაძემ ინგლისურ ენაზე გააგრძელა – რომელიც ემორის უნივერსიტეტში სწავლის დროს დახვეწა – და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. მან ტრამპს მოუწოდა, „დააშროს ჭაობი აშშ-ს საელჩოში თბილისში“, რომელიც, ვასაძის აზრით, „ჰილარისტების“ (ჰილარი კლინტონის მომხრეების) და „გლობალისტი ძაღლების“ მიერ კონტროლდება და რომლებიც შეპყრობილებივით ცდილობენ ქართული კულტურის განადგურებას.

უხეში ეპითეტების მიღმა, ვასაძის სიტყვის ინგლისურ ნაწილში კარგად გამოჩნდა, რომ ის გასაოცარი სიფაქიზით იცნობს თავის აუდიტორიას. ინგლისურად მას არ უსაუბრია „გასამხედროებული“ თავდასხმების საფრთხეზე „გეი პრაიდის“ მონაწილეების მიმართ. ფაქტობრივად, მან დასავლელი მსმენელი დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოში ხალხს სექსუალური ორიენტაციის გამო „არავინ სდევნიდა, ჩაგრავდა ან სცემდა“. ბოლოს, ვასაძემ ამერიკელ კონსერვატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მას საქართველოში „რელიგიური თავისუფლების“ და „თავისუფალი სიტყვის“ დაცვაში – იმ ღირებულებებისა, რომლებსაც, ვასაძის ხაზგასმით, ისინიც იზიარებენ.

კონტრასტი ვასაძის ინგლისურ და ქართულ გამონათქვამებს შორის საგრძნობია. მსგავსი შეუსაბამოებები ვასაძის ქართული რიტორიკის რუსულთან შედარების დროსაც იკვეთება. ამ ენას ის მშობლიურივით ფლობს, ხოლო ქონება პოსტსაბჭოთა მოსკოვში მეწარმეობით დააგროვა. რუსული აუდიტორიის წინაშე ვასაძე ენთუზიაზმით უჭერს მხარს დუგინის “ევრაზიულ” ხედვას რუსული იმპერიალიზმის შესახებ. მაგრამ, ქართველ მხარდამჭერებთან ვასაძე – ტრადიციულ სამოსში ჩაცმული – როგორც მთავარი ქართველი ნაციონალისტი (ეროვნული პირი), ისე გვევლინება.

თავისი პირქუში გამოთქმების მიუხედავად სამივე ენაზე, ვასაძე უდავოდ მჭერმეტყველი და ქარიზმატულია. მას ასევე ბევრად უკეთესად ესმის ამერიკული პოლიტიკური კულტურის ნიუანსები, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას. მისი ბევრი თეზისი ეხმიანება აშშ კონსერვატორებისას, რომლებიც ეწინააღდეგებიან გარე ჩარევას, მხარს უჭერენ რელიგიურ თავისუფლებას და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ხელშეწყობას. როგორც „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ ორგანიზატორი თბილისში 2016 წელს, ვასაძე ცდილობს შეაღწიოს ამ პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფში. ამერიკელი კონსერვატორები – ყოფილი პრეზიდენტით, ჯორჯ ბუში-უმცროსით დაწყებული, აწ გარდაცვლილი სენატორ ჯონ მაკკეინით და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსით დამთავრებული – გამოირჩევიან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ცნობილ დამცველთა შორის მსოფლიოში. ამიტომ, ვასაძის შესაძლებლობა, რომ მისწვდეს ამ ამომრჩევლებს, განსაკუთრებით საგანგაშოა.

ტრამპისადმი მიმართვაში 13 ივნისს, ვასაძემ გაახმოვანა კრემლის ნაცნობი მოთხოვნა: გაათრიეთ აშშ საქართველოდან. ჩვეულებრივ, ეს პირდაპირ უარყოფილი იქნებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია, ისევე როგორც აშშ-ს პოლიტიკოსები ორივე პარტიიდან, საქართველოს შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევენ და გმობენ რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციას. მაგრამ, ვასაძემ კრემლის მოთხოვნა დახვეწილი ფორმით წარმოაჩინა და ფრთხილად შერჩეული სიტყვებით მიმართა კონსერვატორი ამერიკელების გავლენიან ნაწილს. იმ დროს, როდესაც საქართველოს ადგილი პოლიტიკური პრიორიტეტების სიაში დაბალია და როდესაც ცოტა ამერიკელს თუ ესმის რეგიონალური კონტექსტის ნიუანსები, ვასაძის გზავნილს შესაძლოა რეზონანსი ჰქონდეს თბილისის ფარგლებს გარეთ.

მაგალითისთვის, ავიღოთ პეტ რობერტსონი, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ევანგელისტი ქრისტიანი. მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რობერტსონმა დაგმო მოსკოვის მხრიდან „პატარა ერის სასტიკი დანაწევრება“ და გააფრთხილა „რუსული აგრესიის მოსალოდნელი თანმიმდევრული შედეგების შესახებ“. მაგრამ, 2016 წელს რობერტსონის არხზე – CBN News – გავიდა ღრმა და ყოვლისმომცველი ინტერვიუ ლევან ვასაძესთან, სადაც ვასაძემ თავი წარმოაჩინა, როგორც ქართული ეროვნული იდენტობის დამცველმა – და არავითარი მინიშნება თავისი პრორუსული დღის წესრიგის შესახებ არ გაუკეთებია.

სწორედ ეს ფორმის ცვლილება არის ის, რაც ვასაძეს ხდის ასე სახიფათოს. ბევრი ადამიანი, ვინც არ ჩაღრმავებია მის გრძელ ინტერვიუებს სამ სხვადასხვა ენაზე, შეცდომით იჯერებს, რომ ის მათ მხარეზეა. ეს ჯგუფი მოიცავს ქართველ, რუს და ამერიკელ კონსერვატორებს. ლიბერალები, კი პირიქით, მას როგორც მასხარას, ისე აღიქვამენ. და ეს მიდგომა ზუსტად ასეთივე სახიფათოა.

ქართველებმა, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში იცხოვრებენ – და მათმა დასავლელმა პარტნიორებმა – არ უნდა ჩამოწერონ ვასაძე, როგორც უბრალოდ ახირებული ადამიანი. სინამდვილეში, საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის ის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც უნდა მოგვარდეს, სანამ გვიანი არ არის.

და ეს დრო შეიძლება მალე დადგეს.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა როგორც ნდობა დასავლეთში, ასევე პოპულარობა საქართველოში. გასული წლის განმავლობაში მთავრობამ დაუშვა მთელი რიგი უხეში შეცდომებისა, საქმის შესწორებებით დაწყებული არჩევნების გაყალბებით დამთავრებული, რამაც საზოგადოების რისხვა გამოიწვია. ვასაძე ემზადება, რომ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შემდეგი წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, წარმოქმნილი სიცარიელე შეავსოს.

„გასამხედროებულმა ფორმირებებმა“, რომლებზეც ვასაძე საუბრობდა, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სახალხო (ე.წ. „გრასრუთ“) კამპანიების დროს, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, რომელთა მხარდაჭერაზეც სავარაუდოდ ამყარებს იმედებს ვასაძე. არჩევნების დღეს, ამ ფორმირებების გამოყენება შესაძლებელი იქნება ამომრჩევლების დასაშინებლად – ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მოუყარა თავი ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტებს საარჩევნო უბნებზე გასული წლის ნოემბერში. საბოლოო ჯამში, ამ ჯგუფებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ფართომასშტაბიან სამოქალაქო არეულობას, რაც მოსკოვისათვის საქართველოს საქმეებში ჩასარევად ხელსაყრელი მიზეზი გახდება.

ივანიშვილი, როგორც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი და მმართველი მარიონეტული პარტიის ბატონი, კვლავ უზარმაზარ ძალას ფლობს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია, მან ნება დართოს ვასაძეს მართვის სადავეები თავის ხელში აიღოს. თვითგამოცხადებულ „არაპოლიტიკურ მოღვაწე“ ივანიშვილს ექვსი წელია არ დაუკავებია არანაირი არჩევითი თანამდებობა და ღიად გაურბის საჯარო ცხოვრებას. მოსკოვთან ივანიშვილის ხანგრძლივი კავშირების მიუხედავად, მისი მთავრობა ცდილობს რუსეთს და დასავლეთს შორის გადაჭიმულ ბაგირზე გაიაროს. ასეთი სტატუს-ქვო არ შეიძლება გაგრძელდეს.

დასავლეთის ზეწოლით, რომ მხარი დაუჭირონ სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც არის რუსეთი, საქართველოს ყოვლისშემძლე ოლიგარქს აღარ შეუძლია თავი მოაჩვენოს, რომ ორივე მხარეზე თამაშობს. ვასაძისათვის ძალაუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით, დათმობა ივანიშვილს საშუალებას მისცემს დაამშვიდოს რუსეთი და ამავდროულად, შეინარჩუნოს რესპექტაბელურობის მანტია დასავლეთის თვალში. მაგრამ, სასტიკად დამოუკიდებელ ქვეყანაში, სადაც 2008 წლის ჭრილობები ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული, აირჩევს კი ხალხი ლიდერს, რომელიც ასეთი ერთგულია საქართველოსათვის რუსეთის ნების თავს მოხვევის?

შესაძლებელია. პროდასავლური ოპოზიცია ქარიზმატული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებით, დაყოფილი და დასახიჩრებულია. მმართველ პარტიას, რომელსაც მხოლოდ სააკაშვილის სიძულვილი აერთიანებს, არ გააჩნია საერთო, ყველასთვის გასაგები პრინციპები და ქვეყნის მომავლის ხედვა.

ამის საპირისპიროდ, ვასაძე საუბრობს ეროვნული იდენტობის ღრმად ფესვგადგმულ საკითხებზე, იმისათვის, რომ საზოგადოების მანიპულირება მოახდინოს და აფიქრებინოს, თითქოს ეროვნულ ინტერესებზე გულწრფელად ზრუნავს. რელიგიაზე ხაზგასმა მას პოლიტიკურ უპირატესობას აძლევს: წლიდან წლამდე გამოკითხვები აჩვენებს, რომ დღემდე ქვეყანაში ყველაზე დიდი ნდობა ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას აქვს. და ახლო მომავალში ეს არ შეიცვლება. საქართველო მთელ მსოფლიოში არის ორიდან ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა, საშუალოდ, უფრო რელიგიურია, ვიდრე 40 წელს გადაცილებული ადამიანები.

თუ ვასაძე შეძლებს, კრემლისადმი თავისი მეგობრული დღის წესრიგის წინ წასაწევად, წარმატებით გამოიყენოს ქართველების რწმენა და სტატუს-ქვოთი უკმაყოფილება, 2020 წლისთვის შეასრულებს იმას, რაც 2008 წელს რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო: დააბრუნებს ამ სასტიკად დამოუკიდებელ ერს მოსკოვის კონტროლის ქვეშ. თუ ჩვენ გვინდა რომ შევაჩეროთ ის, ჩვენ ის სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

©️ სტატიის ოფიციალური წყარო: https://www.neweurope.eu/article/dont-underestimate-the-threat-of-georgias-knight-in-shining-armour/

? სტატია გამოქვეყნდა: 2019 წლის 18 ივნისს. განახლდა: 2019 წლის 20 ივნისს.