ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XXVIII თავი

ეს თავები რაც მეტია, მით უფრო მიკვირს და მიხარია. სამი დღე გამოვტოვე ისევ, ერთის ნაცვლად – ქიმიის გარდა, ძალიან ღრმა, მძაფრი გაცდა მქონდა, რომ ამ გზაზეც ისევ არასწორად მივდივარ.

შეიძლება ვინანო მომავალში, რასაც ამ თავში დავწერ, იმიტომ, რომ არც საჯარო აღსარება შეიძლება და ბევრი ვერც გაიგებს, მაგრამ, რა ვუყოთ.

რაც არ უნდა ვიპრანჭო, ვერაფრით მივემსგავსები იმ ადამიანის სახებას, როგორისადმიც მოგვიწოდებს მისი უწმინდესობა, როდესაც ამბობს: იყავით, როგორც საფლავნი, რომლებსაც არც გინება სწყინთ და არც ქება ახარებთ.

ეს ყოველთვის მიჭირდა, მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით კი, საქმე გამიძნელდა, როდესაც საზოგადოებრივ სარბიელზე გამომაგდო სამშობლოს სიყვარულთან ერთად ამ ჩემმა მოუსვენრობამ, თუ რამ, ამ ოციოდე წლის წინ ეს პოეტი კაცი, გეგონება ის არ მეყოფოდა, რომ მესაქმეობაში მომიწია ყოფნა ამდენი წელი, თან უცხოეთში.

რომ არა დაახლოებით მაშინვე დაწყებული – როგორიც შემიძლია – ეკლესიური ცხოვრება, საერთოდ რა მეშველებოდა? და ახლა ხომ, კიდევ უარესი, როდესაც წელს ეს საძულველი პრაქტიკული პოლიტიკაც ქედზე დავიდე.

ყველანაირ განსაცდელს უფალი ადამიანს უგზავნის მის სრულსაქმნელად. ჩვენს საოცარ ენაში, მგონი, ეს უკვე ვთქვი ადრე, თვითონ სიტყვა „განსაცდელი“ ერთდროულად ნიშნავს, რომ უნდა განიცადო კიდეც, უნდა თავიც გამოსცადო მასში, და უნდა დაიცადო ანუ დაითმინო ამქვეყნიურ დროში და გქონდეს იმედი, რომ ესეც გაივლის.

და დამოუკიდებლად იმისგან, როგორ დამემართა ის, რაც დამემართა, ეს ხომ უფალმა დაუშვა ჩემს თავს?! და არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც ახლოს ვარ ამ განსაცდელის სწორად გააზრებასთან.

თუ მომწამლეს, რაც სავსებით შესაძლებელია, უხ, მაგათი, და ამდენი ხალხი რომ გგულშემატკივრობს, რა კარგი ხარ, და აი, ეს ჯანდაბა ფიქრები.

თუ თავისით დაგემართა, მაინც რამდენი თანაგრძნობაა შენს ხალხში, და ისევ ეს დოზანა საკუთარ თავზე.

ამ დროს, სინამდვილეში, სად შენი ნამდვილი შეცდომები და ცოდვები და სად ეს განსაცდელი?! და ეგეც იქით იყოს, რამდენი განკითხვაა შენს გულში, რამდენი უპატიებლობა, რამდენი ამპარტავნება, სიკეთისა და სამშობლოსათვის ზრუნვის სახელით?! 

და ეს დრო, რამდენიც არ უნდა მოეცა უფალს, ამაზე გლოვისა და ამისაგან განწმენდისათვის მოგეცა და აკეთებ ამას? ამ დღიურსაც რისთვის წერ? კი თქვი, რომ სხვებს გამოადგეს, კი ცდილობ, არ იკითხო კომენტარები, მაგრამ, სინამდვილეში, ხომ გახარებს ქება და გწყინს გინება, რომელიც მაინც მოდის შენამდე?!

და რა გწყინს, ის, რომ უსამართლოდ ან დაკვეთით გაგინებენ? და წამალი, რომ არის უსამართლობის თმენა შენი ნამდვილი ცოდვებისა და შეცდომებისათვის, რატომ არ ლოცავ იმ მაგინებლებს?

და რა გიხარია ქებაში, იმ ვირს რომ ემგვანები, იოანე ოქროპირის თქმულის არ იყოს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, როდესაც იერუსალიმში შედიოდა ბზობას, და ოსანას გაგონებაზე, ვირს რომ ეგონა, რომ მაგას ეგებებიან?

რა გვეშველება? რა გეშველება? ვის მიბაძო? ახლა მაინც ხვდები, რატომაა, რომ არასოდეს ეკლესია არ აკურთხებს ადამიანს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად და უბრალოდ ეტყვის, თუ შენ ამ უღელს აიღებ, ვილოცებ შენი სულისთვისო?  და როდის არ ილოცებდა რომ, ის შენი სულისათვის? 

ვის მივბაძოთ ამ უბედურ სამყაროში – გინდა, პოლიტიკაში შესულმა ადამიანებმა, გინდა, მასზე მოდარდე ადამიანებმა, ანუ ყველამ,  ვისაც ათინელები იდიოტესს არ ეძახდნენ?

ყველას თავის ტრადიციაში გაუმარჯოს, ჩვენ კი – ჩვენსაში. 

ჩვენსაში ყველაზე კარგი ხალხი წმინდანები არიან. მათი დიდი ნაწილი მოწამეა.  თუმცა, ვინც სიკვდილით არ დაისაჯა, თითოეულმა მათგანმა მაინც გაიარა წამების გზა, რომელსაც ყველა ადამიანი გადის, უბრალოდ, უფრო წმინდად. მაგრამ, უმეტესობა უბრალოდ მოწამეა.

და ვინ აწამა – ჩვენს ტრადიციაში მათი დიდი ნაწილი, როგორც წესი, საკუთარმა ხალხმა აწამა. არიან, რა თქმა უნდა, უამრავნი სხვა ხალხებისგან ანუ დამპყრობლებისგან წამებულები, ვინც თავის გასწირა სამშობლოსათვის ომებში, მაგრამ, დიდი ნაწილი ასეთი არ არის, ჩვენისთანა, თბილისში ასი ათასი მომწყდარი და გარეჯში ექვსი ათასი მომწყდარი ერის პირობებშიც კი, ადამიანების რაოდენობის მხრივ თუ არა, ამ უპრეცედენტო, მასიური, უცხოელთა წინაშე მოწამეობის წყალობით, მოწამეობის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მაინც. 

დიდი ნაწილი საკუთარმა ხალხმა აწამა ან მოკლა სიმართლისათვის.  აბო თბილელი თუ  ეროვნებით არაბი იყო და ამიტომ, რატომღაც, „არ ითვლება“ – თუმცა, რატომ – შუშანიკიდან მოყოლებული, ილია ჭავჭავაძით დამთავრებული, რომელი ერთი ვთქვათ? 

იოთამ ზედგენიძე თუ  ძმები კარბელაშვილები, ანაკლიიდან და სხვა ადგილებიდან უცხოეთში გაყიდული და მონობაში დაღუპული უთვალავი უსახელო, თუ ბერი სალოსი გაბრიელი (ურგებაძე), ვინც კი, თავისით გარდაიცვალა, მაგრამ, ხერხემალში ვინ გადაამტვრია და საგიჟეთში ვინ უკეთებდა საწამლავს?!

და ვინც არ უწამებიათ, რა, სინამდვილეში, განა არ ეწამა?  ექვთიმე თაყაიშვილი თავისი მოწამეობრივი გზის ბოლოს, უნივერსიტეტიდან რომ გააგდეს და მხოლოდ ოცდაათი კაცი ახლდა დაკრძალვაზე, ეგ ვინ ქნა? 

და დიმიტრი ყიფიანზე ვინ გაისუსა და არ გამოესარჩლა? და მანამდე, დადიანებთან მეურვედ მსახურებაში ვინ გაუშრო სისხლი ადვოკატებით, საკუთარი ქონების გაყიდვის იძულებით და ყველა სასიკეთო საქმეში ხელის შეშლით?  მგონი, მისთვის შვებაც იყო, რაც ქნა ამ თავის მაწამებელ ერზე გამოსარჩლებისას, მაგრამ, მას ვინ გამოესარჩლა რომ? 

და 5  ივლისის გამო, რომ ბიჭები გვისხედან ციხეში, ერთი მაინტერესებს, რამდენი მივა კვირას პარლამენტთან რომ მათი გამოშვება მოითხოვოს, ამ ჭინკებისაგან დაშინებული, დაკომპლექსებული და ტვინარეული?

და კოჯორ-კიკეთში რომ იუნკერები იხოცებოდნენ, თბილისის დუქნები ვის მიერ იყო სავსე იმ დღეებში გუგუნით? 

და ახლა, ჩვენში ყველაზე უწმინდესსა და უნეტარეს ადამიანს ვინ უშრობს ამდენი წელია სისხლს და ვინ, რა ეროვნების ხალხი აგინებს და ღალატობს მას უშუალო გარემოცვიდან გაუთავებლად?

რატომაა ეს ასე?  ჩვენ ვართ ყველაზე ცუდები მსოფლიოში? მაგას ვინ დამაჯერებს?!  არა.

ეს იმიტომ, რომ ჩვენი ერიც, ჩვენი ტრადიციისამებრ, იმ სარწმუნოებაში სრულიქმნა, რომელიც ჭეშმარიტია, ანუ ჭეშმარიტება მისთვის ყველაზე მაღლა დგას – თვით ეროვნებაზეც კი. 

და ამიტომ, მისი საუკეთესო შვილები, რომლებსაც ჩვენ ნამდვილად არ განვეკუთვნებით, იქ, სადაც ეროვნება სცდება სიმართლეში, ამას ამხელენ.  სიყვარულით, როგორც შეუძლიათ, მაგრამ, ამისათვის ისჯებიან მარადი უმრავლესობისგან, რომელიც ან ისუსება, ან არ ესარჩლება მათ – ინტერნეტში კომენტარების წერას, ან ეზოში ჭორაობას და თავის ქიცინს რა უნდა.

ეს ძველი აღთქმის ეკლესიაშიც ასე იყო. 

ღვთის რჩეული ერის წმინდანებს, ძირითადად, თვითონ ესვე ერი ქოლავდა, მათ მაშინ წინასწარმეტყველებს უწოდებდნენ. უკანასკნელი მათში იოანე იყო. 

იოანესაც თავი საკუთარმა ელიტამ მოაჭრა და მერე იქამდე მივიდა, რომ მესია ვერ სცნო და საკუთარი ხელით ჩააბარა ოკუპანტ რომაელებს მოსაკლავად თავად ღმერთი.

და ყველამ, ვინც ეგ ღმერთი იწამა, პირველ რიგში, სიდონიას დედამ, ვინც მცხეთაში ჯვარცმის დროს გარდაიცვალა ტკივილებისაგან, მიიღო ეგ მადლი, ანუ ეგ ჯვარი თავის წიაღში იმ ხალხის გამოზრდისა, ვინც ჭეშმარიტებისათვის საკუთარი ხალხისგან ეწამებოდა, თორემ, სხვისგან ნაწამებ სამშობლოს დამცველებს ყველა ერი და სარწმუნოება დიდად აფასებს და წმინდანებს ეძახის, არავის წყენინება არ მინდა.

და ჩვენს ტრადიციაში არავის შედარება არ ეგების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მაგრამ, მაგიტომ უყვართ ქრისტიანებს წარმართი სოკრატე, რომ ისიც მასე მოკვდა და მისი მკვლელობაც ინანეს მერე ათინელებმა და მისი მკვლელებიც დაწყევლეს და დასაჯეს ისინი, როგორც ყველას შემთხვევაში ხდებოდა მერე. 

მერე ადვილია მკვდრების სიყვარული და დაფასება და წინა ხელისუფლებაზე ამის გადაბრალება და წინა თაობებზე ამის დაბრალება. მაგრამ, სულ რომ მასე ვართ, ეს ქების მაძებარი და გინების მწყენელი ადამიანები?

თორემ, გამოსარჩლება მაშინაა ძნელი, როდესაც ავი ჰეროდიადასაგან დარიგებული მისი ასული შლომით ანუ სალომე, ახურუშებულ საკუთარ მამინაცვალსა და ბიძას, ჰეროდეს, საშინელ თხოვნას ასრულებინებს, რომ პატიმრობაში მჯდომ იოანე ნათლისმცემელის თავი მოუტანონ ლანგრით, როდესაც რომაელები, იმპერიის სიწმინდის დაცვის სახელით, თავისივე ლათინებს ლომებს აჭმევინებენ კოლიზეუმში, როდესაც კაპადუკიელ, ანუ, შესაძლებელია, წარმომავლობით გიორგიანელ გიორგის, იმპერატორი დიოკლეტიანე ალესილ ხმლებიან ბორბალზე ატრიალებს, როდესაც წმინდა ბარბარეს საკუთარი მდიდარი და ელიტის ნაწილად მყოფი მამა აგლეჯს სხეულის ნაწილებს და კვეთს თავს, როდესაც რუსებიცა და ქართველებიც მარქსისა და ლენინის, ან, თუნდაც, სტალინის სახელით ხვრეტენ და აწამებენ საკუთარ ხალხს, მაგათზე მეტი ვინ ეწამა სადმე და რომელი ერთი ვთქვათ?

აი, რა გვეშველება, ჩვენ უბედურებს და მე უბედურს. მე მგონია, რომ არა თუ ამ განსაცდელის სწორად გააზრების და შესაბამისად, ამის შედეგად, ამ ავადობის დაძლევის, არამედ, არაფრის სწორად კეთების თავი მე არ მაქვს, თუ ამას უსიყვარულოდ ვაკეთებ. და რა სიყვარულია, თუ ამ განსაცდელში, ნებისმიერი ადამიანი თვითგანდიდებაში ან სხვის განკითხვაშია, ცოდვისა და, მითუმეტეს, მისი პროპაგანდის განკითხვასა და არ დაშვებას არ ვგულისხმობ მე აქ.

ამიტომ, მე მგონია, შეიძლება ეს უბრალოდ ბოლომდე კარგად არ მესმის, რომ, მითუმეტეს თუ იმ ტრადიციაში მყოფი კულტურიდან ხარ, რომელსაც ჭეშმარიტების ტრადიცია ჰქვია, ერთადერთი გზა ადამიანისა არის ევედროს, პირველ რიგში, წმინდანებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანზე უფრო ცოცხლები არიან, რომ ისინი დაეხმარნონ მას, რომ იგი ადამიანს, ანუ მათ ჰგავდეს ოდნავ მაინც. 

და არ არის ამაზე მაღლა არაფერი, ამაზე უებარი არაფერი, არც ჩვენი ძვირფასი ეროვნება, და არც გაცის და გას (გაიმის) ფუღურო კერპები, მაგას როგორც კი ვბოდავთ, ამ ჩვენი ეროვნების გამო ეგრევე მოდერნი ვხდებით, ანუ, ან ნაცისტები, ან მარქსისტები, ან ლიბერალები და არა ერი შემდგარი ადამის მსგავსებისაგან, ანუ ადამიანებისაგან.

ლევან ვასაძე

24.09.2021