ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XXIX თავი

ჩემი დიდი ბებიის, იოსებ ვასაძის მეუღლე – ესმა გაგუას ბიძაშვილი, ისიდორე გაგუა, თბილისში ცნობილი კბილის ექიმი იყო.  მისი ბინაცა და სამუშაო კაბინეტიც რუსთაველის გამზირის დასაწყისში იმ სახლში იყო, რომლის ადგილზეც ახლა ტელეგრაფის შენობა დგას. მაშინ რუსთაველის გამზირს რუსეთის მეფისნაცვლის, გენერალ გოლოვინის სახელი ერქვა და ზედ პირველი ტრამვაი დადიოდა.

ისიდორე ბაბუა უფრო კბილის კოსმეტიკის ანუ გარეგნული სახის წამყვან ექიმად ითვლებოდა, ხოლო, კბილის დაავადებებში კი, მეორე კორიფე იყო – აპოლონ ურუშაძე, ასევე ჩვენი ახლობელი ოჯახიდან. მისი შვილიშვილი, პაოლა ურუშაძე, დიდებული პოეტი და პოეზიის თარჯიმანია, და დედაჩემის უახლოესი მეგობარი.

როდესაც ჩემს ბებია-ბაბუას, თამარ ყიფიანს და ეპიფანე ვასაძეს, რომლებიც ორივე უნივერსიტეტში მუშაობდნენ, არ ჰქონდათ საშუალება ბავშვების სხვაგან დატოვებისა, მამაჩემი და მამიდაჩემი, ცხონებული ნანა ვასაძე, ზოგჯერ ისიდორე ბაბუასთან მოჰყავდათ.

მამამ იქ ბევრი მოგონება დააგროვა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა და თავისი თხრობისა და წერის მშვენიერი ნიჭით, ნაწილობრივ, მეც გადმომცა.

მისი უწმინდესობა ყველას გვაკურთხებს, რომ ჩვენს ოჯახებზე აუცილებლად ვწეროთ დღიურები და მოგონებები და ამ კურთხევაში უდიდესი სიბრძნე და სიყვარულია, როგორც ყოველთვის. 

ამ დღიურში შესული მოგონებების ნაწილი, რომლებიც ხან გალაკტიონს და ბესო ჟღენტს ეხება და ხან კი, ვაჟას მიერ ჩემი სხვა დიდი ბებიის, ლიზიკო ლეკიშვილისადმი მიძღვნილ ლექსს, არსადაა ისტორიკოსების მიერ აღნუსხული და ასე იკარგება ერის ისტორია. 

და ვინმე დიდ ადამიანს რომც არ ეხებოდეს საკითხი, ნებისმიერი ოჯახის ისტორია საინტერესოა. 

ჩვენ ბევრად უფრო დიდი მატიანე გვექნებოდა ამ საუკუნეებში და ბევრად უფრო მეტი გვეცოდინებოდა ჩვენს შესახებ, რომ არა ჩვენი უგულებელყოფა ამბის ჩაწერის აუცილებლობისა.

საკუთარი ოჯახის ამბის გადმოცემით, თითოეულ ჩვენგანს შეაქვს წვლილი ჩვენი კულტურისა და ისტორიის შექმნაში. 

ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ისლანდიური საგები სხვა არაფერია, თუ არა ისლანდიელი ხალხის ტრადიცია საკუთარი ოჯახების ამბების აღწერისა და ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისლანდიური კულტურა, და შესაბამისად, ყველაფერი სხვა, რასაც ისლანდიელი ერი წარმოადგენს, სწორედ მათზე დგას. და ის დღემდე ცოცხლობს, მაგ უკვდავ და ცოცხალ საგებზე დაყრდნობით იღებენ ცნობილ სერიალებს და მათი ჟინით თამაშობენ უბრალო ისლანდიელი მეთევზეები ფეხბურთს ლამის ყველაზე კარგად, და ეს მასალა ოჯახების შექმნილია სინამდვილეში და არა ისტორიკოსების.

ამიტომ, არაა აუცილებელი ისტორიას მხოლოდ ისტორიკოსები წერდნენ, ეს ხშირად მავნებელიცაა ისტორიისათვის. უფრო სწორად, მათი საწერი, როგორც მეცნიერებისა, სხვაა, ხოლო ჩვენი კი – სხვა. 

ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ვართ პირველწყარონი ისტორიისა და ჩვენს საზოგადოებებში ერთმანეთის გულისა და გონის გამხარებელნი ძალზედ მარგებელი საზრდოთი, რომელსაც ჩვენი წინაპრების და ჩვენი ამბები ჰქვია.

ახლა ვიწყებ, შეძლებისდაგვარად, ისტორიის მეცნიერების ასე თუ ისე სისტემურად შესწავლას და ხშირია დიდი ისტორიკოსებისაგან – ფერნან ბროდელი იქნება ეს,  არნოლდ ტოინბი,  გილბერტ კით ჩესტერტონი, რობინ ჯორჯ კოლინგვუდი, უილიამ მაკნილი, ჯონ ტოში, ანრი კორბენი, ჟორჟ დიუმეზილი, ლავისი და რამბო, ლევ ტიხომიროვი, თუ მარკ ბლოკი – ამა თუ იმ ფორმით, აზრი იმის შესახებ, რომ არავის დაუმახინჯებია – განსაკუთრებით მოდერნში და პოზიტივიზმში – ისტორია ისე, როგორც ისტორიკოსს. 

და ამ თვალსაზრისით, უბრალოდ ამბის მოყოლა, თუნდაც შენს წინაპრებზე, მითუმეტეს, თუ ამას სიყვარულითა და რუდუნებით ცდილობ, ნამდვილად საშური საქმეა, თუნდაც ასეთი უძლურის დღიურის ნაწილადაც კი.

ახლა, როგორც იქნა, შევძელი და ვკითხულობ ცხონებული მამიდაჩემის მოგონებებს, რომელსაც მე ვასაძეების მემატიანეს ვეძახდი და ვთხოვდი ჩაეწერა, რაც ახსოვდა ბავშვობიდან და გულში ვლოცავ მას. ავადობის მიუხედავად, ნანამ, ამ სიკეთითა და ღიმილით სავსე ადამიანმა, მოიცალა და ჩემი თხოვნა შეასრულა, სანამ ამქვეყნად იყო, და დიდი საქმე გააკეთა ჩვენი შთამომავლობისთვის.

ხოლო ნაწილი ამბებისა, რომელსაც აქ მოვყვები, როგორც უკვე ვთქვი, მე მამასგან ვიცი. 

ამ ჩემთვის, ბუნებრივია, უძვირფასეს და-ძმას, როგორც ჩანს, ლიტერატურული და მჭერმეტყველური ნიჭი მშობლებისგან გამოჰყვათ, რადგან, ეპიფანე ბაბუა დიდი მეცნიერი იყო ბიოლოგიაში, ხოლო, თამარა ბებია ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადა გაიარა, გადარჩა და მასზე ისეთი დღიური დაწერა, რომ ის ლამის ყველა ბლოკადელმა იცის და  სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავზე სწორედ ეს დღიური იყო მთავარი საჩუქარი საქართველოდან ქალაქისთვის. მანვე თარგმნა ქართულად ლუციუს აპულეიუსის „ოქროს ვირი“ და ლიონ ფოიხტვანგერის „გოია“.

ისიდორე ბაბუასთან, დილაობით, ზოგჯერ, – მიყვება მამა, – კუშტი და ზრდილი კაცი მოდიოდა, რომელსაც ხელები უკანკალებდა. იგი დიდი პატივისცემითა და მორიდებით გადასცემდა ისიდორე ბაბუას მუქი სითხით სავსე რამდენიმე ბოთლს, ისიდორე ბაბუა მას მადლობას მოახსენებდა, ფულს გადაუხდიდა და გაისტუმრებდა.

მერე მამამ შეამჩნია, რომ ისიდორე ბაბუა ამ სითხეს შეუმჩნევლად ნიჟარაში ღვრიდა, ბოთლებს ავლებდა, და შემდეგ მოსვლაზე იმ კაცს ატანდა სავსეების ნაცვლად. 

– რა ასხია, ისიდორე ბაბუა, მაგ ბოთლებში, რომლებიც იმ კაცს მოაქვს შენთან და რასაც შენ ღვრი ხოლმე? – ვერ მოითმინა ერთხელ მამამ.
– ძაღლყურძენას წვენი, შიო – გამოუტყდა მამას ისიდორე ბაბუა – რომელსაც ის კაცი კუს ტბის ფერდობებზე აგროვებს, ჩემთვის წურავს, როგორც მუშაობისას აუცილებელ ნივთიერებას და მოაქვს.
– და შენ რატომ ღვრი?
– იმიტომ, რომ სინამდვილეში არ მჭირდება, შვილო.
– და რაღატომ აწვალებ მაგ კაცს? თუ დახმარება გინდა, ისე მიეცი ხოლმე ფული.
– ეგ როგორ შეიძლება, შვილო – უპასუხა ისიდორე ბაბუამ, – მაშინ კაცი გაფუჭდება.

ჩვენს ყოფიერებაში, ზნეობის ასეთი დონე, თითქმის წარმოუდგენელია უკვე.  ქრისტიანობის, ზოგჯერ, სრულიად ფუღურო გაგება, რომელიც ჩვენ დაგვჩემდა წყვეტის მერე, იმიტომ, რომ არ გვინდა ჩავუღრმავდეთ მის წიაღში და საიდუმლოებებში ყოფნას, გარდუვალ დეგრადაციას იწვევს ერისა. და ვერავითარი პოლიტიკა და რეფორმები, ეკონომიკური წინსვლა და ე.წ. პროგრესი მას ვერ შეგვიცვლის.

ერთხელ, ისიდორე ბაბუასთან ახლობლები მოსულან და უთქვამთ, ოჯახის მამა გაგვიგიჟდა, ვერცერთი ფსიქიატრი ვერ შველის და ეგება შენ უშველოო.

რა ჭირსო, რომ იკითხა, უპასუხეს, დადის რამდენიმე თვეა და იძახის, როგორ ვერ ხედავთ, თავზე ორლიტრიანი ბოთლი მადგას და ვერ ვიშორებ ვერაფრითო. სხვაში ყველაფერში ჩვეულებრივად არისო. მოიყვანეთო.

კარი რომ გაუღო, ამ ექიმებისგან ნაწვალებ და ეჭვიანი თვალით მოცქირალ კაცს, ეგრევე უთხრა:

– რა გადგას, თუ ძმა ხარ, მაგ თავზე?
– შენც ხედავ, კაცო? – გაიკვირვა ოჯახის მამამ.
– რავა ვერ ვხედავ, ორლიტრიან ბოთლს, ბრმა ხომ არა ვარ?!
– უჰ, შენ გაგახარა ღმერთმა!
– მოდი, მოდი, ერთი ეგება მოგხსნა, როგორმე!

ჩასვა სტომატოლოგის სავარძელში და დაუბა ხელები მაგარი ტყავის ქამრებით, რომლებიც იმ დროს ყველა კბილის ექიმის სავარძელს ჰქონდა. მერე ამოიღო თავისი კაუჭი და ლანცეტი და ერთი-ორჯერ ისე ატკინა თავი კაცს, რომ აყვირა. თვითონაც გაიღვათქა და ქლოშინით უთხრა, დღეს მეტს ვერ შევძლებ, წადი სახლში, მშვიდად დაიძინე და ეგებ ხვალ დავამთავროთო.

მეორე დღეს იმედიანი და თავშეხვეული კაცი ისევ ესტუმრა და შეშინებული ჩაჯდა სავარძელში.  ისევ აწვალა და აყვირა და ჰაო, შესძახა და ზურგს უკან დამალული ორლიტრიანი შუშის ბოთლი დაანარცხა და დაფშვნა იატაკზე.

– უჰ, შენ გაიხარე, ისიდორე! – შვებით უთხრა პაციენტმა და თავზე ხელი გადაისვა – რაც შენ საქმე გამიკეთე, ღმერთმა გადაგიხადოს ერთი ათად. 

და დაუბრუნდა თავის ოჯახს – ჯანმრთელი და დაწყნარებული.

ნიკიტა ხრუშჩოვის ჩამოსვლაც უშუალოდ შეეხო ისიდორე ბაბუას. ღიად ქართველოფობი და ფარულად რუსოფობი „იმპერატორი“, რომლის სტუმრობის დროსაც ბევრი საგულისხმო ამბავი მოხდა, ვერც ჩემს წინაპარს ასცდა. გექნებათ მაგ სტუმრობის ტელექრონიკა ნანახი, როგორ ხვდება მას ისვე ელიტა, რომლის შვილებიც და შვილიშვილებიც მერე მასევე ხვდებოდნენ ჯორჯ ბუშს.

ცნობილია მისი სიმკვახეები ამ სტუმრობის დროს, უკეთილშობილეს ვასილ მჟავანაძის მასპინძლობისას. ეს მანამდე იყო, სანამ ის ყირიმს რუსეთს ჩამოართმევდა და უკრაინას გადასცემდა – ჰესისა და წყლის არხის მშენებლობის ადმინისტრირების სიადვილის მომიზეზებით.

როცა იკითხა, ხინკლის ჭიპებს რატომ ტოვებთო და რომ უპასუხეს – ტრადიციააო, «зажрались!» ჩაიბურტყუნა და რესპუბლიკაზე ფქვილის კვოტა შეამცირებინა „გოსპლანს“, როდესაც მოსკოვში დაბრუნდა.

ფაცხებში მჟავანაძესთან ერთად ჯდომისას, როდესაც ვასილ პავლოვიჩის გულიანმა კახელმა მძღოლმა თავის ხელით შებრაწული ცვრიანი ღორის სუკები შეურბენინა და გულუბრყვილოდ უთხრა, ორ უფროსს «ешьте суки»-ო, არასწორი თარგმანის ვერავითარმა ახსნა-გამნარტებამ ვერ დააწყნარა ის და ეგ მძღოლი მერე აღარავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში, სამსახურში მჟავანაძესთან.

მასვე უნდა „ვუმადლოდეთ“ ვერის ბაღში პირველი მორფის გაცემის პუნქტის გახსნას – დამოკიდებულთა სამკურნალოდ, საიდანაც დაიწყო ჩვენი გახრწნა, რომელმაც თითქმის დიდი სამამულო ომის ოდენობის ადამიანი შეიწირა დღემდე და რომელსაც ბოლო არ ექნება, სანამ ლიბერალურ რესპუბლიკას არ მოვსპობთ და სანამ ეროვნულ სახელმწიფოს არ შევქმნით.

მაგრამ, ხრუშჩოვის სტუმრობა ასე დაიწყო. მატარებლით სოხუმში შემოსვლისას, უეცარი ბიძგის გამო, ხრუშჩოვის მეუღლეს წინა კბილი მოტყდა, რადგან ამ დროს ქართულ ჩაის აგემოვნებდა და ვერცხლის დამჭერიანი „სტაქანი“ წინა კბილზე ედო.

ჰოდა, ასე ხომ არ ჩამოვიდოდა იმ დროს ლამაზ და აწ გაჯოჯოხეთებულ თბილისში.  ჰოდა, აფრინეს გორში ისიდორე ბაბუა, ექსტერნად, თავის ბორ-მანქანიან-კაბინეტიანად. 

ქალბატონი ძალზედ კმაყოფილი დარჩა ექიმის ნახელავით და იმ დღიდან მთელი საბჭოთა კავშირის ფუნქციონერების ცოლების რიგები დადგა ისიდორე ბაბუასთან, როგორც „ხრუშჩოვის ცოლის ექიმთან“.

მას ოჯახი არ ჰყავდა, ერთი არა-ქართველი ქალი ჰყავდა დამხმარედ და მომვლელად და ერთ მშვენიერ დღეს, ისიდორე ბაბუას ბინა-კაბინეტი გაძარცვეს და წაიღეს სეიფში შენახული კბილის დამღების ოქრო, რასაც ეს წესიერი კაცი ძალიან განიცდიდა. ეჭვი იმ ქალბატონზე იყო, რომელიც მერე გაქრა, მაგრამ, მასეთი ეჭვებით არის დღემდე სავსე ეს ჩვენი უცნობელობამდე დამახინჯებული ქალაქი, რომელსაც აწი მხოლოდ დამატებით საცხოვრებელ მშენებლობაზე ასწლიანი მორატორიუმი თუ უშველის და ასწლიანივე გატყეპარკებისა და გამოხშირვის გენერალური გეგმა, მთელი დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით დეურბანიზაციის სწორი სტრატეგიით, რომელზეც ერთ-ერთ წინა თავში ვწერდი, არქიტექტურულ პოლიტიკაზე საუბრისას.

ჩვენი ოჯახის ისტორიაში, ითვლება, რომ გაგუების ეს შტოც გურულები იყვნენ, თუმცა, ცხადია, რომ სისხლის მხრივ, ამ ნაწილში, გვარის უტყუარად მეგრული წარმომავლობის გამო, მე მესხის გარდა, როგორც რობაქიძე ეძახდა გურიას მესხეთის უცნაურ ნატეხს, კოლხიცა ვარ, ორ თავად ბებიას თუ არ  ჩავთვლით, ჩემს საყვარელ მარიამ (ბუბა) აბაშიძეს – ზემო იმერეთის მშვენებას, რომელსაც ამ დღეებში 101 წელი უსრულდება და არაფერს ეუბნებიან ჩემზე, თუმცა, მეშინია, რომ ყველაფერს ხვდება, და სვანური ფუძის თამარ ყიფიანს, რომელზეც, როგორმე, ვეცდები ცალკე მოვყვე რამე.

თუ ასეთი მოგონებები ვარგა – და ვიცი, რომ ზოგი ამას აკეთებს – იქნებ, ვცადოთ და უფრო ხშირად ვწეროთ ისინი ერთმანეთისთვის, რაღაცამ ხომ უნდა გააკეთილშობილოს ეს ჩვენი საერთო, „სელფებითა“ და ცარიელი, ზოგჯერ, სამწუხაროდ, ღვარძლიანი კომენტარებით წაბილწული საჭყეტელი კიბერ-სივრცე.  ყველა ადამიანს სჭირდება მოფერება, და თუ ჩვენ ჩვენს წინაპრებს მოვეფერებით, ისინი ჩვენ გადაგვისვამენ თავზე უხილავ ხელს და მაგ შეხებაში იქნება ის სილბილე და ნუგეში, რომელიც ესოდენ მაკურნებელია ჩვენი სულისა და ხორცისათვის.

ლევან ვასაძე

25.09.2021