ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XXX თავი

ამ საღამოს ემიგრანტებთან გვქონდა შეხვედრა და მთელი დღე მეგონა, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ, უფლის წყალობით, გამოვკეთდი და მომეცა მისი ჩატარების ძალა.

ორიოდე საათიანი საუბრისას, სადაც ჩვეულებისამებრ, ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენი ხედვა და იდეოლოგია გავაცანი, კითხვა-პასუხისას ერთმა ემიგრანტმა მკითხა, რას ვფიქრობ საქართველოში (საბერძნეთის მსგავსად) მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე.

და თუმცა ამ კითხვაზე არა ერთხელ მიფიქრია და მიპასუხია კიდევაც, ამ ჯერზე მან კვლავ ძალიან დამაფიქრა და აი, დაახლოებით რა აზრები გამიჩნდა.

ჯერ ერთი, ვართ რა ტოტალიტარული ლიბერალური ოკუპაციის ქვეშ, პრობლემათა იმ ნუსხას, რასაც ჩვენ ასეთი საუბრებისას განვიხილავთ ხოლმე, მხარდამჭერებთან ონლაინ შეხვედრებისას კვირაში ორჯერ, არაფერი ეშველება, სანამ ამ ოკუპაციისგან არ გავთავისუფლდებით.

არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს ოკუპაცია ბევრად უფრო სასტიკი და მავნებელია ერისთვის, ვიდრე თვით აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნო-ფაშისტური ოკუპაცია, საიდანაც 400 ათასი ქართველი გამოყარეს ქართველობის გამო – ჩვენი სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი კრემლის ლიბერალურივე ძალების მეშვეობით, რომლებიც ჯერ კიდევ ელცინის დროიდან მყარად ბუდობენ იქ და, ჩვენი მოძმე ერების წაკიდებით, დაქუცმაცებისა და ნგრევის ერთიან მიზანს ემსახურებიან ჩვენს რეგიონში.

ხოლო, რამდენად დამანგრეველია ჩვენი ერისთვის დანარჩენი საქართველოს ეს ლიბერალ-გლობალისტური ოკუპაცია, ციფრებისა და მტკიცებულებების სახით შევაჯამე ჩემს სამი წლის წინანდელ ტელემიმართვაში, რომელსაც ჰქვია: „ლევან ვასაძე – ორმაგი ოკუპაცია“ – ვისაც აინტერესებს, ნახოს იუთუბზე. (1)

რაც შეეხება, საბერძნეთის მსგავსად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ჩვენთან – ეს, რამდენიმე მოსაზრების გამო, ძალზედ დასაფიქრებელ და საფრთხილო საქმედ მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ჯერ ერთი, ჩვენთან, თუმცა ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი მონათლული მართლმადიდებელია და „პატრიარქს ენდობა“ (რა იდიოტური ფორმულირებაა კითხვარებში ლიბერალური სოციოლოგების მხრიდან), სამწუხაროდ, ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ნომინალურად შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანად, რადგან, მონათვლის მიუხედავად, არ ცხოვრობს ქრისტიანული წესით.

ანუ: არ დადის კვირაში ერთხელ მაინც ეკლესიაში, არ ეზიარება წელიწადში ერთხელაც კი (ძველად, სამი კვირა უზიარებლობისას, ეკლესიიდან ქრისტიანის განკვეთა ხდებოდა), რომ არაფერი ვთქვათ წმინდა წერილის, ფსალმუნთა და წმინდანთა ცხოვრების ყოველ დღე ცოტ-ცოტა კითხვაზე, რაც ყველა ქრისტიანის ტკბილი მოვალეობაა. მათ მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლობა „სისხლში აქვთ“ და რომ მისი დამოწმებისთვის, საკმარისია პატრიარქის სადღეგრძელო, ჭიქის ჭახუნი და მამათმავლობის გინება.

რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბევრი ასეთი ადამიანისთვის – არავის განვიკითხავ და არავის არაფრისაკენ მოვუწოდებ, რადგან დავრწმუნდი, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს არასოდეს – ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ადრე თუ პანაშვიდებზე და გასვენებაში სადარბაზოსთან ათვალიერებდნენ ერთმანეთს, ახლა, ზოგჯერ, ამის კეთება ტაძრის ეზოში უწევთ, თორემ ის, რომ იმ ტაძარში წესის აგებას დაესწრონ და მიცვალებულის სულის შეწყალებისათვის ილოცონ, ეგ გამორიცხულია. ხშირად, არც საკუთარი შვილების ჯვრისწერას ესწრებიან, კომუნისტების დროიდან გამოყოლილი იდიოტური მითის გამო, რომ „არ შეიძლება“ და მაგ დროს სუფრის გაშლის მარიფათში ატარებენ.

ამ მდგომარეობაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ ჩვენი ლიბერალური რესპუბლიკა, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, უცებ, რატომღაც, გამოაცხადებს, რომ ჩვენთან მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ამის გამო, ეს უმრავლესობა იტყვის, „ა, ჰო, აბა რა გაეწყობა, წავედი აწი ეკლესიაშიო“. და არა მგონია, რომ ამრიგად, მიწის დამამარილებელი მარილის ოდენობა ამის გამო საქართველოში გაიზრდება.

მე გეტყვით, რა გაიზრდება სამაგიეროდ. ჯერ ერთი, ეკლესიაში მოსიარულე მრევლის იმ ნაწილის მედიდურობა, ვისაც ჰგონია, რომ რადგან ეკლესიაში დავდივართ და ჯვრიან ქუდებს ვატარებთ, ამიტომ არ ვართ ცოდვილთა შორის პირველნი, მეორე – კარიერის მაძებარი სასულიერო პირების პროცენტი, რომელიც ეკლესიის დევნიდან დევნამდე ყველა ეკლესიაში ხავსივით ედება და მხოლოდ დევნისას სცილდება მას რაღაცა დროით, და მესამე – გაიზრდება მეტრიანი კელაპტრებით ტაძრებში მდგომი მოხელეების რიცხვი, რომლებიც მერე გამოვლენ ტაძრიდან და ხან ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებენ, ხან ნარკოდეკრიმინალიზაციასა და კულტივაციას გააგრძელებენ და მათ მიერ ქრისტიანობის სახელის შერცხვენას ბოლო არ ექნება ლიბერალურ რესპუბლიკაში.

კიდევ, მასეთ პირობებში, ოდნავ შეიცვლება გლობალისტების და მათ ქვეშ მყოფი სუს-ის დიდი ნაწილის მიერ ეროვნულობის დისკრედიტაციის სქემაც და ის ფაშისტები, ვისაც ახლა ისინი აფინანსებენ (რაზეც ერთ-ერთ წინა თავში ვწერდი), იძულებულნი გახდებიან აწი „ეკლესიურები“ გახდნენ, რაც კიდევ უარესი იქნება.

და კაცმა რომ თქვას, თავად საბერძნეთმა რა მოიგო რომ მაგ კანონით, რომლის ტექსტიც, უნდა გამოგიტყდეთ, მე ჯერ არ წამიკითხავს. ვისზე ნაკლები პერვერტების ე.წ. აღლუმები ტარდება საბერძნეთში და ვისზე ნაკლები შეტევაა ეკლესიაზე იმ ლიბერალურ რესპუბლიკაშიც.

მასე, ჩვენთან მთელი კონკორდატი მოქმედებს, რომელიც ორივე სუბიექტს – ეკლესიასა და სახელმწიფოს თანასწორუფლებიანად აღიარებს და მათი ურთიერთობის კოდექსს აღნუსხავს, მაგრამ, ვინმეს ოდესმე წაუკითხავს ეგ კონკორდატი, თუ რა? თუ მისი რომელიმე პუნქტი შეუსრულებია ოდესმე ჩვენს ლიბერალურ რესპუბლიკას?

აღმოსავლურ ანუ უფლის მართლად მადიდებლურ საქრისტიანოში, ერთიანი ეკლესიის წიაღში, ითვლება, რომ არსებობს ორი სახე ეკლესიისა, პირობითად დავარქვათ: ბერძნულ-ბიზანტიური ანუ სახელმწიფოებრივი და ანტიოქიურ-სირიული ანუ ასკეტიკურ-ბერმონაზვნული. ეს ორივე ერთია კანონიკურად და ორივე საჭიროა ერისათვის, მაგრამ, მათი შინაარსი და ისტორია სხვადასხვაა.

პირველი სამზეოს გამოვიდა, როდესაც რომის იმპერიამ ქრისტიანების ხოცვით თავი დაიღუპა და მას შეაკვდა. ყველა პირველმოწამის მაცქერალი წარმართის გულში ქრისტე იღვიძებდა და ქრისტიანების ოდენობა ამით მხოლოდ მრავლდებოდა.

II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისისათვის, თორმეტი კაცთა მებადურის მიმდევართა რიცხვი იმპერიაში ისე გაიზარდა, რომ წმინდა კონსტანტინე იმპერატორსა და წმინდა დედოფალ ელენეს – როგორც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველების – მიერ ამის აღიარება მხოლოდ სინამდვილის დადასტურებაღა იყო.

სენატორებისადმი თავის მიმართვაში ტერტულიანემ თქვა კიდეც: აი, თქვენ ნატრობთ რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, დავტოვოთ იმპერიის ქალაქები და აღარ ვიყოთ რომის ნაწილი, მაგრამ, არც კი გესმით, რომ ეს რომ მოხდეს, თქვენს ქალაქებს სიჩუმე დაეუფლება, რადგან, არა უწყით რამდენნი ვართო.

და უკვე ჯვართამაღლებამდე, რომელიც გასულ კვირას ვიზეიმეთ, ქრისტიანობის იმპერიის რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა კატაკომბებიდან ათიათასობით დამალული ქრისტიანის გამოსვლა, რომელთა თაობებიც გაიზარდნენ იქ და მათი მკვებავებისა და დამმალველების სააშკარაოზე გამობრძანება.

მაგრამ, ამ წმინდა ხალხში უწმინდეს ადამიანებს მანდვე გაუჩნდათ აზრი იმის შესახებ, რომ ახლა ქრისტიანობას ახალი, აქამდე უნახავი საფრთხე დაემუქრა, კერძოდ, ამქვეყნიურ ანუ უხსენებლის ხელისუფლებასთან შერწყმა, კომპრომისები ამ შერწყმის გამო და ჯვარზე მზადყოფნის უარის თქმა ამქვეყნიური სამოთხის მშენებლობის ფუჭ მცდელობაში.

სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ამ დიდმა მოსაგრეებმა ფსევდო-იდილიის მარწუხებიდან გასვლა და რადგან უკან, კატაკომბებში მალვას მათ აღარავინ აიძულებდა, მაცხოვრის მარხვისა და უხსენებლისაგან მისი ცდუნების მცდელობის ადგილებს – ანუ, უდაბნოებს მიაშურეს.

სწორედ მაშინ გაჩნდა ნელ-ნელა სირიულ-ანტიოქიური და მერე ყველგან მოდებული – საბერმონაზვნო ტრადიცია: ანტონი დიდისა, ღირსი მაკარი დიდისა, ათანასე დიდისა, და შემდგომში: საბა განწმენდილისა, წმინდა ზოსიმესა და სხვათა მამობრივი ღვაწლით – მათი დაარსებულია კაცობრიობის მთავარი მარჩენალი, წმინდა ბერობა და მათი ცხოვრების კითხვაა ყველაზე ტკბილი საკითხავი, რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე.

ანდა, შევხედოთ, რა ხდებოდა ჩვენთან ამავე საუკუნეებში.

თუმცა, სრულიად ცხადია, რომ პირველი სამრევლოები ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოში, მისივე კურთხევით, ანდრია პირველწოდებულის ჩვენთან სამგზის მოგზაურობის შემდეგ გაჩნდა – წმინდა სვიმონ კანანელისა და წმინდა მატათა მოციქულის თანხლებით, რომელთაც, ორივემ, მოწამეობრივი აღსასრული ჩვენთანვე ნახეს, ჩვენი მეკერპეობის წყალობით, რასაც დღემდე არ ვეშვებით – ჩვენი ერის ელიტაში, ანუ დიდებულებში, ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრებას სამასი წელი დასჭირდა.

და წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მიერ, ამ ბიზანტიური სახით ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებამ, ერის მტკვრისა და არაგვის შესართავში მონათვლამ და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ რომ ბოლომდე არ დაამკვიდრა ერში მართლმადიდებლობა – ეს სულ მალე გამოჩნდა.

უკვე IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნეში, იმპერიაში გაჩენილმა მონოფიზიტურმა ანუ ქრისტეს ერთბუნებიანობის მწვალებლობამ, რომელმაც თითქმის ზუსტად ნახევარი იმპერია ააცდინა ჭეშმარიტებას და ჩვენი მეზობელი ზოგი ერი სამუდამოდ დაისაკუთრა, ჩვენთანაც დიდი ფესვი გაიდგა და ჩვენს ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ ნახევარზე მეტი ხალხი და სამღვდელოება ჩაითრია.

და რამ უწამლა ჭეშმარიტებისგან ამ ჩვენს განდგომილებას? ისევ ეკლესიის ანტიოქიურ-სირიულმა სახემ, როდესაც ამ მწვალებლობასთან საბრძოლველად და არა რაიმე სხვა მისიით, ჩვენთან იოანე ზედაზნელი და მისი ათორმეტი კაცთა მებადური ასირიელი ასკეტი ბერი ჩამობრძანდნენ, რომლებმაც თავიანთი წმინდა ცხოვრებითა და სასწაულებით ერიცა და ბერიც კვლავ გადაარწმუნეს ჭეშმარიტების მიმართულებით და ცამეტი ტოპოსი დაარსეს, რომელთა გარშემოც შეიქმნა ის, რასაც დღეს ჩვენ ტრადიციულ საქართველოს ვეძახით და რომელმაც მერე ის ნაყოფი გამოიღო, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდხანს – 1,100 წლის განმავლობაში მმართველი ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია ჰქვია და რომელმაც ასევე მსოფლიოში ყველაზე მეტი – თორმეტი წმინდა მეფე მისცა საქრისტიანოს, რომლის მსგავსიც არავის შეძლებია დედამიწაზე.

და რა დონეზე ვართ დღეს დავარდნილები, რომ სასწაულად ცოცხლად გადარჩენილ მათ პირდაპირ შთამომავლებს კი არ ვეფოფინებით, საბჭოთა დროიდან გამოყოლილ შტამპებს აყოლილები, ჭინკების პროპაგანდაზე ვეგებით, „მეფე არა ისა“-ს გავიძახით და თავი ძალიან ჭკვიანი გვგონია, როდესაც ბაგრატოვანთა ამა თუ იმ შთამომავლის პიროვნებასა და გარეგნობას ვარჩევთ და არ გვაკმაყოფილებს ის.

და რომ არა ასურელი მამების ფასდაუდებელი ღვაწლი ჩვენი ისტორიის ამ გარდამტეხ წლებში, კაცმა არ იცის, როგორ წავიდოდა ჭეშმარიტებასთან ჩვენი ერთგულების ბედი და, შესაბამისად, ვინ იქნებოდა თითოეული ჩვენგანი, როგორც ეთნოკულტურულად, ისე პიროვნულად და ვიქნებოდით თუ არა საერთოდ.

დღესაც, შევხედოთ, რატომ უყვარს ჩვენს ხალხს პატრიარქი. იმიტომ, რომ ის სრული ბერია – თეთრი და სპეტაკი, უზადო და შეუპოვარი ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, თუმცა, ყოველთვის ეფერება და ლოცულობს მათთვის. და შევხედოთ, ვინ არ უყვარს ამ ჩვენს ნომინალურად ქრისტიან ხალხს. ის ხალხი მისი უწმინდესობის გარშემო, ვინც კარგავს ამ სულს – არა სახელმწიფოებრივი, არამედ, მისგან დამოუკიდებელი, სულიერი მოღვაწისა.

და წმინდანებიც ეგეთი გვყავს, თუნდაც თანამედროვე – ღირსი მამა გაბრიელი იქნება ეს თუ ბეთანიელი წმინდა მამები, წმ. იოანე და წმ. გიორგი-იოანე.

ნურავის შეექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მე უღირსს რაიმე ეჭვი შემქონდეს საეკლესიო ანუ საღმრთო იერარქიის სიწმინდესა და აუცილებლობაში – მეორე უკიდურესობა, რომელშიც ბევრი „ეროვნული“ ადამიანი გაუთავებლად ვარდება, როდესაც პატრიარქს „პატივს სცემს“ და მის მიერ დადგენილ იერარქიას გაუთავებლად აგინებს.

ამავდროულად, არც ის შემიძლია უარვყო, რომ ანტიქრისტეს შემაჩერებელი იმპერიაც და იმპერატორიც საჭიროა, ის, რასაც წმ. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში „კატეხონს“ უწოდებს.

უბრალოდ, ასეთ მართლმადიდებლურ სივრცეში – ბიზანტია იქნებოდა ეს თუ რუსეთი – ამ აუცილებელი წონასწორობის დაცვა, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთმანეთში არ შეზრდისათვის და ხალხის თვალში ერთმანეთის არ გაფუჭებისათვის, არის ამ იმპერიების უდიდესი გამოწვევა და ეს სირთულე არავის ის ღრმად არ გაუაზრებია და აღუწერია, როგორც გენიალურ ლევ ტიხომიროვს თავის ეპოქალურ ნაწარმოებში „მონარქიული სახელმწიფოებრიობა“, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი მართლმადიდებელი სახელმწიფო მოაზროვნის სამაგიდო წიგნების სიაში უნდა იყოს.

რა ფორმით უნდა თანაარსებობდნენ ჩვენნაირი და მასეთი ერთმორწმუნე იმპერიები, მე ვრცლად მაქვს აღწერილი ჩემს ნაშრომსა და მოხსენებაში „მეორე იერუსალემი და მესამე რომი“, (2) რომელიც რუსულ ენაზე დავწერე და წავიკითხე ჩემი მართლმადიდებელი რუსი მეგობრებისათვის, ჩემს გაუთავებელ და, ხშირად, უნაყოფო მცდელობაში ჩვენი შერიგების საქმეში წვლილის შეტანისა, რაც შეუძლებელია საქართველოს გამთლიანების გარეშე.

საერთოდ, როგორი უნდა იყოს ეკლესია: ღატაკი, განდგომილი, ასკეტური და წმინდა, თუ ძლიერი, მდიდარი, საქმის მაკეთებელი და ერში ჩართული – ეს მარადი კამათი მარტო აღმოსავლურ ანუ მართლად მადიდებლურ ეკლესიაში როდი მიდის. იმავე კამათის შედეგია კათოლიციზმში წმინდა ფრანცისკე ასიზელის მიმდევართა სკოლა, რომელმაც, დიდებული ოჯახიდან წამოსულმა და ქრისტეს სწავლებით შთაგონებულმა, საკუთარი სამოსი გაიხადა უპოვარისათვის და სიცოცხლე დალია ასკეტურ ღვაწლსა და ცხოვრებაში, და წმინდა დომინიკეს მიმდევართა სკოლა, რომლებიც თავს დომინიკანეს, ანუ ლათინურში, სიტყვების თამაშით, ღმრთის ძაღლებს (დომინი კანეს) უწოდებდნენ და თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ მდიდარი და ძლიერი, ბევრი ქველი საქმის მაკეთებელი და აქტიური მისიონერული საქმიანობის წარმოებას მსოფლიოში. და ის, რაც ფრანცისკანული და დომინიკანური ორდენების ქიშპობამ შვა მსოფლიოს ისტორიაში, სადამდე მივიდა ის – ჯვაროსნული ომებიდან დაწყებული და მარტინ ლუთერის მხრიდან ორივეს უარყოფით დამთავრებული, და მისი განდგომისა და პროტესტის შედეგად, ევროპის ორმოცწლიანი ომით გაგრძელებული, რის შედეგადაც ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაიღუპა, ვესტფალიაში დაზავდა და ნაცია-სახელმწიფოს ცნება შემოიღო, რომლის ფარგლებშიც და რომლის მოდერნსა და პოსტმოდერნშიც ვნადგურდებით ამჟამად ჩვენ – ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორი პოზიცია მარადისობაში შეურიგებელია, სანამ ადამიანთა საზოგადოება არსებობს. და სანამ ჩვენებური ამ კამათში ჩაერთვებოდეს და დედა ეკლესიის წინააღმდეგ რაღაცას მოროშავდეს, კარგი იქნება, თუ იმას მაინც გააცნობიერებს, რომ მისი ე.წ. საკუთარი აზრის ჩამოყალიბებამდე – რომელიც ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ფეისბუქში ნანახი ნაგლეჯების კრებულის ნაზავი მის ბეტონის გალიაში ყოფასთან – რაღაცეები უკვე მომხდარა ამქვეყნად და რაც უფრო გაეცნობა ის ამ რაღაცეებს, იქნებ, მით ნაკლებად მოუნდეს პირის ამორეცხვამდე რამის თქმა.

რაც შეეხება მსგავს ოპოზიციებს ისლამში – შიიზმსა და სუნიზმს შორის და ასევე, შიიზმისა და სუნიზმის შიგნით, იუდაიზმში – განსაკუთრებით, შაბთაი ცვის (იგივე: საბათეი ლევი, საბათაი ცვი) ცრუ მესიანიზმის შემდეგ სულთნის წინაშე, და სხვა სარწმუნოებებში ამ დიქოტომიის საინტერესო მატიანეებს, „უძლურის დღიური“-ს ვერც ერთი და ვერც ათი თავი ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს, მითუმეტეს, რომ ისე სუსტად ვიყავი ამ დღეებში, ხუთ დღეში ერთ თავს ძლივს მოვაბი თავი.

სანამ გუშინ დაწყებულ ამ თავს დღეს ვამთავრებდი, მეუღლემ მითხრა, მიშა ბათუმში დაიჭირესო და აბა შემოტრიალდება ისევ ჩემი ეს ნაწვალები მზერა ზემოდან ქვევით, რაზეც პირველ თავში ვწერდი. და თუ ჯანი და განწყობა მეყო, ვეცდები, ჩემი აზრი მოგახსენოთ ლიბერალური სპექტაკლის ამ მოქმედებაზეც, ახლა კი, ყველას ღამე მშვიდობისა მინდა გისურვოთ.

_________________________________

✳️ (1). ლევან ვასაძე – ტელემიმართვა #17: ორმაგი ოკუპაცია. https://www.youtube.com/watch?v=nQFaNZDLsng

✳️ (2). Леван Васадзе – Второй Иерусалим и Третий Рим. https://www.youtube.com/watch?v=Io3TfP3gHWw

© ლევან ვასაძე

? 30.09.2021 – 01.10.2021