ახალგაზრდა კაცი, მითუმეტეს მშრომელი, ხელოსანი, მოსწავლე ან მეომარი – ბევრს არ ლაპარაკობს თავის საწყის გზაზე.
ასეა მისთვის ყანაშიც, სადურგლოშიც, სკოლაშიც, ბრძოლის ველზეც, ასეა ლელობურთშიც.
ასაკში, ნამდვილი მოაზროვნე და სულიერი ადამიანი, რომლებთანაც მსგავსებას ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ, სწორედ მასეთი ადამიანისაგან ღვინდება.
მორჩილად, მამასთან დურგლობის მოსწავლე მაცხოვარი, ოცდაათი წლისა იწყებს ქადაგებას, სანამ სამ წელიწადში მას ჯვარს ვაცვამდით, და ვისაც ჰგონია, რომ პირადი წვლილი არ მიუძღვის მაგ ჯვარცმაში, ის ვერასოდეს იქნება ქრისტიანი.
მას ვერავინ და ვერაფერი შეედრება, მაგრამ, ჯერ კიდევ მის განკაცებამდე, ეს ცოდნა სწორი დაღვინებისა კაცობრიობას ჰქონდა.
„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“ – „ვეფხისტყაოსანის“ ეს ერთ-ერთი უღრმესი და ჩემთვის უსაყვარლესი, ფილოსოფიური აფორიზმი – რომლის შესახებაც თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებიდან მოსაყოლი – ამაზეა.
ცხონებულმა ბაბუაჩემმა, მსოფლიოში ცნობილმა გეოფიზიკოსმა, პროფესორმა ლევან ჭანტურიშვილმა – ვის სახელსაც მე პატივით ვატარებ – უმაღლესი ფიზიკის ველის თეორიის კურსზე, გაუსის თეორემისადმი მიძღვნილი ლექცია, აუდიტორიის წინაშე, ჩვენდა გასაკვირად, სწორედ ამ აფორიზმით გახსნა, მე პირი დავაღე და მხოლოდ ლექციის ბოლოს მივხვდი, რომ ეს აფორიზმი ზედმიწევნით ხსნიდა გაუსის თეორემასაც.
მაგრამ, რაიმე რომ გადმოდინდეს კოკადან, ჯერ შიგნით რაიმე უნდა იდგეს. და რაც უკეთესს ჩაასხამს ოჯახი, მშობლები და თავად ახალგაზრდა თავის შიგთავსში, მით უკეთესი გადმოდინდება იქიდან დაღვინებისას.
თუ ის, საწყალი, მშობლებისგან უგულებელყოფილი, თავის ნებაზე მიშვებული და გარეთ გაგდებული მხოლოდ წვიმის წყალს, მტვერსა და მწერებს აკრეფს თავის “კლაბერობაში”, ავხორცობაში, კოკის მომწამვლელი და წამბილწავი ყოველგვარი სიდამპლის ყელში ჩასხმაში – დაღვინების ნაცვლად, მასში დაძმარებაც კი არ მოხდება. ეს იქნება ამყაყება, სევდიანი და მყრალი სურათი, რომელიც გარედანაც აისახება მასეთი კოკის კანზე, უაზრო, აწ მოუცილებელ უაზრო ნაჯღაპნზე და ნაკაწრებზე და აღარაფერი კეთილი მასეთი კოკის გავსილობისას მაქედან აღარ გადმოდინდების.
მასეთ კოკას წესიერ სახლშიც აღარავინ შეიტანს და აღარც წამოაყირავებს კეთილი ღვინის გადმოსადენად – ის ბოლომდე, დამსხვრევამდე, იმ წუმპეში იდგება, რომელსაც ის ლაღ და თავისუფალ ცხოვრებას უწოდებს, და ის, რაც მისგან გადმოდინდება, ან მისი მაგ სიმყრალით სისავსისაგან იქნება – და არა იმიტომ, რომ მას ვინმე წამოაწვენს ანუ რაიმეს მისგან დაელოდება (შეხედეთ ჩვენს ბებერ ლიბერალებს, რომელებსაც მთელი საქართველო ეუბნება, კარგი, გაჩუმდი მაინცო და ისინი ვერ დუმდებიან თავიანთი სიმყრალით სისავსის გამო) – ან იმიტომ, რომ ამ საწყალი ცხოვრებისგან უკვე ბზარები წაუვიდა ან ძირი გასძვრა, ნაცვლად იმისა, რომ კეთილი კოკისათვის ბუნებით განკუთვნილი დრო ემსახურა ადამიანებისათვის.
სულ სხვა ბედი აქვს კეთილ ხელში ჩავარდნილ კოკას ან ქვევრს, რომელზეც პატრონი თავიდანვე ზრუნავს – როგორ შექმნას, გაწმინდოს, რა ჩაასხას და რა დააღვინოს შიგნით და თიხაც მორჩილად ასრულებს ყველაფერს, რასაც მისგან ითხოვს შემქმნელიცა და მომვლელიც.
ამიტომ, თავად კოკისა და ქვევრის ბრალი და დამსახურება ცოტაა დაღვინებაშიც და ამყაყებაშიც, თუმცა, არც მთლად მასეა საქმე.
„მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“ – ჩვენი კულტურის ეს კიდევ ერთი კოსმიური სიბრძნე იმასაც გულისხმობს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თიხასაც, რომლისგანაც შროშაში თუ კორბოულის მახლობელ სოფელ ტყემლოვანში, თუ ქართლ-კახეთის რამდენიმე სოფელში ამზადებენ უხსოვარი დროიდან კოკასა და ქვევრს, ხელოსნის, ანუ მშობლის სინდის-ნამუსსაც, რომელმაც მარტოდ დარჩენილმა თავის ქმნილებასთან, გული უნდა ჩაატანოს მის სიკარგეს და არა გონი მასზე თავისი გაუკუღმართებული წარმატების წარმოდგენას.
ამიტომ, ზოგი მათგანი სულ სხვა მიზეზით ამყაყდება. გაყიდვის სიხარბით ისე ჩქარა და უყურადღებოდ მოძერწავენ მას შემქმნელები, რომ მერე, რაც არ უნდა კარგი რამ ჩაასხან მასში, იგი თავად ვერ ივარგებს – კარგის კეთილად დასატევნელად ან დასაღვინებლად: ან გასკდება, ან თავისი ვერ-დამტევნელი, არასწორად გამომწვარი და მოუმზადებელი თვისებების გამო, ვერ შეინახავს და ვერ წარმოაჩენს იმ კარგს, რაც მასში ჩაასხეს მარად ფულზე და არასწორ წარმატებაზე მოჩალიჩე მისმა მშობლებმა, რომლებსაც ღვთის სიყვარული სამერეოდ გადაუდიათ და მართას კი გადევნებიან, მაგრამ – არა მაცხოვრის სამსახურისთვის, არამედ თავისთვის, ხოლო, მარიამს საერთოდ არც კი ცნობენ თავის დად.
ადამიანისაგან ადამის მსგავსების შეძენა მთელი ცხოვრების უწყვეტი საქმეა და ყველა ჩავარდნა, ყველა ნაკლი სამუდამოდ ემჩნევა მას, როგორც თიხისაგან ნაძერწს. ყველა განსაცდელი, ყველა ალში გახვევა არის ამ გაადამიანებისათვის მისი გამოწვა, მისივე სიმტკიცისათვის და უფალმა უკეთ იცის, რომლის იქით აღარ ღირს თიხის გამოწვა და გამაგრება ამა თუ იმ ჭურჭლისათვის.
მაჭრის ღვინობამდე კარგ მაჭრობას რომ დავუბრუნდეთ, გავიხსენოთ, რომ სოკრატე პირველად ათინელებს თვალში მოხვდათ როგორც ახალგაზრდა მეომარი – როდესაც დამარცხებულნი და გაქცეულნი განცვიფრებულნი იყვნენ ამ ახოვანი ახალგაზრდა მეომრით, რომელიც ნელი ნაბიჯით, ჩაფიქრებული მოჰყვებოდა თავის გაქცეულ თანამემამულეებს, რათა მათი საერთო სახე შეენარჩუნებინა, თუნდაც სიცოცხლის ფასად.
და მის საყვარელ მოწაფე პლატონსაც არ უწოდეს ეგ სახელი განიერი შუბლის ძვლების გამო – ეგ თვისება ადამიანს ასაკში უვითარდება თმის შემცირებისა და თავის ქალის გაგანიერების გამო. მას კი ახალგაზრდობიდანვე ასე ეძახდნენ, ჯერ კიდევ გიმნაზიუმიდან, სადაც ის ბერძნული ჭიდაობის ჩინებული და მდუმარე მოწაფე იყო და ბეჭების იმსიგანე პლატო ჰქონდა, რომ იმ ვაჟკაცურ გარემოცვაშიც კი გამოირჩეოდა.
ამიტომ, ნურავის ჰგონია, რომ კაცობის გარდა, ასევე აზროვნებაშიც არ ივარგებს ის, ვინც ახალგაზრდობაში მებრძოლია. ახალგაზრდობიდანვე მებრძოლი, პირველ რიგში, ნიშნავს ახალგაზრდას, ვინც, მშობლებისა და მასწავლებლების პატივისცემითა და დაჯერებით, თავისი თავის მოთოკვასა და ძლევაშია – გინდა ჯარი იყოს ეს, გინდა სახელოსნო და გინდა მერხი. ზოგჯერ ცელქობაც ახასიათებს და შეცდომებიც, მაგრამ, ამ დროს იგი არ კარგავს თავისი ცხოვრების ერთადერთ ლიანდაგს, რომელსაც ის ამქვეყნად მისი დანიშნულების ადგილამდე მიჰყავს – იმ სწრაფვას, რასაც არისტოტელე ენტელეხიას (ἐντελέχεια) უწოდებს, ანუ ყველა ქმნილების სწრაფვას სამყაროში მისთვის კოსმოსის (κόσμος), ანუ სილამაზის მიერ განსაზღვრული ადგილისადმი, ხოლო მატერიის ტრაგედიად მიიჩნევს ამ ყველას სწრაფვისას, ნებსით თუ უნებლიედ, ამ ქმნილებათა ურთიერთ შეჯახებასა და ხელის შეშლას. გადაცდომისას, რომელიც ყველას მოსდის, მითუმეტეს სიყრმისას – გავიხსენოთ მამათა არაერთი ლოცვა და გლოვა სწორედ სიყრმის ცოდვებზე – ამ ენტელეხიის არ დამკარგველი ახალგაზრდა სასჯელს გონიერად იღებს და გზას ასწორებს, ნების დაძაბვითა და მორჩილების გამომუშავებით, ხოლო ყალთაბანდობასა და „მე მინდა“-ს გადაყოლილ ახალგაზრდას, მერე თავად ცხოვრება მოთოკავს – ოღონდ, ის აღარც კაცად ივარგებს და აღარც მოაზროვნედ.
ამიტომ, კეთილად დაგვიღვინდება ის, ვინც თავის ნებისმიერ სასწავლებელ სარბიელზე მდუმარედ ღვრის ოფლს და მზარდი წარმატების გამო, რატომღაც, არ კარგავს მთავარს – ღვთისადმი სიყვარულსა და მის შიშს, რაც ერთი და იგივეა საბოლოო ჯამში. შიშს არა სასჯელისა, არამედ, მის ჯვარცმაში მონაწილეობის გაგრძელებისა, მისი გულის ტკენისა.
და აგვიმყაყდება ის, ვინც არ შრომობს და არ მდუმარებს ჯეელობაში ან ვისაც ჰგონია, რომ მისი „სარწმუნოება“ ცარიელი არ არის საქმეების, ანუ შრომისა და სწავლის გარეშე.
და, სწორედ, ეს ორივე აუმყრალებენ მერე ცხოვრებას მაჭრადნამყოფი, კეთილი ღვინის დამტევნელ კოკასა თუ ქვევრს, ერთი – ჭინკების მხრიდან და მეორე – ვითომ-ეროვნულების მხრიდან, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ჩვენი შვილების ცხოვრებაშიც.
რამეთუ, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”
ლევან ვასაძე
04.10.2021
Recent Comments