ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XXXIV თავი

უხილავის მხრიდან ჩვენზე შეწევნა და მისი წინააღმდგომის ჩვენთან ბრძოლა – ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური, ყოველწამიერი მდგომარეობაა.

უხილავის მიმართ გულდახშული ადამიანი ცხოვრებას ისე გაივლის, რომ ვერც ერთს ხედავს და ვერც მეორეს, საწყალი, სულ რაღაც თავისი უბადრუკი „ლოგიკის“ საზღვრებში ფაფხურობს და მას ყველაზე უფრო ტანჯავს კითხვები: „რატომ“, „ეს როგორ“, „რისთვის“, და სხვა.

მისი მიზანი ხილულზე პოტინი და შიგნით „კარგად ყოფნაა“, სხვა ყველაფერი მას აღიზიანებს, აშინებს და დამცინველს ხდის.

ამრიგად, ასეთი ადამიანი, რადგან მისთვის უხილავი არ არსებობს, ისიც არ არსებობს უხილავისათვის, როგორც ბულგაკოვი იტყოდა, ყოველს მიეზღვას მისი რწმენისამებრ.

მეორე უკიდურესობა – ადამიანი მოწყვეტილი და დამალული ხილულისაგან, ან თავისი გამოუსწორებელი სიზარმაცის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, სულ უხილავის ფუჭ დევნაშია, ისიც პირველივით მკრეხელობს, რადგან უარყოფს საწყისისაგან მოცემულ წუთისოფელს, მასში სიკეთის კეთებას, რაც, როგორც ადრე ვთქვით, ქართულში ერთი ფუძის ორი სიტყვაა.

და ამრიგად, ასეთი ადამიანიც, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად თვითმარქვია სულიერებისა, ასევე არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, წუთისოფლისათვის. მას სულიერი სამყაროს მსახურება დაუჩემებია და სინამდვილეში, ნამდვილ ბერ-მონაზვნობას ერთი დღეც ვერ გაუძლებს, ისე დაეტაკება მას იქ ხილულის წინააღმდგომი, როგორც ეს ვიცით მამებისაგან.

მას ადვილად ატყუებენ და იტაცებენ სიზმრებითა და ხილვებით უხილავის წინააღმდგომი ძალები და აბაიბურებენ საწყალს, ვითომ სულიერებისა და ვითომ სიწმინდის ხიბლით.

ეს ორივე მდგომარეობა სხვებს კი არა, თითოეულ ჩვენგანს გვეხება და პირველ რიგში – მე. ამ ორივესგან განკურნება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით არის შესაძლებელი, საკუთარი ჯვრის აღებით და მშვიდ მეგზევეზე გაყოლით, მხოლოდ სიკეთის კეთებით და ამ ორივე სამყაროში მსახურებით, წუთისოფელში – ის წუთი, რაც ვართ, მარადისობაში – იმის შედეგად, რასაც ღვთის შეწევნით და ჩვენი დაცემულობის მიუხედავად ვიზამთ, სანამ ვართ ამ ქვეყნად.

მამებს, განსაკუთრებით დიდ წმინდანს, ღირს იოანე სინელს, დაწვრილებით აქვთ აღწერილი ამ გზაზე ადამიანის ნამდვილი ფსიქოლოგია.

მთელი მისი წმინდა ცხოვრებისა და სულიწმინდით შთაგონებული მოღვაწეობის ნაჟური მოცემულია საოცარი რუკის სახით, რომელზეც გადაშლილია ადამიანის უხილავ საწყისთან მიმყვანებელი სათნოებებისა და ამის წინააღმდგომი ვნებების სრული სია.

ადამიანს მთელი ცხოვრება არ ეყოფა ამ რუკის ბოლომდე შესასწავლად, თუმცა, ის ყველა ოჯახის კედელზე უნდა იყოს გაკრული.

მასში გადმოცემულია ის, თუ რომელი ვნება იწვევს რომელ სხვა, უფრო მძიმე ვნებას, და რომელი სათნოება კურნებს რომელ მათგანს.

კაცმა რომ თქვას, ეს არ არის მხოლოდ ადამიანის სულის ანატომია, ეს არის მთლიანად ადამიანის ატლასი და ანატომია, რადგან ახლაღა იწყებს პოსტმოდერნის პოზიტივისტური „მეცნიერება“ მიხვედრას, თუ რა კავშირია ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და მის ხორციელ ავადობებს შორის.

ამ პირველი ნაბიჯების ასახვაა გერმანელი ყოფილი ღვთისმეტყველისა და შემდგომში ექიმის, დოქტორ რაიკ გერდ ჰამერის (Ryke Geerd Hamer) ალტერნატიული სამედიცინო თეორია და მისთვის ამის გამო ოთხმოციან წლებში მინიჭებული ნობელის პრემია.

როგორ დავიცვათ ეს წონასწორობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანობა, ვიყოთ ხილულშიც სიკეთით და გვწამდეს და ვსასოებდეთ უხილავზეც, თან ისე, რომ არცერთ მხარეს არ გადავიღრიცოთ, როგორ ვიყოთ ადამიანები.

ეს მთელი ცხოვრების გზაა და მე ძალიან შორს ვარ მასზე სწორად სიარულისგან, სურვილი კი მაქვს, ალბათ, როგორც ბევრს. თვალწინ გვყავს უწმინდესი მაგალითი, მის მიერ აღზრდილი მთელი თაობა და ამით ვართ ბედნიერნი, ბევრ ჩვენგანს თვალწინ გვყავს ჩვენი დიდებული მშობლებისა და ბებია-ბაბუების, ბიძა-დეიდების, უფროსი ნათესავების მაგალითი, რომელთაგან არავინ იყო უცდომელი, მაგრამ, ამითიც ბედნიერი ერი ვართ.

ამას ებრძვის უხილავი უკვე ხილულშიც და ჩვენი მოვალეობაა მას ამის უფლება არ მივცეთ, ყოველდღე სიყვარულით ვესაუბროთ შვილებს კარგსა და ცუდზე და მოვუყვეთ მათ ჩვენს უფროსებზე.

ღირსი იოანე სინელის სულიერ რუკას რომ დავუბრუნდეთ, მის გენიალურ უბრალოებაში, ისევე როგორც „კლემაქსში“ ანუ „სულიერ კიბეში“ – მის უდიდეს ნაწარმოებში, რომელსაც ადამიანი ასევე მთელი ცხოვრება უნდა კითხულობდეს, არის ერთი ჩვენთვის სახიფათო თვისება: ჩვენ, და პირველ რიგში – მე, იმდენად დაბინძურებულები ვართ მოდერნით, რომ ეს გენიალური უბრალოება ჩვენთვის მოსაწყენია, არ არის ნიაზი ან როგორც ახლა ვეძახით – საინტერესო, გვეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით.

ალბათ, უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დასაძლევი ცოდვაა. თუ შევძლებ, მინდა დღიურის ერთ-ერთ მომავალ თავში, მას შემდეგ, რაც ჩემს გვერდში მგდომ კაცებს გადავუხადე მადლობა (განზრახ არ დავასახელე მათი სახელები), ჩემს ამ მიმდინარე ბრძოლაში, ამჯერად, ჩემი ექიმების გუნდზე დავწერო, სათითაოდ ვახსენო ისინი, იმიტომ, რომ, მე რომ აქამდე ცოცხალი გადავრჩი და ნელ-ნელა და ძნელად – მაგრამ, კიდევ წინ მივდივარ, რა თქმა უნდა, უფლის სასწაულია, მაგრამ, ეს სასწაული ამ საოცარი ხალხის ხელით ხდება, განსაკუთრებით კი, ჩემი კახელი ძმაკაცისა, რომელიც ოცდაათი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ექიმი ძმა რომ მყოლოდა, ისე არ ჩამყვებოდა ყოველდღე სამარის პირას, როგორც ეს მან გააკეთა. მასზეც მოგიყვებით, ჩვენს სასიქადულო ბატონ ლეო ბოკერიას ჩემზე გადაყოლაზეც და სხვებზეც, თუ თავს არ შეგაწყენთ.

თუ გახსოვთ, ერთ-ერთ პირველ თავში ვახსენე, რომ ძველ ჩანაწერებში ორიოდე ლექსი ვიპოვე, რომლებშიც მინატრია ის, რაც გადამხდა-მეთქი. და აი, ერთი მათგანიც. ძალიან გთხოვთ, ნურავინ ჩამითვლის მას ამქვეყნიური ჭაპანის ზიდვის დაზარებაში ან ბრძოლაზე უარის თქმაში, მაგრამ, მე ვინ ვარ, რომ სწორად ვიარო წუთისოფლის გზაზე – ეგ უფალს როგორც ენდომება, ისე იყოს.

ეს კი, კიდევ ერთი დიდი გაკვეთილია ჩემთვის, სანამ ჩემი საყვარელი შვილები, მშობლები, ბებია, ნათესავები და მეგობრები მენატრება ჩემს სამშობლოსთან ერთად და ვმადლობ ღმერთს ყველაფრისათვის:

⚜️ დადუმებული ვიდოდე მზეში ⚜️

დადუმებული ვიდოდე მზეში,
მომდევდეს ჟამი, ვერ მეხებოდეს,
ვიკარგებოდე მიღმიერ ხმებში,
ვკვდებოდე, მაგრამ მემღერებოდეს.

ამ უცნაური განგების აზრი,
ჩემი სიცოცხლის წუთი რომ ჰქვია,
გარკვეულიყოს სიკვდილზე ბრაზით
და ქცეულიყოს გაფრენილ ტყვიად.

თუ მძიმე ფრინავს მსუბუქზე უკეთ,
მეშველებოდეს მეც იქნებ რამე,
თავს აღარ ვგრძნობდე ფუყედ და მსუყედ
და მარინდებდეს უძილო ღამე.

ფოთოლზე ცრემლი, შრიალის ენა,
შეყოვნებული დინება დროის,
შეურევნელი ქვენა და ზენა
და განსასჯელი ჩემ საწუთროის.

რანი ვართ? რისთვის მოვედით აქა?
და რამდენს უნდა გვეფერებოდეს
ჩვენი ცოდვების მსხვერპლი ზვარაკად,
რომ უმადურებს გვემღერებოდეს?

რამდენი უნდა ვაშავოთ კიდევ,
რომ ერთხელ ვიგრძნოთ, როგორ გვწყალობენ,
როდემდე უნდა ვეფაროთ რიდეს
და ვთრთოდეთ ჩვენზე თუ რას ამბობენ?

რის მეშინია, ამაზე მეტი
რა უნდა მოხდეს, რაც უკვე მოხდა? –
უნამუსობა, ღალატი, რეტი
და სიმახინჯის შეკაზმვა კოხტად.

ამიტომ მინდა, რომ აღარ ვიყო,
ის რაცა ხდება, აღარ ხდებოდეს,
ხილულისაგან ვკვდებოდე თითქო
და უხილავში მემღერებოდეს.

ლექსი: 18/07/2017. ათონი, ვათოპედი.

©️ ლევან ვასაძე

? 13.10.2021