წავიდა ნინო თბილისში (როდემდე შეუძლია 8 შვილის დედ-მამას ბავშვების ბებია-ბაბუებთან დატოვება, როგორც არ უნდა ეხმარებოდნენ და-ძმები ერთმანეთს), ჩემს მოსავლელად კი, ჩემი უსაყვარლესი და, თათა, ჩამოვიდა.
ესეც ამ უცნაური ავადობის კიდევ ერთი საჩუქარია. მე და თათას ერთად მას მერე აღარ გვიცხოვრია, რაც სამოქალაქო ომში პირველი სკოლის უკან მდებარე სახლი დაგვეწვა და მშობლებთან და აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად წყნეთში ვცხოვრობდით (ნაცრისფერი მაკარონის ამარა), სანამ თათა ჩემს არაჩვეულებრივ სიძეს, ლევან მუჯირს გაყვებოდა ცოლად.
მე მერე პრაღაში და ამერიკაში წავედი სასწავლებლად… მერე – რუსეთი, მერე – ინგლისი და მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის მანძილზე, როგორმე, ერთხელ ან რამდენჯერმე მაინც ვნახავდი ხოლმე თათას, ერთად ყოფნის ასეთი სიხარული რა ხანია არ მქონია.
თათა, როგორც უმცროსი და და ადამიანი, ბავშვობიდან ყველაფერში მჯობდა – გარეგნობიან-შინაგანი ბუნებიანად… ასეა ახლაც. ის არის ჩემი ანგელოზი.
როდესაც ცხრა აპრილის შემდეგ კრწანისის თვალის კლინიკის რეანიმაციიდან პალატაში გადამიყვანეს, მიღებულ ტრავმებზე და შოკზე ფსიქო-რეაქციის დრო დამიდგა.
მაწუხებდა ისეთი ჩვენებები, რაც წლების მანძილზე გამყვა და დღისითაც, როდესაც „მეღვიძა“, იმისათვის, რომ დღეში სამჯერ ჩემთვის შიგ თვალში უმწარესი ნემსი ეკეთებინათ, გადატანილის გამო ისეთ დღეში მქონდა ნერვული სისტემა, რომ, ღმერთმა მაპატიოს, პალატაში არავის ვუშვებდი.
მარტო თათას და ბაბუაჩემ ლევანს.
ვერ ვიტანდი ჩემთან ფოტოს გადასაღებად მოსულ ახალგაზრდულ ეროვნულ ტიპებს და მეგობრებს, რომლებმაც მერე ბევრმა პოლიტიკა სარჩოდ გაიხადა და გამოთაყვანდა, მაშინ შემძულდა პოლიტიკა.
ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც კი ვერ გუობდა ფსიქიკა და არ ვიცი, „მხატვრის სახლში“ იმპროვიზირებულ მორგში, ცხედრებს შორის გონზე მოსვლის ბრალი იყო ეს თუ ნაყლაპი გაზისა, თუ იმ ხორცის საკეპი მანქანისა, რაც ხელჩართულში გავიარე „სალდათებთან“.
ჰოდა, თათა მაჭმევდა ხელით, თვალებახვეულს და მესმოდა, ხანდახან, ჩუმად როგორ ტიროდა. და ბაბუ. ერთხელ, ბათუ ბიძია მოვიდა, კევლიშვილი, ჩემი ნათლია, ყველა ღირსეული ქართველი რაგბისტის მამა და მასწავლებელი, მე არ შემეძლო ასეთი დავნახვებოდი და ვითომ მეძინა, თავი მოვიმკვდარუნე, თუმცა, მალამოდ მომედო მისი პალატაში შემოსვლა და ლომისებრი აურა, მესმოდა როგორ უცახცახებდა მხრები ქვითინისგან, მაგრამ, სანამ არ გავიდა, თვალი არ გავახილე. ბათუ კევლიშვილი და ცრემლიანი ვის გაუგია?! ძველებურ ტელეფონს ვერ კრეფდა, თუ ჯიბეში ფანქარი არ ედო, იმხელა თითები აქვს.
სხვათაშორის, ის ლიბერალური, დემოკრატიული სული, რაც რაგბიშიც შემოიჭრა: უმცროს-უფროსობის არ ცნობა, სითავხედე და ძალაუფლებაზე და ფულზე ჩალიჩი, რამაც ასე გვატკინა ყველას გული, სწორედ ბათუ ბიძიას წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული შარშანაც, მადლობა ღმერთს, რომ არ გაუვიდათ ისევ.
მახსოვს, როდესაც ბათუ ბიძია პალატიდან გავიდა და ჩემი მკურნალი ორი ექიმი მორიგ პროცედურაზე შემოვიდა, გამწარებულმა ვკითხე, რაგბის როდის ვითამაშებ ისევ-მეთქი.
ბატონი ივა ბერაძე გადაყოლილი იყო ჩემზე, მისი ექიმები ყველანაირად მეფოფინებოდნენ, იმდროინდელი მედიცინის პირობებში და არაფერს მიმალავდნენ 18 წლის ბიჭს.
ერთმანეთს გადახედეს და ერთ-ერთმა ყრუდ მითხრა, ლევან, რაგბს კი არა, ალბათ, ვეღარც ირბენ, თვალიც რომ არა, ოცდაოთხჯერ გაქვს კეფაში და ხერხემალში მძიმე დარტყმა მიღებული, რაც ვნახეთ, ცოცხლებში ყველაზე მძიმედ შენ ხარ და რომ არა შენი რაგბისტობა, საერთოდ ვერ დავიჯერებდით, რომ ამის მერე კაცი ცოცხალი დარჩებოდაო.
მახსოვს, ბინტის ქვეშ, საღი თვალიდან სიმწრის ცრემლი ჩამომიგორდა და ცოტა კადნიერად ვუთხარი, ერთ წელიწადში ჩემს თამაშზე დაგპატიჟებთ-მეთქი. და დავპატიჟე კიდეც, თუმცა, მოხუცების ტანვარჯიშიდან ვიწყებდი, მართლა მქონდა დარღვეული ბალანსი და ვერ დავდიოდი წესიერად.
საფრანგეთის პირველი სტუდენტური ნაკრები გვესტუმრა, გუგა გეგენავას შეცვლაზე შეყვანილზე ლელო გავუტანე ფრანგებს და ჩემი კაპრონის მაისური ფრანგს ხელში შერჩა. ახალი მაისური მომცეს და საოცრება მოხდა, ისევ ხაზი გავუჭერი ჩვენი ოცდაორიდან, ვინღა დამეწეოდა და ჩემით წავიქეცი რატომღაც, წლები მესიზმრებოდა მერე ეგ ვერ დადებული ლელო.
ამას იმიტომ კი არ ვყვები, რა მაგარი ბიჭი ვიყავი-თქო, უბრალოდ, ვიხსენებ, რომ მაშინვე მივიღე საოცარი გაკვეთილი უფლის ნებისა.
რომ არა მომდევნო სარაგბო ტრავმები, სასაცილომდე საწყენი, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში ავიკიდე, მე მხოლოდ ჩემს საყვარელ სპორტში დავრჩებოდი. ტრავმები მართლაც აბსურდული და სასაცილო იყო, თუმცა, ჩემთვის სატირალი. მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირ-დაუშლელზე, კისლოვოდსკის ოლიმპიურ ბაზაზე საქართველოს ნაკრების ზამთრის პირველი შეკრება იყო და ბენდიაშვილმა მეც დამიძახა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა, „შტანგის“ დარბაზში სიმძიმეებით ვარჯიშისას რომელიღაც ჩვენიანს 20-კილიოიანი „ბლინი“ მოუწყდა ღერძიდან, თითზე გილიოტინასავით დამეცა და ყველაფერი ჩამეშალა. და ასე შემდეგ.
თორემ, რომ არა ეგ ტრავმები და მარტო ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მე ხომ – ლექსებს შორის – დღემდე რაგბის მწვრთნელი ვიქნებოდი, ისე მიყვარს ჩვენი ეს მეომრული ხელობა – იმ ყველაფრის ნაცვლად, რაც ბევრად ნაკლებად მიტაცებდა.
მაგრამ, ახლაღა ვხვდები, რომ უფლის ნება იყო, სხვა გზებზე მევლო და მემსახურა მისთვის.
და რადგან ამ დღიურს იმ იმედითაც ვწერ, რომ მას ახალგაზრდების ნაწილიც წაიკითხავს, და რადგან ეს თავი და-ძმობაზეა, მინდა გითხრათ, შვილებო, თქვენი არაჩვეულებრივი ნიჭები და მისწრაფებები უაზროდ არ გაფანტოთ, ახლა რასაც აგროვებთ, იმის ამარა უნდა იცხოვროთ აწი.
სეირნობის წლებში ისე ნუ მოიქცევით, ისეთი რამეები ჩაიდინოთ, რომ ნორმალურ ადამიანობას ვეღარ დაუბრუნდეთ, როდესაც ეგ ჰორმონალური „ფხანები“ გადაგივლით.
გული ისე არ წაიბილწოთ, რომ ერთგულება ვეღარ შეძლოთ და, რაც მთავარია, რაც არ უნდა გინდოდეთ რაიმე მიზნის მიღწევა, გახსოვდეთ, რომ არსებობს თქვენი ნება და არსებობს უფლის ნება, რომელიც დროის მიღმა დგას და ჩვენზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო დროის ნებისმიერ წამში.
და ახლაც, ჩემს ნიკუშაზეც – რომელსაც მისი ძლიერი ხასიათის გამო და-ძმები სვანს ეძახიან, და რომელზეც, ცხონებულმა თეზო ჯაფარიძემ, ზამთარში, მესტიაში რომ ვიყავით ჰაწვალზე, მთხოვა, ეს ბიჭი ჩვენია და ერთი ზამთარი აქ დამიტოვე გეხვეწებიო – გატაცებული რომ არის ორთაბრძოლებით, ისევ იგივე დაგვემართა.
ისე ჩაითრია მიზანმა, რომ მკითხა, მა, სკოლას რომ შევეშვა და ჰაბიბ ნურმაგომედოვთან გადავიდე დაღესტანში სავარჯიშოდ, რას იტყვიო. მისი ხასიათის გადამკიდე, მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულადაა საქმე.
მერე, სამწუხაროდ, წელი იტკინა ვარჯიშზე, რომელმაც აღარ და აღარ გაუარა. ყველა ექიმს ვანახე და ყველა ერთსა და იმავეს გვეუბნება – არაფერი არ სჭირს, ასაკობრივია, ძალიან სწრაფად იზრდება და აუცილებლად გაუვლისო.
და ეგრევე მივხვდი, რაც ხდება. ვუთხარი კიდეც, მამი, უფალმა ეს ჩვენზე იმიტომ დაუშვა, რომ შენ ახლა სკოლის ბოლო ორი წელი მაგრად ისწავლო და მაგ ვნებას არ გადაჰყვე-მეთქი.
გამგონი კაცია და ეგრევე დამიჯერა. ფიზიკას და მათემატიკას ჩაუჯდა ისევ და ამასწინათ გავიგე, რომ ნიშნებით ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა სკოლაში და მაგაზე კარგი რა უნდა გაეკეთებინა ჩემთვის ამ მდგომარეობაში.
საღამოობით მინახავს, როგორ მოსდის ეს თავისი სვანური, კაცური, სიმწრის ცრემლები და მაინც, როგორც შეუძლია, იწევა „ტურნიკსა“ და ორძელზე და ილიკოს ავარჯიშებს, და ვიცი, რომ როგორც კი ამ ბარიერს გადალახავს, სწავლის მოვალეობას შეასრულებს, წელიც გაუვლის და მისი ხასიათის გადამკიდე, შეიძლება მაინც დაუბრუნდეს თავის საყვარელ სპორტს ან რამეს ეგეთს, იგივე რაგბს, რომელსაც იკა და გიო თამაშობენ ახლა, მაგრამ, აქ მადლი იმაშია, რომ მამის ისმინა და ვინც მამას უსმენს, ის ყოველთვის იმარჯვებს.
ამ ოჯახურ ამბებსაც იმიტომ ვყვები ასე ღიად, რომ მიმაჩნია, რომ საქართველო არის ოჯახი და ჩვენი გათითოკაცება და კლანებად ამოკეტვა, ყველა დროში ჩვენი ერის მტრების ნახელავია.
ჩვენ კარგს უნდა ვუზიარებდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის შვილებს და ცუდს – ვებრძოდეთ, ვირცხვენდეთ და ერთმანეთს ვეხმარებოდეთ ცუდის დაძლევაში. ახლა კი, ამ ლიბერალურ ციხეში, ყველაფერი პირიქით გვაქვს.
ცხრა აპრილის შემდგომ ზაფხულს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც, როგორც იქნა, საავადმყოფოდან გამომწერეს, ცოტა გაბავშვებულს და ახლად ამწვანებული ტყის დანახვით გაოგნებულს, კიკეთში ასულზე შემიყვარდა ნინოც, როგორც ჩემი სულის მალამო.
თათაც, როგორც და, ეგაა – ჩემი მალამო.
ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, დედმამიშვილთან რომ საუბრობ, ისე ადვილად ვერავისთან.
ნახევარი სიტყვიდან გესმით ერთმანეთის და ამბებს გაკვრით იხსენებთ და ხარობთ. ვაგლახ, რომ კომუნისტურ ეპოქაში, ისევე როგორც თანამედროვე ლიბერალ-ურბანისტულში, თითქმის ყველა ჩვენსავით იყო, ერთი-ორი და-ძმის ამარა.
ახლაღა ვხვდებით, რამდენი დავკარგეთ.
მოდერნი და ფუჭი რაციონალიზმი ადამიანს ატყუებს, რომ საჭიროა ჯერ ფული, დაგროვება და მერე ოჯახი.
სინამდვილეში – პირიქითაა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.
სანამ ოჯახს შევქმნიდით მე და ნინო, როგორც ციბრუტი, ისე ვტრიალებდი ჩემს საქმეებში, მოსვენება არ მქონდა, არაფერს არ ჰქონდა აზრი, რაც შემომდიოდა, ის სადღაც ქრებოდა; როგორც კი ოჯახი შეიქმნა, მისი საშუალებაც გაჩნდა, რა თქმა უნდა, დიდი შრომისა და ჭირთათმენის პირობებში.
და როდესაც მეტის საშუალება გაჩნდა, მაშინვე ვიცოდი, რომ სხვა ოჯახებსა და სამშობლოს უნდა გამოვდგომოდი, ოღონდ, იმათ, ვისაც ეს კი არ დაღუპავდა და თავის გაუმაძღარ უმადურობაში და შურში ჩაახრჩობდა (ეგეთებიც მომივიდა სამწუხაროდ), არამედ იმათ, ვინც მართლა უშენოდაც ჭაპანს ეწევა და მადლია მასზე.
და რამდენჯერ გამჭირვებია მას მერე, რამდენი უმადურობა, ცილისწამება, ღალატი , და შეურაცხყოფა მინახავს, მათ შორის ზოგიერთი ახლობლისგანაც, მაგრამ, არასოდეს დამნანებია ამ გზაზე სიარული.
ამიტომ, საყვარელო შვილებო, ვინც ერში რჩებით და არ მიდიხართ ბერში – მაგ დონეს ყველანი ვერ ვაღწევთ – რაც შეიძლება მალე შექმენით ოჯახები, რაც შეიძლება ბევრი შვილები გააჩინეთ, მაგრად იშრომეთ, ეცადეთ მოსცილდეთ ქალაქს და ბედნიერნი იქნებით მაგ გზაზე.
სხვა ყველაფერი ტყუილია.
ყველაზე მდიდარი ერებიც და ურბანისტული საზოგადოების ყველაზე მდიდარი ნაწილებიც ყველაზე ნაკლებად მრავლდებიან და როგორც კულტურები იღუპებიან, მათ ადგილს კი – სხვები იკავებენ.
შეხედეთ, რა ხდება მთელ დასავლეთ გაუღმერთოებულ ევროპაში – შარდის სუნით და ათასი ჯურის ხალხის აურზაურით გადაჭედილი ეგ საწყალი რომი და პარიზი გინდათ თქვენს მომავლად? თუ სახლი – სადმე, ზღაპრულ საქართველოში, მაგარი შრომა – გინდ კომპიუტერთან, გინდ ტრაქტორის ლიზინგის სპეციალისტად და გინდ ვენახში – და მერე, საღამოს, თქვენს ცოლ-შვილთან ერთად, თქვენნაირვე ხალხთან სტუმრობა, კოცონთან ჯდომა და თქვენი შვილების ხმების სმენა ეზოში?
ჰოდა, თუ ეს გინდათ, ამისათვის ემზადეთ აქედანვე, ქალაქს და უძღები შვილის ასაკს თავს ნუ დააღუპინებთ, მეუღლე სიყვარულით შეარჩიეთ და ერთგულებით – ოღონდ, ეგ ნუ აგერევათ წელს ქვემო ფხანებში – და, რაც შეიძლება, მეტი შვილი გაუჩინეთ საქართველოს. რაც მეტი გეყოლებათ, მით უფრო ადვილი იქნება მათი აღზრდა, რადგან ისინი ერთმანეთს აღზრდიან, თქვენი ტვირთის ნაწილს ზიდავენ და თქვენც ტკბილი სიბერე გექნებათ, მერწმუნეთ, ვიცი რასაც გეუბნებით.
სდიეთ ამ აფერისტების ტყუილებს, რასაც ოკუპირებულ უნივერსიტეტებში თავში გიტენიან, ნამდვილი განათლების ნაცვლად და – ღმერთმა დაგიფაროთ – მხოლოდ მოწყენა და სიმარტოვე გელოდებათ.
ეგ ის ხალხია, ვინც ან კომპარტიაში იყო და ახლაა ლიბერალ-მედასავლეთე ანდა ისეთი „ლუზერი“ იყო, რომ 80-იანი წლების ქართულ კომპარტიაშიც კი ვერ ხვდებოდა, რიგში იდგა და მაშინ შეცუნცულდა, როცა 9 აპრილის მერე ნამუსიანმა კომუნისტებმა პარტბილეთები დაყარეს და კვოტები გათავისუფლდა; ხვალ, ღმერთმა ნუ ქნას, ისევ რუსული ტანკები რომ შემოგრიხინდნენ აქ, ეგ მედასავლეთეები ზანდუკებიდან პარტბილეთებს „გააძრობენ“ და იყვირებენ, თქვენ გელოდით ამდენი წელიაო – მე და ჩემნაირები კი, ისევ ჯოყოლებად ვიქნებით.
მე პირველს მინდა რუსეთთან ღირსეული ურთიერთობები დავალაგოთ, იმისთვის, რომ საქართველო გავამთლიანოთ და მათთანაც ვიმეგობროთ – მაგრამ, არა ისე, რომ, მაპატიეთ, ისევ ეს ჩვენი ნეხვი ამოტივტივდეს ზედაპირზე, როგორც მუდმივი მოდგმითი მონები და თავისი ერის დამოუკიდებლობის მოღალატეები.
ეს სულ ასე იქნება, როგორც მოციქული გვასწავლის, ეს ქვეყანა ცოდვაში წევს, მაგრამ, კაინიტები ვერასოდეს იქნებიან აბელიტების და სეითიტების ნაირად ბედნიერნი და თქვენი ასარჩევია ვინ გსურთ იყოთ – ადამიანები თუ არა ადამიანები.
და თუ ადამიანობა გსურთ, მერწმუნეთ, მისი ერთადერთი გზა არის არა ინდივიდად, არამედ, პიროვნებად ყოფნა. ინდივიდი იზოლირებული ღორია, „მე“-ა, ხოლო, პიროვნება აუცილებლად ოჯახის ნაწილია.
ამიტომ, რაც მალე შექმნით ოჯახებს და რაც მეტი და-ძმა ეყოლებათ თქვენს შვილებს უღალატო მშობლებისაგან, მით უფრო მაგარი ბიჭები და გოგოები იქნებიან ისინი და მით უფრო ბედნიერი ცხოვრება გექნებათ თქვენ – რაც არ უნდა დაგმართონ, დაგატაკონ და დაგაბრალონ ჭინკებმა.
©️ ლევან ვასაძე
? 31.10.2021
Recent Comments