ბოლო წლებია ჩვენს საზოგადოებაში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ კამათი კვლავ აქტუალური გახდა. ამის გამომწვევი მიზეზები, ალბათ, უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა ვეძებოთ, მაგრამ, გამომწვევ მიზეზთაგან დამოუკიდებლად, თემა უდავოდ საჭირბოროტოა უფრო ფართო, ეროვნული და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც. საგულისხმოა რომ, თუმცა თანამედროვე საქართველოში ძნელად თუ მოინახება ისეთი პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღიად აღიარებდეს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელობას საკუთარი მსოფლხედვისათვის, ე.წ. ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წიაღში ამ აზრის სისტემური საბოტაჟი მაინც ჩანს, რომ არაფერი ვთქვათ ნაც-ქოცურ 18 წლიან ცინიკურ და ფასადურ დამოკიდებულებაზე თემის მიმართ, რაც ლიბერალური იდეოლოგიის შედეგია.
„უძლურის დღიურის“ წინამდებარე თავი (ან წერილი) მიზნად ისახავს ამგვარ ანტიეროვნულ და ალოგიკურ პოზიციას ლოგიკური ანათემა მოუწყოს, პოპულარულ ენაზე დაიცვას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების აუცილებლობის იდეა, უფრო კომპეტენტური მსჯელობის საგნად დატოვოს სოფლის მეურნეობის განვითარების გზების ძიება და ამისათვის აუცილებელი ინტეგრალური სტრატეგიისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო მრავალწლიანი პროგრამის შემუშავება, რასაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი – ე.რ.ი.“, ქვეყნის წამყვან ექსპერტებთან ერთად, ამ კვირაში იწყებს და რომლის მუშაობის შედეგებსაც, ისევე, როგორც კიდევ 19 სხვა დარგობრივი სათათბიროს ნაშრომს, საზოგადოებას „ერი-მედია“-ს სატელევიზიო რესურსის საშუალებით წარმოვუდგენთ, რომელიც, ჩემი მძიმე ავადობის მიუხედავად, მალე ამუშავდება. 20-ვე დარგობრივ სათათბიროში – სადამდეც ჯანი გამიშვებს – მე პირადად გავუწევ მოდერაციას სამ-ფაზიან კონფერენციებს, მთელი ეს სამუშაო მოიცავს ამ დარგების დაახლოებით ათასამდე მეცნიერსა და სპეციალისტს, გასტანს რამდენიმე თვე და საზოგადოების წინაშე ნაწილ-ნაწილ იქნება წარმოდგენილი – სანამ ესენი „დომინიონის“ „ნაჩუქარი“ მანქანებით ხმებს ითვლიან და სკამებს იყოფენ.
სოფლის მეურნეობის განვითარების სკეპტიკოსთა კონტრარგუმენტები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი და მათ წარმოდგენაში, რატომღაც, პოსტულატურ, ლამის დოგმატურ ხასიათს ატარებს.
სანამ მათ ჩამოთვლას და ბათილად ცნობას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ლიბერალური დემოკრატიით ახლად გატაცებული ახალგაზრდობის ნაწილის თოთო შეგნება ხშირად მზად არ არის განასხვავოს ამ იდეოლოგიის პროპაგანდისტული კომპონენტები ზუსტი მეცნიერებისაგან – ეკონომიკა იქნება ეს თუ სოციალური პოლიტიკა და ამრიგად, იგი ხშირად საკუთარი გაუნათლებლობის, მიმნდობლობისა და მიამიტობის მსხვერპლი ხდება, ვინაიდან, ჩვენთან დროებით შემოვარდნილ ამ მორიგ ახალ იდეოლოგიას უანგაროდ და ჭეშმარიტად მიიჩნევს.
სოფლის მეურნეობის განვითარების სკეპტიკოსთა კონტრარგუმენტები და მათი პარალელური განხილვა კი, ასე გვესახება:
1. საქართველოს ეფექტური სოფლის მეურნეობისათვის არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის მიწა.
ყველა კონტრარგუმენტთაგან ეს ყველაზე უფრო ცინიკური და თავს მოხვეული გახლავთ და ამიტომ, ამით დავიწყებთ.
პირველ რიგში, გასარკვევია, რა იგულისხმება აქ სოფლის მეურნეობაში და რა იგულისხმება აქ – ზომაში. დავიწყოთ პირველით და ვთქვათ, რომ თუ ტერმინ „სოფლის მეურნეობას“ ძალიან უხეშად გავყოფთ მეცხოველეობასა (მეფრინველეობის და მეთევზეობის ჩათვლით) და მემცენარეობაზე, აღმოვაჩენთ, რომ ზემოთ ხსენებული კონტრარგუმენტი მხოლოდ მეცხოველეობის ერთი ქვე-დარგის, კერძოდ კი, მესაქონლეობასთან მიმართებაში არის გამოყენებადი და ისიც დიდი სიფრთხილით.
გასაგებია, რომ არგენტინისა და ავსტრალიის მსგავსი ზომის ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკლები შესაძლებლობები გააჩნია სახორცე საქონლის ველურად კვებისათვის მეჯოგეობის გზით, მაგრამ, ზუსტად იგივე ითქმის უამრავ ევროპულ მცირე ქვეყანაზეც, სამხრეთულზე თუ ნორდიკულზე (პორტუგალია იქნება ეს, ბელგია, ნიდერლანდები, თუ ნორვეგია), რომელთაც საქართველოს მსგავსი ზომები გააჩნიათ და რომელნიც, მერძევეობის ქვე-დარგის გარდა მშვენივრად ახერხებენ მეხორცეობის ქვე-დარგის განვითარებას სტაციონარულ ფერმებში – როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრების დასაკმაყოფილებლად. დავუმატოთ ამას ქართული მიწის კლიმატური, წყალუხვობის და კომპაქტურობის ფაქტორების გამო არსებული ბუნებრივი უპირატესობები და მესაქონლეობის (თუნდაც სახორცედ) საქართველოში განვითარების სირთულე სრულიად უსაფუძვლო არგუმენტად მოგვევლინება.
ხოლო, რაც შეეხება მეცხოველეობის (ისევ და ისევ, ამ ტერმინის ფართო, არაქრესტომათიული გაგებით) სხვა დარგებს – მეღორეობას, მეცხვარეობას, მეფრინველეობას, მეთევზეობას და სხვას, აქ მცირე ზომის არგუმენტი საერთოდ გამოუყენებადია.
თითქმის 7 მილიონ ჰექტრიანი ქვეყნიდან, ჯერ კიდევ საბჭოთა სოფლის მეურნეობის სტანდარტებით, 1.5 მილიონი ჰექტარი საქართველოში სახნავ-სათესად – ანუ სოფლის მეურნეობის ყველაზე მომთხოვნი დარგისათვის ვარგის მიწად იყო მიჩნეული, რაც, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროპორციას შეადგენდა. დაამატეთ ამას თანამედროვე აგრარული ტექნიკისა და ტექნოლოგიების საბჭოთა საშუალებებზე უპირატესი შესაძლებლობები, საძოვრების ნაწილის სახნავ-სათესად კონვერსიის შესაძლებლობა, და ა.შ. და თუმცა, ამგვარი ინტეგრალური ანალიზი არავის ჩაუტარებია, ცხადია, რომ ჩვენი მიწის სახნავ-სათესად (და ამრიგად, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისათვისაც) გამოსადეგობის ეს პროპორცია კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის უვარგისობის პროპაგანდა, მისი ვითომდა სიმცირის გამო, მით უფრო ცინიკურად ჩანს, როდესაც ისეთ მაგალითს ვიხსენებთ, როგორიცაა ისრაელის სახელმწიფო, რომლის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობიც მხოლოდ კახეთისაზეც კი საგრძნობლად მცირეა და რომელიც ევროპაში ხილ-ბოსტნეულის წარმოებითა და ექსპორტით ერთ-ერთ ღირსეულ ადგილზეა. ვინც ნამყოფია წმინდა მიწაზე, იცის, როგორი უწყლო და ქვა-ღორღიანი გახლავთ იგი. ან, მაგალითად, ნიდერლანდები – ჰოლანდია (თარგმანში: დაბალი მიწა), რომლის ტერიტორიის უმეტესობაც ზღვის დონეზე დაბლაა და გაზაფხულზე წყლით იტბორება და რომელიც, მიუხედავად ამისა, ევროპული სოფლის მეურნეობის ფლაგმანს წარმოადგენს.
2. სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილი ქვეყნების ხვედრია და ეს არ არის საქართველოსათვის სასურველი სტრატეგიული კურსი.
ამ კონტრარგუმენტის ჩახლართულობიდან და უზუსტობიდან გამომდინარე, მოგვიწევს რამდენიმე არგუმენტის მოყვანა, რათა ამ აბლაბუდიდან თავი დავაღწიოთ.
პირველ რიგში, შეგნებული თუ შეუგნებელი ლიბერალ-რადიკალების დასაწყნარებლად ვთქვათ, რომ აგრარული სექტორის განვითარებაზე კომპლექსური და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი ზრუნვა სრულიად არ გამორიცხავს ქვეყანაში სხვა დარგების განვითარებას, ან სასოფლო სექტორის ხარჯზე მათ დათრგუნვას და იგნორირებას. საერთოდ, ეკონომიკაში დარგების განვითარება ხდება არა რომელიმე დარგის ჩაგვრის ხარჯზე, არამედ, მსოფლიოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის – McKinsey & Company-ს ენაზე რომ ვთქვათ, ქვეყნის მიერ ამ დარგში სწორად გამოყენებული ე.წ. კონკურენტული უპირატესობების (competitive advantages) წყალობით, რომლებიც, სოფლის მეურნეობაში საქართველოს საკმარისად გააჩნია.
მეორე ის, რომ ნებისმიერი დარგის განვითარება, ნიშნავს ქვეყნის წინსვლას და არა რეგრესს, რაც თითქოსდა იმდენად მარტივი არგუმენტია, რომ არც უნდა გვჭირდებოდეს მასზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ, ჩვენი კლიშეებით მოაზროვნე, უნახავმა რა ნახაო, ორიოდე წიგნის წამკითხველი ანტიეროვნული რადიკალების გადამკიდე, ეტყობა, ამ პრიმიტიულ დონეზეც უნდა დავიდეთ, რათა პასუხი გავცეთ მათ უსაფუძვლო და ხშირად – არაწრფელ ფობიებსა და ვაი-არგუმენტაციას. ის, რომ ზიმბაბვესაც (რობერტ მუგაბეს მიერ ჩატარებული სახიფათო ექსპერიმენტების მიუხედავად) და ისრაელსაც განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორები გააჩნიათ, სულაც არ განაპირობებს ზიმბაბვეს “ჰაი-ტეკ” ინდუსტრიის განუვითარებლობას ან ისრაელის სამხედრო-სამრეწველო სექტორის განვითარებას.
აქ შეიძლება ეს თეზისი ნაწილობრივ უარყოფილ იქნას სახელმწიფოს ხელში არსებული შეზღუდული რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციის აუცილებლობით, რაც ამ ხარჯვების ამჟამინდელი ოპტიმალურობის დისკურსამდე მიგვიყვანს – თუმცა, ეს არ გახლავთ ჩვენი წერილის საგანი. მაგრამ, ძალიან ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ საქართველოს აგრარულ სექტორს საბიუჯეტო ინვესტიციები იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც ამ სექტორში ადეკვატური საგადასახადო, საბაჟო და საბანკო თანადგომის ჭკვიანური ნაზავი საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობასთან (თუ, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ კომუნისტურ-სოციალისტური ქვეყნის მშენებლობა არ გვინდა, სადაც მთავრობა ფულს დებს სოფლებისა და ქალაქების მშენებლობაში და საწარმოებისა და მეურნეობების დაფუძნებაში).
დავუბრუნდეთ სოფლის მეურნეობის, როგორც ჩამორჩენილი ქვეყნების ხვედრის კონტრარგუმენტს და დავუპირისპიროთ მას შემდეგი ფაქტი: არ არსებობს არცერთი განვითარებული ქვეყანა ან სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი განვითარებული სოფლის მეურნეობის სექტორის გარეშე (იქნებ, ჰონგ-კონგის, სინგაპურისა და სვალბარდის გამოკლებით და მოდით, ერთად მივხვდეთ, რატომაა ეს ასე) და არსებობს უამრავი განუვითარებელი ან ე.წ. განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია განვითარებული და თანამედროვე სოფლის მეურნეობა. ამრიგად, სკეპტიკოსებისათვის სამწუხაროდ, მივდივართ უტყუარ პოსტულატამდე: გვინდა ვიყოთ განვითარებული ქვეყანა – უნდა გვქონდეს განვითარებული სოფლის მეურნეობა.
ყველა, ვინც იტყვის, რომ განვითარებულ ქვეყნებს იმიტომ აქვთ განვითარებული აგრარული სექტორი, რომ მათ უბრალოდ ამისათვის აუცილებელი რესურსი მორჩათ, იცრუებს, რადგან თითოეული მათგანის განვითარების ქრონოლოგია სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ის, ვინც იტყვის, რომ ეს ასე მოხდა XIX და XX საუკუნეში და აწი ამ თანამიმდევრობას აქტუალურობა დაეკარგა, იცრუებს, რადგანაც XX საუკუნის მეორე ნახევრის ქრონოლოგიაც, როდესაც ინდუსტრიალიზაციასა და აგრარულ-ტექნოლოგიურ განვითარებაში ყველა მეგა-პროცესი უკვე შემდგარი იყო, იგივეზე მეტყველებს ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის შემთხვევაში – ისრაელი იქნება ეს, ჩილე, თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
3. სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი, განვითარებული ეკონომიკების GDP-შიც (Gross Domestic Product) კი, არ აღემატება საშუალოდ 10%-ს, მათი აგრარული სექტორების ეფექტურობას ჩვენ როდისღა დავეწევით და ამიტომ, რა აზრი აქვს ამ გზაზე ან კონკურენციას ან მასზე რაიმე სერიოზული რესურსების ხარჯვას.
ეს კონტრარგუმენტიც კიდევ ერთი ზედაპირულობისა და ფსევდო-ანალიტიკურობის კარგი მაგალითი გახლავთ. დავიწყოთ აგრარული სექტორის ხვედრითი წილით განვითარებულ ეკონომიკებში და დავსვათ რიგი კითხვები, რომლებიც ცხადყოფენ ზემოთ მოყვანილი კონტრარგუმენტის სიბეჩავეს:
– მაგალითად, ვინ დათვალა ეკონომიკისათვის ფრანგული რურალური ტურისტული სექტორის მნიშვნელობა, რომელიც არ იქნებოდა, რომ არა ზღაპრული ფრანგული სოფელი? სასტუმროები, რესტორნები, თეთრეულისა და ჭურჭლის წარმოებაზე შექმნილი მოთხოვნა, ფრანგული ღვინის ექსპორტზე თავის დროზე მოხდენილი დადებითი გავლენა ფრანგული სოფლის სიკარგის გამო, ქალაქურთან შედარებით სოფლის მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობის პროცენტული ეფექტი ჯანდაცვის ხარჯების ეკონომიაზე, სოფლის ინფრასტრუქტურის პირდაპირი ეფექტი სამშენებლო მასალების მოთხოვნის ზრდაზე, კულტურული ავთენტურობის გამო მოზიდული ინვესტიციები ისეთ მოულოდნელ დარგებში, როგორებიცაა, ფრანგულ სოფელში ფილმის გადასაღებად ჩასული კინოინდუსტრია და ა.შ.
– მაგალითად, ვინ დათვალა ჰოლანდიური აგრარული სექტორის ეფექტი ჰოლანდიურ მანქანათმშენებლობაზე აგრარულ სექტორში? მისი შემდგომი ეფექტი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ მთელ მსოფლიოში გაწეული აგრარული საკონსულტაციო სამუშაოებით ჰოლანდიურ ეკონომიკაში შემოსული მილიარდები, ქვეყანაში შემოსული ფული ამ დარგში განათლების მისაღებად ჩამოსული გადამხდელი სტუდენტების გამო, და ა.შ.
– მაგალითად, ვინ დათვალა გერმანული აგრარული სექტორის ეფექტი მისი სასუქების ინდუსტრიისა და ამ ინდუსტრიისათვის აუცილებელი დანადგარების მწარმოებელ დარგებზე? და ა.შ.
– მაგალითად, ვინ დათვალა ესპანური აგრარული სექტორის ეფექტი ამ ქვეყნის ფინანსურ სექტორზე – საკრედიტო სისტემაში ხალხის დასაქმება იქნება ეს თუ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აგრო სადაზღვევო ქვე-სექტორის არსებობა? და ა.შ.
ახლა კი, დავამატოთ, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები პირობითად (თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო) მივუსადაგეთ კონკრეტულ ქვეყნებს, სინამდვილეში კი, თითოეული მათგანი ივარგებდა თითოეულისათვის, ისევე, როგორც თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისათვის, ე.წ. ახალი ევროპის ჩათვლით. ბალტიისპირეთს რომ თავი დავანებოთ, ბელარუსი რომ ბელარუსია, მას ეთქმის მეტი და მეტი სიტყვა აგრარულ სექტორში – როგორც საშინაო ბაზრის, ისე ექსპორტის თვალსაზრისით.
ამრიგად, სიბეცეა აგრარული სექტორის ეკონომიკისთვის უმნიშვნელობის ქადაგება ისეთ ზედაპირულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა აგრარული სექტორის უშუალო ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში. ოდნავ სიღრმისეული ანალიზიც კი, ნათელყოფს ამ სექტორის კომპლექსურ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ქართული სამხედრო მრეწველობის დარგის პოტენციალზე ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის იმედით აწყობილი ჯავშანტრანსპორტიორის მაგალითზე (რაც, თავისთავად, ცუდი არაა), მოდით, დავფიქრდეთ, რამდენად მეტია ჩვენი პოტენციალი აგრარული სექტორის უშუალო და ირიბ დარგებში ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის.
რაც შეეხება წინ წასული ქვეყნების დაწევის სიძნელეს, ეს რაღა არგუმენტია ჩვენისთანა ქვეყნისათვის? მაშინ მოვნახოთ დარგი, სადაც ეს ქვეყნები არ გვასწრებენ. ტურიზმი? საბანკო სექტორი? მშენებლობა? მძიმე მრეწველობა? მსუბუქი მრეწველობა? ვაჭრობა? მომსახურება? მოპოვება? თუ რომელი სხვა? თუ მასეა, მოდით, დავიკრიფოთ გულ-მკერდზე ხელი და ჩავესვენოთ ჩამორჩენილობის მარადისობაში. არა? – მაშინ, რაღა სოფლის მეურნეობას უნდა მივუდგეთ ასე?
4. ჩვენი არაკონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელია მისი სუბსიდირება (ფული არ გვაქვს) ან საიმპორტო პროდუქციისაგან საბაჟო დაცვა (ეს გააძვირებს დახლებზე საკვებს და დაარტყამს ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას). ჩვენ კი, ლიბერალური ეკონომიკისა და მსოფლხედვის მიმდევარნი ვართ და ეს დაგვღუპავს.
ეს არგუმენტი, ალბათ, საქართველოს ზომით ვითომ-სიმცირესთან ერთად, ყველაზე უსაფუძვლო (ან განზრახ ცინიკური) გახლავთ ჩვენს სინამდვილეში. საზოგადოდ, იგი წარმოადგენს მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის პლანეტაზე მუდმივად მიმდინარე ეკონომიკურ-პოლიტიკური დისპუტის კვინტესენციას. მაგრამ, ქვეყნის სოფლის მეურნეობის ასე გაწირვა ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ამდენი წლის განმავლობაში ულტრა-მემარჯვენე პოზიციაზე დგომით თუ გდებით – ტრაგიკულია, უარესი რომ არ ვთქვათ. თუ დავიჯერებთ ამ პოზიციის გულუბრყვილობას, მაშინ, ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები ცხადყოფს ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნების ისეთ ინფანტილიზმს, რომ ოთარ ჭილაძის ცნობილი რომანის გმირის, ურუქელი ნიკოს მიერ სოფლის ცხოვრების ღალატი და მსოფლიო რევოლუციის ქარებზე აყოლა არაფრად მოგვეჩვენება. ხოლო, თუ დავიჯერებთ, რომ ეს პოზიცია ქართული სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში შემთხვევითი არაა, მაშინ უნდა ვიფიქროთ მისი ავტორების ვინაობასა და მათ მოტივაციურ სისტემაზე.
საილუსტრაციო მაგალითად ამ ხანგრძლივი და სამწუხარო პოლიტიკის კარგად ამსახველი მორიგი ტრაგიკული ეპიზოდი ივარგებს, რომელიც წლების წინ ჩვენს თვალწინ განვითარდა, როდესაც არაჰიგიენური, ჩრდილოვანი გარევაჭრობის ობიექტებთან ბრძოლის მართებულ ლოზუნგს ამოფარებული, მეორე-მესამე დონის პოლიტიკოს-ბიზნესმენთა ინტერესმა ჩვენი ემბრიონული სოფლის მეურნეობის მორიგი სეგმენტი იმსხვერპლა. თბილისში ბაზრობების (გარევაჭრობის) მასიური აკრძალვა უცნაურად დაემთხვა სუპერმარკეტების ქსელების განვითარებას. ამ ქსელებში საკვები პროდუქტების დიდი პროცენტი კი, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოიყარა. იმავე პერიოდში თბილისის მომმარაგებელი დაბა-სოფლების პრიმიტიულმა სოფლის მეურნეობამ, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა და იმ დახურული გარევაჭრობების მხოლოდ ნაწილს ამარაგებდა (დანარჩენი სურსათი ჩვენს გარემოვაჭრეებს ისედაც მეზობელი ქვეყნებიდან შემოჰქონდათ), უმძიმესი შოკი განიცადა. იმავე ორიოდე (2005-2007) წლის განმავლობაში, ისეთი დაბა-სოფლებიდან, როგორიცაა, მაგალითად, დუშეთი მოხდა უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის მორიგი მასიური გადინება. ძირითადად ქალები წავიდნენ – დამლაგებლებად, ძიძებად და მოსამსახურეებად – თურქეთსა და საბერძნეთში. უქალოდ დარჩენილი ოჯახების ბავშვების დიდი პროცენტი ისედაც დაბალი შრომითი და ყოფითი კულტურის მამაკაცებს დარჩათ მოსავლელად. მკვეთრად გაიზარდა ლოთობა (იყო დეპრესიული თვითმკვლელობების შემთხვევებიც), ყოფითი კონფლიქტების კრიმინალი, ადგილობრივ სკოლებში მკვეთრად დაეცა მეცადინეობის ისედაც დაბალი დონე. ამ ყველაფრის საპირწონედ, თურქეთში ძიძა-მონად მომუშავე ქალები სიმწრით ნაშოვნ ორ კაპიკს უგზავნიან გალოთებულ ქმრებსა და ცუდად მიხედილ ბავშვებს, რომლებიც ამავე ფულის მზარდ პროპორციას დაბის მარკეტებში, იმავე თურქულ და სხვა საკვებ პროდუქციაზე ხარჯავენ, რადგან თვითონ აღარ – ან თითქმის აღარ – აწარმოებენ იმავეს. და ვინ შეადარა, რომ ის რამდენიმე ასეული გამყიდველ-თანამშრომელი, რომელიც სუპერმარკეტების ლოგისტიკაში დასაქმდა, უკეთესი მობილური ტელეფონის ყიდვის ოცნებით და ის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, რომელიც უცხოეთში სახლის საყიდლად და შვილების იქ გასაგზავნად იშოვა ორიოდე საქმოსანმა, უფრო არგია ქვეყანას, ვიდრე ის ზარალი, რის ხარჯზეც ეს ყველაფერი მოხდა? როგორ შეიძლებოდა, ამ სექტორთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ამდენი წლის განმავლობაში მწვადიც შეგვეწვა და შამფურიც არ დაგვეწვა?!
შეიტანეთ აბა, ნატოს წევრ თურქეთში საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქცია. გაყიდეთ იქ ქართული ცქრიალა ღვინო სახელმწიფოთაშორისი კვოტის მიღმა (400%-ანი ბაჟი!!!), ან მოუნახეთ რაიმე გზა „ბორჯომს“, „ლიკანს“ ან „ნაბეღლავს“, რომლებიც იქაური წყლის ბრენდის ERIKLI-ს ნაირ მწარე შხამ-წყალთან შედარებით, სიცოცხლის ელექსირად ისმება. ვერ მოგართვით. იქიდან აქეთ – შეიძლება, აქედან იქით – ნურას უკაცრავად.
და თუ ასეა მეზობელ თურქეთთან, მაშინ, რაღა ვთქვათ დასავლეთ ევროპაზე?! ამიტომ, ყველა კარ-ფანჯრის გაღება და ყველაფრის მოღეღვა – საპასუხო სიშიშვლისა და სიამ-ტკბილობის მოლოდინში, იმის ძახილი, მოდით, მობრძანდით, ჩვენ ლიბერალები ვართ, თქვენი წიგნები წაგვიკითხავს და ნახეთ, როგორ ვნერგავთ თქვენს თეორიებს ჩვენს პრაქტიკაში, სანაცვლოდ არაფერი გვინდა, გვჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში მიგვიღებთ – რადიარდ კიპლინგის კაას წინაშე მოცეკვავე ბანდერლოგის პოზიციას, ხომ არ გვაგონებს რაღაცით?
ამ წერილის ავტორის კუთვნილი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის პროფესიონალი მენეჯმენტი, ბოლო ათი წელია მილიონობით ლარს ხარჯავს უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინო-პროდუქციის შესატანად და ღირსეულად წარსადგენად, არ ტოვებს არცერთ საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას ლონდონში, დიუსელდორფში, პეკინში, სან-ფრანცისკოში, ჰონგ-კონგში და ა.შ., მაგრამ, ჯამში ამ ბაზრებზე (აშშ, გერმანია, ბრიტანეთი, თურქეთი და ჩინეთი) ექვსჯერ ნაკლები პროდუქცია იყიდება, ვიდრე ერთ, კინკილა უკრაინაში.
და დუშეთის ტრაგი-მინიატურას რომ დავუბრუნდეთ, გადავთვალოთ, რამდენი უფუნქციო ქალაქელი მოსახლის სასარგებლოდ ჩატარდა ეს აქტი პროდუქციის არ გაძვირების ვითომ-მცდელობისა და რამდენი ასე თუ ისე დასაქმებული სოფლის მოსახლის უმუშევრობა და უფუნქციობა მოჰყვა ამას. დავამატოთ რომ, სინამდვილეში, ამავე პერიოდში, თბილისსა და სხვა ქალაქებში საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი გაძვირება მოხდა, რომელშიც სუპერმარკეტებმა არანაკლები წვლილი შეიტანეს, ვიდრე საწვავის შიდა ბაზრის მონოპოლიზატორებმა – და რაღა დაგვრჩება მომხდარის გასამართლებად? ისევ ვთქვათ ბოლოს, რომ, რა თქმა უნდა, სწორი იყო ქაბულის სტილის ბაზრობების აყრა თბილისში, რა თქმა უნდა, მშვენიერია ჩვენი ქალაქებისა და დაბა-სოფლების თანამედროვე სუპერ და უბრალოდ – მარკეტებით გამშვენება (თუმცა, პარალელურად, მოვლილ და სუფთა ბაზრებსაც რა ჯობია), მაგრამ, ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთეთ ამასობაში იმისათვის, რომ მათი შიგთავსი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შინაარსით შეგვევსო? და სულ რომ პროტექციონიზმი იყოს (თუმცა, ეს ასე არ არის) ქართული სოფლის მეურნეობის ბოლო თავშესაფარი, რა ჯობია: უმრავლეს შემთხვევაში სოციალურად უფუნქციო ქალაქელებისთვის დროებით ვაშლის გაძვირება და ამის ხარჯზე სოფლის მიერ ფუნქციის აღდგენა, თუ, ვაიდა, აქაოდა, ფეშენ-დიზაინერს ომლეტი არ გაუძვირდესო, დუშელი გლეხის საქათმის მოსპობა? თუ ერთი მომხმარებლის ინტერესების დაცვაში მეორე მომხმარებელი შიმშილით ხელში ჩამაკვდა და ოჯახი დაენგრა, ვინ გაზომა, რომლის ინტერესები იყო უფრო მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის? იმისი, რომელიც ურბანისტულ პროცესებში ოჯახურ ინსტიტუტსა და ქვეყნის გამრავლებას ანგრევს, თუ იმისი, რომელიც ყველაფერ ამას ინარჩუნებს და ამრავლებს, ყველაფრის მიუხედავად? და ნუთუ, მხოლოდ სოფლისა და ქალაქის ამგვარი ხელოვნური და პრიმიტიული დაპირისპირების ჭრილშია შესაძლებელი ქართულ სოფლის მეურნეობაზე საუბარი?
და რა ჯობია: სულ ასე ვიყოთ კრედიტებზე და ემიგრანტების ფულზე დამოკიდებულები (რომელიც, როგორც მსოფლიოს გამოცდილება გვაჩვენებს, პირველი თაობის ემიგრაციის შემდეგ მკვეთრად წყდება, რადგან ემიგრანტთა შვილების თაობას აღარ რჩება სარჩენი ახლო ნათესავები სამშობლოში), თუ ჭკვიანურად, ცოტა გავიჭირვოთ, ჩვენს მიწა-წყალს სიმდიდრე აღვუდგინოთ, რათა ის, პლანეტის მზარდი მოსახლეობისა და რესურსების უკმარობის პირობებში, ადამიანისათვის პირველი აუცილებლობის ნაწარმსა და მისი წარმოებით გამოწვეულ სხვა სიკეთეებს გვაძლევდეს – როგორც საბადო წიაღისეული სიმდიდრისა. წყალი რომ უკვე ნავთობზე ძვირი ღირს, არაფერს გვეუბნება ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებზე სამომავლოდ?
5. საშუალო კომლის მიწის ზომა საქართველოში 700 კვ. მეტრია და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელი გამსხვილების გამო, სოფლის მეურნეობის განვითარება გამოიწვევს ისედაც გადატვირთულ ქართულ ქალაქებში ურბანულ მიგრაციას და ისედაც დაცლილი სოფლის დაცლას.
ამ არგუმენტის მოყვარულთა ლოგიკა, ხომ საერთოდ გაუგებარია. ჯერ ერთი, რა გამოდის, ჩვენ ხელოვნურად არ ვანვითარებთ სოფელს, რათა ორ გოჯ მიწაზე მიჯაჭვული სოფლის მოსახლეობა სულს ღაფავდეს და ქალაქისკენ არ იძვროდეს?
მერე, ეს ციფრებიც ხომ, ძალიან ზედაპირულია და სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც ძალიან სუსტად ასახავენ სოფლის რეალობას. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენს სოფელში განვითარებული ურბანული მიგრაციის ნაკადების გამო, სინამდვილეში, ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი. აქტიურ, სოფელში დარჩენილ კომლთა განკარგულებაში, საშუალოდ, ბევრად მეტი მიწა იმყოფება (ზუსტად არავის დაუთვლია), ვიდრე 700 კვ.მ. ამჟამად, ძნელია ვთქვათ, ეს რაოდენობა ზემოთ მოყვანილ საშუალოზე რამდენჯერ მეტია, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე მომხდარი გამსხვილების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ორია:
– ქალაქში გადასული ნათესავ-ნაცნობები, როგორც წესი, უსასყიდლო სარგებლობაში (და ძალიან იშვიათად – იჯარით) უტოვებენ თავიანთ მიწას სოფელში დარჩენილთ და ეს, ბუნებრივია, არანაირად არ აისახება რეესტრის ოფიციალურ მონაცემებში;
– სოფლის ე.წ. საერთო სარგებლობის მიწები, საძოვრები და სხვა – ზეპირი პრინციპითაა დანაწილებული სოფლის მოსახლეთა შორის და არც ეს ჩანს რეესტრში არანაირად.
ამ დე-ფაქტო მომხდარი გამსხვილების ზუსტი მასშტაბების დადგენა ჭირს და რეგიონი რეგიონისაგან მკვეთრად განსხვავდება. ასე მაგალითად, დაცარიელებულ თუშეთში და ფხოვში ერთ მოსახლეს იმდენი მიწის გამოყენება შეუძლია, რამდენიც უნდა, ხოლო, დაცლას შედარებით უფრო გადარჩენილ, თბილისის მახლობელ რომელიმე ტაბახმელაში – ეს გამსხვილება ნაკლებია. მაგრამ, უკვე მომხდარი გამსხვილების ფაქტის უარყოფა შეუძლებელია.
(აქ, სტატისტიკური ანალიზის სიზუსტისათვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დროებით დაკარგული ტერიტორიების გამო, დანარჩენ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა 400 ათასი დევნილის ხარჯზე. თუმცა, ეს შემჭიდროვება ძირითადად ქალაქებში მოხდა და არა სოფლებში და ამიტომ, ეს ცდომილება უმნიშვნელო იქნება სოფელთან მიმართებაში).
და თუმცა, ძალიან რთულია ამ გამსხვილების შედეგად ერთი კომლის მიწის ახალი საშუალო ზომის გამოყვანა, ვგონებთ, შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ საქართველოში იგი ამჟამად დაახლოებით ნახევარ ჰექტარს უნდა აღწევდეს. ეს კი, მიწის ნაკვეთის ის ზომაა, რომელსაც თანამედროვე ტექნიკის პირობებში კომლის გამოკვება შეუძლია და ეს ასეც ხდება – აბა, რითი უდგას სული ეს ოცდაათი წელია გადამამუშავებელ ინდუსტრია გამოცლილ სოფელს? ხოლო, იმისათვის, რომ არსებულ მიწაზე კომლმა ჭარბი, გასაყიდი სასოფლო პროდუქცია შექმნას, საჭიროა ის კომპლექსური ხელშეწყობა, რომელზეც უკვე გაკვრით ვისაუბრეთ და რომლის კონკრეტული პროგრამის შემუშავებაც, ამჟამად, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა.
და ბოლოს, რა საჭიროა ყველასთვის მიწის მესაკუთრეობა იმისათვის, რომ ადამიანი სოფლის მეურნეობის დარგში იყოს დასაქმებული? განა, მას არ შეუძლია, სოფლის მკვიდრი იყოს თუნდაც 700 კვ მ.-ზე და უფრო მსხვილ მეპატრონესთან მუშაობდეს მიწაზე, ტექნიკაზე ან საწარმოში, ჰყავდეს ოჯახი, თავისი კარ-მიდამოთი და იყოს წელში გამართული სოფლელი, დაბელი ან პროვინციული ქალაქის მკვიდრი? რა გადავეკიდეთ ამ გამსხვილების იმპერატიულობას, ნაწილობრივ უკვე რომც არ მომხდარიყო ის სინამდვილეში, სხვანაირად სოფელს ვერ განვავითარებთ?
6. სოფლის მეურნეობის აღორძინების სკეპტიკოსებს სხვა ვაი-კონტრარგუმენტებიც გააჩნიათ. ასე, მაგალითად:
– ჩვენ მაღალკუტურული და მაღალინტელექტუალური ერი ვართ (ვინ უარყოფს?) და ამიტომ, უფრო მალე განვვითარდებით სხვა დარგებში;
– სოფელში დარჩენილი ხალხი ძალიან უუნარო და უშრომველია, თუ რამეს ახალს ვისწავლით, ეს აქტიური ქალაქელებისგან უფროა მოსალოდნელი;
– ქართველი ზარმაცია და რაც არ უნდა ხელი შევუწყოთ, აზერბაიჯანელზე უკეთ ვერ იმუშავებს მიწაზე;
– რუსეთი მაინც ჩაკეტილია და სად გავყიდით პროდუქციას, და ა.შ.
ეს აბდაუბდა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს და იქნებ, აღარც იყოს საჭირო აწი მისი ასე დეტალურად განხილვა.
მაგრამ, აქამდე განხილული ეკონომიკურ-სოციალური არგუმენტაციის გარდა, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეთნო-კულტურული არგუმენტაციაც სოფლის მეურნეობის აღორძინების სასარგებლოდ. იქნებ, იგი საერთოდაც არ აინტერესებდეთ ჩვენს ვაი-პროგრესისტებს და ამრიგად, ამ ადგილიდან ამ სტატიის ტექსტიც მათთვის სრულიად მოსაწყენიც გახდეს (თუ უკვე ასე არ მოხდა). მაგრამ, ჩვენი საზოგადოების ამოცანაა მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების გარემოს იმ რეალობამდე მივიდეს, სადაც ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება ქვეყნისათვის.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის თბილისში, როდესაც ეროვნული მოძრაობა დუღდა და საბჭოეთი ინგრეოდა, თსუ-ს გეორგაფია-გეოლოგიის, ეკონომიკის და გპი-ს ეკონომიკის ფაკულტეტთა პროფესურაში პოპულარული ტერმინი იყო „თავკომბალა დემოგრაფიები“ ან „თავკომბალა ქალაქები“, რომელშიც იგულისხმებოდა ურბანისტული დისბალანსის ქვეყნისათვის მავნებლობა სოფლის დაცლის ხარჯზე. უკვე 90-იანი წლების შუაში, ეს ტერმინი მოძველებულად იქნა მიჩნეული, „აღმოჩნდა რა“, რომ სოფლის მოსახლეობის რაოდენობა სულაც არ განსაზღვრავს სექტორის პროდუქტულობას. თითქოსდა შემთხვევით, შევიტყვეთ არგუმენტები იმის შესახებ, რომ თუ თანამედროვე აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 3% არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში და თავისუფლად კვებავს ქვეყანასაც და ახერხებს ექსპორტსაც, ჩვენს ურბანულ-რურალურ პროპორციებს რაღა უჭირთ, პირიქით, თურმე, მეტი გადახრა ყოფილა საჭირო ქალაქის სასარგებლოდ. ამგვარი არგუმენტებით მოხდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლის დაცლის პრობლემის განხილვის მარგინალიზაცია და ლიბერალურ-მოაზროვნე წრეებში მასზე მსჯელობა რეტროგრად-შავრაზმელთა ხვედრად იქნა მიჩნეული.
ამ წერილის ფორმატი, ალბათ, არ იძლევა საშუალებას სრულად გავაანალიზოთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენი ერის არსებობას ემუქრება სოფლის დაცლა-მივიწყებისას. ქვეყნის სასურსათო ბაზრის იმპორტზე სახიფათო დამოკიდებულებასა და ჩვენი სხვა საექსპორტო საქონლის ობიექტურ სიმწირეს რომ თავი დავანებოთ, ცალკე სტატია შეიძლება მიეძღვნას ისეთ უარყოფით ფაქტორებს, როგორებიცაა: უფუნქციო ურბანული გეტოების სოციალური გამოფიტულობა, ნარკომანიის, ლოთობისა და კრიმინალის კოლოსალური პროცენტი, ასეთი მოქალაქეების ადვილი ფულისათვის ყველაფერზე ზნეობრივი მზადყოფნა – კრიმინალური დაკვეთა იქნება ეს თუ პოლიტიკური, მოსახლეობის ჯანმრთელობის საშუალო მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა, ჩვენი უნიკალური ქვეყნის ეთნო-კულტურული, კუთხური თავისებურებებისა და მსოფლიო საგანძურის კუთვნილი კილოკავების და ფოლკლორის წაშლა-გაქრობა, სასურველი რურალური ტურიზმის პოტენციალის შემცირება და მისი უფრო მდაბიო, რეკრეაციული ტურიზმით ჩანაცვლება, სახელმწიფოს სიმტკიცისათვის აუცილებელი ეროვნული უმრავლესობის სიძლიერის მოშლა-შესუსტება, ოჯახის ინსტიტუტის საშუალო მაჩვენებლების ვარდნა, უცხოური კულტურულ-იდეოლოგიური პროპაგანდის წინაშე აუტენტიკური თვითმყოფადობის რეზისტენტულობის მკვეთრი შემცირება, უცხოურ, ვითომ ფინანსების მიღმა უანგარო კრედიტორებზე ქვეყნის დამოკიდებულების გაუთავებელი ზრდა, აღებული ვალების ორომტრიალში მათი განმკარგველების ელიტური კორუფციის სავალალო შედეგების მოლოდინი (შევხედოთ საბერძნეთს) და ა.შ.
იქნებ, ლაკონიურობისთვის ღირდეს, გაკვრით ჩამოვთვალოთ ის სიკეთეებიც, რომლებიც სოფლის მეურნეობის აღდგენას მოჰყვება საქართველოში: ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღება, ეკონომიკის მრავალმხრივი ზრდის დაჩქარება, ვალებზე დამოკიდებულების შემცირება, ნაწილობრივი და ჯანმრთელი დეურბანიზაცია, ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება, ქალაქისათვის დამახასიათებელი ფულის შოვნის მტკივნეული და ჰიპერტროფირებული კულტისგან ადამიანის მოსვენება და მისთვის ალტერნატიული ცხოვრებისეული მიზნების გაჩენა, ხელოვნების დარგებში დინებათა გაჯანსაღება და ზნეობრივი წინსვლა, ქვეყანაში სიმშვიდის, ბედნიერებისა და უსაფრთხოების განცდის გამრავლება. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოს პირობებში, ერის გაჯანსაღება და გაძლიერება უდრის სოფლის მეურნეობის აღორძინებას, არა ქალაქის დაკნინების, არამედ, მისი ნაწილობრივი განტვირთვისა და დარჩენილი ნაწილის უკეთესად განვითარების შედეგად.
ბუნებრივია, სოფლის ასწლიან გენოციდს, საბჭოთა კოლექტივიზაციითა და ხელოვნური ურბანიზაციით დაწყებული (რომელიც ოდნავ დაბალანსდა 30-იანი და ნაწილობრივ, 40-ანი და 50-ანი წლების დასაწყისის მასიური, თუმცა, არა ყოველთვის მიზანმიმართული აგრარული ინვესტიციებით) და პოსტ-საბჭოთა უპატრონობით დამთავრებული, უკვალოდ არ ჩაუვლია სოფლის მოსახლეობის მდგომარეობისათვის. და იქნებ, მეექვსე პუნქტში ზემოთ მოყვანილი კონტრარგუმენტთაგან ერთ-ერთი, სოფლის მოსახლეობის საშუალო შრომისუნარიანობის შესახებ, მთლად უსაფუძვლოც არ იყოს. მაგრამ, ნუთუ შეიძლება ეს გვექცეს მიზეზად ესოდენ საკვანძო თემის უგულებელსაყოფად ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე? ჩვენი ხალხი ხომ, ისეთივე ნაყოფიერია, როგორც ჩვენი მიწა და საკმარისია, მას ხელი შევუწყოთ სწორი, გააზრებული ქმედებებით – შედეგიც არ დააყოვნებს.
ალბათ, არასწორი იქნებოდა ამ მიმართულებით გასაკეთებელი საქმეების მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების იმედად მიტოვება. ქალაქში მცხოვრებთ რაც შეგვეხება, თავად ჩვენ, ხალხმა, უნდა მოვინდომოთ პირველ რიგში ჩვენს მიწასთან დაბრუნება და ჩვენი სოფლის აღორძინება. თუ ეს ტენდენცია, რომლის პირველ, დამაიმედებელ ნიშნებსაც ვხედავთ, გაძლიერდა, მაშინ იგი აისახება ჩვენი პოლიტიკოსების ქმედებაზეც.
საერთოდ, არსებულ სოფლის მოსახლეობასთან ქალაქის მოსახლეობის ნაწილის მოდინება აგრარული საქმიანობის შესაძლებლობების ძიებაში, არ არის წარმოუდგენელი რამ დღევანდელი საქართველოს პირობებში. სავარაუდოდ, არც ჩვენი ქალაქური სტუდენტობისათვის არის ამდენი ბანკის მენეჯერისა თუ უცხოური ფირმის წარმომადგენლის მოადგილის პოზიცია ქალაქში. და საერთოდ, ცალკე თემა არის ქალაქში უმუშევრად და უფუნქციოდ დარჩენილი, გამოცდილი და ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე უფროსი თაობის ნაწილი, რომელსაც სამწუხაროდ 45 წლის ასაკს ზევით ძალიან მწირი დასაქმების საშუალებები ეძლევა ქალაქში – ობიექტური და, სრულიად მიუღებელი, სუბიექტური მიზეზების გამოც. ასეთი ადამიანების ქმედითი ნაწილისათვის კუს ტბაზე სიარულს, სახლში დეპრესიაში ჯდომას და ეზოებში ნარდის თამაშს ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა მამულის თუ დედულეთის აღდგენაზე მიმართული ენერგია, ან სულაც მათი პროფესიული გამოცდილების პროვინციულ დაბა-სოფელ-ქალაქებში გამოყენება. ბოლო წლებში ამგვარი ტენდენციებიც შეინიშნება და თუმცა ისინი ჯერ-ჯერობით ასეულებში გამოისახება, სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკის ზრდისას, არაა გამორიცხული, უფრო მასიური ხასიათი შეიძინოს. ამ საკითხთან მიმართებაში, საინტერესო იქნებოდა „სოფელს დამბრუნებელთა“ ან მსგავსი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ერთმანეთს დაეხმარებოდნენ და გაახალისებდნენ ამ პროცესში.
მთელი ამ მოძრაობის გვირგვინი იქნებოდა საქართველოს დეურბანიზაციის სამინისტროს ან სააგენტოს შექმნა, რომელიც მსურველ მოქალაქეებს რჩევითა და რესურსებით დაეხმარებოდა. შესაძლებელია, შემუშავდეს ტიპური, ინდივიდუალური პროექტების ნუსხა – მიკრო-საკრედიტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით („მამულის აღდგენა-დასახლება“, „სოფელში პროფესიის მიხედვით დასაქმება“, და ა.შ.), რომლებიც უკვე შვილებ-გაზრდილ და უმუშევარ ქალაქელებს შეიძლება საინტერესოდ მოეჩვენოთ. რაც მთავარია, გაჩნდება საზოგადოებრივი განვითარების ახალი ვექტორი და მიზნები, როდემდე უნდა ვიყოთ შვილების უცხოეთში გაგზავნაზე და ფულის შოვნაზე დახარბებული საზოგადოება, რომლის ცნობიერებისა და სოციალურ-კულტურული ამბიციების ეპიცენტრი ყველგანაა – საქართველოს გარდა და სინამდვილეში, ქვეყნისათვის სახიფათო ცენტრიდანულ და ნიჰილისტურ ხასიათს ატარებს?
ვიყოთ ოპტიმისტები და ვივარაუდოთ, რომ რადგან აქამდე მოვედით და ასეთებს გავუძელით, იქნებ, წინსვლაც გველოდეს. მაგრამ, იგი არავითარ შემთხვევაში არ მოხდება თავისით და დამოკიდებული იქნება ჩვენი უნიკალური ერის თვით მობილიზაციის უნარზე, რომელიც მას, ღვთის მადლით, ასეთ კრიტიკულ პერიოდებში არაერთხელ გამოუჩენია.
©️ ლევან ვასაძე
? 02.11.2021
Recent Comments