აგერ, ეს უკვე „უძლურის დღიურის“ მეორმოცე თავია, დამთავრდა ქიმიოთერაპიის ოთხი თვე და წინ რამდენი მაქვს, ჯერ ზუსტად არ ვიცი… როგორ გარბის დრო.
პირველი თავის თარიღს დავხედე და… 14 აგვისტო აწერია. გამოდის, რომ თითქმის სამი თვეა, რაც ვწერ – ერთ თავს საშუალოდ, დაახლოებით 3 დღეს ვანდომებ, რაც მეტია, ვიდრე ველოდი.
მაგრამ, ეს მთლად ხაზოვნად არ ხდება. თუ გახსოვთ, წინასწარ შენდობა გთხოვეთ, რომ ქიმიის დღეს დიდი ალბათობით ვერაფერს დავწერდი, მაგრამ, ჩავარდნები უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, მათ შორის, ქიმიის დარტყმების შედეგად სხეულის განუხრელი დასუსტების გამოც – ეს, განსაკუთრებით, ბოლო თვეა რაც დამეტყო.
როდესაც მხნედ ვარ, პირველ რიგში, ოჯახზე ვზრუნავ, რაც, მოგეხსენებათ, უამრავ რამეს გულისხმობს, თან ჩვენს საზოგადოებრივ მოძრაობაზეც და სულისათვის – ეს დღიური იქნება, წიგნის კითხვა, თუ მუსიკა – მერეღა ვიცლი.
ლოცვა ცუდად ყოფნის დროსაც შემიძლია, როგორც შემიძლია – ის მხდის კარგად, თორემ, ამ წამლებს რა ვუთხარი, ვერც გაიგებ, რა უფრო გაწვალებს, თავად დაავადება, თუ – ესენი.
მამაჩემი მოხვდა საავადმყოფოში, ეტყობა, ვერ გაუძლო ამდენ ნერვიულობას და მისმა მძიმე დიაბეტმა დაგვარტყა, გთხოვთ, მოიხსენიოთ თქვენს ლოცვებში მონა ღვთისა შიო.
როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ჩემთან სულ ყოჩაღობს, მაგრამ, ვიცი, სინამდვილეში როგორ განიცდის ჩემს მდგომარეობას. ამ თავის თამბაქოს მოწევასაც – ვითომ ჩვენგან საიდუმლოდ – უმატა და ჩავარდნა მოუვიდა. ბოლო ასეთი შემთხვევა 4 წლის წინ ჰქონდა და მაშინ გულზე ღია ოპერაცია და შუნტირება დასჭირდა.
მე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ, ექიმებმა შემომითვალეს, რთულად არისო, აღარ მოვყვები დეტალებს.
დედა მეცოდება, იგლიჯება ამ მდგომარეობაში.
თურმე, სხვებთან ერთად, ამ ჩემს დედ-მამას ვატყუებ მე, ლიბერასტების ვერსიით – რომლებიც ხან „კომედი შოუებს“ დგამენ ჩემს ავადობაზე და ხან სოციალურ ქსელებში დებენ პოსტებს, ნაღდი ვიცით, აფერისტობსო.
აქამდე მოსკოვის ბინაში ჩემი და მივლიდა – სანამ ნინო ბავშვებთანაა სამშობლოში, მაგრამ, გადავწყვიტეთ, ჯობდა შეგვეწყვიტა თათას აქ ყოფნა და დედას დადგომოდა გვერდში. გუშინ ერევნის გავლით თბილისში გაფრინდა – ეგეც ხომ ჭინკების დამსახურებაა, რომ პირდაპირ ვეღარ დაფრინავს რეისები – ასე რომ, დავრჩი მარტო, ჩემი საყვარელი პარასკევას, ირმას ამარა მოსკოვში და ვმადლობ ღმერთს ყველაფრისათვის. ასე ვართ ყველა ამქვეყნად, რომელიც განსაცდელისა და მზადების წუთია მარადისობისათვის.
ჩატარდა ე.წ. “second opinion” ანუ მეორე სამედიცინო აზრის კონსილიუმი ევროპის წამყვან კლინიკასთან და მის წამყვან პროფესორთან – ჩვენი ექიმების კონსილიუმის მონაწილეობით, რომელსაც, თუ გახსოვთ, ჩემი მკურნალი ექიმი ხელმძღვანელობს ისრაელიდან.
ეს „მეორე აზრის კონსილიუმი“ ორი თვე მზადდებოდა: მეორადი გადამოწმების მიზნით, ევროპაში გაიგზავნა ჩემი გულის ნაწილაკები, ხერხემლის ძვლისა და ძვლის ტვინის ეგზემპლარები და მათი ე.წ. სლაიდები ანუ შუშის პლასტინები, ზედ ჩატარებული ქიმიური ანალიზებით.
გარდა ამისა, ამ წამყვანი ევროპული კლინიკის მონაცემთა ბაზაში აიტვირთა ყველა ანალიზი, რაც კი ამ თვეებში გამიკეთებია და ასევე, აპრილში, პოლიტიკაში ჩემს შესვლამდე, აკადემიკოს ლიადოვის კლინიკაში ჩატარებული ორდღიანი კომპლექსური კვლევის ყველა დოკუმენტი, რომელთა მიხედვითაც სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.
პროფესორთან ვიდეო კონსულტაციამდე, მოსამზადებლად, ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციები მაგ კლინიკის სხვადასხვა სპეციალიზირებულ ჯგუფებთან – ესენი იყვნენ ძვლის ტვინის და გულის პათოლოგოანატომები.
აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ წამყვანი ევროპული კლინიკის სპეციალისტებმა, ბუნებრივია, არაფერი იციან ჩემს ვინაობაზე და ჩემი დაავადების უცნაურ გარემოებებზე, მათ უბრალოდ იციან ჩემი სახელი, გვარი, სქესი და ასაკი და ხელმძღვანელობენ მხოლოდ იმ კლინიკური სურათით და დაავადების უეცარი განვითარებისა და შეჩერების დინამიკით, რაც მათ ობიექტური მონაცემების სახით უდევთ წინ.
და აი, აქ მოხდა მეტად საგულისხმო რამ. ამ წინასწარი კონსულტაციების შედეგად, გაჟღერდა კითხვა: „ხომ არ ჰქონდა პაციენტს მომწამვლელ ნივთიერებებთან, ან დასხივების წყაროებთან შეხება?“
გარდა ამისა, დასახელდა ნივთიერებების ოჯახი, რომელსაც ჰქვია Agent Orange – რომლის კვალიც პირველად ამერიკა-ვიეტნამის ომის დროს იქნა აღმოჩენილი და რომელმაც იმ ბრძოლების მონაწილეებში მრავალჯერადი მიელომის ხშირი შემთხვევები გამოიწვია – სისხლის კიბოსი, რომელიც, როგორც გახსოვთ, მეც დამიდგინდა, როგორც პირველადი დაავადება, და რომელიც ზოგჯერ ასევე იწვევს ამ ჩემს AL ტიპის ამილოიდოზს – რამაც გული ძალიან სწრაფად დამიზიანა და კინაღამ გამიჩერა, სანამ საქართველოში ვიყავი.
მაგრამ, ეს ყველაფერი – ვიეტნამის ომს ვგულისხმობ – იყო 50 წლის წინ, სანამ კომპიუტერსა და ნანო ტექნოლოგიებს გამოიგონებდნენ და მოგეხსენებათ, ტექნოლოგიების სფეროში 50 წელი იგივეა, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში 500 წელი.
ბუნებრივია, მსგავსი ფაქტების მტკიცებულება მე არ გამაჩნია და ამიტომ, უბრალოდ, გაგრძელდა მუშაობა ჩემს მკურნალობაზე.
ევროპული კლინიკის პროფესორმა დაადასტურა მიმდინარე პროტოკოლის სისწორე, შესთავაზა ჩემს ექიმებს რამდენიმე ცვლილება, რომელთა ნაწილიც მიღებულ იქნა, ნაწილი კი – უარყოფილი, ისიც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ჩემი გული ვერ გაუძლებს ძვლის ტვინის გადანერგვას და დაასახელა ასეთ შემთხვევაში ლეტალური შედეგის საკმაოდ მაღალი ალბათობა – რაც, ასე თუ ისე, ემთხვეოდა ჩემი ექიმების კონსილიუმის აზრსაც.
ამიტომ, ექვს თვემდე ვრჩები ქიმიოთერაპიის მიმდინარე პროტოკოლში, ხოლო, რა იქნება მერე – უფალმა უწყის. პირადად მე მხოლოდ მადლობელი ვარ ჩემი ექიმების ამ second opinion-ის ორგანიზებისათვის და მხნედ, მშვიდად და უფლის იმედად ვაგრძელებ ჩემს მკურნალობას.
ამის მეტს არაფერს დავწერ, ამ ფაქტს ტელემიმართვაშიც გავაჟღერებ ამ დღეებში, როდესაც ცოტა უფრო ჯანზე ვიქნები და ვინაიდან, სრულიად მაქვს ჩაქნეული ხელი ჩვენი ლიბერალური ფსევდო-სახელმწიფოს მიერ ამ საქმეზე რაიმე გამოძიების აღძვრაზე, უბრალოდ ჩავაყენებ ხოლმე საზოგადოებას ჩემი მძიმე მკურნალობის მიმდინარე სტატუსის საქმის კურსში.
დარწმუნებული ვარ, ლიბერალური მატრიცის ნაწილი რომ ვყოფილიყავი და მაგალითად, ცხინვალის მავთულხლართების ვითომ „ყარაულობაში“, ან ვაჟა-ექიმობაში, ან იქ შარვალ-ჩახდილზე დგომაში ერთი უცნაურად დამეხველებინა, გამოძიება დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა.
მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, არ შემიძლია არ ვხედავდე იმ აშლილობას თუ შეშლილობას, რაც ისევ სუფევს თბილისში. რაღაც შავი ღრუბელი გვაწევს, რომელშიც თითქოსდა მზის სხივი აღარ ჩანს, საითაც არ გაიხედავ სულ უფრო იქუფრება და მის ქვეშ ხალხი ერთმანეთს დასევია.
ეს აშკარად უხსენებლისგანაა და ამ თავში ვეცდები ავხსნა, როგორ მესმის მიმდინარე მოვლენათა გამომწვევი ზედა ორი სფერო – პირობითად, სტრატოსფერო და ეგზოსფერო დავარქვათ მათ – როგორც, შესაბამისად, ჩვენი შემდეგი და უმაღლესი ორი ფენა ატმოსფეროში. ამ ორს შორის კიდევ არის მეზოსფერო და თერმოსფერო, მაგრამ, აღარ გადავტვირთავ დღიურს ზედმეტი სიმბოლიკით.
სტრატოსფეროში, როგორც ალეგორიაში – რომელიც უშუალოდ ჩვენი, ანუ ტროპოსფეროს შრის შემდეგ იწყება – ვგულისხმობ ჩვენი ქვეყნის მმართველი გარე ძალის გეოპოლიტიკას და მასთან მებრძოლი სხვა რეგიონული ძალების ქმედებებს (ანუ გლობალისტური დასავლეთი – ცენტრით აშშ-ში და მასთან სულ უფრო და უფრო მოქიშპე რუსეთი, თურქეთი და ირანი).
ხოლო ეგზოსფეროში – შემინდოს უფალმა – უკვე ურანოპოლიტიკას, ანუ ზეციურ პოლიტიკას, რომლის შესახებაც, ამ ჩვენს მატერიალისტურ ენტროპიაში ჩაფლულები, თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ.
დავიწყებ სტრატოსფეროდან და ვიტყვი, რომ ე.წ. „მოდერნის“, ანუ ბოლო 350-ოდე წლის ეპოქის, სამივე პოლიტიკურ თეორიას: ლიბერალიზმსაც, მარქსიზმსაც და ნაციზმსაც – რომლებიც, როგორც არა ერთხელ მიხსენებია, ერთნაირად მიუღებელია ჩვენთვის – სამი საერთო თვისება გააჩნიათ, რომლებიც მათ უტყუარ ტყუპის ცალობაზე და ერთი უკანონო მშობლის ბასტარდობაზე მეტყველებს.
ეს თვისებებია:
1. მთელ პლანეტაზე გამეფების სურვილი;
2. რელიგიის, განსაკუთრებით კი ქრისტიანობის, სიძულვილი;
3. ხალხისათვის ამქვეყნიური ბედნიერების დაპირება.
ამიტომ ვუწოდე მე მათ აპოკალიფსის სამი მხედარი და რამდენიმე მოხსენება მაქვს გაკეთებული სხვადასხვა ქვეყნებში ამის თაობაზე.
ამ თემასთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ქართულ ენაზე იხილოთ მეგობრებთან ჩვენი საუბარი:
ნაწილი #1: https://www.youtube.com/watch?v=QzJSh2zq_cI
ნაწილი #2: https://www.youtube.com/watch?v=pd2cdSmbPjQ
ის, რომ ამ სამმა ბასტარდმა XX საუკუნეში ერთმანეთი დახოცა, ეგეც ბასტარდული თვისებაა: საერთო მშობლის არ ცოდნა და დემონურად ერთურთის ხოცვა.
მაგრამ, გარდა ამ სამი საერთო თვისებისა, რაც სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ერთ სამზარეულოში შექმნილი ჭირი არიან, მათ კიდევ გააჩნიათ საოცარი საერთო ტექნიკები და მახასიათებლები, რომელთა ამოცნობასა და ანალიზზეც მე არაერთი წელია მიმუშავია.
ეს დღიური ყველაფერს ვერ დაიტევს და ამ თავისთვისაც მხოლოდ ერთს გამოვიყენებ – თბილისში მიმდინარე მოვლენების ასახსნელად აქტუალურს.
ეს გახლავთ ტაქტიკა თითოეულ ამ სამ პოლიტიკურ თეორიაში, რომელსაც მე „ტერორიდან სიმშვიდეში გადასვლის ტექნოლოგია“ შევარქვი.
ეს სამივე – როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალური ქვეყნის დონეზე – მოდის ტერორით და თუ დასცალდა, ცდილობს მერე ჰუმანური სახე მიიღოს, ხალხი დააჯეროს, რომ ის მისი ცუდი, ფსევდო, პრიმიტიული ვერსია იყო და დაშინებული და გაწამებული ხალხი იმით მოიმადლიეროს, რომ უკვე სხვა ლიდერის ხელით აღარ ატერორებს მას, თუმცა, სინამდვილეში, თავისი შინაარსით ეს ლიდერიც ისეთივე ერთგულია ამ იდეოლოგიისა, როგორც წინა მოდერნისტ-ტერორისტი იყო.
გავიხსენოთ მაგალითები, რომლებიც უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგრამ თავი რომ მოსაწყენი არ გახდეს, მგონი, თითო თეორიისათვის თითოც გვეყოფა.
დავიწყოთ ყველაზე ძველით, ლიბერალიზმით.
ბასტილიის აღება, 1789 წელი, ლიბერალური რევოლუცია, ლოზუნგით: liberté, égalité, fraternité (liberty, equality, fraternity – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა) – რაც თავისთავად მარაზმია, რადგან იქ, სადაც თავისუფლებაა (liberté), თანასწორობა (égalité) ვერ იარსებებს – და მას მოყოლილი უსასტიკესი ტერორი, რომლიც მსგავსიც კაცობრიობას ჯერ არ ენახა.
თუ მთელი თავისი დამპალი არსებობის მანძილზე, ესპანურმა ინკვიზიციამ 150-ოდე წელიწადში ჯამში 100 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ამ ლიბერატორებმა მარტო ვანდეას გენოციდში სულ რამდენიმე დღეში 200 ათასზე მეტი ადამიანი ჩახოცეს – ქალების, ბავშვების და დაახლოებით 10 ათასი მღვდლის ჩათვლით.
ეს ის ფრანგი ხალხი იყო, ვინც ტრადიციას გამოესარჩლა, არ ისურვა ლიბერალური წესწყობილების მიღება და ტრადიციულ, მონარქისტულ, კათოლიკურ საფრანგეთს უერთგულა.
მერე ამ ტერორის მომდევნო ტალღები და რობესპიერის, მარატის და სხვათა თავისსავე სისხლში ჩახრჩობა. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც „ადამიანის უფლებების“ კონცეფცია მოიგონა.
და აი, მხოლოდ მერე, რესტავრაციაზე რეაქციისას ლიბერალიზმის „კეთილი“ სახე, რომელმაც აგერ, სულ რაღაც 200 წელიწადში, სრულიად გაანადგურა დიდი ფრანგული კულტურა, დააკარგვინა ერთობა, რაობა და იმედი და ამჟამად, გადაშენების პირას მიიყვანა იგი – როგორც დემოგრაფიულად, ისე პოლიტ-ეკონომიურად.
ის, რაც აწი იქნება საფრანგეთში, ამ „კეთილი“ ფაზის შედეგად, აღარ იქნება საფრანგეთი.
ავიღოთ მეორე მაგალითი. მოდერნის მეორე პოლიტიკური თეორია – მარქსიზმი.
აქაც ზუსტად იგივე: სისხლიანი რევოლუცია, სრულიად ტყუილებზე აგებული მარქსის თეორიით (რამეთუ, მისი „კაპიტალის“ მიხედვით, იგი ყველაზე ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში უნდა მომხდარიყო, სადაც „ექსპლუატირებული პროლეტარიატის“ მოსახლეობის პროცენტი მაღალი იყო, სინამდვილეში კი, მოახდინეს ქვეყანაში, რომლიც მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იყო მაგ დროისათვის მუშათა კლასი), და მას მოყოლილი წითელი ტერორი.
აქაც მისი რამდენიმე ტალღა, რომელიც, ხალხის გარდა, თვითონ პირველ ტერორისტებს იწირავდა, როგორც ფრანგული ლიბერალური რევოლუციის შემთხვევაში, და მერე მისი „კეთილი“ სახე, ხრუშჩოვის «оттепель», ბრეჟნევის «застой» და გორბაჩოვის «перестройка».
შედეგი იგივე: ახალი ადამიანის შექმნის მცდელობის კრახით დამთავრება, სისტემის ჩამოშლა და ამ ჩამოშლას მოყოლილი უამრავი მსხვერპლი.
მესამე მაგალითი. მოდერნის მესამე პოლიტიკური თეორია – ფაშიზმი, ანუ ნაციზმი, ანუ ნაციონალ-სოციალიზმი.
აქაც ზუსტად იგივე: მუსოლინისა და ჰიტლერის შემთხვევაშიც ხელისუფლებაში მოსვლის უსასტიკესი, რევოლუციური ტაქტიკები, შავპერანგიანთა ტერორი, გერმანიის და იტალიის მოსახლეობაში უამრავი მსხვერპლი და მერე, ნაციზმის ან ფაშიზმის „კეთილი“ სახე თავიანთი ქვეყნების შიგნით. მობილიზაცია და აგრესიის მსოფლიო ჰეგემონიისაკენ მიმართვა.
შედეგი ზუსტად იგივე: სისტემის სრული კრახი და საკუთარი მოსახლეობის უდიდესი მსხვერპლი და ტრაგედია.
მინიატურულ, პატარა ქვეყნების მაგალითზეც იგივე ხდება ყველგან – კასტრო იქნება ეს, პოლ პოტი თუ რომელი სხვა. ჩვენთანაც იგივე მოხდა.
2003 წლის ლიბერალური რევოლუცია, უსასტიკესი ტერორი და მერე მისი შემცვლელი, „ევროპის გამაკვირვებელი“, კეთილი ლიბერალიზმი, რომელმაც, სინამდვილეში, „ნაცების“ ლიბერალური ტერორის რეჟიმსაც კი აჯობა ერის ლიბერალური განადგურებით – ნარკოლიბერალიზაცია იქნება ეს, მოსახლეობის გაღატაკების გაგრძელება/დამთავრება, თუ ის სხვა ათასი ჭირი, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.
„ჰა, თორემ ცოცხები დაბრუნდება!“ ამ სპექტაკლის ნაწილია, რომლის იდეოლოგემებიც ერთსა და იმავე ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში იწერება და მერე ადგილობრივ ეთნოფსიქიკაზე მორგებით ითარგმნება. ისინი სრულიად ყოფნის მოსახლეობას, რათა „ჭამოს“ ეს ფაფა და ამ ილუზიაში ჩარჩეს. ისეთი პრიმიტიული შტამპები, როგორებიცაა:
– აბა, 90-იანები გინდათ?
– ომით წართმეულს მარტო ომით თუ დაიბრუნებ!
– ეს თუ არ გინდა, აბა რუსეთის მონობა გინდა?
და ასე შემდეგ, რომლებიც ხალხს გულწრფელად „საკუთარი აზრი ჰგონია“, სინამდვილეში კი, ფეისბუქ-კლიპური აზროვნების ანარეკლებია მათზე, წლების მანძილზე მოქმედი ოცდამეხუთე კადრისა.
სტრატოსფეროში მიმდინარე პროცესებზე საუბარი რომ დავამთავროთ, დავსვათ კითხვა: მაშ, რაღატომ აზანზარებენ ამჯერად „მეოცნებეებს“ „ნაცების“ ხელით ესვე ძალები, ვინც კოჰაბიტაციაც მოგვიწყო და მშვიდად გააგრძელა „ქოცების“ ხელით ერის ეთნოციდი?
იმიტომ, რომ ლიბერალიზმის ერთ-ერთი პოსტულატი (და აქ ის განსხვავდება ამ თვისებით თავისი ტყუპებისგან – მარქსიზმისა და ნაციზმისგან) არის უცილობელი მუდმივი ცვალებადობა. გაუვიდათ „ნაცებს“ 9 წელი – შეცვალეს, გაუვიდათ „ქოცებს“ 9 წელი – შეცვლიან, და არა აქვს მნიშვნელობა ვისზე: „ლელოზე“, „გირჩზე“, ისევ „ნაცებზე“, თუ გახარიაზე. მთავარია, შემცვლელი იყოს მატრიცის მონა, ანუ ლიბერალურ პოლიტიკაზე ხელის მომწერი და მის შიგნით „არჩევანი დიდია“.
ამ რეალობაში ნებისმიერი მეთოდი მისაღებია და რადგან „ნაცები“, მათდამი ფართო სახალხო სიძულვილის გამო, არ გამოდგებიან, საჭიროა ამოტრიალება – ნებისმიერი ხერხით. ამისათვის – ღმერთმა უშველოს – გლობალისტების მხრიდან სააკაშვილის კამერაში გაგორებაც ივარგებს, რაც ამ ფსიქო-მანიაკისათვის სავსებით რეალური საფრთხეა ამჟამად და სხვა ნებისმიერი მეთოდიც.
სტრატოსფეროში არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხსენებად ღირს.
სტრატოსფეროში მონოპოლია დამთავრდა – სირია და ქაბულის აეროპორტში თვითმფრინავის შასიდან ჩამოცვენილი ხალხი ამის ნათელი დასტური და სამწუხაროდ, მხოლოდ დასაწყისია.
ამიტომ, რადგან გლობალისტები ნაწილ-ნაწილ თმობენ და აგებენ რეგიონს, რა თქმა უნდა, ისინი ამას მოწინააღმდეგისათვის მაქსიმალურად მავნებლურად აკეთებენ, როგორც არმია, რომელიც გადის წაგებული ბრძოლის ველიდან და დანაღმულს ტოვებს მას.
სწორედ ეს მოხდა ავღანეთში, როდესაც, ქვეყნის წაგებისას – სირიაში რუსული ავიაციის მიერ დაიშ-განადგურებულზე – პრაქტიკულად მეორე დაიში შექმნეს, თალიბებისათვის აურაცხელი იარაღისა და ოპიუმის პლანტაციების ჩუქებით, რაზეც დეტალურად „უძლურის დღიურის“ მე-15 თავში ვწერდი და რაც აუცილებლად აფეთქდება სულ ახლო მომავალში ჩვენს სამეზობლოში – ახალი ომებით. (იხილეთ ბმული: https://cutt.ly/cTpa5d7).
ამ ლოგიკით, სრულიად ახსნადია, გლობალისტების მხრიდან თუნდაც „ცოცხოსანთა“ დაბრუნების გულწრფელი წადილი. ეს იმიტომ, რომ თუ ერთი რამით მაინც ჯობნიან ისინი ლიბერალობაში „ქოცებს“, არის არა ტერორი – რომლის ფაზაც უკვე შეგვისრულეს და დიდად ამის უფლებაც აღარ ექნებათ, არამედ – მათი მუდმივი მზაობა საქართველოს ნარჩენები კვლავ პირდაპირ შეაკლან რუსეთს.
ეს კი, გლობალისტებს საშუალებას აძლევთ – სერ ჰელფორდ ჯონ მაკინდერის ტერმინოლოგიის ზბიგნევ ბჟეზინსკისეული მეტამორფოზა რომ გამოვიყენოთ – ევრაზიის გარშემო მახრჩობელა „ანაკონდას რკალის“ ვერ შენარჩუნების პირობებში, უბრალოდ, კიდევ ერთი კოცონი მაინც ააგიზგიზონ და რამდენი ქართველი დაიწვება მაგ კოცონში, ბუნებრივია, არ ედარდებათ. მაგ სცენარში მიშა – ან ვინც გადარჩება – ისევ მეტროპოლიას შეაფარებს თავს ომზე ნაკეთები ფულებით და საქართველო კიდევ უფრო დაიშლება. მაგრამ, ეს არის პროგრამა მაქსიმუმი, მინიმუმ კი – მუდმივი ცვალებადობის უზრუნველყოფაა.
შოთიკო გლურჯიძემ, რომელსაც საოცარი იუმორი ახასიათებს, მიშას, დაბრუნების მრავალი დაპირების შემდეგ, „შინ მოუსვლელი“ შეარქვა, რის საპასუხოდაც, ბიძინას მე „შინ წაუსვლელი“ ვუწოდე – და ახლა ეს დუეტი თავისი ოპერეტის ფინალურ აქტშია შესული.
სამწუხაროდ, ძალიან დიდი დაგვიანებით, „შინ წაუსვლელმა“, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა ის, რასაც ამდენი წელი ვეუბნებოდით, რომ ლიბერალობაში „ცოცხოსნებს“ მაინც ვერ აჯობებს, ვადა მაინც გაუვა და მაინც ჩამოაგდებენ და რომ ქვეყნისთვისაც და პირადად მისთვისაც ერთადერთი გზა არის სახელმწიფოს ეროვნულ იდეოლოგიაზე გადაყვანა.
აქედან აიხსნება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა და პოლიტიკა სუვერენიტეტის შესახებ – და თუმცა, მე პირადად ირაკლის ვგულშემატკივრობ, სამწუხაროდ, არა მგონია ამას რაიმე სერიოზული შედეგი მოჰყვეს. ეს იმიტომ, რომ ირაკლის არ აქვს ხალხის მანდატი, იგი არის „შინ წაუსვლელის“ მიერ დანიშნული ფიგურა და ამ თვალსაზრისით, ხალხის ნიჰილიზმი და უნდობლობა მის მიმართ გარანტირებულია.
აქ დავამთავროთ სტრატოსფეროზე საუბარი და ორიოდე სიტყვით შევეხოთ ეგზოსფეროსაც – ანუ, ურანოპოლიტიკის საკითხებს. ეს ის შრეა, სადაც იდეების საუფლოა და უფალი სუფევს, და როგორც ატმოსფეროს ნებისმიერ ქვედა შრეზე გადამწყვეტ გავლენას მისი ზედა შრე ახდენს, ასეა აქაც.
როდესაც ბაბუაჩემი, პროფესორი ლევან ჭანტურიშვილი, როგორც გეოფიზიკის დარგში მის ერთ-ერთ მოსწავლეს, გლობალური დათბობის პრობლემატიკაზე მესაუბრებოდა (ეს იყო ასე, ოცდაათი წლის წინ), მას, როგორც მსოფლიო მასშტაბის მეცნიერს, ძალზედ საინტერესო ხედვა ჰქონდა, რომელიც, ჩემი აზრით, წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო მტკიცდება.
მას მიაჩნდა, რომ არანაირი გლობალური დათბობა, როგორც ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული პროცესი, არ არსებობს და არსებობს დათბობა-გამყინვარების გრძელი და მიკრო-ციკლები.
გრძელში ის გულისხმობდა იმას, რაც ჩვენ არქეოლოგიიდან ვიცით, ხოლო მიკროში – ამ ციკლების ხანგრძლივობა მას სამეცნიერო კამათის საგნად მიაჩნდა და თავად თვლიდა, რომ, მისი გამოთვლებით, ისინი დაახლოებით 63 წლის სიგრძისანი გახლავთ და ამ ციკლების შინაარსს ხსნიდა დეტალებით, რომელთა ახსნითაც არ შეგაწყენთ აქ თავს.
ხოლო, ჩემს კითხვაზე, ნუთუ, ის უარყოფს ადამიანის მოღვაწეობის სახით რაიმე ზემოქმედებას პლანეტის კლიმატზე, იგი ბრძანებდა, რომ ტროპოსფეროში, კერძოდ, ქერქის ზედაპირზე, ამ ზემოქმედების მაგალითები უამრავია, მაგრამ, აი, სტრატოსფეროში, ეს მხოლოდ უმნიშვნელო ხასიათს ატარებს – ათასობით ტონის ოდენობით დაგროვილი კოსმიური ჯართის სახით, რომელიც დედამიწას უვლის გარს, მაგრამ, მას მიაჩნდა, რომ მიუხედავად სტრატოსფეროს უდავო პრიორიტეტულობისა ტროპოსფეროში მიმდინარე პროცესებზე, ამ ფაქტორის მეცნიერულად დათვლა და გლობალური დათბობის მისით ახსნა შეუძლებელი რამ იყო.
ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ხაზი გამესვა იმისათვის, რაც ნებისმიერმა გეოფიზიკოსმა ან ღვთისმეტყველმა ერთნაირად იცის: ზედა სფერო მართავს და განსაზღვრავს ქვედა სფეროში მიმდინარე მოვლენებს – და არა პირიქით.
ღვთისმეტყველებაში ამას ზეციურ ძალთა იერარქია ჰქვია, გეოფიზიკაში, კოსმოსის – ანუ, ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ, სილამაზის, ანუ იერარქიის კანონები. ხოლო, égalité არის მიწისქვეშეთში, დემონოკრატიაში, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 350 წელიწადია ცდილობს დედამიწის ზედაპირზე ამოსვლას კოსმოსის ანუ იერარქიის განადგურებით და ზოგჯერ გეჩვენება, რომ ჯოჯოხეთი უკვე ცარიელია და ყველა მისი ბინადარი ქერქის ზედაპირზეა ამოსული – განსაკუთრებით, ჩვენს ტელევიზიებსა და პოლიტიკუმს თუ უცქერ.
და აი ეგზოსფეროს რომ დავუბრუნდეთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმ მარტივ მოსაზრებას, რომ რასაც არ უნდა მახინჯობდეს ტროპოსფეროში ჩაჭედებული და გაუბედურებული არაადამიანი, რა ღრუბლებსა და ჭექა-ქუხილსაც არ უნდა გეგმავდნენ მაგ უბედურის თავს ჩვენი ალეგორიის სტრატოსფეროს ბინადარნი – ეს არაფერი დაბრკოლებაა ეგზოსფეროსთვის, თუ იგი ჯერ კიდევ ხედავს დედამიწაზე მისდამი მიმართულ წრფელ სულსა და ლოცვას და რაც მთავარია, მის თანმდევ მოქმედებას ასეთი ადამიანის მხრიდან. მოქმედებას, რომელშიც ადამიანს არ ეშინია მსხვერპლის და მზად არის იბრძოლოს.
პლატონი პოლიტიკის სამ დონეს – ან საგანს, ან მიზანს – განსაზღვრავს. ესენია:
1. ღორების ქალაქი, ღოროპოლისი. (უმდაბიოესი) სადაც პოლიტიკუმის მთელი დისკურსი ეძღვნება – ვინ გვაჭმევს უკეთესად;
2. დიდება. ერის, სახელმწიფოსი, თუ ადამიანის. (საშუალო) აღარც მთლად ღორული;
3. მადლი. (უმაღლესი) აქ მადლი, პლატონის მასწავლებლის, სოკრატესთან საუბარში ძალზედ კონკრეტულად განისაზღვრება: მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი თავის ადგილზეა. ანუ, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, როდესაც ყველა თავის საქმეს აკეთებს. ამ აზრს პლატონის საყვარელი მოწაფე და ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი, არისტოტელე უკვე ასე ანვითარებს: ყველა ქმნილებას – ქვა იქნება ეს, თუ ადამიანი – აქვს სამყაროში თავისი ერთადერთი, იდეალური ადგილი. ამ ადგილისადმი სწრაფვის აღსაწერად არისტოტელე ქმნის ახალ სიტყვას „ენტელეხია“ (Εντελέχεια), რაც ნიშნავს მიზნის (ტელოსისადმი) სწრაფვის უნარს. არისტოტელესვე მიხედვით, მატერიის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქმნილებები, ამ ენტელეხიის განხორციელებისას, ნებსით თუ უნებლიედ, ეჯახებიან და ხელს უშლიან ერთმანეთს ამ სწრაფვაში. ამიტომ, მთელი არისტოტელეს ფიზიკაცა და ფილოსოფიაც არ არის მექანიცისტური და უსულო – ის არის ქმნილებათა სწრაფვის გამოხატულება ღვთისგან ჩადებული ჩანაფიქრის განხორციელებისადმი. უფრო პრიმიტიულმა ლათინებმა მერე არასწორად თარგმნეს ეს „ინტელექტად“, გახადეს გონების სინონიმად და ჩვენამდე მოღწეულმა მისმა უბადრუკმა ვერსიებმა მიგვიყვანა იმ ღოროპოლისამდე, რომელშიც გაუსვლელად ვცხოვრობთ.
პლატონიზმის მოაზროვნეთა სრული უმრავლესობა, მისი მთავარი განმმარტებლის, პლოტინის თაოსნობით, მიიჩნევს, რომ რადგან ზედა მართავს ქვედას, მაგ ლოგიკით, პოლიტიკის მეორე საგანზე ანუ დიდებაზე ზრუნვით, შენ ავტომატურად აგვარებ და ალაგებ ღოროპოლისს, და იმავე ლოგიკით – მადლზე ზრუნვით, ავტომატურად იხვეჭ არა ფუჭ, არამედ, ღვთისადმი სათნო დიდებასაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ღოროპოლისის ავტომატურ დაწყნარებაზე.
ხოლო, თუ შენ უსასრულოდ ღოროპოლისში იქექები – რასაც მოდერნის სამივე პოლიტიკური თეორია აკეთებს და რასაც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია, არა მხოლოდ ბოლო ოცდაათი, არამედ, მე ვიტყოდი, გასული მინიმუმ 150 წლის განმავლობაში – მაშინ, შენ ვერც ღოროპოლისს ალაგებ და ერიც გიკვდება.
ამიტომ არის აუცილებელი ჩვენს პოლიტიკუმში შვეული განზომილების დაბრუნება, რომც ეს არ აფიქრდებოდეს არავის სხვას მსოფლიოში.
პლატონის პოლიტიკის სამ საგანს რომ მივუსადაგოთ ჩვენი ალეგორია, შეგვიძლია, ჩვენი პოლიტიკური არჩევანის განსაზღვრებისათვის, ასეთი ტოლობის ნიშნები დავსვათ:
1. ღოროპოლისი = ტროპოსფეროში დარჩენა და „ტიტყნაობის“ გაგრძელება = ერის საბოლოო განადგურება;
2. დიდება = სტრატოსფეროში ჩარევა, აფხაზეთში და ცხინვალში ჩვენი დაბრუნება = ღოროპოლისის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება;
3. მადლი = ეგზოსფეროსადმი ლტოლვითა და ქმედებით პოლიტიკის მიმართვა = ლიბერალური რესპუბლიკის ლიკვიდაცია და მის ადგილას ეროვნული სახელმწიფოს შექმნა, სტრატოსფეროში ავტომატურად ჩვენი შესაფერისი გეოპოლიტიკური ადგილის დაკავება და დიდების საკითხის ავტომატურად მოგვარება, ღოროპოლისის ადამიანების სამყოფელად გარდაქმნა.
გეოპოლიტიკისაგან განსხვავებით, ურანოპოლიტიკაში სუბიექტი არის არა ადამიანი, არამედ – უფალი, მაგრამ, ადამიანის ნების მასზე მინდობისა და მასთან ერთად მოქმედების გარეშე, უფალი არ ძალადობს ამ ჩვენს ნაქებ თავისუფალ ნებაზე.
ამიტომ, როგორც ღოროპოლისის დინგ-ჩარგული ბინადარია შორს უფლისაგან, ასევე შორსაა მისგან ფუჭად მლოცველი და არაფრის მაქნისი ადამიანი.
ამიტომ, ხომ არ ჯობია, რადგან სიკვდილის პირას მყოფიც ვცდილობ მოქმედება გავაგრძელო, „უფალმა მალე გამოგაჯანმრთელოთ“ და „ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ადამიანები“ კომენტარების წერის ნაცვლად – რისთვისაც მადლობელი ვარ – თითოეულმა ადამიანმა, ვინც ამ სტრიქონებს კითხულობს და თავი ჩვენს თანამოაზრედ მიაჩნია, „გვეშველება რამე?“ და „ეჰ, მამულო, დაღუპულოს“ ავადმყოფობა მოიშოროს, არ დაიზაროს, www.eri.ge – ზე შევიდეს, მხარდამჭერთა შეხვედრაზე რეგისტრაცია გაიაროს და გაიგოს, რა შეუძლია პირადად მას წვლილის სახით შეიტანოს ჩვენს საზოგადოებრივ მოძრაობაში, დამოუკიდებლად მისი ასაკისა, თუ შეძლებისა?! მგონია, ასე აჯობებს.
©️ ლევან ვასაძე
? 10.11.2021
Recent Comments