“ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ!”
ამასწინათ მივხვდი საშინელებას: ორ გიორგობას, წმინდა გიორგის ბორბალზე წამებისა და მისი თავის კვეთის დღეს შორის თითქმის ნახევარი წელიწადია. 10 (23) ნოემბრის გიორგობას – მხოლოდ ქართველები ვლოცულობთ, 23 აპრილისას (6 მაისი) – მთელი მართლმადიდებელი სამყარო. აქ ორი საოცრებაა, ორივე ცრემლის მომგვრელი: ერთი – რომ მტარვალი ექვს თვეზე მეტხანს აწამებდა გიორგის, მეორე – რომ მხოლოდ გიორგიანები მივაგებთ ამ წამებას პატივს ორჯერ, ანუ მის დასაწყისსაც და დასასრულსაც.
მართლმადიდებლური ხატწერა ვნებისაგან თავისუფალია, მიწიერის მიღმა დგას, რადგან წმინდანის ამქვეყნიური ცხოვრების სურათს მარადისობაში ასახავს. ამიტომ, გვმართებს არა ხატმწერის ვნებათაღმნუსხველობის, არამედ ჩვენი სინდისისა და გულისხმიერების ამარა დავინახოთ ის სინამდვილე, რომელსაც ხატი გადმოგვცემს. როგორ გვხდიან სამოსს, გვაკრავენ ბორბალზე და იწყებენ მის ტრიალს. როგორ გვეხვევა თავბრუ, როგორ ეხუთება ხორცს სუნთქვა შიშისაგან და როგორ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვხედავთ ბორბლის მიახლოებას ალესილ მახვილებთან, რომელთა ბასრ პირებთან შეხებაც ანაზდად ცეცხლავს მბრუნავ ხორცს, სულ უფრო და უფრო. მარილიანი ოფლი და უმარილო სისხლი წვავს და აგრილებს ჭრილობებს, რომლებიც სულ უფრო მრავლდება, იფლითება განურჩევლად ყველაფერი – ფეხის გულიდან თმის ძირებამდე და თითის ფრჩხილამდე. და რისთვის, გიორგი, ჩემო საყვარელო მხედართმთავარო, ეს რა „შეცდომა“ მოგსვლია, თქვი, რომ შეცდი, დაუბრუნდი ჰრომის ღმერთებს – აპოლონსა და პოსეიდონს, ზევსსა და ჰერას, სკამდროსსა და არტემიდას, დამიჯექი ტახტრიონთან და შენია ყველა სიმდიდრე ამა ქვეყნისა.
როგორი იყო სამყარო ის ექვსი თვე, გიორგი? იქნებ, შემოდგომა-ზამთარი უფრო დიდხანს გაგრძელდა აღმოსავლეთში, ფოთოლთა ოქრო უფრო დიდხანს ცრემლიანობდა ხეებზე და მიწაზე, წყალი უფრო ნელა იყინებოდა და ლღვებოდა, მთოვარე უფრო სისხლიანად ივსებოდა და მზე აღარ თინათინობდა? იქნებ, გემო და სურნელიც აორთქლდა სადღაც, როგორც სიცოცხლის ხალისი. თაფლიან გოგრას ჩალის უგემობამ დაუარა, დანთებულ მურზე გუნდრუკი და ფიმიამი კვამლის ნახატში ვერაფერს აკეთილსურნელებდა, იორდანეში განბანილი ასულის თმასაც აღარც ლავანდის, აღარც იასამნის და აღარც ოლეანდრის სურნელი აღარ ასდიოდა. იქნებ, მინდვრის ყვავილნი, „შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილნი“, აწი სიცივით კი არა, სიბრალულითა თრთოდნენ და არწივები მაქაურობას ქვე-ქვე უფრენდნენ, რათა ახლოდან, უარესად დაენახათ სასახლის ეზო. იქნებ, იმპერიის მოქალაქენი – მცოდნენი, თუ არ მცოდნენი შენი ამბისა – იმ ზამთარ-შემოდგომას, ჩვეულებრივზე მეტს ავადმყოფობდნენ, სტიროდნენ და ნაღვლობდნენ, აუხსნელ მწუხარებას გრძნობდნენ, მთელ სოფელს ოხვრად ეფინებოდნენ. იქნებ, მათი ჩვილები ჩვეულებრივზე ხშირად იღვიძებდნენ ღამით ატირებულნი, მოუკლავ ურჩხულად ნასიზმრალნი, დედებს საწყლად აკრულნი. იქნებ, გაზაფხულს, შობისას ნაცემსა და ნატირებს, აღარც სურდა დედამიწაზე გამოზრდა?! ისევ სტიროდა ტბის პირას ურჩხულს გადარჩენილი ლასიას მეფის, სელინოსის ასული? თუ არც იცოდა, რას გმართებდნენ თეთრ-რაშოსანს დიოკლიტიანესთან და უდარდელად კისკისებდა თავის ონიქსის სასახლეში, შენგან მონათლული და გაბრწყინვებული?
როგორ ზომავდნენ შენს წამებას, გიორგი: თვეში ერთხელ?… ორ კვირაში ერთხელ? როგორ ებრძოდნენ შენს მზარდ სიყვარულს ხალხში და როგორ გრძნობდნენ, რომ რაც უფრო მეტხანს გაცოცხლებენ, მით უფრო სჭირდებათ შენი დადრეკა? როგორ გიწელავდნენ დღეებს სიცოცხლისას და რომელი წამების შემდგომ მიაჩნდა მტარვალს, რომ აწი, რომც გაგტეხოს, მაინც მოსაკლავი ხარ, რადგან, ასეთების მერე, მაინც ვეღარ ივარგებ მხედართმთავრად და მის ერთგულ მსახურად?
აისხლიტე რა შიშველი სხეულით მათ თვალწინ ჯალათის მოქნეული მახვილი, დაგაკრეს რა საგვემ ურმის თვალზე და გვემის შემდგომ დაგტოვეს, თითქოს მკვდარი, იმავ თვალზე და ეახელი რა შემდგომ უვნებელი ბომონში სასაუბროდ, ჩაგაგდეს რა სამი დღით ავარვარებული კირის ორმოში, რათა შენი ძვლები დაემარხათ ჩუმად და ეახელი რა კვლავ მათ მრთელი, დაგფლითეს რა ხარის ძარღვის მათრახით და განიკურნე რა უმალ, ჩაგაცვეს და გათრიეს რა გავარვარებულ ლურსმნებიანი ჩექმებით და დარჩი რა უვნებელი – რას ფიქრობდნენ ყოველივე ამაზე დიოკლიტიანე და მაგნეტიოსი? ჩაიდინეს რა უდიდესი მკრეხელობა და ითხოვეს შენგან მკვდრის გაცოცხლება, გააცოცხლე რა – არა მათთვის, არამედ მორწმუნეთათვის, ქრისტეს სახელით ქურუმი, რომელმაც გეენიის სატანჯველზე მოუყვა და ქრისტეს სჯულზე მოექცა მათ თვალწინ, დემაგოგიის რომელი ჯოჯოხეთური სიღრმეებიდან დაირწმუნეს თავი სიცრუეში კვლავ? დედოფალი ალექსანდრა რომ არ მოქცეულიყო იმ თვეებში ათიათასებთან ერთად, დიოკლიტიანე ნაკლებად გაჯიუტდებოდა, ნეტა? იყო თუ არა დილეგში სხვებთან ერთად ხარმკვდარი მიწათმოქმედის, ღლუკერის შენთან მოსვლის ამბავში რაიმე მინიშნება ჩვენთვის, შენს ერთ-ერთ თაყვანისმცემელთათვის, ქართველთათვის, გიორგიანთათვის? ხარი ხომ სიხარულის ფუძეა მიწათმოქმედთათვის და შენს მიერ ღლუკერისათვის სიხარულის გაცოცხლება ხომ არ იყო ნიშანი ქართველთა ქრისტეზე შეწირვისა, როგორც ეს შემდგომში ღლუკერს მოუწია? რა არის ძლევა, გიორგი? როგორი ხარ? როგორი ხმა გაქვს, გიორგი? ამ ექვსი თვის მანძილზე, ამდენჯერ აჩეხილი და განმრთელებული, ამდენჯერ მოსაუბრე შენს მაწამებელთან, როგორ მიმართავდი მას – დადრეკით თუ ზრუნვით, წყრომით თუ თხოვნით? და რას მიაწერდნენ მაცხოვრის ხმას, რამდენჯერმე ნასმენს ციდან, მომართულს შენდამო, იმ ცრემლთა სასახლეში?
რამ გაგაძლებინა, გიორგი? მოწამეობრივად აღსრულებულმა მამათქვენმა, მოკლულმა წლებით ადრე, ქრისტიანთა პირველი დევნისას? რამ გააძლებინა ქვრივ დედაშენს? ან ნინოს, შენს ბიძაშვილს, რომელიც სულ პატარა იყო და არც იცოდა, რომ ორიოდე წელიწადში გე(ი)ორგიის მოქცევის გზას უნდა შესდგომოდა. თუ – ლურსმნიანი ჩექმით წამების მერე გაგონილმა ხმამ მაცხოვრისამ? „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთანა ვარ“.
ამბად ვიცი, ზეპირსიტყვიერ ცოდნად, დამარხულად ჩვენს სამშობლოში, ილორელმა მხცოვანმა ბებიამ მოუყვა ბავშვობაში ჩემს ძმაკაცს. წამებამდე ათიოდე წლით ადრე, ალბათ სულ ახალგაზრდა, ჩვენთან მდგარხარ ლაშქრით, ილორში. იქაურებისთვის გისახსოვრებია უფლის ხატი, რომელზეც თავად ილოცვიდი, სპასალარის საყვირი და ისარი შენი აბჯრიდან, იქ აგებულა ერთ-ერთი პირველი შენი საყდართაგანი საქართველოში. ათასზე მეტი წლის შემდგომ, დიდთურქობის ჟამს, იქ ამბავი მომხდარა, რომელიც შენს მიერ მოხდენილ ბევრ სხვა ტყვეთა განმანთავისუფლებლობას ჰგავს და თავისი სიღრმით შეედრება აბრაამისას, როდესაც იგი მზად იყო ისააკი შეეწირა უფლისათვის. ილორში მწირველ მღვდელს, ლიტურგიისას, საკურთხეველში გაუგია ამბავი, რომ მისი ვაჟი იმ დილას თურქებს გაეტაცათ მიმდებარე ტყიდან. მოძღვარს წესი დაუცავს, წირვა არ შეუწყვიტავს და მთლად უფალს მინდობია. აცრემლებული და გაჭაღარავებული გამობრძანებულა მამაო საქადაგებლად ამბიონზე, მრევლი უზიარებია და შეღონებული გამოსულა გარეთ, შეწუხებულ მხლებლებთან ერთად. გამოსულა და სიხარულით გაოგნებულა – ტაძრის ეზოში თავისი ვაჟი უნახავს, ატირებული და შეშინებული. ბიჭს მოუყოლია, როდესაც ტყეში გამტაცებლებს მივყავდი, უეცრად მხედარი აღიმართა, თურქები ამოხოცა და გააქცია, მე ცხენზე შემისვა და ცაში აფრინდაო. ტაძრის ეზოში დამსვა, თავზე ხელი გადამისვა, გამიღიმა და მითხრა, ნუ გეშინია, იესოს უყვარს მამაშენიო. სიხარულისაგან გაოგნებულ მამას ვაჟი ხელში აუტაცია და საკურთხეველში შეუყვანია უფლის სადიდებლად, ბავშვს კი, საკურთხევლის კედელზე შენი ხატი დაუნახავს და უთქვამს, ეს კაცი იყოო.
როდესაც გახარებულმა დიოკლიტიანემ კვლავ ბომონში შეგიყვანა კერპებთან სათაყვანოდ, როდესაც შენი საუბრისგან ისინი ერთიანად დაიმსხვრნენ და გაოგნებულმა ალექსანდრამ განამხილა თავის ქრისტიანობა, ნუთუ, კიდევ იმედი გქონდა, რომ მტარვალნი მოექცეოდნენ და გადარჩებოდნენ? თუ იცოდი, რომ ამაო იყო ყველაფერი, გარდა მათთვის ლოცვისა? ჩვენ, აგერ, გადაბრუნებული სიტყვის მთქმელისათვის ვერაფერი გვიპატიებია, შენ კი…? რა არის ძლევა, გიორგი?
ჩემი დროება საშინელია, წმინდანო, ალბათ, როგორც ყველას დროება. მე მეუბნებიან, რომ მოვესწრები აწი საშინელებას, მაგრამ მანამდე, მანამდე, გიორგი, ჩემი უღირსი გულითა ვგრძნობ, რომ მოვესწრები საოცარ გაბრწყინებას ჩემი სამშობლოისა. ყველაფერი, რაც ბავშვობაში გამხარებია, კვლავ გამეხარდება, ყველაფერი, რაც დამიგუბებია – აიხსნება. და მე ვერასოდეს დავიტევ ამას, ისევე, როგორც ვერასოდეს ვილოცებ საკარდისად შენდამო. მე ისეთი უძლური და ცოდვილი ვარ, რომ მრცხვენია კიდეც შენდამი მომართვა. მაგრამ, შენ ნუ მიმატოვებ, გიორგი, როგორც არასოდეს მიგიტოვებია შენი სამშობლო – არც მიწიერი, არც ზეციური. და თუ გაბერძნებულ ქართველურ მიწებზე, როგორიც არის კაპადუკია, სახელი გიორგი „მიწათმოქმედთა ტომის მამაკაცს“ ნიშნავდა, იქნებ, ჩვენც მოგვეცხოს მისხალი შენი ვაჟკაცობისა ამ საშინელ დროს.
გზა ჩემი ცხოვრებისა, გზა მზისა და მთვარისა, აღსავსეა ჩემი სისულელით და უფლის წყალობითა და თმენით. მიძეღუ ამ გზაზე, გიორგი, რამეთუ ყველა ჩემი ცოდვის მიუხედავად, მეც გიორგიანი ვარ, მსურველი მხედრობისა და მხნეობისა, მოსირცხვე სიგლახისა და მინდობილი შენს მარჯვენაზე ჩემის სამშობლოს მსახურებაში და მადლობა ღმერთს ამისათვისაც.
? 14 თებერვალი, 2013 წ. კიკეთი
© ლევან ვასაძე
? 23.11.2021
Recent Comments