ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XLII თავი

გიორგობას აქეთ დღემდე ვეღარ გავაგრძელე „უძლურის დღიურის“ წერა, რაც მამის გარდაცვალებითა და ჩემი მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებით იყო გამოწვეული.

ის, რომ მე ამ დღიურს ხაზოვნად და ევროპულად ვერ დავწერდი, თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის და ამ ნაწარმოების საწყის თავებში ამისათვის წინასწარ შენდობაც ვთხოვე საზოგადოებას.

მაგრამ, ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, რა თქმა უნდა, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას და აქედან გამოსვლაცა და ამის გააზრებაც აწი ჩემი კიდევ ერთი ამოცანაა.

ამ ჩემს განსაცდელს მე აქ ვნებითი ხატოვანებითა და სიღრმით ვერ აღვწერ, უბრალოდ, ცოტა ძუნწად დავწერ და მიმხვედრი თავისით მიხვდება დანარჩენს.

ნებისმიერი ადამიანისათვის მამის დაკარგვა უღრმესი დარტყმაა, მითუმეტეს – ჩემისთანასი.

22 წლის იყო მამა, როდესაც მისსავე დაბადების დღეზე, 1970 წლის 20 დეკემბერს, მე გავუჩნდი საჩუქრად. იმავე წელს მამა, სამ ადამიანთან ერთად, მთაში მოწყდა კლდიდან, თოკში ჩაბმული; მისი მეგობრები დაიღუპნენ, მამა კი, 3 დღე კომაში იყო და როდესაც გონს მოეგო, უმძიმესი ფორმის შეძენილი დიაბეტი აღმოაჩნდა.

დედაჩემის თაოსნობით მთელი ცხოვრება მის გადასარჩენად ვიბრძოდით, მეც, ამ მელექსე კაცმა, მესაქმეობას ხელი მარტო მაგიტომ მოვკიდე და მთელი ცხოვრება ის გვაძლევდა ვაჟკაცობისა და ჭირთა თმენის მაგალითს. ერთხელ არ დაუწუწუნია, ერთხელ არ დაუჩივლია, ხანდახან, ტკივილისას, გმინვას გავიგებდით, მაგრამ, ისიც მოგუდულს.

ძალიან უყვარდა ჩემი ბაბუა-ბებია, თავის სიდედრ-სიმამრი, თავის მშობლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ოჯახი მისთვის მთავარი იყო.

ერთხელ ბაბუზე, თავის სიმამრზე, მომიყვა: მთაწმინდაზე გასეირნებდით საღამოს ერთად და ბაბუაშენმა ოქროყანიდან ჩამოსულ ქალს ჰკითხა, ქალბატონო, ფუნიკულიორის ბოლო მატერებელი ხომ მალე გადის, როგორცა სჩანს, ამ ჩანთა ყოჩივარდების გაყიდვას ვერ მოასწრებთ და დაგიჭკნებათო. “რა ვქნა, ბატონო, ეგრეა, მართალი ბრძანდებით“ – უპასუხია გლეხის ქალს. რა ქნათ და მე მომყიდეთ ეგ ყოჩივარდებიო. და თავისი არა-პარტიული პროფესორის დაბალ ხელფასზე მთელი ჩანთა ყოჩივარდები უყიდია იმ ქალისაგან. მე კი, გაოცებულს მეჭირე ხელში და ვუყურებდი ბაბუაშენსო. იმ ქალმა დალოცა და ნიაღვრის ქუჩას აუყვა ჩქარი ნაბიჯით ფუნიკულიორისკენ, უცებ, ბაბუაშენი იმ ქალს დაეწია, ეს ყვავილები აჩუქა და უთხრა, ეს ჩემგან თქვენ, თვენი შრომისთვისო.

არც ვიცი, ამ ამბავში ვინ უფრო მეტია, ბაბუაჩემი თუ მამაჩემი, რომელიც ამ ამბავს მერე თავის შვილს უყვება, როგორც კაცობის მაგალითს.

იმავე მთაწმინდაზე სეირნობებიდან: უკვე ბაბუასგან ვიცი, ზამთარი ყოფილა და იგივე ნიაღვრის ქუჩაზე (რომელიც პირდაპირ ჩემი საძინებლის ფანჯარასთან ჩამოდიოდა მთაწმინდიდან, აი, ზუსტად იქ, სადაც ფილმ „მონანიების“ ბოლოს ვერიკო კითხულობს, ეს გზა ტაძრამდე თუ მიმიყვანსო), თურმე, მამას და ბაბუას სახლისაკენ საბავშვო ეტლით ჩამოვყავდი, „ფურგონ-მოსკვიჩს“ მაშინდელი ძერჟინსკის (ახლანდელი ინგოროყვას) ქუჩიდან ჩამოუხვევია და თებერვლის ყინულზე მოცურებულა. ბაბუ მიყვებოდა, მეგონა მორჩა, ეგ არის, გაგვჭყლიტა სამივეო, უცებ, მამაშენი ადგილიდან მოწყდა, რაგბისტულად გვერდიდან მხრით დაეტაკა ამ მოსრიალე მოსკვიჩს და ყინულზე გადაასრიალაო.

მამა ყველანაირად ძალიან ლამაზი კაცი იყო – გარეგნულადაც და შინაგანადაც. პირველი მოგონებები სირიიდან მაქვს, სადაც ის გეოლოგიური კონტრაქტით მუშაობდა და 3 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემთან და დასთან ერთად 3 წლით წაგვიყვანა. უდაბნოში ატარებდა თვეებს არაბებისთვის წყლის ძიებაში და დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, ჩვენს ბინაში, ჰომსში. თავზე ინგლისელი კოლონიზატორების „პრობკის შლემი“ ეხურა ხოლმე და კისერს პალესტინური „არაფატკა“ უმშვენებდა.

არასოდეს არაფერს მაძალებდა. როდესაც ჰომსში, დღის სიცხის გამო, არაბული სიესტა იწყებოდა, მე ვერ ვიძინებდი და მან და დედამ ნება დამრთეს, უბრალოდ, წყნარად ვმჯდარიყავი ფარდებჩამოფარებულ, გასუსულ ბინაში. მაშინ დაიბადა და განვითარდა ბევრი რამ ჩემს პოეტურ სამყაროში, იმ გარინდულ, ჩრდილს მოფარებულ სირიულ თაკარაში გატარებულ სიჩუმის საათებში, სამი წლის მანძილზე. ხან ხალიფთა ჰარამხანას ხილვა მოვიდოდა, ხან ცხრა მთას იქით დარჩენილი კავკასიონისა, და ჩემი გონი წარმოსახვაში ამას ლექსებად და ნახატებად გარდაქმნიდა.

დიაბეტის გამო, მამა მთაში ვეღარ დადიოდა თავის გემოზე, თუმცა, მისი თაობის ყველა მთამსვლელი მისი მეგობარი იყო: დევიკო თარხნიშვილიც, ზალიკო ქიქოძეც, ძია შალიკო ქირიკაშვილიც, დათო ბაიდაურიცა და სხვები. მახსოვს, წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს, სტუდენტურ ალპინიადებზე მაინც წავიდოდა ხოლმე აუცილებლად მათთან ერთად.

ერთხელ, სკოლიდან სახლში მოვედი, ადრეული შემოდგომაა და ვხედავ, კარავსა და საძილეს ალაგებს. შურითა და ნატვრით ვუცქერ, ასე, 10 წლის ვიქნები. ამომხედა და გაეღიმა. „გინდა წაგიყვანო?“ – მკითხა უცებ. ბედნიერებისგან დავმუნჯდი. „გამოუშვი, ირ, სამი დღით, მერე დაეწევა კლასელებს, რასაც ახლა გამოტოვებს.“ ის ღამე პირველად გავათიე ჩვენი საექსპედიციო „კალხოზნიკის“ უკანა სკამზე გაშლილ საძილეში, სანამ ხდეს ხეობის ალპინისტური ბაზის შენობის (ახლა იქ მესაზღვრეთა ერთ-ერთი შენობაა) მოგუდული გნიასი, ქარის ზუზუნთან ერთად აღწევდა ჩემს ყურამდე, სწორედ იქ, სადაც ახლა დარიალის მონასტერი დგას, სწორედ იქ, სადაც მამამ დედა გაიცნო ალპინიადაზე, სწორედ იქ, სადაც საქორწინო მოგზაურობაში წაიყვანა მან იგი.

უფლის წინაშე არაფერი შემთხვევითი არ არის და პატრიარქის ბაბუის მიერ ნანახ ხილვაში, რომ „ტიალო დარიალაოში“ ეს დიდებული მონასტერი იდგებოდა, ჩემისთანა უღირსი ცოდვილიც უნდა ყოფილიყო ერთ ფიჩხად ეტყობა, ვისმა მშობლებმაც მანდ გაიცნეს ერთმანეთი, და ვინც, შესაძლოა, მანდ ჩაისახა კიდეც საქორწინო მოგზაურობაში.

ჩვენს ოჯახს მატერიალურად არასოდეს ულხინდა. დედისა და მამის მხრიდანაც დახვრეტილი და რეპრესირებული ბებია-ბაბუების შთამომავალთ სირცხვილად მიაჩნდათ პარტიაში შესვლა, რაც მატერიალური წინსვლის საწინდარი იყო.

შიგადაშიგ მამა და მეგობრები რაიმე წვრილ მესაქმეობას მოჰკიდებდნენ ხოლმე ხელს, რომელიც საბჭოთა დროს იკრძალებოდა, მაგრამ, ეს არასოდეს იყო ვაჭრობა, ეს ყოველთვის იყო რაიმეს შექმნის და წარმოების მცდელობა. ამიტომ, ხან ჩვენს აბაზანაში იდგა ქიმიკატების სუნი, რომლებითაც ნანადირევი მხეცის ბეწვეულის დამუშავება ხდებოდა და ხან „პუხის“ ქურთუკების კერვაში აივსებოდა ბატის ბუმბულით ჩვენი საყვარელი ბინა შევჩენკოზე რამდენიმე თვით – ნებისმიერი იმპერიის პირობებში მკაცრად განსაზღვრული მორალური ცენზის გამო, თუ რა შეიძლება და რა არ შეიძლება პატიოსანი ქართველისათვის, ოჯახზე ზრუნვაშიც კი.

მამას გატაცება სახალხო მკურნალობით კი, აშკარად მისი დიაბეტისაგან გაუთავებელი წვალების შედეგი იყო. იმ დროინდელი მედიცინა ძალზედ არაეფექტურად მკურნალობდა დიაბეტს და მამა სულ ტკივილში იყო. ხან რა გაურთულდებოდა და ხან რა: თირკმელები, თვალები, განგრენა, კიდურების ნაწილების ამპუტაცია – ყველაფერი გამოვლილი გვაქვს წლების მანძილზე.

მოგეხსენებათ, შარდით მკურნალობა ანუ ურინოთერაპია მსოფლიოს ხალხების ყველა სახალხო მედიცინის ნაწილია, ხოლო, გერმანელებმა ის მეცნიერების ხარისხში აიყვანეს და მგონი ერთი ნობელიანტიც კი ჰყავთ.

მამამ საფუძვლიანად შეისწავლა ის, რაღაცნაირად მოახერხა და უცხოეთშიც დაესწრო სიმპოზიუმებს და თბილისში მისი ქადაგება დაიწყო. მკურნალობა ძირითადად დიეტურ შეზღუდვებს და მკაცრად განსაზღვრულ მწვანილების და ბოსტნეულის წვენების გამოყენებას გულისხმობდა, შიგადაშიგ ურინოთერაპიასთან ერთად.

მისი საოცარი მჭერმეტყველებისა და ეტყობა, მეთოდის ეფექტურობის წყალობით, ჩვენი ცხოვრება სულ მალე სრულიად შეიცვალა.

ბუნებრივია, მაშინ არავითარი პირობები არ იყო სახალხო მედიცინის ორგანიზებისა და ჩვენს სახლს ათასობით ადამიანი მოაწყდა, რომლებსაც მამა მკურნალობდა.

მახსოვს, წლების მანძილზე, მოვდიოდი სკოლიდან და უკვე ქუჩიდან და სახლის ეზოდან იდგა პაციენტების რიგები. მამა, როგორც წესი, ერთსა და იმავე ლექციას კითხულობდა თერაპიის მეთოდების თაობაზე და შემდეგ, ინდივიდუალური ანალიზების საფუძველზე, უნიშნავდა პაციენტებს დიეტასა და მკურნალობას.

მკურნალობის საფასური დადგენილი არ ჰქონდა და რამდენჯერ მსმენია მაგ შეკითხვაზე მისი პასუხი, ვისაც როგორ გსურთ, იმდენი შემოწირეთო.

ოჯახს რაღაც დიდი ფული არასოდეს დასტყობია – კი, საჭმელ-სასმელი არ გვაკლდა, მაგრამ, თურმე, მამა ფულის დიდი ნაწილით ეროვნულ საქმეებს აკეთებდა ჩუმად: ასე მაგალითად, მერე ვნახე საბუთები, 27 სახლი უყიდა ჯავახეთში აჭარიდან გადმოსახლებულ ეკომიგრანტებს და უამრავ გაჭირვებულს დაეხმარა.

ამხელა საზოგადოებრივი დატვირთვების ატანის საშუალებას მისი დიაბეტი არ იძლეოდა, ხშირად მინახავს მამა გაღიზიანებული ამ საჯარო ლექციებზე განმეორებითი, უაზრო შეკითხვების გამო და მერე თავადვე მონანული ამ გაუკონტროლებელი, დიაბეტური გაღიზიანებისა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენ ვთხოვდით, თავი დაენებებინა პრაქტიკისათვის, ვდარდობდით მის ჯანმრთელობაზე, თუმცა, ის ამბობდა, ამდენ ხალხს შველის ჩემი მეთოდი და მე რა უფლება მაქვს გავჩერდეო.

და მართლაც, სახლში ინახებოდა მადლობის წიგნები, მადლიერი პაციენტების წერილებით სავსე – მეოთხე სტადიის ონკოლოგიიდან დაწყებული, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავისა და სისხლძარღვების სისტემის დაავადებებით გადადებული პაციენტების მხრიდან, რომლებიც მამამ გადაარჩინა.

ძმათამკვლელი ომის დროს ჩვენი სახლის დაწვამ და ჩვენი ოჯახის მიერ ყველაფრის დაკარგვამ (ზემოთ ნახსენები მადლობის წიგნების ჩათვლით), პირველი და ბუნებრივი დარტყმა სწორედ მამას მიმდინარე სამედიცინო პრაქტიკას მიაყენა.

აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, ჩვენს ოჯახს წყნეთში მისცეს საცხოვრებელი. როდესაც ცოტა გონს მოვედით, მამამ იქ გააგრძელა პაციენტების მიღება და მგონი, თბილისშიც იქირავა რაღაც ფართი ამ მიზნით. მე მაგ დროს უკვე უცხოეთში სასწავლებლად მეორედ წასასვლელად ვემზადებოდი.

მერე კი, უცებ, უცხოეთიდან ჩამოსულზე, შევიტყვე, რომ სრულიად დაუნებებია თავი პრაქტიკისთვის და როდესაც ვკითხე რატომ, მიპასუხა, მამა, ჩვენი ხალხის ნაწილი ძალიან სასტიკი და უმადურია, ჩემი ამ საქმიანობის გამო ცხოვრებას გაგიმწარებენ და დაგცინებენო. აქაც, შვილზე ზრუნვის ასეთი გასაოცარი მაგალითი მომცა მამამ. და მართლაც, დღემდე თვე ისე არ გავა, ვინმე რეგვენმა რამე აგდებით ან შეურაცხყოფით არ წამომაძახოს ამის თაობაზე, მიუხედავად, იმ საოცარი სიკეთისა, რაც მამამ წლები აკეთა ადამიანებისათვის.

ჩემი საზოგადოებრივი გააქტიურება მამას ძალიან ადარდებდა, თუმცა, ესმოდა, რომ რასაც ვაკეთებდი, გულით ვაკეთებდი და ბოლომდე მიამიტურად მჯეროდა, რომ პრაქტიკულ პოლიტიკას თავიდან ავიცილებდი.

ბუნებრივია, ჩემი პოლიტიკაში შესვლის წინააღმდეგი იყო, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის ყველა წევრი, თუმცა, რას იფიქრებდა, რა სიჩქარით განვითარდებოდა მოვლენები. ერთხელ სიყვარულით მითხრა, მამა, შენგან რა ქვეყნის მმართველი გამოვა, ბავშვობიდან გიცნობ, შენი გულის კაცი კაცს საციხოდ ვერასოდეს გაწირავო… და სადღაც მართალიც იყო.

როდესაც ბოლოს ვნახე, გურიაში და ქობულეთში მივდიოდი მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, დალოცვა ვთხოვე და, პატრიარქის კურთხევისამებრ, ხელზე ვემთხვიე – რას წარმოვიდგენდი, რომ ეს უკანასკნელად იყო.

როდესაც ეს ჭირი დამეტაკა და ვითარებაში გარკვევა დავიწყეთ, დედაჩემმა მითხრა ტელეფონით, ყველაზე უფრო მამაა ცოდვა, სულ კუდში დამყვება და თვალებში მიყურებსო.

მე ვამხნევებდი, როგორც შემეძლო, უკვე თურქეთიდან და მერე მოსკოვიდან ვიდეო ზარების დროს, ორივე ერთნაირად ვიქცეოდით, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით, მე ვხედავდი მისი მდგომარეობის გაუარესებას და ვამბობდი, მე მაგრად ვარ, მთავარია შენ როგორ ხარ-მეთქი.

მისმა ორგანიზმმა ვერ აიტანა ამდენი ნერვიულობა, ჯერ თირკმელები გაეთიშა, გვეგონა, გულის შუნტები ჩაეშალა, მაგრამ, თურმე, გადავრჩით, მერე დიალიზზე გადაიყვანეს, მერე ხელოვნურ კომაში, მერე კოვიდი აკიდეს და მერე მიიცვალა. იმ ღამეს, ნინოს მოსკოვში აუხსნელი ტირილი აუვარდა, მერე გავიგეთ, მაგ დროს გარდაცვლილა. ოთხშაბათი დილა გათენდა, მე, ცოცხალ-მკვდარი, სკაფანდრს ვიცვამდი და მორიგ ქიმიაზე წასასვლელად ვემზადებოდი. ნინო შემოვიდა სახეცვლილი, შიოზე ცუდი სიზმარი ვნახეო. დარეკე-მეთქი. ხატებთან გავედი და ლოცვა დავიწყე. ლოცვისას გამოვხედე მოახლოებულ ნინოს, მან თავი დამიქნია, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მე ქიმიაზე წავედი.

ექიმებს ვუთხარი, არაფერი მაინტერესებს, დამარჭეთ იმუნიტეტის ამწევი ნემსები, გასვენებაში მივიდივარ-მეთქი. რა ექნათ?! გამიკეთეს იმუნოგლობულინი და კოვიდის მეორე აცრა და ჩამოუშვეს ცხვირები. მერე შემრცხვა ჩემი ეს სიჯიუტე და მოძღვარს დავურეკე ბოდიშებით. რას მეტყოდა, უბრალოდ მთხოვა, მაინც ექიმებს დაეკითხე და ისე ქენი, ხომ ვიცი შენი ხასიათის ამბავიო. ექიმები რაღას ამიკრძალავდნენ აწი და ასე ავილესე წამოსასვლელად. ამასობაში, დედას გაუგია საიდანღაც, რომ ჩავდივარ და დამირეკა. სამძიმრის გარდა, ერთი საათი მშვიდად ვსაუბრობდით და დედაჩემის ხმაში ის ლითონი ისმოდა სულ უფრო, რომელიც მე სწორედ მისგან გამომყვა და არა მამისგან. მომიწია დამორჩილება და წასვლაზე უარის თქმა.

შევეგუე თუ არა ამ უბედურებას, სრულიად დავიშალე. ეს ნების დათრგუნვა იყო, თუ დამატებითი ნემსების ქიმიური რეაქცია ჩემს ისედაც გაწამებულ ორგანიზმთან, თუ ორივე ერთად, არ ვიცი. დეტალებს არ აღვწერ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემი სხეული შემცირდა მძგერ, სულის მღაფავ, შეურაცხყოფილ ხორცის ნაგლეჯად, რომლის იქითაც არაფერი აღარ რჩება. რა არის კედლებზე სიარული, მაშინ გავიგე, რა არის სულიერი ნების დაკარგვა, მაშინ ვნახე. მას მერე ასე ვარ – ხან ცოტა უკეთ, ხან ცოტა უარესად. ამასობაში დამთავრდა 24 ქიმიის ექვსთვიანი კურსი და რა მიქნა მან და რა მელის წინ – სამ კვირაში მეცოდინება, რადგან ერთ კვირაში ანალიზები უნდა ამიღონ. შხამების გამოსვლა და ტკივილების გავლა ხდება თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვი, ადრეა. ყველა ჩემი მცდელობა დღე-ღამეში ორიოდე საათი მოვნახო, რომ ადამიანს ვგავდე, ყოველ ჯერზე კლდეზე იმსხვრევა: ზუმით მხარდამჭერებთან საუბრებიც, ტანვარჯიშის მცდელობებიც, ახალი უცხო ენის სწავლაც, კითხვაც. მხოლოდ ლოცვაში ვნუგეშობ, ოღონდ, ისიც ხან მოკრუნჩხული სავარძელზე და ხან მხოლოდ ჩემი სიტყვებით, ნაცვლად წესის შესრულებისა. და ამ უკუნეთში მინათებს მამის სახე და უტყუარი ცოდნა იმისა, რომ არსებობს მარადიული საქართველო, რომლის შვილობაც მასწავლა მან, რომლის წიაღშიც არის ის, რომლისკენაც მიფრინავს ჩემი სული და როგორც მაგ მარადიული საქართველოს პატრონს უნდა, ისე ყოფილიყოს ჩემი ცხოვრების ყოველი დღე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

P.S. თუ შევძლებ, და როგორც შევძლებ, ამასაც გავაგრძელებ ხოლმე, უბრალოდ, ეს ხმა მინდოდა მომეწვდინა თქვენთვის აქედან, ეს სახარებელი ამბავი: არ არსებობს ტკივილი, რომლის მიღმაც არ იდგეს უფრო დიდი შვება მომდინარე უფლისაგან, არ არსებობს არავითარი სიმარტოვე, ჩვენ, ყველანი, ვისაც ეს გვსურს, მაინც ერთად ვართ მარადიული საქართველოს წიაღში, და როგორც არ უნდა გვეტკინოს და ვინც არ უნდა დავკარგოთ, მაინც ისევ შევერთდებით იქ, სადაც ტკივილი აღარ იქნება. და თუ ეს გვესმის, იქნებ, სანამ აქ ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ აქაურობაც დავამგვანოთ იქაურობას: მისი დალაგებით, ერთმანეთზე ზრუნვით, საკუთარი სურვილების უარყოფით და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვით, ვისაც რამდენი არ გვენანება, ვისაც რამდენი შეგვიძლია.

© ლევან ვასაძე

? 13.01.2022