ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XLIV თავი

ძალიან ძნელი და არაბუნებრივია ჩემთვის ამდენი ხალხის მხრიდან ავადობის გამო შეცოდებისა და მამის მიცვალების შედეგად სამძიმრის მდგომარეობაში ყოფნა და მიუხედავად ყველასადმი ჩემი უღრმესი მადლიერებისა, ამ დღიურის წერისას, როგორც კი ძალები მეძლევა, სულ ვეძებ ჩემსას გავცდე და საქვეყნოზე ვიმსჯელო, რადგან მჯერა, რომ ეს საჭირო საქმეა.

და თუმცა, მამის გარდაცვალებამ და ჩემმა ორთვიანმა ისეთმა დაუძლურებამ, რომ პწკარიც ვეღარ დავწერე ბუნებრივად მაიძულა ამ იძულებული პაუზის შემდეგ პირველივე თავში მამაზე და ამ ჩემს მდგომარეობაზე მეწერა, ახლა ვეცდები, კვლავ საქვეყნოს დავუბრუნდე.

ჩემს მდგომარეობაში, როდესაც ირგვლივ ყველაფერი შეირყა, ძალიან ძნელია არ დაფიქრდე ადამიანი ამაქვეყნიურის წარმავალობაზე და არ დაგეუფლოს ის მწუხარება და მომავლის შიში, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც საკმარისად აქვს.

მომავალზე ფიქრისას, ადამიანის გონი კითხვებს სვამს და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იცის, რომ პასუხები არ გააჩნია.

მაგრამ, მანდ რაღაც უარესიც ხდება: ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ხშირად მხოლოდ უარესს წარმოიდგენს და ავიწყდება ის აურაცხელი შემთხვევა, როდესაც უფალმა მას ბევრად უკეთესი არგუნა, ვიდრე ის თავად ელოდა ან იმსახურებდა.

ამრიგად, მომავალზე მოწყენით ფიქრი არ არის საღმრთო ქმედება და უდავოდ უხსენებელის მახეა, ეს მამებმა კარგად იციან და ამიტომ არის, რომ დედა ეკლესია მოწყენის დემონს ერთ-ერთ უმძლავრესს უწოდებს, ადამიანს უსასოობაში ჩავარდნას უკრძალავს და ცოდვად უთითებს.

ეს ჩვენდამი უდიდესი ზრუნვა და სიყვარულია, რადგან ამით ეკლესია გვახსენებს იმას, რაც ჩვენით დაგვავიწყდა და რაც აქ უკვე ვთქვით, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უამრავი მაგალითია მოულოდნელი საჩუქრისა, ხსნისა, შვებისა და სიხარულისა და თითოეული მათგანი უფლის არსებობისა და მისი ჩვენზე დაუღალავი ზრუნვის დასტურია.

არც ის ვარგა, ალბათ, რომ ადამიანი მთლად უზრუნველი იყოს, ის, რაც არხეინ ქართველებს ზოგჯერ გვახასიათებს და ტაშ-ფანდურში დალიოს ცხოვრება, მაგრამ, ზრუნვაც კი, მხოლოდ აწმყოში შემიძლია, ხოლო მომავალზე დარდით მე ვერაფერს ვიზამ და ამრიგად აწ-მყოფში გარჯა მერჩივნოს მომავალზე დარდსა და გაშეშებას.

აწმყოში მე შემიძლია, ამჯერად მაინც, დროულად დავთესო თესლი, დამოუკიდებლად იმისგან, რამდენი ასეთი დრო გამომიტოვებია წარსულში, დროულად ვიზრუნო ჩემი შვილის აღზრდაზე, დროულად მივიდე სამსახურში, დროულად შევეხიდო სხვა ადამიანს და დავუდგე მას გვერდში.

დროული მოქმედების ამ ციკლებს ან, თუ გნებავთ, რიტმებს უკეთესად განსაზღვრავს სოფელი. ქალაქს თავისი, გამოგონილი რიტმები და ციკლები აქვს, არაბუნებრივი და ძალზედ მომთხოვნი, სოფლისა კი, ბუნებასთან არის უშუალო ბმაში და ადამიანს ავალდებულებს და აიძულებს მათი ნაწილი იყოს.

გასული სამიოდე საუკუნის მანძილზე მათგან ქალაქში გაქცევასა და ურბანიზაციაში მოტყუვდა კაცობრიობა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ერი, რომელიც თავის არსში მთლიანად სოფლურ კულტურას წარმოადგენს.

ამ თავის თავისაგან ვერსად ვერ გაქცევამ განსაკუთრებით შემზარავი მასშტაბი გასული საუკუნის შუიდან შეიძინა და იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომელიც ასე აწვალებს თითოეულ ჩვენგანს.

ცხოვრება ძალიან მოკლეა, წუთისოფელია და მე, როგორც კი მივხვდი ამას, მაშინვე სოფელში გადავედი საცხოვრებლად. და თუმცა ჩემი ამოცანა მხოლოდ ჩემს ოჯახს არ ეხებოდა, მინდოდა ჩემთვის მოცემული საშუალებით შემექმნა ის გარემო, რომელშიც თაობები აღიზრდებოდნენ და კვლავ შეიყვარებდნენ სოფელს, მე, მიუხედავად ამ ამოცანის სიმძიმისა და სირთულისა, არასოდეს მინანია ეს ნაბიჯი. და უფალმა ინებოს, არ ვცდებოდე ამაში: უკვე ვხედავ ამ ნაბიჯის ნაყოფს იმ თაობების სახით, რომლებიც ჩვენს სკოლაში აღიზარდნენ, ახლა ქალაქში ცხოვრებას უტევენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მეოჯახეობის, მიწასთან ერთად ყოფნისა და მასზე მუშაობის მუხტი მათში ძლიერია.

ჩვენი ერის გადარჩენის ერთადერთი გზა არის დეურბანიზაციის მონდომება და, იდეალში, მისი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა. მაგრამ, ამ უკანასკნელის გარეშეც, თითოეულ ჩვენგანს აქვს არჩევანი: შეაჭმევინოს უპერსპექტივო ყოფის დარდს თავი ქალაქში, თუ გადავიდეს ან დაბრუნდეს სოფლად და იქ რაიმე შექმნას. ჩემი აზრით, ამაზე ადვილი, ნათელი და მკაფიო არჩევანი არ არსებობს და რაც მალე გავაკეთებთ მას, მით უკეთესი იქნება ეს თითოეული ჩვენგანისათვის. ამრიგად, ამ წერილის წაკითხვისას, ყველა, ვინც მეთანხმება და ამას არ აკეთებს, ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯს არ დგამს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამ გზაზე არ იბრძვის, ჩათვალოს, რომ სულ ტყუილად მეთანხმება და ფუჭად ხარჯავს თავის დროს ამ თავის კითხვაში.

ამ გზაზე საინტერესოა ოჯახის ორივე საწყისი – მამაკაცური და ქალური. მამაკაცური, თავის არსში, თუ ის თავის არსს სწორად აცნობიერებს, უფრო მიდრეკილია სოფლად ცხოვრებისადმი, ხოლო, ქალური, ხშირად, პირიქით. ოჯახის შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილებები შეუძლებელია ერთსულოვნების გარეშე და აქ, იდეალში, ქალმა უნდა დაუჯეროს კაცს, მაგრამ, ჩვენს ურბანისტულ მატრიარქატში ეს, ხშირად, საკმაოდ ძნელია.

ახალგაზრდობას რაც შეეხება, უდავოა, რომ უძღები შვილის ასაკში თითოეული მათგანისათვის ქალაქი ბევრად უფრო მომხიბლავი სატყუარაა, ვიდრე მშობლიური სახლი სოფელში და ამ მრუდეს თითქმის ყველა გადის, მაგრამ, თუ უძღებ შვილს არ ეგულება თავისი ცოდვებისაგან გადასარჩენად დასაბრუნებელი მამული, სადაც მას ელოდებიან, უძღები შვილის იგავს არ უწერია ის ბედნიერი დასასრული, რომელზეც მაცხოვარი მოციქულებს უყვება.

ამრიგად, ქმედება მარადიული და ბედნიერი საქართველოს აღდგენისა – თანამედროვე და უბედური საქართველოს ნაცვლად, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ – თითოეული ჩვენგანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული: ვიტვირთავთ თუ არა ჩვენ იმ არჩევანს, რომელიც, სინამდვილეში, განხორციელებისას, თითოეული ჩვენგანისათვის ტვირთის ნაცვლად ბედნიერების მომტანია, დავიბრუნებთ თუ არა ჩვენს ყოფიერებას, რომელიც მიწათმოქმედი, ანუ გეორგიანი ერისათვის არის დამახასიათებელი და გავმართავთ თუ არა ჩვენს ცხოვრებას შესაბამისად.

ამ გზაზე ერთი ძალიან დიდი მითი და მირაჟი დაგვჩემდა საბჭოთა დროიდან მოყოლებული: ამ საკითხზე მსჯელობისას თითქმის ყოველთვის გაისმის თავის მამართლებელი სენტენცია, რომ ამას, ანუ მოსახლეობის სოფლად დაბრუნებას, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი შესაბამისი პოლიტიკით.

თუ მაგას ოდესმე მოვესწრებით, ამას რა ჯობია: ეგ იქნება უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ საქართველოში ლიბერალური რესპუბლიკა მოვკალით და ეროვნული სახელმწიფო შევქმენით, მაგრამ, ეგ რომ არ არის მთავარი იქიდანაც ჩანს, რომ საბჭოთა პერიოდში, როდესაც სოფლად ცხოვრებისათვის იდეალური პირობები იყო – ყველა რეგიონში მოქმედებდა ყველანაირი პროდუქციის ჩამბარებელი და გადამამუშავებელი საწარმო – სწორედ მაგაზე ფულ-ნაშოვნი ქართველები გამოვრბოდით თავქუდმოგლეჯილნი ქალაქში, თან, რაც უფრო ფულ-ნაშოვნები, მით უფრო თავქუდმოგლეჯილნი, და ასევე იქიდანაც, რომ დღემდე, ჩვენს ქვეყანაში, სრულიად ანტი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ხანის მიუხედავად, სხვა ეროვნებები დაუზარელად შრომობენ ჩვენი ქვეყნის რეგიონებში, მრავლდებიან და სულ უფრო და უფრო ითვისებენ ქართულ მიწებს, ღმერთმა ყველას დოვლათი და ბარაქა მისცეს.

ამრიგად, შეუცდომლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ერის ურბანიზაცია, მისი საზრისის, მისი ლოგოსის მოტაცების შედეგია, რაზეც არაერთხელ დამიწერია და მისაუბრია საჯაროდ.

ჩემი აზრით, ამ ლოგოსის მოტაცებაში, მისი მიწისეულ-ზღაპრულიდან ურბანისტულ-ჯოჯოხეთურზე გადაკეთებაში, მეტი წვლილი ჩვენს ქალს მიუძღვის, ისევე, როგორც ამ გაუკუღმართებულ, ქალაქურ ყოფაში, მეტია მისი დამსახურებაც და ფუნქცია დაკარგული მამაკაცის პირობებში, ოჯახის რჩენის ჭაპანის წევაც. და ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჩიხურ იდეოლოგიაში, ქართველ ქალში უკვე დაგროვდა ის გადაღლა და გააზრება, რომ, შესაძლოა, სოფელში ცხოვრება ჯობდეს ქალაქში წვალებას.

და ბოლოს, თავისუფლების შესახებ, რომელსაც როგორც დროშას, ისე აფრიალებს ლიბერალ-ურბანისტული იდეოლოგია, და რომელი თავისუფლებაც, სინამდვილეში, განუზომელად მეტია სოფლად.

ქალაქში ადამიანი მატრიცის ციხეში იბადება და მის მიერ მართული ნაწილაკია. ის, რაც მას საკუთარ სურვილებად და გემოვნებად მიაჩნია, სინამდვილეში, სხვა არაფერია, თუ არა დაპროგრამებული კოდები, რომლებიც ბავშვობიდანვე ჩადებულია მის ცნობიერებაში. მისი ბმა სამსახურზე, ბანკომატზე, ტელეფონზე და პოსტმოდერნის მიერ ოდესღაც თავისუფალი ნების მქონე ადამიანის მიჭედება სხვა რიტუალურ-საკრალურ ადგილებზე, თავისი არსით ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე ნებისმიერი სახის მონობის ბორკილები კაცობრიობის ისტორიაში.

მოძრაობის თავისუფლებაც კი, სულ უფრო და უფრო იზღუდება ადამიანისათვის ქალაქური, ანტიჰუმანური კულტურის მიერ: საცობები იქნება ეს, პანდემიები, ნიღბები თუ სხვა, ჯერ სად ვართ.

და ამ მარწუხებში მოქცეული დაპროგრამებული homo urbanicus hedonicus, თავისივე დაზომბილი „ნებით“ ებრძვის საკუთარი თავისუფლების ნარჩენებს, ოჯახს, ტრადიციას, ეკლესიას, როდესაც ისტერიკაში გაჰკივის: მეტი ნატო, მეტი ევროკავშირი, მეტი ევროინტეგრაცია საქართველოშიო.

და რომც არ იყოს ეს ცარიელი, აზრს და რეალისტურ პერსპექტივას მოკლებული ლოზუნგები, სინამდვილეში, ეს ლოზუნგები ნიშნავს დეურბანიზაციისაგან, მიწისაგან და ადამიანობისაგან მოწყვეტისაკენ მეტ სწრაფვას, მეტ მიჭედებასა და ნაკლებ თავისუფლებას.

ჩვენი გზა, ჩვენი მომავალი არის სოფელში – ნებისმიერი თანამედროვე საშუალებისა და საქმიანობის იქ გადატანით და ჩვენი იქ მოქმედებით.

მომავლის საქართველო უნდა იყოს უამრავი მყუდრო, ლამაზი სოფლით გამშვენებული ქვეყანა, გაერთიანებული ერთი ქსოვილის სახით: ქსოვილისა – რომელსაც სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებიც ამშვენებენ, ქსოვილისა – რომლის უჯრედიც არის ოჯახი, ან კომლი, ანუ კუამლი, როგორც ჩვენი წინაპარი იტყოდა.

კუამლი, რომელიც შებინდულს ამოდის ასეთი ოჯახის კერიიდან, როდესაც დედ-მამა და შვილები ნაჯაფარ კერიას უსხდებიან, თუ გაუმართლათ, საყვარელ სტუმრებსაც მასპინძლობენ, კომლი, სადაც ბავშვების უდარდელ კისკისთან ერთად, დღის ჯაფისაგან დაღლილი და ერთმანეთის ერთგული მეუღლეების მრავალხმიანობა ისმის, ერთად ჭირთათმენისა და მარადისობისათვის ერთად მზადების უღრმეს კულტურაში, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვარგუნა ღმერთმა.

© ლევან ვასაძე

? 26.01.2022