ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XLV თავი

წინა თავში კვლავ დეურბანიზაციის ანუ სოფლისაკენ მიბრუნების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.

ვთქვით და დავასაბუთეთ, თუ რაოდენ დიდი სიცრუეა აზრი იმის შესახებ, თითქოს მთავარია, ამას ეკონომიკამ და სახელმწიფომ შეუწყოს ხელი, მოვიყვანეთ გასული საუკუნის მაგალითიც, როდესაც ეს სწორედ ასე ხდებოდა და მაინც ყველა, ვინც სოფლად ფულს შოულობდა, ქალაქში გამორბოდა, ვისაუბრეთ მომავლის საქართველოზე, როგორც ჩვენი ერის მიერ გააზრებულ, დეურბანიზირებულ, სამოთხისებრ ქვეყანაზე.

ასეთი რამის წაკითხვისას, ადამიანს, რომელიც ე.წ. „რეალობას“ არის დამონებული, რომელსაც არ გააჩნია ქმედითი იდეალიზმი ანუ უხილავი ღვთაებრივის ნატვრასთან დაწყვილებული ქმედების უნარი, აუცილებლად მოეჩვენება, რომ ეს აუხდენელი უტოპიაა. მაგრამ, აი, ადამიანი, რომელიც მეოცნებეობის გარდა, ასევე, იმ თავისი ოცნების შესაბამისი მოქმედებისთვისაც არის მზად, აუცილებლად აგვყვება ამ ხედვაში, რამეთუ ეს სწორედ რომ ხედვაა და არა ოცნება.

ხედვა, თავისთავად, ეტიმოლოგიურად, იდეას ნიშნავს ბერძნულად (ἰδέα), ან ეიდოსს (εἶδος). ანუ ადამიანი ჯერ ხედავს რაღაცას და მერე ხდის მას სინამდვილედ.

ამრიგად, ორნახევარი ათასწლეულის წინანდელი პლატონიზმიდან დღემდე მოყოლებული, ფილოსოფიის მთელი კოსმოსი რომ შეუძლებელ, ერთ აბზაცში ჩავატიოთ, ვთქვათ ასე: კაცობრიობა იყოფა ორ ნაწილად – იდეალისტებად და მატერიალისტებად.

იდეალისტი ადამიანები ჯერ იდეას ჭვრეტენ და შემდეგ ისწრაფვიან მისი სინამდვილედ ქცევისაკენ, ხოლო, მატერიალისტები კი, პირიქით, ხედავენ ხილულს, არსებულს და მას უალტერნატივო სინამდვილედ, რეალობად, გარდაუვალ ხვედრად აღიქვამენ და ამრიგად, ახდენენ არა იდეალურის მატერიალიზაციას, როგორც ამას იდეალისტები აკეთებენ, არამედ მატერიალურის იდეალიზაციას.

ამ ორ კატეგორიად ადამიანების გაყოფა ერთია, მაგრამ გარკვეულწილად, ამავე ნიშნით ერების გაყოფაც არის შესაძლებელი. და რადგან ასეა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ერი უდავოდ იდეალისტი ერების რიცხვს განეკუთვნება.

შესაძლოა საპირისპირო აზრიც, რომ იდეის გარეშე ვერცერთი ერი ვერ შეიქმნებოდა და რომ ამრიგად, ყველა ერი იდეალისტურია. შესაძლოა, სადღაც, ერთა შესაქმეს ანუ გენეზისის საწყისებში, ეს ასეც იყო. მაგრამ, თანამედროვეობაში, მრავალ ერს იმდენად დაეკარგა იდეალიზმის ეს ნაპერწკალი (არც ერთს არ დავასახელებ, რომ ვინმეს არ ვაწყენინო), რომ ბევრ მათგანში ლამის შეუძლებელიც კი გახდა მისი ამ უნიკალური იდეის ანუ ლოგოსის ამოცნობა.

მადლობა ღმერთს, ჩვენს შემთხვევაში ეს ჯერ არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენი „რეალისტი“ ელიტის შემხედვარე იგივე მოწყენა გეუფლება ადამიანს, რაც ბევრი სხვა იდეამომსპარი ერების წარმომადგენლების ნახვისას, მაგრამ, საკმარისია შეეხო ჩვენი ერის არსს, გამოვლენილს მისი უბრალო ხალხის სუფრაში, ერთმანეთის მოკითხვაში, ცეკვა-სიმღერაში, უმალვე ხვდები, რომ ჩვენს ერს თავისი იდეალიზმი ჯერ არ დაუკარგავს.

რა არის ჩვენი ერის ლოგოსი და საზრისი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და დაგვიწერია და აქ ამას აღარ გავიმეორებთ. შევჩერდებით ამ ჩვენს ნახსენებ მდგომარეობაზე ერის ჯერ კიდევ ცოცხალი იდეალიზმისა და ვიტყვით: რადგან ასეა, რადგან ქართველ ერს და ქართულ ცივილიზაციას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უნარი იდეალიზმისა, ანუ უხილავის განჭვრეტის და მისკენ სწრაფვისა, მაშინ, ჩვენს მიერ წინა თავში ნასაუბრებიც არ უნდა იყოს უიმედოდ აუხდენელი.

იქნებ, ამიტომაც ვართ ასე ცუდად, ასე სამაგალითოდ ამოვარდნილი მოდერნისა და პოსტმოდერნის საერთო ფერხულიდან, რომ იგი ჩვენი არ არის. დიახ, ყველანი ვხმარობთ ტელეფონსაც და ინტერნეტსაც, მაგრამ, ჩვენ არა ვართ მისი ნაწილი, მისი ატომები.

ჩვენ სხვა რამის ნაწილი ვართ და ის სხვა რამე მოდერნისა და პოსტმოდერნის ალტერნატიული, საპირისპირო სინამდვილეა, ჯერ უხილავი, მაგრამ უფრო ნამდვილი, ვიდრე ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ. ეს იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ირგვლივ ვხედავთ, სულ მალე აღარ იქნება და ის უხილავი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ და რაც არ ჩანს, სამუდამოდ იქნება.

მისკენ სწრაფვაშია ჩვენი ერის საზრისიც და ამ სწრაფვის ყველაზე ნამდვილი გამოხატულება არის მიწასთან სიახლოვეში კვლავ განსახლებული ჩვენი ერის წარმოდგენა. აქვე უნდა აუცილებლად დავძინოთ, თუ რას ნიშნავს ამ წარმოსახვაში სოფელი. იგი არავითარ შემთხვევაში არ არის თანამედროვეობისადმი ზურგით მდგომი, ნებისმიერი ტექნიკური თუ ტექნოლოგიური გაგებით. პირიქით, იგი ითავსებს და იწყნარებს, იერთებს და იყენებს ყოველივე თანამედროვეს. მაგრამ, ქალაქისგან განსხვავებით, ამით არ იცვლება და არ იბილწება მისი არსი: მასში მცხოვრებ ადამიანს სოფელი სთავაზობს მეტ თავისუფლებას გადაადგილებაშიც, სივრცეშიც, აზროვნებაშიც და არჩევანშიც. ქალაქზე, როგორც ამ თავისუფლების მზარდ ანტიპოდზე, წინა თავში ვისაუბრეთ.

მაგრამ, აქვე მეტი გვაქვს სათქმელი სოფლის, როგორც საცხოვრისის, სიკარგეზე ადამიანის სიკარგისათვის: თუ ქალაქში ადამიანის ძირითადი საქმიანობა არის მომსახურება და პოლიტიკანობა და თუ ქალაქური საქმიანობის უკიდურეს სპექტრზე, მხოლოდ ხელოსნობა რჩება კვაზი-პატრიარქალური წყობილების რუდიმენტად, სოფელში სწორედ ხელოსნობაა ყველაზე „არა-სოფლური“ საქმიანობა და სურვილის შემთხვევაში, სოფელი ადამიანს ბევრად უფრო კეთილშობილ საქმიანობას სთავაზობს – იქნება ეს მემცენარეობა, მეცხოველეობა თუ მეთევზეობა, თავიანთი ათასობით განშტოებებითა და ვარიაციებით.

ჩვენი ერის მიზნის აღწერისას, მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ საჯარო საუბარში, ჩვენ ამ მიზნის აღწერის აპოფატიკური და კატაფატიკური მცდელობების შემდეგ, ასეთ ფორმულირებამდე მივედით: „ჩვენი ერის მიზანი არის მის მიერ ღვთივბოძებული საქართველოს კვლავ დასახლება საქართველოს ერთგული ოჯახებით, ისე, რომ ქართულ ზღაპართან უშუალო კავშირში, ამ ოჯახებს, სრული შრომით, ჰქონდეთ საშუალება თავის რჩენისა და ქვეყანაზე შეწირვისა და ამ გზით მარადისობასთან შესახვედრად ღირსეულად მზადებისა.“

ასეთი სიმძაფრისა და ბრწყინვალების მიზნის გამზიარებელისათვის იმთავითვე ცხადია, რომ არავითარ „სახელმწიფო მხარდაჭერას“ და „ეკონომიკური პირობების შექმნას“ არა აქვს მნიშვნელობა: თუ ისინი წამოეწევა და რამეში წაეხმარება ხომ კარგი, მაგრამ, ამ წახმარებასაც ასეთი იდეალისტი ადამიანი და ოჯახი სიფრთხილით მიიღებს, ვაი, და არ გამაზარმაცოს და არ წამახდინოსო. ხოლო, მისი იმედი მხოლოდ იმაზე იქნება დამყარებული, რასაც „ოქროს ხანის“ ქართველებზე ამბობდნენ: უფლისა და საკუთარი მარჯვენის იმედზე მყოფი ხალხიაო.

ამ სულიერ და აზროვნებით მდგომარეობაში შესვლა, საკუთარი უძლურების აღიარებასთან ერთად, თითოეული ჩვენგანისაგან მოითხოვს საკუთარ მანკიერებებთან დაუღალავ ბრძოლას: უწყვეტი შრომითა და ლოცვით, რომელშიც იფურჩქნება ჭეშმარიტი ოჯახური კულტურა, სადაც კაცი კაცს ჰგავს, ქალი – ქალს, მეუღლე – მეუღლეს, შვილი – შვილს, სადაც ერთგულება და ურთიერთმხარდაჭერა, ჭირთათმენა და სიმხნევე ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისებებია, როგორც ქალაქში საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ჩათხრობილობა, გარყვნილება, უოჯახობა და სიამის ამაო და გაუთავებელი მაძიებლობა.

თუ აქედან „რეალისტი“ ადამიანების მოწყენილ სამყაროში დავბრუნდებით, უმალვე მოგვიწევს კითხვა, რამდენ ჩვენგანს ძალუძს ამდაგვარი კათარზისი აზროვნებასა და ქმედებაში, რა პროცენტია ეს საერთო მოსახლეობის, რამდენად შევცვლით ჩვენ ამრიგად ქვეყანას?! ამ კოორდინატთა სისტემაში, ადამიანს მხოლოდ მოწყენა, უსასოობა და მარცხის გარდაუვალობის განცდა ელოდება.

ჩვენს იდეალისტურ ანუ ქართულ სამყაროში კი, ასეთ აზროვნებას ადგილი არა აქვს: ნებისმიერი ჩვენგანისათვის, ვინც ამ საზრისს იზიარებს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ ჭინკურ სათვალავს, მნიშვნელობა აქვს მისი და მისი ოჯახის მიერ ამ საზრისის პირად გაზიარებას და მისი განხორციელებისაკენ დაუოკებელ სწრაფვას, რომელსაც, როგორც მაგალითს, ბევრის აყოლიება შეუძლია, რამეთუ, როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანი, სერაფიმე საროველი იტყოდა: „გადარჩი თავად შენ და შენს ირგვლივ ათასები გადარჩებიან.“

© ლევან ვასაძე

🗓 10.02.2022