ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ადამიანის საუკეთესო მდგომარეობა საკუთარი ნებით უფლის ნების აღსრულებაა. ეს უდიდესი სათნოება კი, ადამიანს საკუთარი ნების სრული უარყოფითა და უფლის ნების შემეცნება-აღსრულებით შეუძლია. ეს კი, ჩვენთვის აუღებელი სიმაღლეა.
საკუთარ ნებაზე მოსიარულენი, მუდმივად „მე მინდა“-ს ტყვეობაში ვართ და ზოგჯერ, შემთხვევით, ეს „მე მინდა“ უფლის ნებას რომც დაემთხვას, მაშინაც თავმოწონებით ვაფუჭებთ ყველაფერს.
გასული თვეების მოვლენებმა თითქოს ნება ამართვა, ადგილზე მიმაჭედა და ნათლად დამანახა, თუ რაოდენ უსუსური ვარ განგების წინაშე.
რომც დავუშვათ, რომ ეს ავადობა თავისით დამემართა, ამ შემთხვევაშიც ჩანს ადამიანის სრული უუნარობა უფლის განგებაში რაიმე შეცვალოს.
ის საოცარი თანადგომაც და ის საოცარი მკურნალობაც, თუნდაც ტანჯვით აღსავსე, მხოლოდ გამდაბლებს და გადუმებს ადამიანს უფლის უკიდეგანო განგების წინაშე.
თითქოს, მთელი ცხოვრება ქმედითი აზროვნებისა და ბრძოლისათვის მიმიძღვნია და თითქოს, ამ ბრძოლისა და ქმედითობის მწვერვალზე ვიღაცამ შეყოვნების ღილაკს დააჭირა, ხმაც გათიშა და კოლბიდან მაყურებინა ცხოვრება ჩემს გარშემო.
სხეულები და მოვლენები კვლავ მოძრაობდნენ, ვიღაც კოლბასთან მოდიოდა კიდეც და თვალს იჩრდილავდა, შემოჭყეტვას ცდილობდა, მოგუდულად მეძახდა „ლევან, როგორ ხარ მანდ, როგორ, ხომ მაგრად?“ მაგრამ, ამ კოლბის შიგნით მე არაფერი შემეძლო გარდა ცქერისა.
ზოგჯერ, ამ კოლბაში რაღაც მეტკინებოდა კიდეც, ზოგჯერ, გაუსაძლისადაც, მაგრამ, არც მანდ შემეძლო რამე. არც ადგილის მონაცვლება, არც რამის შემსუბუქება.
გოეთეს ფაუსტის ჰომუნკულუსს ვგავდი, რომელიც ფაუსტთან და მეფისტოფელთან ერთად დაჰქრის ანტიკური ელადის სივრცეებში, მასეთ მანათობელ კოლბაში და ვერაფრით აურჩევია დრო და ადგილი საკუთარი შობისა.
თუმცა არა, ჰომუნკულუსს რაღაცის არჩევის ნება მაინც აქვს პოემაში, მე კი, მსგავსი არაფერი მქონდა, მგონი.
და, მგონი, არც ახლა მაქვს. ქიმიის გარეშე მესამე თვეში გადასული და ტკივილებისგან ნელა-ნელა გამოთავისუფლებული, მაგრამ, ჯერ კიდევ გრძელ გზაზე მდგომი და ადგილზე სრულიად მიჭედებული, მოძრაობაში შეზღუდული, კვლავ ჩემთვის უჩვეულოდ უსუსურად ვაკვირდები ჩემი სფერული შუშის გარშემო გადაშლილ პალიტრას მოვლენებისა.
ამ შუშის კოპზე დღეთა და ღამეთა, დართა და ავდართა ცვალებადობას ახლა ომისა და აფეთქების ანარეკლებიც შერევია, დაჭრილთა გმინვა, წყევლა-კრულვა, ცრემლი და სისხლი.
ახლა კოლბას ომის ტალღებზე აქანავებს და ომის საშიში სუნთქვა ყველაფერს ედება: შენს ხალხსაც, ოჯახსაც, ერსაც, კოლბასაც.
ხანდახან, ძალიან ახლოს მორბიან კოლბის შუშასთან მომკივანი და გააფთრებით მოკამათე ადამიანები და მოგუდული კივილი თითქმის გამჭოლად აღწევს კოლბაში: „რა ვქნათ, რა? შენ რას ფიქრობ, ლევან? რას გვეტყვი?“ შუშაზე ბრახუნი, ლამის მის გაბზარვამდე და ჩალეწვამდე.
ჩემი გულის შიდა კედელზე დალექილი ამილოიდური შხამიანი ცილების ფოსფორისებრი ნათება სხეულიდან გამოდის და კოლბის შიგნით ნათურად მანთებს, კიდევ უფრო მამგვანებს ჰომუნკულუსს, და ამ ნათების მოჩვენებითი ქმედითობის მიუხედავად, კიდურებში სრული განლევისა და უსუსურობის განცდას მიტოვებს.
„რა ვქნათ და მივენდოთ მის ნებას, ხალხნო, სისულელეები არ ვაკეთოთ.“ – იძახი წყნარად.
„რა თქვი? არ გვესმის, გაიმეორე!“ გიყვირიან შუშაზე ბრახუნით.
შენც ცდილობ ხმა მიაწვდინო და აქედან უყვირი: „რა ვქნათ და მშვიდად ვიყოთ, ხალხნო, ნუ დავხოცავთ ომის შიშით ერთმანეთს, თორემ, ომს გავახსენდებით, ჩვენი სისხლის სუნი და გემო გაახსენდება და აუცილებლად მოვა ჩვენთან და ეს ჩვენივე ბრალი იქნება!“ – ცდილობ მიაწვდინო ხმა.
„რაო, რა თქვა? ვერ გავიგე. გაიგეთ ხალხნო? ვის მხარეს არისო?“ კოლბას მოჩხუბართა სხეულები ეხეთქება, შუშაზე სისხლის კვალი რჩება და კოლბას ომის ტალღებზე აქანავებს.
საკუთარი უსუსურობით გაშეშებული და გარდაუვალი მომავალის დარდით გულდამძიმებული ცდილობ რაღაც მაინც ქნა, რომ ღელვა ჩააცხრო, მაგრამ, ამაოდ.
თან გიკვირს: არც ომია ამ მდგომარეობაში სრული ბოროტება და არც მშვიდობა – სრული სიკეთე. ეს ორი ამ ორს მიღმაა, სხვა ხარისხს განეკუთვნებიან და ყოველივეს მოიცავენ.
ომშიცაა ბოროტებაცა და სიკეთეც და იმ მშვიდობაშიც, რომელშიც შენს დაბზარულ კოლბას ომის ტალღები აქანავებს.
და გრძნობ, და ხვდები, არაფერი შეგეძლო არასოდეს, ეგ ყველაფერი შენი ხიბლი იყო, ყოველთვის ამ კოლბაში იყავი, დღიდან შენი დაბადებისა, უბრალოდ, უფალმა ინება, რომ ეს შენ თავიდან დაგენახა.
კოლბას არც იალქანი აქვს და არც ნიჩბები ამ ომის ღელვაში. და გოეთეს ჰომუნკულუსისგან განსხვავებით, არც შენს ნებას ემორჩილება ის ტელეპათიურად. არის უბრალოდ შეგდებული მატერიაში, როგორც ყველა სხვა ადამიანის კოლბა და არის მხოლოდ უფლის იმედად.
ეს იმედი საოცარი რამაა, მომნუსხავი და მომფერებელი ყველა კოლბისა, ის, რაც მათ მსხვრევისაგან იცავს განსაზღვრულ დრომდე.
ბოლოს კი, ყველა იმსხვრევა მაინც.
მსხვრევისას, კოლბიდან სულები ორთქლდებიან და უჩინარდებიან.
ამოუხსნელ ამოცანად რჩება, რაღაა კოლბაში წუთით სოფლობისას თავისუფალი ნება.
თითქოს, ის თან არის, თან კი – არა.
ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც ყველაზე უფრო იბღინძება კოლბაში, ყველაფერს მე ვწყვეტ და მე ვმართავო, ყველაზე სასაცილოდ ნამდვილად ის გამოიყურება.
და თუმცა, ცხადია, რომ ეს ნება, ეს მუხტი, თითოეული კოლბის შიგნით არსებობს, ის იმდენად მცირე და უსუსურია ომის ზღვასთან შედარებით, რომ სასაცილოა მასზე რაიმე აღმატებული საუბარიც კი.
ამიტომ, სრულიად თავისუფალი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ კოლბაში, ზღვაში, რომელშიც გადარჩენისა და სიკეთის ერთადერთი საშუალება არის საკუთარი უსუსურობის დანახვა და წრფელი და დაუღალავი ვედრება: „უფალო, შეგვიწყალენ! ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! ღმერთო, ოჯახი მიდღეგრძელე! ღმერთო, შენ შეეწიე ყველა გაჭირვებულს ამ ომის ზღვაში, რომლის იქითაც ანათებს მზეი შენი სიმართლისა!“
ლევან ვასაძე
20.03.2022
Recent Comments