ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 51 / LI თავი

რადგან ამ დღიურის წერისას არაერთხელ ვთქვი, რომ მისი გასაჯაროების მთავარი მიზანი ის არის, რომ იგი ვინმეს, განსაკუთრებით კი, ავადმყოფს რამეში გამოადგეს, ამ თავში, ნება მიბოძეთ, იმ გამოცდილების ნაწილი შევაჯამო, რომელიც ამ თვეებში დამიგროვდა და იმ ხრიკებზე  ვისაუბრო, რომლებიც, ჩემს შემთხვევაში, ძალზედ გამოსადეგი აღმოჩნდა.

მე „ხრიკი“ აქ ტყუილად არ ვიხმარე, თუმცა, არავითარი გამოცდილება არ მქონია, არც მსგავსი ლიტერატურა წამიკითხავს და უბრალოდ, ამ ბრძოლაში ჩემს შინაგან მჭვრეტელობასა და საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვეყრდნობოდი. და თუმცა, მე არ ვიცი (და არც არავინ იცის), რით დამთავრდება ნებისმიერი ჭიდილი (ჩემის ჩათვლით) ასეთ ორ უმძიმეს ავადობასთან, ის, რომ მე დღემდე მოვედი, უფლის მადლის და ამდენი კეთილი ადამიანის ლოცვის გარდა, შესაძლოა, ნაწილობრივ ამ შინაგანი წესრიგისა და ბრძოლის შედეგიც იყოს.

ეს არ ნიშნავს, რომ ეს ხრიკები ან ტექნიკები ყველას ერთნაირად გამოადგება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვგონებ, არც არავის უნდა ავნოს.

მაშ, რა ხრიკებს მივმართავდი მე ჩემი ავადობის ამ უმძიმეს თვეებში?

პირველი იყო და არის უფლის ნებაზე დანებება. 

თუ ადამიანი არ ნებდება უფლის ნებას, მას ყოველთვის ძალიან უჭირს, რადგან, ის ცდილობს თავისი ნების გატანას და ეს განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში იგრძნობა მწვავედ. 

ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოჯანმრთელების ნდომა თავისთავად მკრეხელური აზრია, რადგან, იგი არ აღიარებს მოვლენათა განვითარების იმ შემთხვევას, როდესაც, სამწუხაროდ, ეს შეიძლება არ იყოს უფლის ნება და ცხოვნების სხვა გზას გულისხმობდეს. ხოლო, მინდობა მის ნებაზე და იმის თქმა, რომ, უფალო, მე ყველაფერს ვიღონებ ჯანმრთელობისათვის, დავუჯერებ ექიმებს, არ დავიზარებ არცერთი წამლისა და საექიმო ჩარევის გამოყენებას, მაგრამ, იყოს ნება შენი – ათავისუფლებს ავადმყოფს დაძაბულობისაგან, ფუჭი ძალების ხარჯვისაგან და სინამდვილეში, ბევრად უფრო ძლიერს ხდის მას ამ ბრძოლაში. 

თითქოს, ეს ძალზედ მარტივად გასაგები რამ უნდა იყოს, მაგრამ, სინამდვილეში, როდესაც საქმე შენს სიცოცხლეს ეხება, ეს ძალიან ძნელი შესასრულებელია ნებისყოფის მქონე ადამიანისათვის. უფრო მეტიც, ალბათ შეუძლებელიც კი, და ამიტომ, აუცილებელია, ამ მდგომარეობაში ვევედროთ უფალს მოგვცეს ძალა, რათა მის ნებას დავემორჩილოთ.

მეორე არის მომავლისადმი დამოკიდებულება. 

პირველ რიგში, მომავალზე არ-ფიქრი და დღევანდელობაში ერთგვარი ჩაკეტვა.  ნებისმიერი სახის მძიმე ავადობის შიგნით, თუ ადამიანი მომავალზე ფიქრობს, ის შეიძლება უბრალოდ დარდმა შეჭამოს და მოკლას, და ამიტომ, ეს სრულიად დაუშვებელია.

ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც კი, ადამიანს ხშირად ჭამს მომავლის დარდი და მძიმე ავადობისას, ეს ტვირთი შეიძლება სრულიად გაუსაძლისად იქცეს. 

ამიტომ, მომავლის ერთგვარი მოკვეთა და მცდელობა დღევანდელი დღით იცხოვრო, ჰმადლობდე უფალს მისთვის ყველაფრის ჩათვლით, ყოველთვის მარგებელია, განსაკუთრებით კი, სასიკვდილო ავადობასთან ბრძოლისას.

მესამე არის მიმდინარე მღვიძარების დროისადმი დამოკიდებულება. 

მძიმე ავადობისას ადამიანის ცხოვრების წესი მკვეთრად იცვლება, ის ლოგინად ვარდება, სახლში იკეტება და კარგავს მანამდე ჩვეული ცხოვრების წესს, მის ძგერასა და დინების ჩვეულ სიჩქარეს. 

ამ მდგომარეობაში, ადამიანის მღვიძარე საათებს ახალი სავალდებულო ნიშნულების გაჩენა სჭირდება, რომლებსაც ადამიანი თვითონ დააძალებს თავის თავს, გარდა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა. 

ჩემს შემთხვევაში, ეს იყო სხვადასხვა სახის გონებრივი და ხელობითი სავარჯიშოები, რომელთა ყოველდღიურ კეთებასაც დღემდე ვაძალებ თავს.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვცდილობდი არ გამეცდინა დანიშნულ საათს მასწავლებელთან ახალი უცხო ენის შესწავლის გაკვეთილი, მესწავლა დამატებითი ხელობა, შეძლებისდაგვარად მევარჯიშა, მიმეღო მონაწილეობა თათბირებსა და სხდომებში – როგორც ჩემი საქმეების გარშემო, ასევე ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის მიმდინარე მშენებლობაში.

ეს ყველაფერი, რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ზოგჯერ, მაძლევდა და მაძლევს საშუალებას ავადობა დავივიწყო და გონება, აუარება ტკივილებისა და მათზე დარდის ნაცვლად, სხვა რამეზე გადავრთო, განსაკუთრებით, თუ ეს თავის თავში სხვაზე ზრუნვას შეიცავს.  ეს რომ არა, ვგონებ, ბევრად უფრო გამიჭირდებოდა. 

აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ საქმეების საკუთარ თავზე დაძალების ხარისხის განსაზღვრა.  არც ისე შეიძლება, რომ წელში გაწყდე, მაგრამ, არც იმის უფლება უნდა მისცე თავს, რომ ტკივილსა და დარდს დანებდე და საერთოდ მოატაცებინო მათ თავი.  მოდით, ასე ვთქვათ: ზოგჯერ ამ დაძალების ტკივილი გვერჩივნოს იმ ტკივილს, რომელსაც ეს დაძალება გვავიწყებინებს.

ამიტომ, უცხო ენის სწავლა იქნებოდა ეს, ხეზე ჭრა, შეძლებისდაგვარი ვარჯიში, ახლა უკვე ამას დამატებული ქუჩაში გასეირნებები, საქმიან და საზოგადოებრივ საუბრებში მონაწილეობა, თუ კითხვა, თუ წერა, ამაში, ყველაფერში, მე ვეძებდი დატვირთვის იმ ხარისხს, რომელიც თან შემაწუხებდა და დამძაბავდა, და თან არ გამაწამებდა იმაზე მეტად, რაც მათგან გათავისუფლებისას მელოდა ჩემი ავადობის გამო.

ყველაფერ ამის გვირგვინი კი, გახლავთ ლოცვით მდგომარეობაში რაც შეიძლება დიდხანს და ღრმად ყოფნა. 

აქაც ვერაფერს დავიკვეხნი, უბრალოდ, ვიცი, რომ ლოცვა მთავარი ნუგეში და ძალის წყაროა. 

ამიტომ, ლოცვების კითხვა იქნებოდა ეს თუ მათი მოსმენა, ხატებთან დგომა თუ ჯდომა, თუ სხვათათვის ვედრება, ამას, ყველაფერს, ვცდილობდი და ვცდილობ და ყველას ვურჩევ. 

ალბათ, ჩემზე სულიერ ადამიანებს მარტო ამით შეუძლიათ განკურნებაც და სხვათა კურნებაც, მაგრამ, მე ვმადლობ ღმერთს იმისათვის, რომ ადამიანის ამ მთავარი საკეთებლის ოკეანეს მეც მაზიარა ოდნავ მაინც და ვერასოდეს გამოვთქვამ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის.

ბოლოს, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა მადლიერების მადლზე. 

როგორც კი ვმადლობ უფალს, მისი წყალობისა და მოფერებისათვის, მაშინვე უკეთ ვხდები და თუ ვახერხებ, რომ მასვე ვმადლობდე ამდენი ადამიანისათვის, ვინც გვერდში დამიდგა, ხომ საერთოდ ვივიწყებ ყოველგვარ დარდს. 

უმადურებაში ყოფნა კი, ეგრევე მიმაქანებს მოწყენისა და დარდისაკენ და ამიტომ, რამდენჯერაც ვახერხებ გავიხსენო, რა ბედნიერი და დაუმსახურებლად ნაფერები ვარ უფლისაგან, მგონი, იმდენად ვგავარ ადამიანს, ხოლო, რამდენადაც ვივიწყებ ყოველივე ამას, იმდენად მჭამს არაადამიანური მდგომარეობა და რომ არა უფლის უსაზღვრო მოწყალება, არც კი ვიცი, რა მეშველებოდა.

ყველამ თვითონ უნდა მოჭრას და მოზომოს აქედან თავისთვის გამოსადეგი, მაგრამ, მე გულწრფელად ვეცადე ორიოდ გვერდზე დამეტია ის, რაც უსასრულობად მომეჩვენა ამ თვეებში.

ლევან ვასაძე

28.03.2022