ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 53 / LIII თავი

ამ ბოლო თვეებში ჩემი ყურადღება შვილების მოტყუებით გაშვილების ამბებმა მიიპყრო, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით ასე გამრავლდა.

ჩემი მეუღლე თვალს ადევნებს მათ და მეც მიყვება ხოლმე. იმ მცირედიდან, რაც მესმის, გულზე ვარ გამსკდარი.

თურმე, საბჭოთა დროიდან დღემდე ჩვენს ერში არსებობს მშობლებისთვის შვილების მოპარვის და მათი სხვებზე გაშვილების ღრმად ფესვგადგმული პრაქტიკა.

ერთი, და ალბათ, უდიდესი ნაწილი, თურმე, სამშობიარო საავადმყოფოების ექიმების ბრალია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ათასობით მშობელს ატყუებდნენ, რომ ბავშვი მშობიარობისას დაიღუპა.

ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ერთადერთი ბავშვი ან ტყუპისცალი. თურმე, გაუბედურებულ მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ პატარას ცხედარი სამშობიარო საავადმყოფოს კუთვნილ სასაფლაოზე დაკრძალეს და სინამდვილეში, არცერთ სამშობიაროს არავითარი სასაფლაო არ ეკუთვნის.

მერე, თურმე, ამ მოპარულ ბავშვს რიგში მდგომ მსურველებზე აშვილებდნენ ფულის სანაცვლოდ.

ეს პრაქტიკა იმდენად მასობრივ ხასიათს ატარებდა, თურმე, საქართველოში, რომ ათასობით და ათიათასობით დამახინჯებულ ცხოვრებაზეა საუბარი.

ამ ადამიანების ნაწილი ახლა ერთმანეთს პოულობს, ნაწილს კი, ალბათ, ეჭვიც არ ეპარება, რომ მსგავსი ბარბაროსობის მსხვერპლია. “ფეისბუქში” არსებობს ჯგუფი „ვეძებ“, სადაც მსგავს ამბავს მრავლად ნახავთ.

და აი, რა არის ნიშანდობლივი: ყველასთვის ცნობილია ამ სამშობიაროების ექიმ-გინეკოლოგების სახელები და გვარები და არცერთი მათგანი არცერთხელ არ დასჯილა, არც კანონის და არც ერის ხელით.

მეორე ჯგუფი ამ საშინელი საქმიანობით დაკავებული ადამიანებისა, თურმე, თავად ამ მოპარული ბავშვების ნათესავები არიან.

ნინო მიყვებოდა, როგორ გაიგო ამბავი საშინელ ქალზე, რომელსაც ქიზიყში ვაჟი გარდაცვლია და ამის შემდეგ, თავისი დაქვრივებული რძლისათვის ორი შვილი ანუ საკუთარი შვილიშვილები წაურთმევია და მსურველებზე გაუყიდია.

შვილიშვილების გაყიდვაში აღებული ფულით, ამ არაადამიანს, საკუთარი კარმიდამოს ღობეზე მაღაზია გაუხსნია, რომელში ჯდომისა და ვაჭრობის დროსაც, ეს უბედური, მასზე დაჯახებულ ტრაილერს მიუჭყლეტია.

შვილებწართმეული დედა გონებრივად შეშლილა, თურმე, სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს ევედრებოდა, შვილები მომპარეს და მაპოვნინეთო, მერე კი, 29 წლის ასაკში, ერთ ზამთრის ღამეს გაყინული უპოვიათ მიგდებულ შენობაში.

და თურმე, ამას თანასოფლელები ყვებიან, რომლებმაც იცოდნენ რაც მოხდა ანუ იცოდნენ, რომ ეს უბედური დედა მართალს ამბობდა.

თურმე, მსგავსი ისტორიები მრავლად ყოფილა და სოციალური ქსელების მეშვეობით სულ უფრო და უფრო გამოდის დღის სინათლეზე.

დაამატეთ ამას ბავშვთა აბორტით კვლის მასიური პრაქტიკა და მას დამატებული იუვენალური იუსტიციის ფაშიზმი, რომელიც ლიბერალური რესპუბლიკის ორგანული ნაწილია და რომლის მიხედვითაც, ხშირად, ბოღმა და გაავებულ სოც-მუშაკებს პრემიებს იმის მიხედვით აძლევენ, თუ რამდენ ბავშვს ჩამოართმევენ მშობლებს და თქვენ მიიღებთ იმის პირდაპირ ახსნას, რატომ არის ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეში.

რა ნაქები ჩვენი ქრისტიანობა, რა კავკასიელობა, რა ტრადიციულობა, თუ ასე გავიხრწენით?!

არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლიბერალურ ტელევიზიებს ყველაფერზე აქვთ ფული და დრო, ყველა სიტუტუცის და ხალხის ერთმანეთზე დაპირისპირების წაქეზებისა, მსგავსი საზარელი ფაქტების გამოაშკარავების გარდა.

ჩემი აზრით, ჩვენი ეს ცოდვის ტირილი ცას სწვდება და მასთან შედარებით, არაფერია ის ტანჯვა-წამება, რაც მე გასულ თვეებში გამოვიარე.

როგორც გენიოსი იტყოდა, თუ მსოფლიოს ბედნიერება ერთი უმანკო ბავშვის ცრემლად არ ღირს, მაშინ ჩვენ, როგორც ერს, რაღა შანსი გვაქვს რაიმე ბედნიერებისა, თუ ამდენი ბავშვისა და მშობლის ცრემლს ვაჩუმათებთ?!

ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ერი და სახელმწიფო, ვერ წავალთ წინ, სანამ ამ ყველაფერს ერთად არ გამოვასწორებთ.

ჩემი აზრით, ის ექიმ-გინეკოლოგები, ვისი ექიმობის დროსაც ხდებოდა და ხდება ბავშვთა პარვა-სყიდვა, უმკაცრესი ვადებით უნდა წავიდნენ ციხეში და დაიკავონ იმ ადამიანების ადგილი, ვისაც, ამას წინათ, ჩვენმა უსამართლო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე გამოუტანა განაჩენები. მათ გვერდში უნდა მიუჯდეს ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ანტიეროვნული იდეოლოგიის პროპაგანდას, შუღლის გაღვივებას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ეწევა.

ყველა ის უცხოელი დიპლომატი, ვინც ამ სამართლის ქმნაში ჩაერევა და რაიმე სახის შეშფოთებას ან პროტესტს გამოხატავს, გაპანღურებული უნდა იყოს ქვეყნიდან და ჩვენი საგარეო საქმეთა უწყებიდან მის ქვეყანას უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ ასეთი „დიპლომატები“ აღარ აკადროს ჩვენს ქვეყანას.

თუ ნახსენები ექიმ-გინეკოლოგები გარდაცვლილები არიან, მაინც უნდა მოხდეს მათი სახელების, როგორც სამარცხვინო დამნაშავეების გასაჯაროება, უკანა თარიღით მათი გასამართლება და მათთვის დე-იურე თავისუფლების აღმკვეთი განაჩენების გამოტანა.

უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს იუვენალური იუსტიციის სოც-მუშაკების საქმეებს და უმკაცრესად დასჯის მათ ოჯახების ნგრევისა და მშობლებისთვის ბავშვების წართმევისათვის.

უნდა გაუქმდეს იუვენალური იუსტიციის კანონი და დაიხუროს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვინც მას უჭერს მხარს.

ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც მსგავსი ორგანიზაციები უცხოეთიდან იღებენ, უნდა იქნას ჩამორთმეული და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად დარიგდეს.

იქ, სადაც ხალხმა იცის ბავშვების ჩამორთმევისა და გაყიდვის ფაქტის შესახებ და ხედავს, რომ, რატომღაც, სახელმწიფო არ მოქმედებს, უნდა მოხდეს ამ დამნაშავეების სახალხო წესით დასჯა, იმის მსგავსად, როგორც ამას ამჟამად აკეთებენ მაროდიორების წინააღმდეგ, როდესაც სირცხვილის ბოძებზე აბამენ მათ.

კარგი იქნება, თუ ჩვენ, როგორც მრევლი, დედა ეკლესიას დავუჯერებთ და ამ ცოდვას ვიგლოვებთ – მაგალითად, თუ ის მოგვიწოდებს მორიგი, ერთობლივი, ერის ცოდვის მონანიების პარაკლისზე ან ლოცვაზე.

და ბოლოს, საქართველო უნდა ვაქციოთ ოჯახური ღირებულებების დამცველ ბასტიონად, სადაც ნებისმიერი ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანს, ჩვენი ტრადიციების სრული პატივისცემის პირობებში, ექნება ოჯახის სიწმინდეში შენახვისა და აღზრდის საშუალება.

ეს არ არის აუხდენელი ოცნება, ამისათვის ვმოქმედებთ ჩვენ და უფლის მადლით, ვითმენთ ყველა იმ განსაცდელს, ღალატსა და გაჭირვებას, რაც ამ მოქმედების გამო გვატყდება თავს.

ლევან ვასაძე

08.04.2022