ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 54 / LIV თავი

ჩემი ავად გახდომის შემდეგ, გუშინ პირველად მქონდა საჯარო საუბარი – არა ინტერნეტით, არამედ, პირისპირ.

სამშობლოში ჯერ კიდევ არ დავბრუნებულვარ და ვსაუბრობდი მოსკოვში, რუსი მართლმადიდებელი მეგობრების წრესთან, რომელსაც კარგად ვიცნობ.

შეკრებაზე ჯერ ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაიკითხეს ტაძარში და მერე, იქვე მდებარე დარბაზში, მლოცველმა მღვდელმა შესანიშნავად ისაუბრა აპოკალიფსის წიგნის ანუ იოანეს გამოცხადების წიგნის შესახებ. ის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მქადაგებელია რუსეთში.

არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი საუბრის შემდეგ, ვინმეს დააინტერესებდა ჩემი მონათხრობი, მაგრამ, რადგან ესენი მეგობრები იყვნენ, რომლებიც წელიწადზე მეტია არ მინახავს და რომლებიც ჩემს ჯანმრთელობაზე ლოცულობდნენ, მაინც გავბედე საუბარი. 

რომ არ გადამეღალა, მოკლედ მოვყევი, რაც გადამხდა და მერე ორიოდე სიტყვით გავუზიარე ის დაკვირვებები და ავადობასთან ბრძოლის ხრიკები, რომლებზეც ერთ-ერთ წინა თავში ვწერდი.

საჯარო საუბრებს საკმაოდ მიჩვეულს, გამიკვირდა, რომ რატომღაც ვღელავდი – იქნებ იმიტომ, რომ რაიმე სხვა საკითხის ნაცვლად საკუთარ თავზე ვსაუბრობდი, რაც ჩემთვის უჩვეულოა. 

საოცარი თანაგრძნობითა და გულისყურით მომისმინეს და მერე, ჩვენი ოჯახის მარნის ღვინის მცირე ფურშეტზე, ბევრი მოდიოდა და საუკეთესო სურვილებით მომმართავდა. და ისევ ვფიქრობდი, როგორ მოვახერხეთ ჩვენც და რუსეთმაც, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე ასეთ კონფლიქტამდე მივედით და რამ უნდა უშველოს აწი ამ მდგომარეობას?!

რუსეთ-უკრაინის საშინელი ომი, რომელსაც წინა ორიოდე თავი მივუძღვენი, იმითიც არის სახიფათო, რომ მან შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს რუსეთთან ჩვენი ქვეყნისათვის ესოდენ სახიფათო და მავნებელი დაპირისპირება. ამის დაუშვებლობაზე ბევრმა თქვა და დაწერა ამ დღეებში და აღარ მინდა აქ ამით თავი შეგაწყინოთ. 

ჩემთვის ცხადია, რომ თუ ეს მაინც – ღმერთმა ნუ ქნას – რაღაცნაირად მოხდა, ეს იქნება არა ხალხის ნება, არამედ, იმ ძალების ოინები, ვისაც რუსეთთან ამ კონფლიქტის გაღრმავება აწყობთ. ვილოცოთ, რომ ეს არ მოხდეს და რომ რუსეთ-უკრაინის ომიც რაც შეიძლება მალე შეწყდეს.

ამ ომისა და უბედურების ქაოსში კვლავ თვალში საცემია ის, რაც მშვიდობიან ხანაშიც კანონზომიერებაა, უბრალოდ, ნაკლებად მწვავე: ამა ქვეყნის მიწიერი საკითხების მართვაში წინა ხაზზე ბევრად მეტი ურწმუნო და ავი ადამიანია, ვიდრე მორწმუნე და კეთილის მსურველი.

ამა სოფლის უხსენებელის ხელში ყოფნა ჩვენი სარწმუნოებრივი ცოდნის განუყოფელი ნაწილია და ამრიგად, ქრისტიანისათვის არცერთ საუკუნეში არ არის გასაკვირი თავისი სინდისიერი ზრახვების დაჩაგრულობა, დევნილობა და უძლურება. 

იგივე ხდება რუსულ-ქართული ურთიერთობების ფრონტზეც: კეთილისმსურველებს არავინ უსმენს და ავები კი, ყეფენ ორივე მხრიდან. 

ჩემი გუშინდელი კეთილი თანამოსაუბრეების წრის თვისებაც ესაა: მათ არც კი იციან, თუ რა აწყენინა ჩემს სამშობლოს მათმა, ის კი იციან, თუ რაში აწყენინა მათსას ჩემმა. ეს ცოდნა მათ ავი მედია საშუალებებიდან გააჩნიათ და როდესაც ჩემნაირ ერთმორწმუნე ადამიანს ხვდებიან, ვერ გაუგიათ, რატომ არის, რომ მათი მედია სურათი ესოდენ არ ემთხვევა მათ აღქმას ჩემი, როგორც მათი ერთმორწმუნე, მათნაირი ზნის მატარებელი და მაძიებელი ადამიანისას.   

მე ამაში მრავალი წელია ვცხოვრობ და აქაც არაერთხელ მიგრძვნია თავი სრულიად უძლურად: დავძლიო ეს ზღვა საპირისპირო შთაბეჭდილებებისა და რაიმე სარგებელი მოვუტანო ჩემს სამშობლოსაც და მათსაც, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, რომელიც მხვდება ორივე მხარეს. 

ჩემთვის ცხადია, რომ ადამიანი იმდენად მცირე და უძლურია ამ ზღვასთანაც, რომ მას არაფერი შეუძლია მის წინაშე, როგორც ერთ იალქნიან ნავს. 

მაგრამ, უფლის ნების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ იალქნის ზურგის ქარით ავსება და ამ ნავის მშვიდობით მიყვანა იმ ნავსაყუდლამდე, სადაც მას მისნაირი მოაზროვნე ადამიანების ნავები ელოდებიან. 

მაგ ნავსაყუდელს უფალში ძმობის მხარე ჰქვია, რომელშიც არა არს არცა ელლინი, არცა ჰრომი და არცა იუდეველი და რომელში ყოფნის უფლებასაც, ეტყობა, ჯერ ვერ ვიმსახურებ ვერც მე და ვერც ბევრი ჩემნაირი.

ლევან ვასაძე

13.04.2022