როგორ ემზადებოდნენ ლევან ვასაძის ცილისმწამებლები მის შესაჩერებლად

ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას

სტატიის ავტორი: კრისტინა პუშოუ – არასამთავრობო ორგანიზაცია New Leaders Initiative („ახალი ლიდერების ინიციატივა“) დამფუძნებელი და დირექტორი. არასამთავრობო ორგანიზაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდების განათლებას და გაძლიერებას. ქრისტინა პუშოუ ასევე მუშაობდა საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის მრჩევლად.

სტატიის ოფიციალური წყარო: https://www.neweurope.eu/article/dont-underestimate-the-threat-of-georgias-knight-in-shining-armour/
გამოქვეყნდა: 2019 წლის 18 ივნისს | განახლდა: 2019 წლის 20 ივნისს.

როდესაც ულტრაკონსერვატორ ქართველ მილიონერს, ლევან ვასაძეს შარშან თბილისში გამართულ მიტინგზე პირველად შევხვდი, მე ის სერიოზულად ვერ აღვიქვი. ანდა როგორ უნდა აღმექვა? ჩაცმულობით ცხენზე ამხედრებულ შუა საუკუნეების რაინდს ჰგავდა, ყველა მხრიდან მართლმადიდებელი მღვდლებით იყო გარშემორტყმული და რამდენიმე ათას მხარდამჭერს რუსთაველის გამზირზე მიუძღვოდა. საპროტესტო აქცია ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი მცირე დემონსტრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ბევრი სხვა საერთაშორისო დამკვირვებლის მსგავსად, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, ვასაძე მეც საზოგადოების უკიდურეს ფენებთან ახლოს მდგომ პროვოკატორად აღვიქვი. მისმა ქცევამ იმდენად გამართო, ჩავთვალე, ზედმეტად სასაცილო იყო იმისათვის, რომ საშიში ყოფილიყო. პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მძიმე პროცესის ფონზე, ვასაძის სენსაციური რიტორიკა, რომ ლიბერალიზმი არის „ამორალური ჯოჯოხეთური კულტი“ და რომ, საკრედიტო ბარათები საზოგადოებას „ანტიქრისტეს მოსვლისათვის“ ამზადებს – როგორც ყოველთვის, პოლიტიკისგან აბსურდული გადახვევები იყო.

მაგრამ, 16 ივნისს, როდესაც ვასაძის სიტყვით გამოსვლას ვუსმენდი იმ ხალხის წინაშე, ვინც თბილისში მოახლოებული „გეი-პრაიდის“ ჩატარების გასაპროტესტებლად იყო შეკრებილი, ჩემი შეცდომა გავაცნობიერე. მე ის სათანადოდ არ მყავდა შეფასებული.

მისი ძირითადი პუნქტები ალექსანდრე დუგინის, რუსი ულტრანაციონალისტის რიტორიკას იმეორებდა, რომელიც ფართო წრეების მიერ კრემლის მთავარ იდეოლოგად არის მიჩნეული. ეს არ არის შემთხვევითი, ვასაძე დუგინთან მჭიდროდ დაახლოებული პირია. ის ესწრება დუგინის „ევრაზიულ“ ფილოსოფიურ ფორუმებს, რომელიც რუსეთს მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს სულიერი წინამძღოლის სტატუსს ანიჭებს. დუგინის „ევრაზია“ რეალობა რომ იყოს, საქართველო მასში მოსკოვს დაქვემდებარებული ვასალი სახელმწიფო იქნებოდა. იგივე ეხება უკრაინას, მოლდოვას და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც დიდი რაოდენობით მართმადიდებელი ქრისტიანი მოსახლეობა ჰყავთ. რუსეთი კი, დუგინის თანახმად, „ერთადერთი ნაციონალური საზოგადოება იქნებოდა ამ ზესახელმწიფოებრივ იმპერიულ კომპლექსში“.

13 ივნისს თბილისში, ვასაძემ რუსული იმპერიალიზმის ღია მხარდაჭერა ცოტა ხნით შეწყვიტა და უფრო პოპულარულ პოზიციებს მოეჭიდა. თავისი მიმართვა ქართულად და ჩვეული მესიჯით დაიწყო: „ერის გადარჩენა დამოკიდებულია ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნებაზე, ხოლო დასავლეთი „გეი დღის წესრიგის“ წინ წამოწევით ამ ღირებულებებს ანადგურებს“.

მაგრამ, შემდეგ, რაღაც ახალი დაამატა: პირობა, რომ „ორგანიზებულ სამოქალაქო რაზმებს“ შექმნიდა. ამ „შეიარაღებულ ფორმირებებში“, მისი თქმით, სამხედრო ვეტერანები და სპორტსმენებიც იქნებოდნენ, რომლებიც „პოლიციის კორდონის გარღვევას“ და მიმდინარე კვირაში თბილისი პრაიდის მონაწილეებთან (ანდა, ვასაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „გარყვნილების პროპაგანდისტებთან“) დაპირისპირებას შეძლებდნენ.

მოგვიანებით, თავისი მიმართვა ვასაძემ ინგლისურ ენაზე გააგრძელა – რომელიც ემორის უნივერსიტეტში სწავლის დროს დახვეწა – და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. მან ტრამპს მოუწოდა, „დააშროს ჭაობი აშშ-ს საელჩოში თბილისში“, რომელიც, ვასაძის აზრით, „ჰილარისტების“ (ჰილარი კლინტონის მომხრეების) და „გლობალისტი ძაღლების“ მიერ კონტროლდება და რომლებიც შეპყრობილებივით ცდილობენ ქართული კულტურის განადგურებას.

უხეში ეპითეტების მიღმა, ვასაძის სიტყვის ინგლისურ ნაწილში კარგად გამოჩნდა, რომ ის გასაოცარი სიფაქიზით იცნობს თავის აუდიტორიას. ინგლისურად მას არ უსაუბრია „გასამხედროებული“ თავდასხმების საფრთხეზე „გეი პრაიდის“ მონაწილეების მიმართ. ფაქტობრივად, მან დასავლელი მსმენელი დაარწმუნა იმაში, რომ საქართველოში ხალხს სექსუალური ორიენტაციის გამო „არავინ სდევნიდა, ჩაგრავდა ან სცემდა“. ბოლოს, ვასაძემ ამერიკელ კონსერვატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მას საქართველოში „რელიგიური თავისუფლების“ და „თავისუფალი სიტყვის“ დაცვაში – იმ ღირებულებებისა, რომლებსაც, ვასაძის ხაზგასმით, ისინიც იზიარებენ.

კონტრასტი ვასაძის ინგლისურ და ქართულ გამონათქვამებს შორის საგრძნობია. მსგავსი შეუსაბამოებები ვასაძის ქართული რიტორიკის რუსულთან შედარების დროსაც იკვეთება. ამ ენებს ის მშობლიურივით ფლობს, ხოლო ქონება პოსტსაბჭოთა მოსკოვში მეწარმეობით დააგროვა. რუსული აუდიტორიის წინაშე ვასაძე ენთუზიაზმით უჭერს მხარს დუგინის “ევრაზიულ” ხედვას რუსული იმპერიალიზმის შესახებ. მაგრამ, ქართველ მხარდამჭერებთან ვასაძე – ტრადიციულ სამოსში ჩაცმული – როგორც მთავარი ქართველი ნაციონალისტი (ეროვნული პირი), ისე გვევლინება.   

თავისი პირქუში გამოთქმების მიუხედავად სამივე ენაზე, ვასაძე უდავოდ მჭერმეტყველი და ქარიზმატულია. მას ასევე ბევრად უკეთესად ესმის ამერიკული პოლიტიკური კულტურის ნიუანსები, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობას. მისი ბევრი თეზისი ეხმიანება აშშ კონსერვატორებისას, რომლებიც ეწინააღდეგებიან გარე ჩარევას, მხარს უჭერენ რელიგიურ თავისუფლებას და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ხელშეწყობას. როგორც „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ ორგანიზატორი თბილისში 2016 წელს, ვასაძე ცდილობს შეაღწიოს ამ პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფში. ამერიკელი კონსერვატორები – ყოფილი პრეზიდენტით, ჯორჯ ბუში-უმცროსით დაწყებული, აწ გარდაცვლილი სენატორ ჯონ მაკკეინით და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსით დამთავრებული – გამოირჩევიან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე ცნობილ დამცველთა შორის მსოფლიოში. ამიტომ, ვასაძის შესაძლებლობა, რომ მისწვდეს ამ ამომრჩევლებს, განსაკუთრებით საგანგაშოა.

ტრამპისადმი მიმართვაში 13 ივნისს, ვასაძემ გაახმოვანა კრემლის ნაცნობი მოთხოვნა: გაათრიეთ აშშ საქართველოდან. ჩვეულებრივ, ეს პირდაპირ უარყოფილი იქნებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია, ისევე როგორც აშშ-ს პოლიტიკოსები ორივე პარტიიდან, საქართველოს შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ მიიჩნევენ და გმობენ რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციას. მაგრამ, ვასაძემ კრემლის მოთხოვნა დახვეწილი ფორმით წარმოაჩინა და ფრთხილად შერჩეული სიტყვებით მიმართა კონსერვატორი ამერიკელების გავლენიან ნაწილს. იმ დროს, როდესაც საქართველოს ადგილი პოლიტიკური პრიორიტეტების სიაში დაბალია და როდესაც ცოტა ამერიკელს თუ ესმის რეგიონალური კონტექსტის ნიუანსები, ვასაძის გზავნილს შესაძლოა რეზონანსი ჰქონდეს თბილისის ფარგლებს გარეთ.

მაგალითისთვის, ავიღოთ პეტ რობერტსონი, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ევანგელისტი ქრისტიანი. მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რობერტსონმა დაგმო მოსკოვის მხრიდან „პატარა ერის სასტიკი დანაწევრება“ და გააფრთხილა „რუსული აგრესიის მოსალოდნელი თანმიმდევრული შედეგების შესახებ“. მაგრამ, 2016 წელს რობერტსონის არხზე – CBN News – გავიდა ღრმა და  ყოვლისმომცველი ინტერვიუ ლევან ვასაძესთან, სადაც ვასაძემ თავი წარმოაჩინა, როგორც ქართული ეროვნული იდენტობის დამცველმა – და არავითარი მინიშნება თავისი პრორუსული დღის წესრიგის შესახებ არ გაუკეთებია.

სწორედ ეს ფორმის ცვლილება არის ის, რაც ვასაძეს ხდის ასე სახიფათოს. ბევრი ადამიანი, ვინც არ ჩაღრმავებია მის გრძელ ინტერვიუებს სამ სხვადასხვა ენაზე, შეცდომით იჯერებს, რომ ის მათ მხარეზეა. ეს ჯგუფი მოიცავს ქართველ, რუს და ამერიკელ კონსერვატორებს. ლიბერალები, კი პირიქით, მას როგორც მასხარას, ისე აღიქვამენ. და ეს მიდგომა ზუსტად ასეთივე სახიფათოა.

ქართველებმა, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში იცხოვრებენ – და მათმა დასავლელმა პარტნიორებმა – არ უნდა ჩამოწერონ ვასაძე, როგორც უბრალოდ ახირებული ადამიანი. სინამდვილეში, საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის ის მზარდ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც უნდა მოგვარდეს, სანამ გვიანი არ არის.

და ეს დრო შეიძლება მალე დადგეს.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა როგორც ნდობა დასავლეთში, ასევე პოპულარობა საქართველოში. გასული წლის განმავლობაში მთავრობამ დაუშვა მთელი რიგი უხეში შეცდომებისა, საქმის შესწორებებით დაწყებული არჩევნების გაყალბებით დამთავრებული, რამაც საზოგადოების რისხვა გამოიწვია. ვასაძე ემზადება, რომ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც შემდეგი წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, წარმოქმნილი სიცარიელე შეავსოს.

„გასამხედროებულმა ფორმირებებმა“, რომლებზეც ვასაძე საუბრობდა, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სახალხო (ე.წ. „გრასრუთ“) კამპანიების დროს, განსაკუთრებით სოფლის ტიპის დასახლებებში, რომელთა მხარდაჭერაზეც სავარაუდოდ ამყარებს იმედებს ვასაძე. არჩევნების დღეს, ამ ფორმირებების გამოყენება შესაძლებელი იქნება ამომრჩევლების დასაშინებლად – ისევე, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ მოუყარა თავი ადგილობრივ კრიმინალურ ავტორიტეტებს საარჩევნო უბნებზე გასული წლის ნოემბერში. საბოლოო ჯამში, ამ ჯგუფებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ფართომასშტაბიან სამოქალაქო არეულობას, რაც მოსკოვისათვის საქართველოს საქმეებში ჩასარევად ხელსაყრელი მიზეზი გახდება.

ივანიშვილი, როგორც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი და მმართველი მარიონეტული პარტიის ბატონი, კვლავ უზარმაზარ ძალას ფლობს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია, მან ნება დართოს ვასაძეს მართვის სადავეები თავის ხელში აიღოს. თვითგამოცხადებულ „არაპოლიტიკურ მოღვაწე“ ივანიშვილს ექვსი წელია არ დაუკავებია არანაირი არჩევითი თანამდებობა და ღიად გაურბის საჯარო ცხოვრებას. მოსკოვთან ივანიშვილის ხანგრძლივი კავშირების მიუხედავად, მისი მთავრობა ცდილობს რუსეთს და დასავლეთს შორის გადაჭიმულ ბაგირზე გაიაროს. ასეთი სტატუს-ქვო არ შეიძლება გაგრძელდეს.

დასავლეთის ზეწოლით, რომ მხარი დაუჭირონ სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომლის კატეგორიული წინააღმდეგიც არის რუსეთი, საქართველოს ყოვლისშემძლე ოლიგარქს აღარ შეუძლია თავი მოაჩვენოს, რომ ორივე მხარეზე თამაშობს. ვასაძისათვის ძალაუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით, დათმობა ივანიშვილს საშუალებას მისცემს დაამშვიდოს რუსეთი და ამავდროულად, შეინარჩუნოს რესპექტაბელურობის მანტია დასავლეთის თვალში. მაგრამ, სასტიკად დამოუკიდებელ ქვეყანაში, სადაც 2008 წლის ჭრილობები ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული, აირჩევს კი ხალხი ლიდერს, რომელიც ასეთი ერთგულია საქართველოსათვის რუსეთის ნების თავს მოხვევის?

შესაძლებელია. პროდასავლური ოპოზიცია ქარიზმატული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებით, დაყოფილი და დასახიჩრებულია. მმართველ პარტიას, რომელსაც მხოლოდ სააკაშვილის სიძულვილი აერთიანებს, არ გააჩნია საერთო, ყველასთვის გასაგები პრინციპები და ქვეყნის მომავლის ხედვა.

ამის საპირისპიროდ, ვასაძე საუბრობს ეროვნული იდენტობის ღრმად ფესვგადგმულ საკითხებზე, იმისათვის, რომ საზოგადოების მანიპულირება მოახდინოს და აფიქრებინოს, თითქოს ეროვნულ ინტერესებზე გულწრფელად ზრუნავს. რელიგიაზე ხაზგასმა მას პოლიტიკურ უპირატესობას აძლევს: წლიდან წლამდე გამოკითხვები აჩვენებს, რომ დღემდე ქვეყანაში ყველაზე დიდი ნდობა ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას აქვს. და ახლო მომავალში ეს არ შეიცვლება. საქართველო მთელ მსოფლიოში არის ორიდან ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა, საშუალოდ, უფრო რელიგიურია, ვიდრე 40 წელს გადაცილებული ადამიანები.

თუ ვასაძე შეძლებს, კრემლისადმი თავისი მეგობრული დღის წესრიგის წინ წასაწევად, წარმატებით გამოიყენოს ქართველების რწმენა და სტატუს-ქვოთი უკმაყოფილება, 2020 წლისთვის შეასრულებს იმას, რაც 2008 წელს რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო: დააბრუნებს ამ სასტიკად დამოუკიდებელ ერს მოსკოვის კონტროლის ქვეშ. თუ ჩვენ გვინდა რომ შევაჩეროთ ის, ჩვენ ის სათანადოდ უნდა შევაფასოთ.   

2019 წლის ივნისი. სტატიის ორიგინალი: https://www.neweurope.eu/article/dont-underestimate-the-threat-of-georgias-knight-in-shining-armour/

აქვე გთავაზობთ წერილს:

ლევან ვასაძე – ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები

ჩემს უკანასკნელ ტელემიმართვაში, რომელსაც ერქვა „ჩემი მკურნალობის დასაწყისი“, მე დავპირდი საზოგადოებას, რომ ნაწილობრივ წერილობით ფორმატზე გადავიდოდი, რაც გამოწვეულია ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით.

ეს არ ნიშნავს, რომ მე სრულიად ვეღარ შევძლებ ვიდეო მიმართვების კეთებას, მაგრამ, უახლოეს მომავალში, გამომდინარე ჩემი მდგომარეობიდან, სათქმელის ნაწილს ასე გამოვაქვეყნებ ხოლმე.

სანამ დღევანდელი სათქმელის ძირითად ნაწილს მოგახსენებდეთ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე არ ვაპირებ ამ ჩემი უეცარი და სრულიად უცნაური ავად გახდომით სპეკულირებას და ამ ავბედობის ხარჯზე რაღაც ქულების წერას.

ჩვენს ქვეყანაში იმდენი ადამიანია დაავადებული მძიმედ, იმდენი ბავშვი მკურნალობს ქიმიით, იმდენი გაჭირვება და უბედურება ტრიალებს, რომ ჩემი დაავადება აქ რა მოსატანია.

მაგრამ, ეხება რა საქმე აქ არა იმდენად ჩემს პირად მდგომარეობას, არამედ, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესს, ვალდებული ვარ ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას რა ხდება ჩემს თავს, რათა ფუჭი მითქმა-მოთქმის ოდენობა შევამცირო და საზოგადოებას მივცე საშუალება, თავად გააკეთოს დასკვნები პირველწყაროდან მიღებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თავიდანვე მოგახსენებთ, რომ მე ვერ ვიტყვი გადაჭრით, ეს უიშვიათესი დაავადება, ასე უცნაურად დამთხვეული დროში ჩემს პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენას, აუცილებლად შემთხვევითია, თუ აუცილებლად ხელოვნურად არის გამოწვეული. მე ვერცერთ ვარიანტს აქ ვერ გამოვრიცხავ და, როგორც უკვე მოგახსენეთ, არ მაქვს დიდი იმედი იმისა, რომ ოდესმე სიმართლეს ბოლომდე გავარკვევ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს ერთგვარი ვალდებულება, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე, დაწვრილებით გავიხსენო ის, რაც ამ უმძიმესი თვეების მანძილზე ხდებოდა ჩემს თავს და რის შესახებაც საზოგადოებამ თითქმის არაფერი არ იცის.

წინა ტელემიმართვაში მე დავასახელე ჩემი დადასტურებული დიაგნოზი (AL ტიპის შეძენილი ამელოიდოზი გულის მიოკარდის დაზიანებით) და მოსალოდნელი მეორე დიაგნოზი (მრავალჯერადი მიელომა). (1)*. ამ მეორე დიაგნოზის საბოლოო დადასტურებას სჭირდება ჩონჩხის ე.წ. კონტრასტული პეტ/სკანი, რომლის ჩატარების საშუალებასაც ჯერ-ჯერობით არ იძლევა ჩემი თირკმელების მაჩვენებლები.

პრინციპში, დადასტურდება თუ არა მიელომაც, დიაგნოზის სიმძიმე ამით დიდად არ შეიცვლება: ამილოიდოზი ბევრად უფრო აგრესიული რამაა, ვიდრე მიელომა, განსაკუთრებით AL ტიპის. ხოლო, მიელომისათვის დამახასიათებელი პლაზმა უჯრედების უკვე ნაპოვნი რაოდენობა ჩემს ანალიზებში (განზრახ არ ვწერ რამდენი %), სპეციალისტების აზრით, უკვე სრულიად შესაძლებელს ხდის მიელომის ალბათობას, რომელიც, როგორც ცნობილია, მათ შორის დასხივებითა და მოწამვლითაც არის გამოწვევადი.

ამ დეტალებს იმიტომ მოგახსენებთ, რომ დღეს ვაპირებ გავაჟღერო ჩემი ავად გახდომის რიგი სიმპტომატური და კლინიკური გარემოებებისა, რომლებიც ზემოთხსენებულ ფაქტებთან ერთად კვალს უნდა ტოვებდეს სამომავლოდ იმ სპეციალისტებისათვის – თუ საგამოძიებო თუ სამედიცინო სფეროდან – რომლებსაც შეიძლება ამ ჩემი შემთხვევის შესწავლა დაევალოთ.

მე ექიმი არ ვარ, მაგრამ, ვეცდები მაქსიმალურად კონკრეტული ვიყო მოვლენათა აღწერისას და გავაკეთო ეს ყველასათვის გასაგებ ენაზე.

დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც მე ჩემს ვიწრო წრეში (მათ შორის ტელეფონითაც) დავიწყე მსჯელობა პოლიტიკაში შესვლაზე (ამა წლის მარტი-აპრილი), მე შემეყარა უცნაური ხველა, რომელიც არაფრით არ გამდიოდა და ძლიერდებოდა.

თავიდან არ ვაქცევდი მას ყურადღებას, მაგრამ, მერე ის რაღაც არნახული სიმძიმის ხველად მექცა, მახრჩობდა, ლაპარაკში და ძილში ხელს მიშლიდა და არავითარი წამალი არ შველოდა.

აპრილში, მოსკოვში, ჩვენი ბიზნესკომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ყოფნისას, მეუღლის თხოვნით ჩავიტარე კომპლექსური შემოწმება, “აკადემიკოს ლიადოვის სარეაბილიტაციო ცენტრში”. შემოწმებამ ორი სრული დღე გასტანა და მოიცავდა სრულ კომპლექსს კვლევებისა, ყველა ძირითადი ორგანოსა და ანალიზის ჩათვლით, ყველა თანამედროვე დანადგარისა და ტესტის გამოყენებით. მისი შედეგები დოკუმენტირებულია.

კვლევის დასკვნის მიხედვით ყველაფერი წესრიგში მქონდა, გარდა მოძრაობისას ქოშინის ნორმის დაქვეითებული მაჩვენებლებისა და მომეცა რეკომენდაცია პულმონოლოგთან მისვლისა.

თბილისში მოვფრინავდი და ვესტუმრე ძალიან კარგ პროფესორ-პულმონოლოგს, რომელმაც გამომიწერა ხველის საწინააღმდეგო კურსი, რომელმაც შედეგი ჩემს ხველაზე არ გამოიღო. დათქმულ დროზე დაგვიანებით, მასთან განმეორებით ჩემი მისვლისას, მან შემიცვალა მედიკამენტების ნაწილი, მაგრამ, ხველა მხოლოდ ძლიერდებოდა.

ეს არის უკვე მაისის თვე, მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება პოლიტიკაში შემოსვლისა.

ამასობაში, ჩემი საერთო სურათი საკმაოდ დამძიმდა. ღამით მძიმე ქოშინი, სიარულისას და კიბეზე ასვლისას ქოშინი და მოძრაობაში შეზღუდვა, და ბოლოს, ქვედა კიდურების დასიება, რომლებიც წვივებიდან დაიწყო და ტერფებამდე ჩავიდა, ეს ყველაფერი განუხრელად პროგრესირებდა მაისი-ივნისის თვეების განმავლობაში.

ჩემთვის კიკეთის სუფთა ჰაერზე ჩვეული ვარჯიშით და სრულიად ჯანმრთელი კვებითა და ცხოვრების წესით არაფერი უმჯობესდებოდა.

ძილისას ჰაერის უკმარისობის გამო ლოგინზე წამოჯდომა და მძიმედ სუნთქვა ჩემთვის რეგულარული მოვლენა გახდა.

პულმონოლოგთან მეორე ვიზიტისას, მეუღლემ მთხოვა, იმავე კლინიკაში მუცლის ღრუს რენტგენიც გადამეღო და იქ ერთ ჩვენს ნათესავ ექიმს ღვიძლზე რაღაც არ მოეწონა, თუმცა, მერე ეს მცდარი შიში აღმოჩნდა.

ამასობაში, ქობულეთში მივდიოდით, გურიასა და აჭარაში მხარდამჭერებთან მორიგი შეხვედრებისათვის და გადავწყვიტე, კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებაზე ბათუმიდან სტამბოლში გადავფრენილიყავი, აჩიბადემის კლინიკაში, რომელსაც კარგად ვიცნობ.

მაგ მომენტისათვის ძალიან მძიმედ ვგრძნობდი თავს. დილას ჩემს საყვარელ ზღვაში შევცურე და კინაღამ დავიხრჩვი, ძლივს გამოვედი უკან, იმიტომ რომ, ვეღარ ვმოძრაობდი, თითქოს გული გამიჩერდა, ყველა ნახსენები სიმპტომი გაძლიერებული მქონდა. ჩემს უფროს ვაჟს, შიო-ირაკლის, ბოლო ღამე ჩემთან ერთად ეძინა ნომერში და მეუღლეს დაურეკა, მამა ღამე ისე აჩქარებულად სუნთქავს, არც ვიცი, როგორ სძინავსო.

ნიშანდობლივია, რომ ჩემს სამ მეგობარს და თანამებრძოლს, რომლებთან ერთადაც ბოლო სამი დღე გურია-აჭარაში ვიყავი, რატომღაც ჩემნაირი მახრჩობელა ხველა აეკიდათ იმ დღეებში ერთად ყოფნისას, ლაპარაკისას იხრჩობოდენ და „რა უბედურება არის ესო“, იძახდნენ. მადლობა ღმერთს, როგორც კი დავიშალეთ, როცა მე სტამბოლში გადავფრინდი და ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მათ, სამივეს, ამ ხველამ გაუარათ, რამდენადაც ვიცი, კვალის გარეშე.

ჩემი სტამბოლში გადაფრენის შესახებ მარტო ჩემმა მეუღლემ და ვიწრო წრემ იცოდა, უბრალოდ, ბილეთი შევუკვეთე და ეგ იყო. ვაპირებდი შემოწმებას და 5 ივლისის მოვლენებისათვის საჩქაროდ დაბრუნებას, რათა ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად.

და ძალიან უცნაური იყო, რომ მეორე დილას ყველა ლიბერასტულმა ტელევიზიამ ქვეყანას მოსდო ამბავი ჩემი მოწამვლისა და თურქეთში გადაფრენის შესახებ. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად ცალკე გამოსაძიებელი საკითხია, საიდან და რა იცოდნენ ამ ერთი მესიჯ-ბოქსის ბინადრებმა და რატომ ატეხეს ასეთი ამბავი.

მე კარგად მესმის, რომ ამ ჩვენს უუფლებო ქვეყანაში სუს-იცა და მისი უცხოელი ზემდგომებიც, რასაც უნდათ, იმას უკეთებენ კერძო პირების ტელეფონებს, მაგრამ, ასეთი სინქრონიზაცია ჩემი ცუდად გახდომისა და მათ მიერ ამ ფაქტის ასე გაშუქებისა აუცილებლად გამოსაძიებელია.

23 ივნისს ჩავფრინდი სტამბოლში და მეორე დილას მივედი საავადმყოფოში. გაწერილი მქონდა გრაფიკი სხვადასხვა ექიმებთან შემოწმებისა და სიაში, ისე უბრალოდ, პირველი იყო კარდიოლოგი. აპრილის შემოწმების მიხედვით ხომ გული სრულიად ჯანმრთელი მქონდა.

მანდ მელოდა „საჩუქარი“. ექმიმმა თავის მაგიდაზე დამაწვინა და დამიწყო თავისი აპარატის მოძრავი სენსორით შემოწმება. უცებ შევატყვე, რომ შეცბა, კაბინეტიდან გავიდა და ორ კოლეგას დაუძახა. ისინი დიდხანს აკვირდებოდენ ჩემს სურათს, ერთმანეთს ეთანხმებოდნენ და მომეჩვენა, რომ თანაგრძნობით მიყურებდნენ, როგორც უმძიმესად განწირულ პაციენტს.

მითხრა, ჩაიცვითო და „მახარა“: – არის ეჭვი, რომ თქვენ გჭირთ ერთ-ერთი უმძიმესი, უკურნებელი და უიშვიათესი დაავადება, რომელსაც ამილოიდოზი ჰქვიაო. მე მისი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ გჭირდებათ დამატებითი კვლევები, მაგრამ, მათ გარეშეც გისვამთ ახლავე დიაგნოზს, severe heart failure, გულის მწვავე უკმარისობა, გამოწვეული გულის შიდა კედლის დეფორმაცია/გასქელებით, კედელზე აღგენიშნებათ შხამიანი ცილების კრისტალებისათვის დამახასიათებელი ნათება და გაფრთხილებთ, რომ თქვენი გულის განდევნის (ანუ ჟანგბადის გამოყოფის) ფრაქცია დავარდნილია კრიტიკულ %-მდე (განზრახ არ ვწერ რამდენამდე) და გული შეიძლება გაჩერდეს ნებისმიერ დროსო. უფრო ზუსტ სურათს კონტრასტული მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია გვაჩვენებს, რომელსაც საჩქაროდ გინიშნავთო.

ისიც „მახარა“, შესაძლოა გულის და ღვიძლის საჩქაროდ გადანერგვა დაგჭირდეთ, სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი დიაგნოზით ძალიან დაბალიაო, შემიცვალა დაგეგმილი კონსულტაციების განრიგი საავადმყოფოში და პირველ რიგში, გადამაგზავნა ნეფროლოგთან და გასტროენტეროლოგთან, რათა მათ ენახათ, არის თუ არა შხამიანი ცილების დანალექები – რომლებიც მან გულზე მინახა – უკვე ჩემს სხვა ორგანოებშიც: თირკმელებში, ღვიძლში და სხვაგან. წამალი არაფერი დაუნიშნავს, გარდა ბანალური შარდმდენისა, რომელსაც მერე დავუბრუნდები.

აქედან იწყება ჩემი კიდევ თვენახევრიანი ტანჯვა-წვალებით, მძიმე ანალიზებითა და პროცედურებით, ეჭვებით და ფუჭი იმედებით სავსე გზა, რომელიც სტამბოლის კიდევ ერთ და მოსკოვის სამ საავადმყოფოს მოიცავს, გზა რომლითაც თავს არ შეგაწყენთ.

რადგან თავიდანვე გულის გაჩერების პრობლემა დადგა, მე უმალვე მივმართე ბატონ ლეო ბოკერიას, რადგან „ბაკულევის სახელობის კარდიო-ქირურგიის ცენტრი“, რომლელსაც ის ხელმძღვანელობს, მსოფლიოში ყველაზე მეტ ოპერაციას აკეთებს გაჩერებულ გულზე – წელიწადში 6 ათასს- და ვიფიქრე, ამ მხრივ მაინც ვიქნები დაზღვეული, სანამ კვლევები გრძელდება-მეთქი.

ბატონმა ლეომ უმალ გადმომირეკა, დიაგნოზის იშვიათობიდან გამომდინარე მითხრა, ძალიან დაბალია მაგის ალბათობა, აგერ ნახევარი საუკუნეა ამ საქმეში ვარ და მხოლოდ ორი შემთხვევა მინახავს მასეთი სპეციფიკის, ჩამოდი, ყველაფერი გავარკვიოთო და გადამყვა ზედ, როგორც სჩვევია, და ყველა საჭირო სპეციალისტი მოიზიდა და ჩართო.

შეძენელი, პირველადი AL ტიპის ამილოიდოზი (ანუ არა გენეტიკური) უჩნდებათ ძირითადად მოხუცებს, ვინც წლების მანძილზე დიალიზზე არიან ან მრავალჯერადი მიელომით ავადმყოფობენ და ის, როგორც წესი, თირკმელებში იჩენს პირველად თავს. მე კი – თირკმელები სუფთა მქონდა. მას ძირითადად გარდაცვლილებში პოულობენ აუტოფსიისას და ასე ორ თვეში საღსალამათ კაცს ის გეტაკოს, თან „უკუღმა“, ანუ განვითარების საპირისპირო ლოგიკით, ძალზედ საეჭვოდ ხდიდა დიაგნოზის სანდოობას მხოლოდ გულზე დანახულ სურათზე დაყრდნობით.

ამიტომ გახდა საჭირო მერე გულიდან ნაწილაკების ამოღება, საძილე არტერიიდან შესვლით და გაღრმავებული სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარება. მაგრამ, ეს მერე იყო.

არ შემიძლია, აქვე არ ვახსენო დიდებული ჩვენებური გურჯი კარდიოლოგი, ბატონი ისმეტ მიქელაძე, ახოვანი და ბრძენი კაცი, რომელიც, თავის მეგობრებთან ერთად, სტამბოლში ზედ გადაგვყვა მე და ნინოს და დიდი მეგობრობა გაგვიწია.

ექიმების თაობაზე, მკურნალი ექიმის თაოსნობით ისრაელიდან და ამერიკაში მცხოვრები ჩემი კახელი ძმაკაცის შესახებ, მერე მოვყვები როგორმე.

მაგრამ, ამასობაში, უცნაური ამბები მოხდა ჩემს თავს.

მიუხედავად უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმისა – წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს რვა შვილის მამას, სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, ასეთ რამეს რომ გეტყვიან, რას იგრძნობ – დღიდან ჩემი სტამბოლში ჩასვლისა ჩემი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ასე გაგრძელდა მოსკოვშიც.

დაიწყო იმით, რომ პირველივე ღამეს პირველად დავიძინე კარგად. სრულიად გამიქრა ნახსენები ხველა, რომელიც სამი თვე მახრჩობდა. აბსოლუტურად ჩამიცხრა ფეხები, რომლებიც ფეხსაცმელებში არ მეტეოდა. და მე არა მგონია ეგ მარტო შარდმდენის დამსახურება იყოს.

და თუმცა მძიმე დიაგნოზი სამწუხაროდ დადასტურდა, და თუმცა მე ეს ორი თვე საკმაოდ მძიმე ფსიქო-ნევრალგიურ ფონზე ცუდი ამბების მეტი არაფერი მსმენია ჩემი პერსპექტივების და მდგომარეობის შესახებ, ჩემი შეგრძნებები და სიმპტომები, რომლებიც ზევით აღვწერე, უმჯობესდებოდა.

რაც ყველაზე გასაკვირია, არა მხოლოდ ხველის სრული გაქრობა, ძილისას სუნთქვის მოწესრიგება და კიდურების სრული ჩაცხრობა აღმენიშნა, არამედ, საგრძნობლად გაუმჯობესდა გულის განდევნის (ანუ ჟანგბადის გამოყოფის) ფრაქცია (განზრახ არ ვწერ რამდენიდან რამდენზე), სტამბოლის მაჩვენებლებთან შედარებით მოსკოვში. ეს კი, უკვებლივ ყველა სპეციალისტის ერთობლივი აზრით, სრულიად შეუძლებელია აიხსნას ერთი კინკილა შარდმდენის მოქმედებით, რომლზეც მთელი ეს დრო ვიყავი ამ შოკის მდომარეობაში.

ამან, უკვე მოსკოვში ყოფნისას, ექიმების კონსილიუმს გაუჩინა იმედები, რომ შესაძლოა მე უკვე გადავიტანე პიკი რაღაც სხვა დაავადებისა და პირველი ეჭვი იყო ფეხზე გადატანილ მიოკარდიტზე (გულის შიდა კედლის ანთებაზე). ამ ვერსიაში ითქვა, რომ შესაძლოა ჩემმა გულმა ის აიტანა ძლიერი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ხოლო შიდა კედლის დეფორმაცია მაშინ აიხსნებოდა ე.წ. „სპორტსმენის გულის“ ფენომენით, ანუ გულისა, რომელიც მიჩვეულია დიდ ფიზიკურ დატვირთვებს და ზოგჯერ, ასეთი დარტყმისას, იღებს ასეთ ფორმას.

გამიკეთდა ტესტი გადატანილი მიოკარდიტის ანტისხეულების თაობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ანალიზებმა ეს არ დაადასტურა. ჩემი უარესი დიაგნოზი დადასტურდა და გულის განდევნის (ანუ ჟანგბადის გამოყოფის) ფრაქციის თავისით გაუმჯობესება, ხველის გაქრობას, კიდურების ჩაცხრობასთან და ძილის მოწესრიგებასთან ერთად აუხსნელი დარჩა ჩემი მძიმე დაავადების პირობებში.

თავიდანვე მესმოდა რა, რომ, შესაძლოა, რაც მჭირს, შემთხვევითი არ არის, მე ჯერ კიდევ სტამბოლში ყოფნისას მოვითხოვე ტოქსიკოლოგიური გაღრმავებული ექსპერტიზა, რადგან მესმოდა, რომ თუ საქმე მაქვს მაღალტექნოლოგიურ შეტევასთან, ის რაღაც ბევრად უფრო დახვეწილი უნდა იყოს, ვიდრე ბანალური ღვიძლის ფუნქციები, ბილირუბინის არევა და სხვა. თურქეთში მითხრეს, რომ ამგვარ ექპერტიზას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდებოდა და დავანებე თავი.

საერთოდ, ჩემს თურქ ექიმს შევატყვე, ერთგვარი არ-სურვილი ამ თემაში ჩაღმავებისა, მიუხედავად მისი უმაღლესი კვალიფიკაციისა. შესაძლოა, გაიგეს რა ჩემგან მოწამვლის ვერსია, „დამგუგლეს“, ნახეს ჩემი გამოსვლები ნამოხვანჰესზე, რომლებიც ჩვენმა ლიბერასტულმა მედიამ ანტი-თურქულად შერაცხა, გაიარეს კონსულტაციები „სადაც საჭიროა“ და გაერიდნენ ამ თემას, მე რა ვიცი. ვის რაში აწყობდა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე პაციენტის გულის გაჩერება თურქეთში. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მხოლოდ მადლობა მეთქმის თურქი ექიმისათვის, რომელმაც პირველივე ნახვისას ზუსტი, თუმცა, ჩემთვის სავალალო დიაგნოზის ვარაუდი გამოთქვა და ამით სწორი მიმართულება მისცა დანარჩენ კვლევებს. თუმცა, ისიც მკაფიოდ მახსოვს, მითხრა, აქ ჩვენ ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის ცენტრები არ გვაქვსო და რამოდენიმე ქვეყანა მირჩია.

დავუბრუნდეთ ტოქსიკოლოგიას. მოსკოვში, ბაკულევის ცენტრში ჩამოსვლისას, ვესაუბრე ჩვენს ერთ თანამემამულეს, რომელიც იქ წამყვანი ტოქსიკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი და მსოფლიოში დიდი ავტორიტეტია. მან ამიხსნა, მეტაფორულად, რომ ამგვარი რაღაცეების აღმოჩენა ძალზედ ძნელია. მითხრა, წარმოიდგინე, რომ მანქანა დაგეჯახა და გაიქცა, შენ კი მოტეხილობებს უყურებ და ცდილობ გაარკვიო, რისგან დაგემართაო ეგენიო. მან ამიხსნა, რომ ამგვარი შეტევის შემთხვევაში, აგენტის კვალი ორგანიზმში სწრაფად ქრება, თეორიულად შეიძლება ორიოდე თვე თმაში რჩებოდეს რამე, ისიც, თუ მძიმე მეტალის მარილები იქნა გამოყენებული, მაგრამ, არც ეგ არის გარანტირებულიო. და მე მივხვდი, რომ ჩემი ძალებით ამ ფრონტზე ვერაფერს გავარკვევდი, თან ისედაც ძალიან მძიმედ ვიყავი ფიზიკურად, თან ხომ წარმოგიდგენიათ, მოსკოვში გამოკვლეულ ტოქსიკოლოგიას საქართველოში ვინ დაუჯერებდა და მაგასაც გავანებე თავი, იმიტომ რომ, მაგაზე ბევრად მძიმე გადაწყვეტილებები მელოდა წინ სულ მალე.

როგორი მეთოდიკით ვიმკურნალო, ვისთან, როგორ, ველოდო, არ ველოდო რეკომენდირებულ კოვიდ-აცრებს მკურნალობის დაწყებამდე, თუ დავკარგო კიდევ 3 კვირა აცრების ცდაში და გავრისკო, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდება სხვა ორგანოებზე, თუ მაინც გავრისკო კოვიდის წინააღმდეგ, რომელზეც მითხრეს, მაგ მდგომარეობაში ვერ გადაიტან ამ შენი დაქვეითებული იმუნიტეტის პირობებში დაზიანებული გულითო და ასე შემდეგ. მთელი ეს „მშვენიერი“ თაიგული გადაწყვეტილებებისა ჩემი „ჯილდო“ აღმოჩნდა ამ შოკური თვენახევრის თავზე, რომელმაც უმძიმეს რამოდენიმე დღეში მოიყარა თავი.

რომ მივხვდი, რომ ამ ლოგიკურ აბლაბუდას ვერ ვერევი, ვილოცე და უფალს ვთხოვე, შენ გადაწყვიტე, რა და როგორ ვქნა-მეთქი, და ასეც მოხდა. ღვთის მადლითა და მეგობრების დახმარებით ყველა გადაწყვეტილება მივიღე და მკურნალობა ორი კვირაა დავიწყე, მივენდე უფალს და ყველა ძალა მოვიკრიბე მაგარი ჯახისათვის ამ დაავადებასთან, არაფერს დავუთმობ და არაფერს შევარჩენ, რამდენადაც ეს ჩემს ძალებშია. ქიმია ძნელია, მაგრამ, უფრო ძნელია ისწავლო იყო ავადმყოფი და თვალი გაუსწორო ათას დეტალსა და ალბათობას, არ შეაწუხო სხვები, რამდენადაც შეგიძლია, და გააგრძელო ცხოვრება და ოჯახისა და ქვეყნის მსახურება. გულს მიმაგრებს და მახარებს ამდენი თანამლოცველი, მგონი, მხოლოდ მაგით ვარ აქამდე, გულს მიჩუყებსა და მაღიმებს „ყველაფერი კარგად იქნება, მე ვიცი!“ არხეინი კომენტარები, ესოდენ დამახასიათებელი ამ ჩვენი უსაყვარლესი კულტურისათვის.

მაგრამ, აი რა შემიძლია დანამდვილებით ვთქვა: მე რომ თბილისში დავრჩენილიყავი, ან როგორც ვაპირებდი, სტამბოლიდან დავბრუნებულიყავი 5 ივლისამდე, არსებობს ალბათობა, რომ იმ აუხსნელ გაუმჯობესებებს, რომლებიც ზემოთ აღვწერე, ადგილი არ ჰქონოდა.

ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ 5 ივლისის მოვლენების შედეგად, რაც არ უნდა მექნა, მაინც მე დამბრალებოდა ყველაფერი, და არა ხალხის სამართლიან რისხვას, და ჩემი დაპატიმრება მომხდარიყო. იქ კი ჩემი გულის უკმარისობა მხოლოდ გაღრმავდებოდა და ვინ იცის, რა შედეგამდე მივიდოდა. ის რომ, ამილოიდოზის მიკროფოლაქების შხამიან ნათებას გულის შიდა კედელზე მე ვერავინ დამინახავდა ციხის საავადმყოფოში, ეგ მგონი ფაქტია. და მერე ეძახა ნინოს, ქმარი ჯანმრთელი მყავდაო.

იმაზეც ბევრი ვიფიქრე, მომეყოლა ეს დეტალები საჯაროდ თუ არა.

თუ მკლავდენ, ეს ხომ მათთვის ინსტრუქციაა, თუ რა არ გამოუვიდათ, სამომავლოდ.
თუ შემთხვევით დავავადდი, ეს ხომ ხალხის ტყუილად შეწუხებაა შენი განსაცდელით.

მაგრამ, მაინც გადავწყვიტე მეთქვა, გინდა თავდაცვისათვის, გინდა ჭორებისა და უაზრო მითქმა-მოთქმის შესამცირებლად.

არის თუ არა შესაძლებელი, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანაში, რომ ამგვარი სცენარი ვინმეს განზრახ განეხორციელებინა? ვის აწყობს, ისედაც არ არსებული ეროვნული პოლიტიკური ფრონტის ვერ გაერთიანება და მართული რადიკალების ამარა დარჩენა? ვის აწყობს, ლიბერალური ნაც-ქოცური დიქოტომიის ხელუხლებლად დატოვება და აქეთ-იქით ქანაობა, სანამ ქვეყნის ნარჩენებიც იღუპება? არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე და ჩემნაირები, ვინც ხელს არ ვაწერთ ლჭყპტ ერთგულების ფირმანებს, რათა უსაფრთხოდ ვიაროთ ჩვენსავე ქვეყნის ქუჩებში, ვინმეს ყელში ვეჩხირებით, და რომ ამ ვინმეს, თავისი ავადმყოფური პოლიტტექნოლოგიური სამზარეულოს შიგნით, ასეთი რამ დაეგეგმა, ღვთის შიშის გარეშე? რა თქმა უნდა.

ასეთ შემთხვევაში ნიშნავს, რომ მე შეუსრულებელ შეკვეთად ვრჩები ლიკვიდაციისათვის. ვის აწყობდა ასეთი რამ? როგორი სცენარით წავიდოდა მაშინ მოვლენები ქვეყანაში? არავინ იცის.

ამავე დროს, არის თუ არა შესაძლებელი, რომ მე უბრალოდ შემეყარა ეს იშვიათი დაავადება მაინცდამაინც პოლიტიკაში შესვლისას? რა თქმა უნდა, ეგეც შესაძლებელია.

ნიშანდობლივია, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში, ექიმებთან კონსულტაციებისას, მე, შეძლებისდაგვარად, თუმცა ამისათვის არ მცხელოდა, ვსვამდი განმეორებით ერთსა და იმავე კითხვას: შესაძლებელია თუ არა ასეთი დაავადების ასე უეცრად გამოწვევა ხელოვნურად?! ჩემი ექიმები, ვისთანაც მე ხელი მიმწვდა კონსულტაციაზე, ამერიკაშიც, რუსეთშიც, ევროპაშიც, ისრაელშიც და თურქეთშიც, ამას ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ, იმიტომ რომ, პასუხი ამ კითხვაზე სხვა კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება.

მაგრამ, აი, მიელომასათვის დამახასიათებელი პლაზმა უჯრედები, აღმოჩენილი მენჯის ძვლის გაბურღვითა და ძვლის ტვინის, ძვლის ნაწილაკებისა და სისხლის დამატებითი ანალიზების საფუძველზე, უკვე ცალსახად მეტყველებს, როგორც მინიმუმ იმაზე მაინც, რომ მე მაქვს ნიშნები დაავადებისა, რომლის გამომწვევ მიზეზებშიც ცალსახად მითითებულია დასხივება და რადიაციული მოწამვლა.

იმ ძალზედ მცირედან რაც მე გავარკვიე, გეგონება სხვა საქმე არ მქონდეს, ამგვარი მოწამვლა ხდება ხშირად სასწმელ წყალში იზოტოპური ნივთიერების გარევით, რომლის მიღების შემდეგაც ადამიანის ორგანიზმი დასხივებისას ვეღარ უძლებს რადიაციას. დასხივება შეიძლება მიმართული აპარატურით, ამისათვის სამფეხაზე მდგომი ვიდეოკამერის კამუფლაჟიც ივარგებს და ბუჩქებში მჯდომი ოფიცერიც, რომელსაც მიაჩნია, რომ უბრალოდ ბრძანებას ასრულებს და სამშობლოს იცავს უდანაშაულო კაცის მოკვლით. ასეთ შემთხვევაში, ესვე დასხივება გვერდზე მგდომებზეც მოქმედებს, მაგრამ, ნაკლკებად და დროებით, აქედან, შესაძლოა ჩემი მეგობრების ხველაც ქობულეთში. მაგრამ ეს ისე, საჯაშუშო ჟანრიდან, იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიაა.

შევაჯამოთ:
– საიდან ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც წლები ვითარდება, მაინცდამაინც იმ 2 თვეში, რაც პოლიტიკაში შემოვედი, როცა აპრილში საღ-სალამათი გახლდით?
– რა მსგავსი ხველა ეტაკათ ჩემს მეგობრებს ქობულეთში, რომელმაც გაუარათ და რაც მთავარია, რაც სამშობლოდან წამოვედი, სად გაქრა ჩემი ხველაც, კიდურების დასიებაც და ძილის შეუძლებლობაც, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ცუდის მეტი არაფერი მსმენია და განმიცდია?
– რატომ, რისი წყალობით გაუმჯობესდა გულის ფუნქცია ყოველგვარი წამლის გარეშე?
– და რაც მთავარია, საიდან იცოდა ლიბერასტულმა მედიამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? რატომ შერაცხა ის ერთხმად მოწამვლად? და საიდან იცოდნენ იმის შესახებ, რომ თურქეთში გავემგზავრე?

თუ ამ გარემოებათა აღწერის მერეც ჩვენი სახელმწიფო და სუს-ი კვლავ გასუსულები დარჩებიან ამ შემთხვევის მიმართ, ესეც რაღაცის ნიშანი იქნება ჩემთვის.

ახლა წინ მაქვს მძიმე მკურნალობა ძალზედ სახიფათო დიაგნოზისა და ეს ყველაფერი დაზიანებული გულის ფონზე. უკვე დავკარგე 11 კილო და სიარული ჯერჯერობით დიდად აღარ მეხერხება, და ეს მხოლოდ დასაწყისია ქიმიისა და მერე რა ვიცი რისა.

წინ გრძელი გზაა, და ვიცი, როგორც ამას ჩემი ერთ-ერთი მამა იტყოდა, „რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე”.

გულში საოცარ ნუგეშსა და ძალას ვგრძნობ. ამ დღეებში ენით აღუწერელი ბედნიერება მეწვია, მისმა უწმინდესობამ დამირეკა და დამლოცა, ვისაც ეს განგიცდიათ, იცით რაზე ვსაუბრობ.

ამ ქვეყნად არაფერია შემთხვევითი: ამ წერილს გწერთ მთავარი მკურნალი წმინდანის, პანტელეიმოინის ხსენების დღეს. შეეწიოს წმინდა მოწამე პანტელეიმონი ყველა სნეულსა და ტვირთმძიმეს, მაშვრალსა და დამწუხრებულს ჩვენს სამშობლოში და მთელს ქვეყანაზე.

შემინდეთ, თუ თავი შეგაწყინეთ.

ამ დღეებში გავაგრძელებთ ჩვენს საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ჩვენს საოცარ თანამებრძოლებთან ერთად და ბევრ საინტერესოს და დამაიმედებელს შეგატყობინებთ. მე ვიქნები მაგ ბრძოლაში ბოლომდე, როგორც გამიშვებს ჯანმრთელობა. მე არ შემიძლია ამ მდგომარეობაში გავჩერდე, დავნებდე ავადმყოფობას, ან უკან დავიხიო. ეგ არ არის ვაზის ლერწის ზურგზე დამკიდებელი მეომრის წესი.

დამოუკიდებლად ამ ჩემი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზისა, მე მთელი გულით ვმადლობ უფალს და მხნედ ვარ. ექიმები მაიმედებენ და ოჯახი და მეგობრები გვერდში მიდგანან. ჩვენს მტრებს ერთი არ ესმით, ურევია აქ მათი დინგი თუ არა, ჩვენთვის მთავარი მარადისობაა. რისა მეშინოდეს?!

* (1). მრავალჯერადი მიელომა – ანუ სისხლის კიბო, ეს დიაგნოზიც ლევან ვასაძეს საბოლოოდ დაუდასტურდა.
____________
ლევან ვასაძე
09 აგვისტო, 2021 წ.

ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური” (სრული ვერსია): https://eri.ge/2021/09/05/mtlianiversia/