საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი – (ე.რ.ი.)” შეიქმნა 2021 წლის 6 მაისს, გიორგობას.
მოძრაობა მიზნად ისახავს საქართველოში საზოგადოების იმ წევრების გაერთიანებას, ვისთვისაც ძირითადი ფასეულობები და მიზნებია:
– ქართველი ხალხის და საუკუნეების მანძილზე მასთან ერთად მცხოვრები სხვა ეროვნების თანამემამულეების ტრადიციების პატივისცემა და დაცვა;
– საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოში წარმოდგენილი სხვა ტრადიციული რელიგიების პატივისცემა და შემწყნარებლობა;
– საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
– საქართველოს მიერ კეთილმეზობლური ურთიერთობების გამყარება;
– ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლების გამოსწორება და მიმდინარე გაუარესების მდგომარეობიდან მათი ზრდაზე გადაყვანა;
– უფროსების პატივისცემა და უმცროსებზე ზრუნვა, ოჯახის ინსტიტუტის დაცვა და გამყარება;
– ქვეყნის მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ადამიანის შრომის დაფასება და ქვეყნის კეთილდღეობის განუხრელი გაუმჯობესება;
– ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხის მუდმივი გაძლიერება;
– დაცლილი რეგიონების ბედნიერი ოჯახებით კვლავ უხვად დასახლება;
– ემიგრანტებისთვის სამშობლოში დაბრუნების პირობების შექმნა;
– ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება;
– ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანების და თანამეგობრობის განხილვა საქართველოს გაძლიერების, მთლიანობისა და მისი ტრადიციების დაცვისთვის მარგებლობის თვალსაზრისით;
– ქვეყნისთვის დამანგრეველი ნებისმიერი ანტიადამიანური და ანტიტრადიციული მანკიერებების და უწესრიგობის აღკვეთა;
– ქვეყანაში სიმშვიდისა და სამართლიანობის ზეობისათვის აუცილებელი რეფორმებისა და ქმედებების განხორციელება.
ამ ფასეულობათა დაცვისა და მიზნების მისაღწევად, საზოგადოებაში ერთიანდება საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები და ასევე მის ფარგლებს გარეთ, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი ყველა თანამემამულე, ვინც მზადაა შესაძლისი წვლილი შეიტანოს – ვისაც როგორ სურს და ძალუძს.
ჩვენი საზოგადოების წევრთა ერთობა ეყრდნობა მკაფიო, აღზრდისთანავე შესისხლხორცებულ ცოდნასა და სიყვარულს ჩვენი ერთობლივი რაობისა, რომელიც შეადგენს ქართული ტრადიციული კულტურის შინაარსს და იტევს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხების უმშვენიერეს კრებულს.
ჩვენი საზოგადოების წევრების მომავლის ხედვა განმსჭვალულია ღმერთისა და ერთმანეთის იმედით, რომელიც პატრიოტი და ღვთისმოშიში, წესიერი და მშრომელი, მეოჯახე და ერთგული ადამიანების ცხოვრების წესზეა დაფუძნებული. ცხოვრების ეს წესი გულისხმობს ჭირთათმენის, საკუთარი შეცდომების და სისუსტეების დანახვისა და დაძლევის უნარს, და შეადგენს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებასა და ჩვენი ხალხის ხასიათის საერთო თვისებას.
ზემოთ ხსენებული ფასეულობებისა და მიზნების დაცვისა და მიღწევისათვის, საზოგადოებრივ მოძრაობას ასევე განზრახული აქვს ღირსეული წვლილი შეიტანოს, როგორც ქვეყნის იდეოლოგიური გაჯანსაღების, ასევე მისი პოლიტიკური ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამისათვის, იგი ემზადება პოლიტიკურ პარტიად გარდასაქმნელად, როდესაც ამის უახლოესი საჭიროება იქნება.