ამა წლის 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერი“ საზოგადოების პოლარიზების თავიდან აცილების მიზნით, 1-5 ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარების აკრძალვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართა.
აღნიშნული კვირეულის გაუქმების საფუძველი „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-10 და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტებია:
მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება:
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 11. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება:
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.
მოძრაობამ „ერი“ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა „ერი“-ს მოწოდებას და განაცხადა, რომ „…ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“, ვერ დავინახეთ აღმასრულებელი ხელისუფლების მკაფიო გადაწყვეტილება აქციის გაუქმების შესახებ.
აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის, რომელთა ღირებულებებს იმედია თქვენც იზიარებთ, აღნიშნული კვირეულის ჩატარება აბსოლუტურად მიუღებელია. შესაბამისად, საზოგადოება და მათ შორის ჩვენც შევეწინააღმდეგებით ამას ყველა კანონიერი საშუალებით. მოგიწოდებთ, დადგეთ საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე, არ დაუშვათ სიტუაციის ესკალაცია და შესაძლო უმართავი პროცესები, რითიც შეიძლება ისარგებლონ გარე ძალების მიერ მხარდაჭერილმა დესტრუქციულმა ჯგუფებმა. შეგახსენებთ, რომ პასუხისმგებლობა უარყოფით შედეგებზე მთლიანად დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
ნუ დავაყენებთ ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს საფრთხის წინაშე. თქვენ ხელთ გაქვთ სიტუაციის განმუხტვისათვის საჭირო ყველა საშუალება.
იმედს ვიტოვებთ, რომ მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება. საქართველოს წინაშე უამრავი პრობლემა დგას და ნუ გადავაყოლებთ ჩვენი განვითარების პერსპექტივას ერთი მუჭა უპასუხისმგებლო ჯგუფის ინტერესებს.
საზოგადოებრივი მოძრაობა – ერთობა, რაობა, იმედი (ე.რ.ი.)
Recent Comments