
ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ჩვენი დაცემული მდგომარობისა, არის დანაშაულის დამფარველობა.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ საკუთარი საზოგადოებისა და ერის უარყოფით თვისებებზე საუბრის უფლება მხოლოდ მას აქვს, ვისაც უზომოდ უყვარს ეს საზოგადოება და ერი და არა იმას, ვინც ბოღმითა და ღვარძლით სავსე მოღალატეა მისი.
ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ, სწორედ ასეთი ადამიანების წინ წამოწევასა და ხმის ამაღლებას გულისხმობს, ისინი კი, ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან და მათგან არაფრის მოსმენა არ გინდა ადამიანს – თუნდაც სამართლიანისა შენს ერზე – იმიტომ, რომ გესმის, რომ ამ ხალხს ისე სძულს ქვეყანა და ხალხი რომელშიც ცხოვრობენ, ისე უნდათ მისი დასჯა და გადაკეთება, რომ მათი სამართლიანი განკითხვა ერის უარყოფითი თვისებებისა, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია, სრულიად გადაზელილია მათსავე ღვარძლიან და გესლიან სიძულვილში ჩვენი ერისა და მისი დიდებული თვისებებისა.
ამავე დროს, ამ უკუღმართ დროებაში, ის ხალხი, ვინც უანგარო და გულწრფელი ეროვნულობით გამოირჩევა, წესიერად ცხოვრობს და ცდილობს რამენაირად შეეწიოს არა მხოლოდ თავის ოჯახსა და სამეგობროს, არამედ ერსაც, სრულიად იგნორირებული, ჩაქოლილი, დაცინული და ცილნაწამებია ამ ჩვენი ქვეყნის მმართველი უცხოური ძალისა და მისი აქაური შიკრიკებისაგან.
ამიტომ, როდესაც ეროვნულ ადამიანს, გამონაკლისის სახით, რატომღაც, ცოტა ხნით ტრიბუნა ეძლევა, ეს იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ ხშირად ის არჩევს კარგზე დახარჯოს ეს შეზღუდული დრო და არა ერისათვის ესოდენ საჭირო კრიტიკაზე.
შეხედეთ უფროსი თაობის მარგალიტ ადამიანებს, რომლებიც სულ უფრო ნაკლები გვრჩება, და რომლებმაც ჩვენზე ბევრად უკეთესად იციან ჩვენი მანკიერებები, თითქმის ვერასოდეს ვერ ნახავთ მათ გაუღიმებელს ტრიბუნაზე – მასმედია პლატფორმებს ვგულისხმობ – და ისინი ყოველთვის საუბრობენ ქართულ კულტურასა და ჩვენი საზოგადოების ნატიფ მხარეებზე.
ეს უმაღლესი დონეა შეგნებისა, და ისინი ამას ხშირად აკეთებენ არა იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთ არ იციან თუ რა გვჭირს, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთ ესმით ცხოვრების წარმავალობა, საკუთარი დარჩენილი დროის სიმცირე, და ისინი ცდილობენ, ცდილობენ, თუნდაც, ყოვლად ტუტუცი და გაუნათლებელი ჟურნალისტის გვერდზე ჯდომით, რაღაც სინათლე შემოიტანონ ამ ჩვენს უკუნეთში, რომელსაც ქართული მედია ჰქვია.
მაგრამ, ყველაფერ ამის შედეგად გამოდის, რომ თვითკრიტიკა, რომელიც ჯანსაღი ერისათვის აუცილებელია, სრულიად რჩება საზოგადოებრივი დისკურსის მიღმა, და მის ადგილს იკავებს ალქაჯების სისინი ერის წინააღმდეგ.
ეროვნულობის დამბრალებელი მლიქვნელები კი, ხშირად, მხოლოდ ფაშიზმამდე მიმავალი ლოზუნგების ბრაგუნში არიან – მათზე მე დაწვრილებით მეწერა ერთ-ერთ წინა თავში.
ასეც არ შეიძლება. ამიტომ ვაძლევ მე ზოგჯერ თავს უფლებას, შევეხო ჩვენი დაცემული მდგომარეობის ფაქიზ, უხერხულ მხარეებს და ვისაუბრო მათზე.
მაშ ასე, დანაშაულის დამფარველობა.
საუკუნეების მანძილზე უცხოელი დამპყრობლების ქვეშ მყოფი მცირე ერებისათვის, რაოდენ დიდი ისტორიაც და კულტურაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ეს ძალზედ დამახასიათებელი თვისებაა.
სახელმწიფო უმეტესწილად სხვისია, პართიის, ბერძნების, რომაელების, არაბების, მონღოლების, სპარსელების, სელჩუკების, რუსების, ამერიკელების, შენ კი – ვასალი ხარ.
მათ, დიდ იმპერიებს, თავიანთი ჰორიზონტები აქვთ, თავიანთი წესები. იმპერიის შემქმნელი ხალხისათვის იმპერია მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფო, ის რელიგიასთან უფრო ახლოა. ამიტომ უჭირთ მათ ამ ორის განცალკევება ხშირად, და როცა ზედმეტი მოსდით – ინგრევიან კიდეც.
ჩვენნაირებს, თუმცა მთლად ჩვენნაირი არავინაა, სხვა გზა აქვთ. თავისის შენარჩუნებისა იმპერიების შიგნით.
ამიტომ, დანაშაული ჩვენთან დამპყრობლისაგან დაფარვის ტოლფასია ხშირად, ფსიქოლოგიურად. ეს გაიგივება იმდენად ღრმადაა ჩვენში გამჯდარი, რომ ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ მის გავლენას ჩვენს ეროვნულ შეგნებაზე.
ჩვენი ზმნები, ტერმინები და იდიომები, რომლებსაც ჩვენ ამ მოვლენის აღსაწერად ვხმარობთ, ხშირად, უძველესია და აუხსნელი მეტამორფოზების შედეგად არის შემონახული ჩვენს უღრმეს კულტურაში.
ასე, მაგალითად: „სიქოფანტები“ იყვნენ ათინელები, ვინც პლატონის დროს, ანუ ჩვ. წ. ა.-მდე მეოთხე საუკუნეში დადგინებულნი იყვნენ ლეღვის დაბალმოსავლიანი წლების დროს, როგორც ერთგვარი ზედამხედველები ლეღვის ბაღებში, რათა არ დაეშვათ ლეღვის მომგებიანი ექსპორტი ათენიდან ვაჭრების მიერ. ისინი ლეგენდარული მოქნილობით იმალებოდნენ ლეღვის მდიდარ ფოთლებში და ოსტატურად ასმენდნენ და აჭერინებდნენ კანონის დამრღვევებს, რომლებსაც სასტიკი სამართალი ელოდათ პნიკას კლდეზე.
მე არ ვიცი რომელი კოლხი ან იბერი მონაწილებდა ამ ბრძოლაში რომელ მხარეს, მაგრამ, სრულიად ცხადი და შესაძლებელია, რომ ეუფემიზმი „სიაფანდი“, ნეგატიურ კონტექსტში შემორჩა ჩვენს კულტურაში სწორედ მაქედან, იმიტომ, რომ ქართველური ტომების შეგნებაში დამსმენი ცუდია და არა კარგი.
ან რად ღირს ჩვენი ზმნა „ჩაშვება“, რომელიც არ ითარგმნება.
ინგლისში ცხოვრებისას, ჩვენ მუდმივად ვაწყდებოდით მასწავლებლებისაგან მოწოდებებს ჩვენი შვილებისადმი დაესმინათ კლასელები და სრულ გაუგებრობას მასწავლებლების მხრიდან რამის ახსნის მცდელობისას. ეს იყო რეგულიარული მოვლენა. უფრო მეტიც, ჩვენს შვილებს უწევდათ ხშირად უსამართლო დასმენების დათმენაც ჩვენი მითითებით, ოღონდ თავიანთი წესი არ დაერღვიათ.
იგივე არის რუსეთშიც და ნებისმიერ დიდ იმპერიულ ხალხში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ და ირლანდიელები კარგები ვართ (თუმცა ჩვენ ასე ვთვლით), ან რომ ინგლისელები და რუსები არიან კარგები (თუმცა ისინი ასე თვლიან).
ამ უღრმეს კულტურულ განსხვავებაზე აღმოცენდა ის გიგანტური ხეც, რასაც კანონიერი ქურდების ინსტიტუტი ჰქვია, გასული საუკუნეების ოცდაათიანი წლების დასაწყისში. თუმცა, იქ კიდევ სხვა ფაქტორიც იყო, რომელსაც მე მატრიარქატის გამეფებისადმი დისიდენტურ პატრიარქატს ვუწოდებდი, მაგრამ, ეს ძალიან ღრმა თემაა, აქ ვერ დავატევ.
ასეა თუ ისე, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც „ჩვენ“ ძალიან მალე კრავს პირს საზოგადოებრივის წინააღმდეგ და ყველაფერს უმალავს მას. ეს „ჩვენ“ შეიძლება იყოს პოლიციელების ჯგუფიც, მიდი აბა შეაღწიე მათთან და გარედან რამე სამართალი ნახე, სკოლელებისაც, სპორცმენებისაც, ნათესავებისაც, ვისიც გნებავს. ეს „ჩვენ“ წებდება ძალიან მალე, თუმცა, ხშირად, ძალიან მალეც იშლება და ღალატობს ერთმანეთს.
ძირითადი პრინციპი მისი მოქმედებისა არის: „ჩვენ“ სამართალზე მაღლა ვართ, ჯერ თქვენ მოგიშორებთ თქვენი სამართლიანად, და მერე ჩვენში გავერკვევით კაცურად. მთავარი, პირველი ამოცანა არის საიდუმლოს შენახვა და თქვენგან, ანუ საზოგადოებისგან, ან კანონისგან სასამართლოსა და სასჯელის აცილება. მერე ჩვენით გავერკვევით.
ეგ საერთოდ არა აქვთ იმპერიულ ხალხებს. ამიტომ არიან ისინი ნაკლებად ჯიგრები, მეტად უგულოები მეგობრობაში, მაგრამ, ამიტომ აქვთ მათ სხვაზე ძლიერი სახელმწიფოები.
სიღრმე ამ პრობლემისა, სახელმწიფოებრივ მშენებლობაში, საჭიროებს ფილიგრანულ გააზრებასა და ქმედებას. არც ტერორით და არც პროპაგანდით იგი არ გვარდება, ამის მოწმეები არიან წითლებიც, რუსების თაოსნობით და ცისფრებიც ამერიკელების და სააკაშვილის თაოსნობით.
როგორ ამოვიდეთ ჩვენ ჩიხური დანაშაულის დამფარველობის სინდრომიდან, რათა ქვეყანა ავაშენოთ და მაინც შევინარჩუნოთ ის, რასაც ჩვენი ზნეობრივი კოდექსი ჰქვია, როგორც კუთხურ, ისე საერთო საქვეყნო დონეზე, აი, კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავე, რასკოლნიკოვი, თეოდორე დოსტოევსკის გენიალურ რომანში, თავისი ჯოჯოხეთური გზის ბოლოს სახარებას შლის და მის კითხვას იწყებს და მანდ მოსდის მკითხველს განცდა ამ უბედური სულის დაშოშმინებისა.
იგივე ხომ არ გვეცადა ჩვენც?
ლევან ვასაძე
30.08.2021
Recent Comments