ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური”. XVI თავი

ვისაუბროთ ერთობისა და პირველობის შესახებ. 

ამ ორზე ერთად, იმიტომ, რომ პირველი ყველას გვიჭირს და მეორე – ყველას გვინდა. 

ჩვენი ეს თვისებები იმ ჩამონგრევის შედეგია, რომელსაც ტრადიციული, იერარქიული საზოგადოების განადგურება ჰქვია. 

თავად ამ სიტყვაზეც, იერარქიაზეც, ანუ უფროს-უმცროსობაზეც კი, მოდერნის ჰიპნოზი გვაიძულებს ლამის ალერგიული რეაქციის მიცემას, იერარქია ჩვენი ამაყი სულებისათვის რაღაც მეტ-ნაკლებობას ნიშნავს, ჩაგვრას, წინსვლის შესაძლებლობის ხელოვნურ შეზღუდვას და რა ვიცი კიდევ რას.

ხალხის მკვლელი ფრანგი რევოლუციონერების ლოზუნგების ექო მე-18 საუკუნის ბოლოდან ჩაგვესმის ჩვენს კავკასიურ ყურებში, და მას, ანუ ლიბერალურ გადატრიალებას მოყოლილი ორი შემდგომი ამბოხი მისი ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ – მარქსისტული და ნაცისტური – მთლად გვირევს ტვინს, და განა მარტო ჩვენ. ამ სამ დამპალ ხეს შორისაა დაკარგული კაცობრიობის ის ნაწილი, რომლისაკენაც ჩვენ მივილტვით გაუთავებლად და შეცდომით.

მაგ სამიდან ერთიღა დგას, ამ სამში ყველაზე ძველი – ლიბერალიზმი, იმ ორისაგან კი კუნძებიღა დარჩა, რომლებიც სულ ცდილობენ კვლავ ამოისხან ტოტები ჩვენს ცნობიერებაში, და თითქოს, აღარ დარჩა აღარაფერი ამ ქვეყნად ამ მრუმე სურათის გარდა, რომელსაც მოდერნი ჰქვია. ამ სურათის გამხიარულების, მისი ალოგიკურობის რელიგიის დონეზე დაჯერების და სათაყვანო კულტის ხარისხში აყვანის მცდელობას კი უკვე – პოსტმოდერნი, რომელზეც ბევრს კამათობენ როდის დაიწყო, ზოგს 1968 წლის პარიზი მოჰყავს ათვლის წერტილად, ზოგს ჩერჩილის „ფულტონის სიტყვა“, ზოგს კი, სულაც ჯერ ტროცკის და მერე როკფელერ ფონდის მიერ დაფინანსებული ფროიდის ვოიაჟი ამერიკაში. მე კი ვთვლი, რომ ეს მოხდა ბიოლოგთა იმ უცნობ კონფერენციაზე, სადაც საბოლოოდ გაირკვა დარვინის თეორიის სამეცნიერო დაუმტკიცებლობა და ამის მიჩუმათება და რწმენის ხარისხში გადაყვანაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

ასეა თუ ისე, თუ დარჩენილი ლიბერალიზმის ხის ქვეშ არ მოკალათდი და მისი შხამიანი ნაყოფით არ იკვებე, იმ წამსვე ბრალი გედება, რომ იმ ორი კუნძიდან ერთ-ერთის მოტრფიალე და გულშემატკივარი ხარ – ეს კი სასიკვდილო განაჩენია. 

და ადამიანი, გაჭედილი ამ ტიტველ პეიზაჟზე, იძულებული მხარი აუბას საერთო გუგუნს, საკუთარ თავისუფალ არჩევანად ასაღებს ისეთ გაუგებარ და გაუგონარ სიცარიელეებს, როგორებიცაა „ადამიანის უფლებები“, „თანასწორობა“, „დემოკრატია“, „გენდერი,“ და სხვა.  სანაცვლოდ იღებს სალაფავს, ადგილს, ბრუს, და ეწერება ცხოველების ფერმის დასაკლავ მომხმარებელთა რიგებში. 

იმ ფერმაზე მას ერთი დანიშნულება აქვს, რაც შეიძლება მეტი მოიხმაროს და ამ მოხმარებაში რაც შეიძლება მეტი იმკურნალოს, რათა გაიხანგრძლივოს თავისი რგოლის როლი უფიქრალ მომხმარებელთა ზღვაში.

ამ ფერმაში ერთობაცა და პირველობაც გადაღრეცილი ცნებებია.

ერთობა ძალზედ შორს დგას აბბა დოროთეს სქემისაგან, როდესაც ყველა ადამიანის ცენტრი შემოქმედია, და ყველა მისგან თანაბრად არის დაშორებული საწყისში, პირველქმნილი ცოდვის გამო, ანუ სქემატურად ერთ წრეწირზე დგას სახით მისი ცენტრისაკენ. და საკმარისია ადამიანმა განღმრთობისაკენ გადადგას ნაბიჯი, მოხმარების ნაცვლად – სხვისი დახმარების არჩევით, მაგალითად, დათმენით, სიყვარულით, მსხვერპლის გაღებით, იგი ინაცვლებს საერთო წრეწირიდან ცენტრისაკენ, ანუ შემოქმედისაკენ. თუ მეორე ადამიანიც ასეთ არჩევანს აკეთებს, მისი მოძრაობის ვექტორიც ცენტრისკენული ხდება და ისინი ავტომატურად შედიან უფრო მცირე რადიუსის წრეწირზე, ანუ, ღმერთთან მიახლოებით, ისინი ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, ერთობა სინამდვილე ხდება.

თავად ქართული სიტყვა „ღმერთიც“ საიდუმლოა ამ კონტექსტში. მისი პირველი ნაწილი „ღმ“, ანუ „ოუმ“ სწორედ ის საკრალური ბგერაა, რომელსაც მრავალი იაფეტიდური კულტურა საღმრთო ჭვრეტისას გამოსცემს, ხოლო „ერთი“ სწორედ იმ ერთობისაკენ მიმართვაზე მიუთითებს, რომელსაც აბბა დოროთე აღწერს თავის სქემაში.

სამომხმარებლო ფერმაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთობა ძალიან ძნელია. მისი წესწყობილებაც, აირიცა და გარემოც იმგვარია, რომ ერთობა ნიშნავს დასაკლავთა ერთსულოვნებას დამკვლელთა მითითებებზე წაყრუებით მორჩილებაში.

ამიტომაა, რომ მოდერნსა და პოსტმოდერნში, მასეთი „ერთობა“ ჭინკებს ბევრად უფრო ეადვილებათ ვიდრე ჩვენ, ფერმის შემორჩენილ რენეგატებსა და დისიდენტებს.

ახლა პირველობაზე.  აქაც იგივე. 

სულიწმიდით ჯერ გაუნათლებელ მოციქულებს, მათი კამათისას, ვინ იქნება პირველი მაცხოვართან, მათი დედის მარიფათის ჩათვლით, ეკარგებათ მთავარი არსი პირველობისა, რომელსაც მათ ჯვარცმისათვის განმზადებული შემოქმედი აჩვენებს – მათი ფეხების დაბანვით.

ჩვენთან პირველობა ჩვენი დაუოკებელი „მე“-ს ძახილია, და რომც ვაღიაროთ ვინმე წინამძღოლად, ეგეც თავის მოტყუებაა, რამეთუ, არც მის დადგენილ წესსა და იერარქიას ვცნობთ და არც მის ვინმე სხვასთან სიახლოვეს ვიგუებთ. ის მხოლოდ ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, და სინამდვილეში, საქმე საქმეზე რომ მიდგება და ნამდვილი ბრძოლა და გაჭირვება დაგვატყდება თავს, ძალიან უცბად აღმოჩნდება, რომ არც ამ აღიარებული წინამძღოლის ერგთულები ვყოფილვართ, იმიტომ, რომ ჩვენი „მე“ ვერ იტანს ვერავის მორჩილებაში ჭირის დათმენას და გარბის კურდღელივით ნაწყენი.

ამ ორი მიზეზით, ერთობის უუნარობისა და პირველობის ამოტრიალებული გაგების გამო, ვართ იმ დღეში, რა დღეშიც ვართ. და არც ვნანობთ ამას, ვამაყობთ ამით, „თავისუფლების მოყვარეობას“ ვუწოდებთ მას და ამიტომაა, რომ არ გვაქვს არანაირი იმუნიტეტი მომხვდურისაგან და ვიმართებით ვისაც როგორ უნდა გარედან. 

ამ ჩვენი დაცემის ფესვებს მრავალი ჩვენი მამა და გენიოსი ეძიებს თავის შემოქმედებაში და ყველას ჩვენი არჩევანი გვაქვს, ვისი ნაფიქრი არის ჩვენთვის ამასთან მიმართებაში ყველაზე ძვირფასი. მეც ასე ვარ. 

ჩემთვის ყველაზე დიდი ნაწარმოები ჩვენს კულტურაში, რომელიც ამ უმძიმეს თემას ხსნის და კოსმიურ დონეზე ალაგებს შეუდარებელ რექვიემად, არის ჩემთვის ყველაზე დიდი მწერლის, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.“

ოღონდ, ეს რექვიემი არ არის უიმედო. დიდი გენიოსი მას იმედით მღერის და სადღაც სიღრმეში სწამს, რომ ბედიას თოკმაც კი შეიძლება დაიწყოს კვლავ დამოკლება, თუ ჩვენ ჭილაძისეული სიღრმითა და განცდით აღვიქვამთ ჩვენს დაცემულობას, მისი გამყინვარი ტკივილით დავინახავთ ჩვენსავე შეცდომებს და რაც არ უნდა იყოს, არ ჩამოვყრით ხელებს, არა იმისათვის, რომ ვიბრიქოთ და ვიგმიროთ, არამედ, პირველ რიგში იმისათვის, რომ აღვაპყროთ ისინი და სანამ მაგარ შრომას დავიწყებდეთ, შევთხოვოთ შემოქმედს, მოგვცეს ძალი ერთობისა და სწორი შეგნება პირველობისა.

ლევან ვასაძე

04.09.2021