ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური”. XXI თავი.

თანამედროვეობის დამახასიათებელი თვისება არის ჯირითი. ჯირითი ტრადიციულ ცხოვრებაში დღესასწაული იყო, ან ბრძოლა. მარულა იქნებოდა, თუ რომელიმე ჩვენი აურაცხელ ომთაგანი, ეს იყო აჩქარება ერთეული. ან თავდაცვითი, ან გასართობი.

დანარჩენი დრო გახლდათ ტრადიციულ ყოფაზე მიბმული. არ არსებობდა ცხრიდან ექვსამდე ძგერა ერთი დოლის ხმაზე და მერე საღამოს „კერძო სივრცე და მოდუნება“.

იყო ჟამი დიდი შრომისა, ხვნისა, თესვისა, მკისა, ჭირნახულის აღებისა, დაბინავებისა, და იყო ჟამი ჭვრეტისა, შუაცეცხლთან ჯდომისა, ხელოვნებისა. ამას, ყველაფერს, განაგებდა სიკვდილიც, რომლის გასაღებიც მხოლოდ უფლისაა, და ავადობაც, რომელიც იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე ახლა.

იყო რაღაც ჯირითი მეფისა ან თავადის კარზე, იყო ცილობა, ჭორი, ღალატი, წინასახე იმისა, რაც აწი ყველგანაა, მაგრამ, ცხოვრების დინების ბუნებრივობა და ამ დინებაში დიდ ჯაფასთან შეხამებული ტკბილი მჭვრეტელობა იყო ის ზღაპარი, რომელიც დავკარგეთ – ზოგმა ხალხებმა ადრე, ასე 300-400 წლის წინათ, ჩვენგან დასავლეთით, შორს, და ზოგმა მოგვიანებით, ასე 150 წლის წინ, როდესაც ჩვენც მოგვედო მოდერნის პირველი ალები.

ახლა ადამიანი ძლივსღა ასწრებს დღის შიგნით რამეს.

ადრე დრო არ იყო ხაზოვანი და წარმავალი, ადამიანი არ იდგა ამ წარმოსახვით, ცრუ წრფეზე, სახით რაღაც მომავლისაკენ, რაღაც აწმყოს წერტილში, არ ტოვებდა ზურგს უკან რაღაც დაუბრუნებელ წარსულს და ქოშინით არ არბოდა ამ წარმოსახვითი პროგრესის აღმართზე, სანამ არ დაეცემოდა მასზე და დინება მის გვამს სხვა მორბენლების წარსულში არ ჩაიტანდა.

ნამდვილი ყოფისას დრო წრიული გახლდათ და დაუხრელი. ეს კოპერნიკამდე და ბრუნომდეც იცოდნენ ბერძნებმაც, ეგვიპტელებმაც და, რა თქმა უნდა, ქართველებმაც. ამ წრიულობაში, თუ წელი-წადისა (რომელიც ქართულში სარტყელს აღნიშნავს), თუ წელიწადის დროებისა, ადამიანი მარადისობის გულის გარშემო მოძრაობდა ლაღად, რასაც დასთესდა, იმას იმკიდა, ქვე-ყანაზეც, და ზე-ცაშიც. უკან დანატოვარი ისევ წინ ხვდებოდა, და არავის ჰქონდა ხიბლი იმისა, რომ რაღაცას გადააბიჯებს და ის წინ აღარ დახვდება.

არ იყო ღრუბელი, რომელსაც ყველა მიშტერებოდა: ჯერ ჭორებში, მერე მარატის გაზეთში, პარიზის რესტორან Le Procope-იდან გადმოყოფილი ზარის სახით, და აწი ბრტყელ შუშაზე, რომელიც სულ ხელისგულზე უდევთ ჩვენს შვილებს, ან ბალიშზე, როდესაც ისინი მარტონი არიან პირისპირ ჯოჯოხეთთან, არა ნამდვილ ყოფასთან.

ამ დინებიდან ავადობით ამოვარდნილიც კი, უცნაურ მდგომარეობას განვიცდი. ვერაფრით ვერ ვთავისუფლდები მაგ დინებისაგან.

რაც ბიჭობიდან კაცობაში გადავედი და დროის წრიულობა აღმოვაჩინე, ყოველთვის ვაკეთებდი მარტო იმას, რაც ქვეყანასა და ოჯახს გამოადგებოდა, ანუ ვზრუნავდი, თუმცა, ჯეელობაში ვინ არ გართობილა და ვის არ უსეირნია მეგობრებთან ერთად. მაგრამ ახლაც, ამ ზრუნვის ინერციით შეპყრობილი, ვცდილობ ვაკეთო ზედმიწევნით ის, რაც ოჯახს სჭირდება, რაც ახლა, პირველ რიგში, ნიშნავს მოწესრიგებულ და ყურადღებიან მკურნალობას და რამდენადაც „ოფსილა“ მრჩება, სხვა საქმის კეთებას, ამ დღიურის ჩათვლით.

და აი, საოცრება, ისევ ძლივს ვერევი დღეებს, თითქოს რა მევალება კარგად ყოფნის შუალედებში და ისევ მიფრინავს დღეები წარმავალი, ხაზოვანი დროის ცრუ სურათად.

„დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

და ყვავილების არის მრავლობა.

ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,

შეიცვლებიან ქარით სიონი,

როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

ისე ერთია გალაკტიონი…“

ჯერ ერთი, დააკვირდით, დღეები ბრუნავს. მერე, რამ დააწერინა პოეტთა მეფეს ეს სიტყვები, „ისე ერთია გალაკტიონი“? რა თქმა უნდა, არც ამპარტავნებამ და არც თვითგანდიდებამ. როგორც „დროშები ჩქარა“ არაფერ კავშირშია ალისფერ დროშასთან და „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა“ პირდაპირ წმინდა წერილიდანაა, როგორც:

„რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი – როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოსად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული“

არ ეძღვნება არც მერის, არც ოლგას, და არცერთ ქალს და არის პირდაპირ ლოცვა უფლისადმი, წრიული დროისადმი, ჭეშმარიტი ყოფისადმი, ურომლისოდაც, თუ ის არ არის ის, ვისაც ვფიქრობთ, არაფერს აზრი არა აქვს, ზუსტად მასე „ისე ერთია გალაკტიონი“ არ თქმულა ჩემს მიერ ერთხელ ნახსენები „მელექსეობის ამპარტავნებით.“

ჩვენს ათეიზმიდან ათეიზმში გადასულ საზოგადოების ნაწილს ეს არ შეიძლებოდა გაეგო, და ვნანობ, არც ახლა ესმის, ეს სულ სხვა რამ არის.

ერთია გალაკტიონი, როგორც ერთია ნებისმიერი გალაქტიკა, როგორც ერთია სამყარო, როგორც ღმ-ერთია ერთი, და ეს ერთობა არის არა ყოფილი ცისკრის ვარსკვლავის დაცემულობა, რომლის ანაბეჭდებსაც აზეიმებენ ღირსეულ ხალხს, მათ სახელზე ტროტუარებზე, არამედ იგია ერთობა.

თითქმის ყველა ძველი თბილისური ოჯახის შთამომავალს აქვს ამბები მასზე, მათ შორის მეც, ოთხიდან სამი შტოს მხრიდან და ერთს მოვყვები აქ ბოლოს.

ბიძაჩემი, დეიდაჩემის ქმარი, ჩემი საყვარელი გოგი ჟღენტი, მიყვება, მისი საოცარი იუმორით, მამამისის, ბესოს მონაყოლს.

ცეკაში, კანდიდ ჩარკვიანის დროა მგონი უკვე, ვასილ მჟავანაძემდე, უცნაური ვითარება შეიქმნა: რომელიღაც, ნაკლებად დიდებულ პოეტს – არა აქვს მნიშვნელობა ვის – აქვს პოეტი-აკადემიკოსის წოდება, და ჯერ კიდევ ცოცხალ გალაკტიონს – არა. გადაწყვიტეს, გამოასწორონ და სხდომაზე დაიბარეს. იპოვეს, როგორც ყოველთვის, კოლმეურნეობის მოედანზე, თავის საყვარელ მემწნილეებთან და მემწვანილეებთან ქეიფობდა.

შემკრთალი შემოვიდა, ხუმრობა საქმე არაა, შავი მანქანით მიაკითხა ორმა კაცმა ბაზარში, რა იცის რა ხდება, ყველა მეგობარ-ნათესავ და ცოლ-მოკლულმა მგოსანმა. ბესო რომ დაინახა, გული მოეცა, მის გვერდზე დაჯდა უხერხულად, მუხლებზე პორთფელი ეჭირა ხელებით. სხდომა არ შემწყდარა, უბრალოდ გადმოსძახეს, „მოგესალმებით, ამხანაგო გალაკტიონ, დაიცადეთ, თქვენი საკითხი მალე განიხილება.“

მალე დაიწყო განხილვაც, და როდესაც მეფე მიხვდა, რომ არ სჯიან და აჯილდოვებენ, ფერი მოეცა, ჯილდო რაში ედარდება, ცოტა ბაზრის ზარხოშიც დაუბრუნდა და ღიმილით გადახედა ბესოს.

ჯილდოსადმი წარდგენის შემდეგ, რეგლამენტისამებრ, ხომ არ არის საწინააღმდეგო აზრიო. ჰოდა, უცებ, ჰოი საოცრებავ, მე მაქვს საწინააღმდეგო აზრიო, აიწია ხელი სხდომაზე მოწვეულმა კომკავშირის პირველმა მდივანმა, აი, ადრე რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოსდიოდათ და ახლა რომ მათ შვილებს ის მზე დასავლეთიდან ამოსდით.

გაოცდა ყველა, მისცეს სიტყვა ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს და მანაც დაასაბუთა რატომ არის წინააღმდეგი: ამხანაგი გალაკტიონი სვამს, ეწევა მოუწესრიგებელ ცხოვრებას, ცუდ მაგალითს აძლევს საბჭოთა ახალგაზრდობას, ხშირად ნახულობენ, უკაცრავად, ბინძურად ჩაცმულს, მე გეკითხებით, ახლა სად მონახეთ ის, ალბათ ბაზარში ისევ, ხომ? მემწნილეებთან? მაპატიეთ, მაგრამ, ალბათ ახლაც ნასვამი ბრძანდება, და როგორ შეიძლება მიანიჭოს ჩვენმა პარტიამ პოეტ-აკადემიკოსის წოდება, შესაბამისი სამინისტროს შუამდგომლობით ადამიანს, რომელიც ასე ცხოვრობს და ამდენს სვამს?

ბესოს ეღიმება, იმიტომ, რომ ხედავს ცნობისმოყვარეობით ახალგაზრდისადმი მომღიმარ გალაკტიონს. დარბაზში სიჩუმე. ყველას კარიერა გაახსენდა, პირველი კომკავშირელი მართალია პარტიის ხაზთან მიმართებაში, მითუმეტეს რომ « пьянству бой!» მარადის ჟღერდა წითელი იმპერიის სივრცეებში, ანდროპოვის მშრალ კანონამდე ბევრად ადრე.

და უხერხულ სიჩუმეში გაისმის მგოსნის თბილი ხმა: „შენ სვაავ, ბიძიკო?“

„ვინ მე?“ – პასუხობს ქვეყნის მომავალი – „არა, რა თქმა უნდა, ამხანაგო გალაკტიონ!“

კვლავ სიჩუმე. და მერე მგოსნის განაჩენი კრებას:

„ჰოდა, მივანიჭოთ ამ კაცს პოეტი-აკადემიკოსის წოდება, და მე გამიშვით ისევ, სადაც ვიყავი!“

ასეთი კოსმიური იუმორისა და ჭვრეტის მეფე, როდესაც სტრიქონს წერს, მის გაგებას გული გონიერი სჭირდება. ახლა ძია რეზო გაბრიაძის „გალაკტიონოლოგიას“ ვკითხულობ, რომელიც მან ჩვენი ბოლო შეხვედრისას მაჩუქა. და მინდა, როგორმე მასზეც მოვყვე, როგორც მის ხელში გაზრდილმა ერთ-ერთმა ადამიანმა, განსაკუთრებით ჩვენს ბოლო საუბარზე ჭიანჭველის ფილოსოფიაზე, და ის საოცრებაც მინდა ვახსენო, როგორ დავასაფლავეთ ძია რეზო გალაკტიონის საფლავის გვერდზე, სულ რაღაც ორმოცდაათმა კაცმა, რომელთაგან ოცამდე უცხოელი მეგობრები იყვნენ, არცერთი მთავრობის წევრის გარეშე, სანამ მათ პანთეონში დაგეშილი ტელე-ტერორისტები ელოდნენ მოშვერილი რადიაციული ზარბაზნებით, ამ ჩვენს უბედურ დროებაში, მაგრამ, ეს მერე იყოს.

ჯირითს რომ დავუბრუნდეთ, ისევ ჩემს საყვარელ დედულეთს გავიხსენებ. თიბათვეს ჭალაში ციცინათელების კორიანტელი იცოდა ჩვენს ეზოში, სააბაშიძეოში, ზალიკაშვილების კუთხეში. სანამ ყვირილა საღამისოდ ახმაურდებოდა, სანამ მშრომელი ხალხის დღე შავთეთრი ტელევიზორების სამ არხთან მიქრებოდა, სანამ დათო ყიფიანის და რამაზ შენგელიასადმი „შენ გენაცვალე“ გაისმოდა, და სანამ ბაბუ ჩაფშვნილს მაჭმევდა, ეზოში დავდევდით მათ მე, თათა და ბესო და ვინც შემოგვრჩებოდა დღიდან ნათესავი ეზოში. ამ ჯირითში იყო საოცარი ნატვრა, მაგრამ ერთი-ორჯერ დაჭერილი და ქილის ქვეშ ჩასმული ციცინათელა დილას ნებისმიერ გულგაცრუებაზე უარესი სიცარიელე იყო, ამაზე დავუწერე ერთხელ ჩემს რუს მეგობრებს ჩემს ფილოსოფიურ-პოეტურ ესეში «Нет Ничего».

როგორ შევწყვიტოთ ეს ჯირითი, სანამ სიცარიელე დაისადგურებს ჩვენში, და როგორ არ ნიშნავს ეს უშრომველობას და ჩვენს ზოგჯერ სანიმუშო უქნარობას, არ გაგიკვირდეთ, იქნებ, მომავლის არქიტექტურაზე საუბრისას ვიმსჯელოთ როგორმე ისევ.

© ლევან ვასაძე

? 11.09.2021