ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური”. XX თავი.

გილოცავთ იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის დღეს. თუმცა, რა მაქვს მოსალოცი?! მაგრამ, ასე ვიცით ქრისტიანებმა, ერთმანეთს ვულოცავთ ჩვენს შორის საუკეთესოთა ნებსით სიკვდილზე წასვლას სიმართლისათვის.

ამიტომაა, რომ ქრისტიანობამდე, პლატონის მასწავლებელს, სოკრატეს მივაგებთ პატივს, რომლის ბოლო დღეებიც, როგორც ადრე ვახსენე, პლატონმა აღწერა საბავშვო ენით დაწერილ გენიალურ დიალოგებში „კრიტონი“ და „ფედონი“. თუ აქამდე არ მოგიცლიათ, ძალიან გირჩევთ, ისიამოვნებთ.

მაგრამ, ახლა შობილთა შორის უდიდესზე, როგორც მას ქრისტემ უწოდა, მის ნათლიაზე. წარმოგიდგენიათ, ქმნილება იყოს ღმერთის ნათლია?

მე, ბუნებრივია, შეზღუდული ვარ აქ მსჯელობისას, იმიტომ, რომ განსხვავებით დასავლელი ქრისტიანებისა, და, მითუმეტეს, მათგან ნაბარტყი უამრავი დენომინაციისა, მართლმადიდებელ საერო პირებს არ გვჩვევია ღვთისმეტყველებაზე საუბარი, თუ ქემაინც ამ მეცნიერებას არ ვფლობთ. და თუმცა მე საშუალება მომეცა ღვთისმეტყველების სწავლისა, რაც იყო ყველაზე საინტერესო და ამაღლებული, რაც ოდესმე მისწავლია, მე მხოლოდ ცოდვილი ერის კაცის ორიოდე სიტყვა შემიძლია გავბედო ამ სასწაულ დღეზე.

ეს დღე კი ჩვენი უნამუსობის ყველაზე დიდი დღეა, როგორც კაცებისათვის, ისე ქალებისათვის. მისი გახსენებისას, ჩვენ თავი იოანე ნათლისმცემელად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომლიც ქალამნის თასმის ღირსნიც არა ვართ, არამედ ჰეროდედ, მის მეუღლე ჰეროდიადად და მათ გარყვნილ, 14 წლის ქალიშვილად.

ფაბულა კი მარტივია.

გარდაცვლილი ძმის, მეფე ფილიპეს, ცოლის შერთვა მოსეს სჯულის უხეში დარღვევა იყო ჰეროდეს მხრიდან და ამაში ამხილა აქლემის ბეწვით შემოსილმა ღმერთის ნათლიამ მეფე. დატუსაღებით კი, ჰეროდემ თავი დაიტუსაღა, რადგან იოანესადმი ხალხის უკიდეგანო სიყვარულის გამო აღარ იცოდა რა ექნა აწი.

მაგრამ, ბილწ ქალს არ ასვენებდა ცოცხალი ნამუსი, თუნდაც, ჯურღმულში გამოკეტილი, მის სასახლედ შენარჩუნებულ ოთახებსა და დარბაზებში ყველგან უხუცესი წმინდანის აჩრდილი დაჰყვებოდა და ევას მაცდუნებელი გეგმას უჩურჩულებდა.

გავიხსენოთ: ლხინი მეფის დარბაზში, სჯულის დამრღვევი მეფე, გარშემორტყმული დიდებულებით, რომლებისთვისაც, როგორც ყოველთვის, „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა“. ყველაზე მეტი უნამუსობა ხომ ელიტის სიცილ-ხარხარში ხდება, და არა განსხეულებული ჯალათის ხელში, რომელიც უბრალოდ მის ნებას ასრულებს გასამრჯელოს სანაცვლოდ.

და აი, ღვინით – ჩვენ ვინ გაგვაკვირვებს ღვინით – თრობის აპოთეოზში, დარბაზის გულში ჩნდება დედისაგან წინასწარ დარიგებული, აღმაგზნებელი როკვითა და სამოსით, ანუ მისი ნაკლებობით, ჰეროდიადას ქალიშვილი, შლომით, ჩვენებურად, სეპტუაგიტაში თარგმნილი სალომედ. და იწყებს როკვას ერთადერთი მიზნით – ავხორცობით აღაგზნოს საკუთარი ბიძა-მამინაცვალი.

ლხინში ყველაფერი მოსულა, ტაში, რა გოგოა! როგორ კარგად ცეკვავს! რა ლამაზია! ცეკვა მთავრდება და აი, შემთვრალი და შეფარული ავხორცობით ანთებული ჰეროდე თავის ძმისშვილსა და შვილობილს ეუბნება, რაც გინდა მთხოვე და აგისრულებო. და უავესი დედისაგან წინასწარ დარიგებული 14 წლის ქალწულის (ქალწულის რომ?) თხოვნა, ჟღერს როგორც ქუხილი მოწმენდილ ცაზე.

არავინ იცის, რა ხდება ამ დროს დარბაზში. საუკუნეებია ეს წამი ხელოვნების ყურადღების ერთ-ერთი მთავარი საგანია.

მაგრამ, ვერც ბოტიჩელის, ვერც მაზაჩოს, ვერც ლიპის, ვერც პანიკალეს, ვერც ჯოტოს, ვერც გოცოლის, ვერც დიურერის, ვერც რემბრანდტის, ვერც კარავაჯოს, ვერც ტიციანის შედევრები, ვერც ბლოკის, რემიზოვის, ფლობერის, მალარმეს, იუისმანსის, ჰაინეს კალამი, და ვერც უაილდისა პიესაზე დაწერილი რიხარდ შტრაუსის ოპერა ვერ გადმოგვცემს იმას, რასაც უბრალო მართლმადიდებელი დაინახავს ხატის ფანჯარაში თავისი გულით.

როგორ ვზეიმობთ ამ უნამუსობის ზეიმს, ამ უდიდეს ტრაგედიას ჩვენ? რა შეგვიძლია ვქნათ, რომ განვეშოროთ ჩვენს საქციელში „ყველაფერი მოსულა“ მუდამ მოძიგძიგე ბნელიტას, რომლის საქციელშიც არაფერია ახალი, და მივეახლოთ იმ უდიდეს ნეტარებას, რასაც ჭეშმარიტების მსახურება ჰქვია?

ჩვენ თვითონ – არანაირად. ჩვენ ყველანი ის ბნელიტა ვართ, რომლისათვისაც „ყველაფერი მოსულა“. ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენ მასეთები არ ვართ და მაგ უზნეობას ვებრძვით, მაგრამ, რამდენი შესულა მაგ ლხინზე ხალხიდან და იგივე უქნია, ტაში დაუკრავს შლომითისათვის, ან თუნდაც გაჩუმებულა იმ ქუხილის დროს, კრედიტი მაქვს აღებული, თანამდებობა მაქვს, შვილებს რა ვაჭამოო, თუ სიმართლეს გამოვესარჩლებიო.

ერთხელ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიწმინდის ეზოში კაცი მომიახლოვდა, მხარზე მემთხვია, მაქო, მადიდა, და მერე მითხრა, გვერდში დამიყენეო. უკვე მეხამუშა და როგორ-მეთქი?! მოდი, შენ დამიყენე მე გვერდში-თქო. ვერ გაიგო. კარგი, რა შეგიძლია-მეთქი. დაფიქრდა და ვინმეს მაინც გავუმწარებ ცხოვრებასო. ღმერთო მაპატიე, მაგრამ, არ მგონია ეგ კაცი რომ „ყველაფერი მოსულა“ ბნელიტას ლხინზე დაუშვან, მან რამე უკეთესი ქნას, რაც ხვალ მოხდება ჰეროდეს სასახლეში. არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიზამ რამეს უკეთესს.

მაშ, რაღა ვქნათ, რა გვეშველება? ვისაც როგორ უნდა. მაგრამ, ხვალ მძიმე მარხვაა. მარტო ერთი დღე. ვისაც როგორ შეგვიძლია, ჩვენი საზომის მიხედვით, თუ ასე აღვნიშნავთ ჩვენი უვარგისობის დღეს, იქნებ, მაშინ გვიშველოს იმან, ვისაც ყველაფერი შეუძლია, თორემ ჩვენ რა შეგვიძლია, გარდა იმისა, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებთ.

© ლევან ვასაძე

? 10.09.2021