რა არის კარგად ყოფნა… და რა არის ცუდად ყოფნა? თითქოს, ამაზე მარტივი კითხვა რა უნდა იყოს?! ამ დროს, მთელი ცხოვრებაა ვრწმუნდები, რომ ამაზე რთული კითხვა ცოტა თუ მოიძებნება ამქვეყნად.
ხორციელ ჭრილში, თითქოს, ყველაფერი მარტივია – თუ ხორცი კარგადაა, ესე იგი, კარგად ხარ. მაგრამ, განა ადამიანი მხოლოდ ხორცია? თურმე, ძველები ავადობისას ამბობდნენ, ქრისტე მესტუმრაო. ჩვენთვის ეს ამ დროში წარმოუდგენელი სიმაღლეა.
ან, ავიღოთ შვილები. ყველა მშობელი იტყვის, ოღონდ თქვენ იყავით კარგად და მე არაფერი მინდაო. და რა არის შვილების კარგად ყოფნა? ბევრი ფული, კარიერა, ბინები და მანქანები? არა, იტყვის ბევრი მშობელი, მთავარია ჯანმრთელობა. და რომელ მშობელს არ გაუსკდება გული შვილის ავადობაზე, მტერს არ ვუსურვებ მაგას, მაგრამ, რამდენია, რომ შვილი ჯანმრთელი და უზრუნველყოფილი ჰყავს და, სამწუხაროდ, ამ უზრუნველობისაგან ის ისეთ არჩევანებს აკეთებს, რომ სულსაც იღუპავს და ხორცსაც? განა ჩვენი ქვეყანა ამის საგოდებელ სასაფლაოდ არაა ქცეული?
მაშ, რა არის კარგად ყოფნა? როგორც ჩვენი მამა გვასწავლის, თავისთავად მატერიალურ საშუალებას არ გააჩნია მორალური განზომილება. ის უბრალოდ იარაღია. გააჩნია რაში იყენებს იარაღს თავად ადამიანი.
თუ თვითგანდიდებისათვის, შვილების განებივრებისათვის, სხვებისადმი ზურგის შექცევისათვის, და ღმრთის ნაცვლად, ვინც მას ეს მისცა, ფუჭი იმედის ამ მიცემულზე დამყარებისათვის, ის უსინდისოდ რჩება და წვალებას იწყებს.
როდესაც ეს ავადობა დამეტაკა, მე – (კვეხნით არ ვამბობ) წარსულში, როცა ამის საშუალება მქონდა, ბევრად მეტის გამცემი სხვა მრავალთა, უცნობთა ავადობებისათვის – არ აღმოვჩნდი მზად ამისათვის.
და თუმცა, არც არავინ იცის, რამსირგძეა ჩემთვის ეს გზა – რადგან ეს ქრონიკულ, ანუ თითქმის უკურნებელ სენად ითვლება – რამდენ დროსა და საშუალებას წაიღებს, მაგრამ, აი, მოვიდნენ კაცები და დამიდგნენ გვერდში.
მე არ მითხოვია, თვითონ, რამდენიმე, როგორც კაცებს სჩვევიათ, თვითონვე მითხრეს და გააკეთეს, ჩუმად, მეგობრობით.
და მე მათ სახელებს არ ვიტყვი, იმიტომ, რომ თავად ვიცი, როგორი რიგები გიდგება სახლთან და ყველგან, სადაც ხარ, როცა რამის გაცემის საშუალება გაქვს.
და როდესაც უფალი ინებებს, ან მე, ან ჩემი ოჯახი მაგ კაცებს „არ შევარჩენთ“ ამ ქველმოქმედებას, ვიჩხუბებთ და დავუბრუნებთ, მაგრამ, აქ ამაზე არაა საუბარი.
რამდენიმე წლის წინ შაყირი იქნებოდა ჩემთვის ამის ყველაფრის ტვირთვა, მაგრამ, ყოვლად მოწყალე უფალმა აქაც დამანახა თავისი საოცარი ხელი, რისა მეშინოდეს?!
კიდევ უფრო მეტი სიძნელეა სხვა სახის, არა-ნივთიერი დახმარების აღმოჩენა ადამიანისათვის: ან სამსახურით, ან წახალისებით, ან სიტყვის შეწევნით, ანუ ნებისმიერის, რასაც ჩვენ სიკეთეს ვუწოდებთ.
მანდაც რამდენი შეცდომა დამიშვია, ჩემი ადვილი აღტაცებადობის გამო. არც ვარ დარწმუნებული, ვისაც დავხმარებივარ, ხშირად, მიმიმართავს მისი ცხოვრება უკეთეთესობისკენ, თუ უარეს განსაცდელში ჩამიგდია, მათ შორის ჩემს მიმართაც.
სიკეთის კეთებასაც, არა მხოლოდ ნივთიერი საშუალებებით, არამედ, სხვანაირადაც, დიდი სიფრთხილე და სიბრძნე სჭირდება, ოღონდ არა ისეთი, ადამიანი რომ ამ მიზეზს ეფარება და სინამდვილეში ღორობს. ჩემი მოკრძალებული გამოცდილებით, სუფთა გულით გაკეთებულ სიკეთეს, თუნდაც შეცდომით, უფალი მაგ გულის სისუფთავისათვის ასწორებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სიკეთის მიმღები ადამიანის ქმედებების პირობებში.
მაგრამ, რამდენი შემთხვევა ვიცით, რომ ადამიანზე რაღაც სასჯელი იქნა დაშვებული და ახლობლებმა, მისი ამ სასჯელისაგან არიდების გამო, ის გადამალეს ან ქრთამით გამოაშვებინეს და იგი უფრო მძიმე განსაცდელში ჩავარდა, ვიდრე მას ელოდა, ან საერთოდ დაემშვიდობა სიცოცხლეს და ატირა და აგოდა თავისი მაშველებიცა და სხვებიც.
განა, დიდ წილად, ამ ამბების ანთოლოგიად არაა ქცეული ჩვენი ქალაქური სასაფლაოების თანამედროვე ნაწილი, რომლებიც მალე ქალაქს ჩაყლაპავენ და ვეღარც გავარჩევთ, სად ვართ მკვდრები და სად არიან ცოცხლები?!
დაგპირდით, რომ როგორმე ისევ არქიტექტურაზე ვისაუბრებთ და შევასრულებ ამ დღეებში, ოღონდ, ეს არ იქნება უბრალოდ ესთეტიკაზე საუბარი. არქიტექტურული პოლიტიკა ქვეყნის პოლიტიკის ძირეული ნაწილია, ის განსაზღვრავს დემოგრაფიას, ახდენს გავლენას ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, კულტურაზე, ჯანმრთელობაზე და, საერთოდ, ქვეყნის ბედზე.
და მე არ მგონია, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მიმდინარე დაღუპვაში ნაკლები ბრალი მიუძღვოდეთ საცხოვრებლების მშენებლობის აურაცხელ, კორუმპირებულ გამცემებსა და გამყიდველებს, რომლებიც უნდა დაისაჯონ, და, სამწუხაროდ, არქიტექტორების ნაწილსაც. მაგრამ, ამაზე ცალკე ვისაუბროთ.
ჩვენს დღევანდელ სასაუბროსა თუ საწერს რომ დავუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ კარგად ყოფნა არის სიკეთის კეთება.
დააკვირდით, მარტო ქართულშია, მე რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთი საოცრება: „სიკეთე“ და „კეთება“ ერთი ფუძის სიტყვებია. ანუ, თუ აკეთებ, სიკეთე უნდა იყოს, ან გამოდის, რომ არაფერს არ აკეთებ.
მე მეოთხე წელია აკადემიურად ვსწავლობ ფილოსოფიას და მინდა, როგორმე, ცოტ-ცოტა მასზე მოგიყვეთ და რაც მეტს ვსწავლობ, მით უფრო ვრწმუნდები სოკრატეს სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ იცის მხოლოდ ის, რომ არაფერი არ იცის.
მაგრამ, ზემოხსენებული ქართული ენის მორიგ უდიდეს საიდუმლოებას რომ დავუბრუნდეთ, შემიძლია გითხრათ ასამდე ფილოსოფოსის უკვე გამცნობმა (თუმცა, ვთვლი, რომ ერთ დიდ ფილოსოფოსსაც კი ვერ შეისწავლის ბოლომდე ადამიანი, მთელი ცხოვრებაც რომ მარტო ამას მიუძღვნას) და მათი ათიათასობით ნაწერი გვერდის წამკითხველმა ფილოსოფიის უვიცმა, რომ ეს ჩვენი ქართული საოცრება ეხმიანება პარმენიდეს, პლატონის, პლოტინესა და ჰაიდეგერის და სხვათა – მაგრამ, პირველ რიგში ამ ოთხი ბურჯის – მთავარ ამოცანებს ყოფიერებისა და არ ყოფიერების, ან, როგორც ჩვენები ზოგჯერ თარგმნიან – არსებობისა და არ არსებობის, ან არარას შესახებ და, ქართული ამპარტავნებით არ ვამბობ, პირდაპირ ჭრის მათ.
ერთი დიდი ათონელი მამა ამბობდა, რომ უსხენებელს სამი საფეხური აქვს, თუ როგორ უშლის იგი ადამიანს სიკეთის კეთებაში.
პირველი, რომ უბრალოდ არ გააკეთებინოს ეს სიკეთე, სხვადასხვა ხრიკებით.
მეორე, თუ ადამიანი პირველ საფეხურს დასძლევს, ისე ქნას, რომ ეს სიკეთე ადამიანს ცუდად გამოუვიდეს, რაზეც ზემოთ ვწერდი.
მესამე საფეხურს კი, თითქმის ვერავინ გადის. თუ ადამიანმა პირველიც დაძლია, ანუ სიკეთე ქნა, და მეორეც, ანუ ის მართლა კარგად გამოუვიდა, მესამე საფეხურზე, თურმე, უხსენებელი ადამიანს სიამაყით ათქმევინებს, თუნდაც გულში, აი, რა კარგი საქმე გავაკეთეო, და იქ ნულდება, მთავრდება მაგ ადამიანისათვის ამ სიკეთის სულიერი სარგებელი, იმიტომ, რომ მას ავიწყდება, რომ ისიც უბრალოდ იარაღია სიკეთის ხელში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი – სულიერი, თუ უსულო.
ღმერთმა და ჩვენი დიდებული წინაპრების წესმა და ლოცვამ დაგიცვათ ყველანი ამ ურთულეს გზაზე.
დღეს სულმნათი ბაბუაჩემი, ვის სახელსაც მე ვატარებ, პროფესორი ლევან ჭანტურიშვილი, 100 წლის გახდებოდა. იგი ჩვიდმეტი წლის წინ წაიყვანა უფალმა, ჩემს მოლოდინში, ჭალაში, „ფეხზე მდგარ მაკლა“, კაცივით, წამოწვა „ზალაში“, თავიო, ბუბას დაუძახა და მწამს, უფლის წყალობით, წავიდა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ის იყო ჩემთვის, მამაჩემთან ერთად, ყველაფერი კაცურის მასწავლებელი და მაგ საფეხურებზე საოცარი სიმსუბუქით მოსიარულე გენიოსი.
© ლევან ვასაძე
? 15.09.2021
Recent Comments