დაკარგულ ზღაპარზე ფიქრისას, მხოლოდ ადამსა და ევას შეეძლოთ უკვე ნანახის წარმოდგენა და თუნდაც იმ პირველქმნილ, ჯერ კიდევ უხლებ, თუმცა, უკვე დაზიანებულ სამყაროში – მასზე ნატვრა და მისთვის გლოვა.
ჩვენ, ახლოსაც კი ვერ მივალთ, ჩვენს ყველაზე გამბედავ წარმოსახვაში, იმის წარმოდგენამდე, თუ რა უნდა ჩვენთვის შემოქმედს.
მაშ, სადღა იღებს ადამიანი წყაროს შთაგონებისა. პოეტები გეტყოდით რომ, იქვე, სადაც ადამი და ევა, ანუ, საწყისის გახსენებაში.
სპარს და ტაჯიკ „პოეტთა ადამი“ – რუდაკი იქნება ეს, ხაიამი, თუ რუმი, ნიზამი, თუ საადი, ბარათაშვილი, თუ პუშკინი, ტერენტი, თუ გალაკტიონი, ვაჟა, თუ ესენინი, ტენისონი, თუ ტაკუბოკუ, ლი ბო, თუ დუ ფუ – ყველა ტკბილად მისტირის საწყისს. ეს ნაკლებად სჭვივის ვრცელ და ეპიკურ პოემათა შემქმნელებში, რომელთა გადმოსახედიდან შოთა ყველა სხვას მეგობრების მათრეველებს უწოდებდა, და ესეც თითქოს ბუნებრივია, ვრცელი ტილოს შინაარსი თითქოს სხვაა – გინდა რუსთაველი იყოს ეს, გინდა ჰომეროსი, გინდა დანტე ალიგიერი და გინდა შექსპირი, თუმცა, იქაც გაკრთება ხოლმე პოეტთა ეს მარადი საჭვრეტელი.
იმ საწყისში ყოფნისას, პოეტი შეიძლება მოუსვენარი, მტირალა, მოჩხუბარი ბიჭი იყო, მაგრამ, კაცად ქმნილი, კაბადონზე მიპყრობილი მზერით, ის მას მისტირის. ამგვარად, ამ თვისებაში, ყველა ადამიანი პოეტია, იმიტომ, რომ არავის შეუძლია ბედნიერების არ ძებნა და მისი დანახვა იქ, სადაც არის.
ამას ძალიან მძაფრად და მკაფიოდ განვიცდი ამ ჩემს მდგომარეობაში, და როგორ ვთქვა, მაგრამ, საოცრად დიდ ტალღებს ვგრძნობ ნეტარებისა, ტკივილისა და წვალების მიუხედავად, ცხოვრების მდინარიდან ლამის სტიქსის ნაპირებზე გამოტანილი.
პოეტთა მეფეს, მოგონებებში – სადაც ის ხან პალტოს არ ქონაზე „დარდობს“ და ხან რაზე – საოცარი წამი აქვს აღწერილი თავის „პლეხანოვის“ ბინაში. ისე, გაკვრით ახსენებს, თუ როგორ გამოდის მზიან შუშაბანდში და უეცრად უმძაფრესი ბედნიერების გრძნობა ეუფლება. ეს არის ყველაფრისაგან დამოუკიდებელი განცდა, რომელიც ადამიანს, თვით გალაკტიონსაც კი, არ შეუძლია შეიქმნას – ის ნაჩუქარია საწყისისაგან.
და კაცმა რომ თქვას, მწერალთა მეფეს (1), რომელსაც თავი ბოლომდე პოეტად მიაჩნდა – და იყო კიდევაც უდიდესი პოეტი, უბრალოდ, ის მწერალთა მეფეა – თავის უდარებელ „რკინის საწოლში“ პოეტთა მეფის ეგ ბინა გარედან აქვს აღწერილი. ვისაც არ გინახავთ მისი სახე, როდესაც ის, ასე ოცდახუთიოდე წლის, შავ პალტოში აცილებს პოეტთა მეფეს ბოლო გზაზე, აუცილებლად ნახეთ მისი გამომეტყველება.
მათი ცხოვრება ჩვენი ცხოვრების გამართლებაა, ჩემი აზრით – რომც არ იყოს ამაზე განუზომელად დიდი წვლილი ჩვენი ბერ-მონაზვნობისა და წმინდანებისა ღვთისა და კაცობრიობის წინაშე.
მაგრამ, მარტო ეგ ორი რომ გვყოლოდა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, უკვე აზრი ექნებოდა ყველაფერს, ამ ჩვენი უაზრო თანამედროვეობის ჩათვლით. ეს ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის, კაცობრიობამ – თითქმის არა.
ნურავინ მკითხავს სხვებზე, მითუმეტეს რუსთაველზე, ის კოსმოსია – ის საეროში ყველაფერის მეფეა ერთდროულად, არ გვინდა მიდებ-მოდება აქ.
რაი ვქნათ, რომ ისევ გავამართლოთ ჩვენი არსებობა? სად, რომელ ჩახერგილ ყოფაში მოვნახოთ ის ია, რომელიც თავისი სიფაქიზით სიმახინჯისა და მდაბიოობის ბეტონის უდაბნოს გაარღვევს, სად არის ის, რისთვისაც აწი ვართ? მისი უწმინდესობა ხომ თავისთავად ეგ არის, უფრო მეტ ხარისხში, ვიდრე მგონი ნებისმიერი, ვისაც ჩვენში უცხოვრია, მაგრამ, ერში? თუ აღარ ძალგვიძს?
ან იქნებ, გვყავს და ვერ ვხედავთ, ან იქნებ, ბევრიც გვყავს, ბევრი ვერა, მაგრამ, იქნებ რამდენიმე? რას ვგავართ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად?!
რა უნდა მოხდეს, რომ გამოჩნდეს? საწყისთან მიქცევა.
ეს გოდება ეროვნულობაზე და სარწმუნოებაზე, რომელსაც ეს რამდენიმე ბღუჯა ჭინკები და მათზე დამორჩილებული მარადი ღორები გვართმევენ, ეს პოლიტიკუმი, რომელშიც მეც მომიწია – ამდენი ნაპირზე მდგომისა და, არც ნაპირზე, და არც მდინარეში არაფრის მაქნისის გაუთავებელი ზუზუნის მერე შეტოპვა, ეს განცდა სრული ჭაობისა – ერში, განა ბერში; ეს ჩვენი უუნარობა ორივესი ერთად: სარწმუნოებისა და მაგარი მუშაობისა – ამას რა ვუყოთ?
ყველაზე მდაბიო ამ მდგომარეობაში არის: „ხალხს შია, რა დროს ეგენიაო!“ ყველაზე ხშირად ამას გაიგებთ იმისგან, ვისაც სინამდვილეში ნაკლებად შია, თავში რაღაც უძრწის და თავი კიტრი ჰგონია. „პრაქტიკული ხალხი.“ ზოგი სრულიად მიყიდული მატრიცაზე, ზოგი – მატრიცის მიერ არ აყვანილი და ნაწყენი და ეროვნულ ფლანგზე იძულებით გადმოგდებული – სარგებელზე, სკამზე, ადგილზე მომლოდინე. რამე რომ შეეძლოს, წავიდოდა და იმუშავებდა, თუნდაც მესაქმედ, მაგრამ – ზარმაცია.
ზოგი კი – კარგი, ძალიანაც კარგი, მაგრამ, უკვე გადამტვრეული და დაღლილი: ლიბერალურმა კონცლაგერმა 30 წელი გასტანა, ესენი კი, ამ გაზის კამერაში ჟანგბადის წყაროს – ზიარებასა და სხვა საიდუმლოებებს არ გაჰკარებიან. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან განათლებულები ამისათვის. ეტყვი რამეს და, შინაგან ცეცხლებს ყრიან, ვერაფერს უშველი და ხმებიან ასე ვობლებივით, თვალსა და ხელს შუა, კარგი ხალხი.
ის ინერცია, რაც საბჭოთა ინერციიდან გადმოჰყვათ, ოჯახიშვილობიდან, პიროვნული სიკარგიდან, რახანია დაიხარჯა, ისევე, როგორც ყველას დაგვეხარჯა და ამ უკიდეგანოდ გაფართოებულ არჩევანში ცუდსა და კარგს შორის, გაიწელა და „გაიდღლაპა“ ის ცენტრიც, რომელიც ადრე უფრო ვიწრო და კონკრეტული იყო, ოთხმოციანებში. ვერაფერს უშველი. შეგიძლია მხოლოდ ილოცო მათზე.
მაშ, სად მოინახოს ბირთვი ერისა. ადამიანი, ვინც ღვთისმოშიშიცაა, ხარივით მუშაც, ჭკვიანიც და მარადის მოსწავლეც? ახლა ხომ, თუ მუშაა – ძირითადად, ჭინკაა და თუ მორწმუნეა – ძირითადად, ორ ბატს ვერ მიაბარებ.
აი, ამ საველე პირობებში, საწყისთან მიბრუნება – არა მხოლოდ პოეტური, არამედ, ქმედითი – არის ჩვენი დიდგორი. როდესაც ეს გულზე ლოდად მაწვება, ახლაც, ამ ავადობისას, როდესაც ექიმები საერთოდ მიკრძალავენ რამეს, გარდა მკურნალობისა და მეუბნებიან, თუ გინდა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარო, უნდა იდარდოო, რავარია, აქაც, შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ჩვენით ვერ ვიზამთ ვერაფერს.
და დიახ, უჩვენოდაც უფალი ვერაფერს ვერ იზამს საჩვენოს, მაგრამ, მისი ნელი სიო დაჰბერავს იქ, სადაც ქარიც, მიწისძვრაც და ცეცხლიც გადაგვივლის, და როდესაც გვეგონება, რომ სულ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაშინ აავსებს ის ნელი სიო დავითის ძარღვებსა და მყესებს, გულსა და გონს, მაშინ დაემხობა გოლიათი.
ის, ვისაც ჰგონია, რომ ეს შესაძლებელია ველზე გასვლის, შურდულის აღების, სიკვდილთან სახით დადგომის, „პრაქტიკული ხალხის“ დაცინვისა და ქირქილის უგულებელყოფის გარეშე, ის მწარედ, მწარედ ცდება.
მაგრამ, ვინც ბოლომდე დაითმენს, ოჯახის ერთგულებაში, საიდუმლოებებში მონაწილეობით, მაგარ შრომასა და სწავლაში, საკუთარი ცოდვისა და შეცდომების გლოვით, ის მოესწრება მისი უწმინდესობის მზიანი ღამის აისს, მასთან ერთად.
ღვთისმშობლის შობა მომილოცნია!
_______________________________________
✳️ (1) ოთარ ჭილაძე
© ლევან ვასაძე
? 21.09.2021
Recent Comments