ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XXXII თავი

ვაგრძელებ აქა-იქ ჩემი წინა ნაშრომების გამოყენებას და გთავაზობთ ოდნავ რედაქტირებულ ჩემს ადრინდელ ნააზრევს იმის თაობაზე, თუ რას ვებრძვით ჩვენ, რომელიც, ჩემი აზრით, დღესაც ზუსტად ისეთივე აქტუალურია.

დღეს ვისაუბრებთ რა არ მოგვწონს დასავლეთში. ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ვებრძვით დასავლეთს, არ გვიყვარს აშშ, ევროპა და მაშასადამე, ვართ „რუსეთის აგენტები“. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ (მე ჩემს თავს მივაკუთნებ მათ რიცხვს), ვისაც გვიყვარს ტრადიცია, ეროვნული ფასეულობები, ქრისტიანული ღირებულებები, თვითმყოფადობა, – ვებრძვით ტოტალიტარიზმს. არ ვეგუებით იმ გარყვნილების მრავალფეროვნებას, უნანებლობას და სიტუტუცეს, რომელსაც ძალით გვახვევენ თავს. ჩვენთვის ბევრად ღირებულია ნებისმიერი ქვეყნის თუ ერის უფლება, ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად სურს.

ტოტალიტარიზმი სპეციფიკური ტერმინია და განმარტებას საჭიროებს. მისი საფუძვლები 300-350 წლის წინ იღებს სათავეს ე.წ. მოდერნში ანუ ახალ დროში, როდესაც ჩვენთვის ძალიან საყვარელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოიშვა იდეა, რომ ღმერთი აღარ არის სამყაროს ცენტრი. ის პარადიგმა, ის წესი, რომლითაც კაცობრიობა ათასობით წელი ცხოვრობდა დედამიწაზე, სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში, რაღაც ეტაპზე დასავლეთ ევროპის ხალხებმა უარყვეს, თქვეს, რომ ეს ასე არ არის. ამას თავისი ისტორიული მიზეზები ჰქონდა. ყველა ამ კულტურას ღმერთის უარყოფის სხვადასხვა გზა ჰქონდა: მარტინ ლუთერმა, რომლმაც გერმანულ ენაზე თარგმნა ბიბლია, განუდგა კათოლიციზმს, დაიწყო რეფორმაცია და ჩამოაყალიბა პროტესტანტული ეკლესია, რომლის ომმაც კათოლიციზმთან გაანადგურა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 40% და ძალით, უსასტიკესი ფორმებით მოახდინა საზოგადოების სეკულარიზაცია. ინგლისელი და შოტლანდიელი განმანათლებლების და რეფორმატორების ხელდასმით ერთი ვექტორი იყო დიდ ბრიტანეთში, ჯონ ლოკის ფილოსოფია იქნებოდა ეს თუ მერე მისი მოწაფის ადამ სმიტის ეკონონომიკური თეორია, გნებავთ ფრენსის ბეკონის მწერლობა და ფილოსოფია. ამან თავისი წვლილი შეიტანა. იქით, საფრანგეთში, რომელი ერთი ვთქვათ, ვოლტერიდან მოყოლებული ჟან ჟაკ რუსოთი, მარატით და სხვა რევოლუციონერებით გაგრძელებული ეს ყველაფერი მივიდა ფრანგულ რევოლუციამდე, რომელმაც სისასტიკის და ადამიანის ე.წ. უფლებების საერთოდ საოცარი სტანდარტები შემოგვთავაზა. ჯერ მარტო ვან დეის გენოციდი რად ღირს, როდესაც ქალები, ბავშვები, დაახლოებით 10,000 მღვდელი დახოცეს, დაკუწეს, მდინარეში ჩაყარეს და ასე ვთქვათ, სისხლში ჩაახრჩეს რევოლუციის წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ა.შ. ანუ ტრადიციული სამყაროს ამ ამოტრიალებამ, სწორედ დასავლურ სამყაროში მიიღო ზვავის ხასიათი და ჩამოყალიბდა ლიბერალიზმად, რომლის ცენტრიც იყო ფრანგი ფილოსოფოსის რენე დეკარტის ხელოვნური კონცეფცია ინდივიდის შესახებ. ინდივიდი ნუ გვეგონება ნამდვილი, ბუნებრივი კონცეფცია, ეს მოგონილი კონცეფციაა და ხელოვნური ლათინური სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „განუყოფელს“ – individuum. დავარქვათ ამას პირველი მოდერნისტული პოლიტიკური სივრცე ან თეორია. შემდეგ ამას მე-19 საუკუნეში დაუპირისპირდა მეორე ტოტალიტარული სისტემა, რომლის აკუმულაციაც პრინციპში მოხდა კარლ მარქსში; მართალია მარქსამდე ბევრი მოაზროვნე და თეორეტიკოსი იყო, მაგრამ მარქსში მოხდა ამ იდეის ასე ვთქვათ კრისტალიზაცია. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ დასავლეთ ევროპაში დაინერგა და დამკვიდრდა მარქსიზმი. კარლ მარქსიც ხომ დასავლეთ ევროპელი გახლდათ, ამ შემთხვევაში გერმანელი ებრაელი (არანაირ მინიშნებას არ ვაკეთებ ანტისემიტიზმზე, რომელიც სრულიად მიუღებელია ქართული კულტურისთვის). მარქსმა თქვა, რომ ინდივიდი მთავარი არ არის, მთავარი არის ერთობა, ოღონდ ეს ერთობა აღარ იყო ტრადიციული ერთობა ღმერთის ქვეშ, როგორც ეს იყო ტრადიციულ საზოგადოებებში, მანაც ხელოვნური კონცეფტი შექმნა – კლასი, კლასობრივი ბრძოლა, ბურჟუა ჩაგრავს პროლეტარიატს, გაუმარჯოს პროლეტარიატს – ასე შეიქმნა მარქსიზმი. მესამე ტოტალიტარული თეორია, რომელიც ფაშიზმის სახით მოგვევლინა იტალიაში და შემდეგ ნაციზმის სახით გაიდგა ფესვები გერმანიაში უპირისპირდებოდა წინა ორივეს ერთად – ინდივიდის ბატონობასაც და კლასის ბატონობასაც – გვახსოვს ეს უბედურება, ადოლფ ჰიტლერი და რასის ან ნაციის სუპრემატიზმი ან აღმატებულება. ეს სამივე პოლიტიკური თეორია არის ერთი ავტორის მიერ შემქნილი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ამ დღეებში ალბათ დაიდება ინტერნეტში ჩვენი საუბარი მეგობრებთან ერთად, რომელსაც ერქმევა „აპოკალიფსის სამი მხედარი“ და ვისაც დაგაინტერესებთ მოისმინეთ.

ვეცადე ამ საუბარში დამემტკიცებინა, რომ ეს აშკარად ერთიანი რეჟისურაა, ერთი ფიზიკური ავტორი ჰყავთ, გარკვეული საერთაშორისო საზოგადოების სახით და ისიც კი ვცადე იმ საუბარში, მომეყოლა თუ რა გველის მომავალში. მიმაჩნია, რომ მეოთხე ტოტალიტარული თეორიაც იქნება. და აი რატომ – ეს სამი დეოლოგია ერთმანეთის ტყუპისცალია და სინამდვილეში, ერთმანეთის მეგობარია. მართალია, ჩვენს დასანახად ერთმანეთს დაამტვრიეს თავ-პირი და როგორც გვახსოვს, ჯერ მარქსიზმმა და ლიბერალიზმმა, ანუ პირველმა და მეორემ, დალეწეს ფაშიზმი, მერე პირველმა დალეწა მეორე – ლიბერალიზმმა, კაპიტალიზმმა მოკლა მარქსიზმი და მოგვევლინა ბოლო, უალტერნატივო სილამაზედ. აგერ უკვე 25 წელიწადია თითქმის მთელი პლანეტა და მათ შორის ჩვენც, ვცხოვრობთ ამ ტოტალიტარული ჰეგემონიის ქვეშ. ახლა რატომ არის ეს სამივე იდეოლოგია ტოტალიტარული და რატომ ჰგავს ისინი ტყუპისცალივით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ებრძვიან ერთმანეთს?

პირველი არის ქრისტიანობის სიძულვილი. ხანდახან გვატყუებენ, ლიბერალებიც გეტყვიან, რომ ქრისტეს წინააღმდეგნი არ არიან, ფაშისტებიც დადიოდნენ რკინის ჯვრებით და სოციალისტებიც ამბობენ, რომ სოციალური სამართლიანობა არის სწორედ ის, რაც ქრისტეს უნდოდა. მაგრამ, სინამდვილეში ეს სამივე იდეოლოგია ანადგურებს ეკლესიას, ებრძვის მღვდლებს და ებრძვის რელიგიას, პირველ რიგში კი ქრისტიანობას. მეორე, რაშიც ისინი გვანან ტყუპისცალივით, არის მთელ დედამიწაზე გაბატონების სურვილი. ვინმე მეტყვის, რომ მასე ალექსანდრე მაკედონელსაც უნდოდა მთელ დედამიწაზე გაბატონება, ნაპოლეონსაც და ნებისმიერ იმპერატორსაც, დიახ ბატონო, მაგრამ მათ უნდოდათ, თავისი, როგორც პიროვნების სამფლობელოს მთელს დედამიწაზე განვრცობა. არ გააჩნდათ იდეოლოგია და როგორც ვნახეთ, თითოეული მათგანის გარდაცვალების შემდეგ ეს იმპერიები ინგრეოდა. აქ ლაპარაკია იდეოლოგიის გაბატონებაზე. თითოეული ამ სამიდან ამბობს, რომ მთელი პლანეტა მისი უნდა იყოს, იმიტომ რომ, თავად არის ყველაზე უკეთესი. ამბობენ, რომ ათავისუფლებენ ადამიანებს ოჯახებისგან, მღვდლებისგან, ძველი სტერეოტიპებისგან. მე მოგიტანთ ბედნიერებას, დაგიცავთ იმ ორი პოლიტიკური თეორიისგან და გაგათავისუფლებთ. და მესამე, რაშიც სამივე ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს – ეს გახლავთ ამქვეყნიური ბედნიერების დაპირება. არც ერთი ტრადიციული რელიგია ამას არ აკეთებს – არც ისლამი, არც იუდაიზმი, არც ბუდიზმი, არც ინდუიზმი, არც ქრისტიანობა, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ. სხვადასხვა ხალხის რელიგიური სისტემები არ ატყუებს ადამიანს და არ ეუბნება, რომ წამომყევი, აი ცოტაც, ცოტაც, ახლა გამოჩნდება კარგი ლიდერი, ცოტაც დაგვრჩა და იქნება ბედნიერება ამ ქვეყანაზე. ტრადიციულმა რელიგიამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია. აი, ეს სამი თვისება, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ტოტალიტარიზმის სურვილი, ქრისტიანობის სიძულვილი და ამქვეყნიური ბედნიერების დაპირება გახლავთ უტყუარი სიმპტომები, რომ ლიბერალიზმიც, მარქსიზმიცა და ფაშიზმიც არის ერთი ავტორის ლაბორატორიაში მოხარშული ერთი და იგივე შხამის სხვადასხვა ვარიაცია. ახლა რას გადავეკიდეთ ამ დასავლეთს. დასავლეთი აქ არაფერ შუაშია. არ ჯერათ, იტყუებიან, მაგრამ ჩვენ გვდებენ ბრალს, რომ კრემლის აგენტები ვართ. მე მიყვარს აშშ-ის კულტურა და სხვადასხვა ტელემიმართვებში ამაზეც ვილაპარაკებ (ტრაბახით არ ვიტყვი და ზოგიერთმა ჩვენგანმა რომ იცის ამერიკული, ევროპული მწერლობა, ფილოსოფია და კულტურა, ჩვენს ლიბერალებს ერთად აღებულებს გაგონილიც კი არ უნდა ჰქონდეთ). პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ დარჩენილი ურჩხულის, – მარქსიზმი დარჩა აქა-იქ კუბაში და ჩრდილოეთ კორეაში, ფაშიზმის ფორმებიც შემორჩა (ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბრებ), მაგრამ ჰეგემონი სისტემისგან, რომელშიც ბოლო 25 წელიწადია ვცხოვრობთ- ლიბერალიზმ-კაპიტალიზმი, რომელზეც საუბრობენ როგორც უალტერნატივო, აბსოლუტურ „სილამაზეზე“ და გვეუბნებიან, რომ სამუდამოდ იქნება, პირველ რიგში ჩემთვის საყვარელი ამერიკელი ხალხი იჩაგრება, ჩემთვის საყვარელი ფრანგი ხალხი, სიტყვა „ევროპა“ ძალიან არ მიყვარს (ამაზე ცალკე გესაუბრებით ), გერმანელი ხალხი, ინგლისელი ხალხი იჩაგრება. ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ ისინი მძულს, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ეს დიადი ნაციები, რომლებმაც ასეთი საოცარი კულტურები შექმნეს. პირიქით, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, ვუთანაგრძნობთ და მიგვაჩნია, რომ ერთად უნდა გავთავისუფლდეთ ამ ურჩხულისგან.

საკმარისია გავბედოთ და შევეწინააღმდეგოთ ამ იდეოლოგიას, მაშინვე გვდებენ ბრალს კრემლის აგენტობაში ან მიაქციეთ ყურადღება – ფაშისტებს ან კომუნისტებს გვეძახიან. რატომ ხდება ეს? ესეც ბუნებრივია- ტოტალიტარული იდეოლოგია, მისი ჰიპნოზის ქვეშ მოხვედრილი ხალხი ან მისი ცინიკური მსტოვრები ერთი მიდგომით აზროვნებენ:- თუ მათ კოორდინატთა სისტემაში არ ხარ , ანუ ლიბერალი, მაშ ვინ ხარ? რა თქმა უნდა კრემლის აგენტი. დონალდ ტრამპიც თურმე კრემლის აგენტია და ჩვენ რაღა შანსი გვაქვს, როდესაც ლიბერალიზმს და მის მკვლელ იდეოლოგიას ვუპირისპირდებით?! გავიმეორებ, 45 მილიონ ბავშვს კლავს ლიბერალიზმი ყოველ წელს დედის საშოში აბორტის მეშვეობით. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფაშიზმს და კომუნიზმს ერთად მოუკლავთ. ის ბავშვი ცოცხალია, ჩაიხედეთ YouTube-ში, ჩანს რა მოსდის, როცა დანა შედის, რომ მოკლას და უმოწყალოდ ჩეხავს. ჰოლოკოსტი და ორივე მსოფლიო ომი რომ შეაჯამოთ, ამდენი არ დაღუპულა. რაც აბორტი მასიური მკვლელობის პრაქტიკა გახდა მილიარდ ნახევარზე მეტი ბავშვია დედამიწაზე დაღუპული. რამდენს კლავს ფარმაკოლოგიური მაფია, რამდენს კლავს ნარკოტიკების ინდუსტრია, სწორედ ამას ვებრძვით. შეუძლებელია ეს აუხსნა ადამიანს, ვინც ეჭვის თვალით გიყურებს და სანამ თვითონ არ მიხვდება (ამაზეც ვისაუბრებ ჩემს ტელემიმართვებში) რა ფლიდ იდეოლოგიასთან აქვს საქმე და როგორ ატყუებს ის ადამიანს, სამწუხაროდ, ვერაფერს შეაგნებინებ.

რა გაეწყობა, ჩვენ მაინც სიმართლე უნდა ვთქვათ და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ არა ფანატიკური, აგრესიული მეთოდებით, არამედ ცივილიზებული, ლოგიკური საუბრით. კიდევ ერთი მაგალითი: ტოტალიტარული იდეოლოგია თავისი ჰეგემონიის პიკში, მანიაკალურად აკონტროლებს მასმედიას. გეუბნება, რომ ბედნიერება და შენი თავისუფლება უნდა, აზრთა სხვადასხვაობაზე გიქადაგებს, მაგრამ ვაი შენი ბრალი თუ რომელიმე მის დოქტრინას არ ეთანხმები . აღარც აზრთა სხვადასხვაობა ახსოვთ. 80-ანი წლების ბოლოს, მახსოვს, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინდელ ტელევიზიაში ჩიტი ვერ შეფრინდებოდა და კომუნისტური ეპოქის ნებისმიერი ჟურნალისტი გაგაწყვეტინებდა სიტყვას თუ ეთერში რამე ზედმეტი წამოგცდებოდა. იგივე ხდება ახლაც, ჩვენმა საწყალმა ჟურნალისტებმა, რომლებიც უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსებიც კი, ძალიან კარგად იციან რომ არავითარი აზრის და სიტყვის თავისუფლება არ არსებობს ლიბერალიზმში. ისე უბრახუნებენ თავში, ისე უქნევენ თითებს და ისეთ ტერორში ყავთ მოქცეული აბა თქვი, რომ მამათმავლობა სირცხვილია, აბა თქვი, რომ ადამიანის უფლებები და მე-ს გამდიდრება არ არის მთავარი ამ ქვეყანაზე, ვინ გისმენს?

ამ თემაზე ცალკე ტელემიმართვასაც გავაკეთებ – ძალიან არ მიყვარს სახელების დასახელება და აქაც მოვერიდები – მოგმართავთ ყველა ჩვენს ნაცნობს და ყოფილ მეგობარს, ვინც ფლობთ ამ ტელევიზიებს და დასავლური ლიბერალური ჰეგემონიის დიქტატის ქვეშ ამდენ უნამუსობას სჩადიხართ, ჩაგრავთ თავისუფალ აზრს და ფეხქვეშ ეგებით ამ სიტუტუცის დიქტატურას. თქვენ მოგმართავთ, ჩემო ყოფილო მეგობრებო, ნაცნობებო და იმ ხალხის ნათესავებო, ვინც ამ ტელევიზიებში ხალხი დაასაქმა – ლიბერალიზმი ინგრევა, თქვენ კიდევ მოესწრებით ამ ტოტალიტარული ჰეგემონიის ჩამოშლას და იმაზე იფიქრეთ როგორ იქცევით, როგორ ატყუებთ, შხამავთ და ნერვებს უშლით ქართველ ხალხს; ან გამოდით მაგ ინდუსტრიიდან ან ნუ იქცევით მასე! გასაგებია, პიკში მყოფი ლიბერალიზმი რასაც გიშვებათ. ეს დროებითი პიკია, დამერწმუნეთ, ეს არ არის სამუდამო. მაგრამ, თქვენც ხომ რამედ უნდა ივარგოთ. ასეთი სიტუტუცე, ასეთი ქვეშ გაწოლა, ასეთი სილაჩრე, რაც ჩვენს პარლამენტარებს, ჩვენს მთავრობას და ჟურნალისტებს ახასიათებთ – სირცხვილია! სხვა ხალხები იბრძვიან მაინც. თქვენ კი, როგორც ქართველმა ბოლშევიკებმა გადაასწრეს რუს და ებრაელ ბოლშევიკებს, ასე გადაასწარით ყველას, ხელი აიღეთ ნამუსზე, სინდისზე და ა.შ. დამერწმუნეთ, ნუ იქცევით ასე, კიდევ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში, პოსტ-ლიბერალურ ეპოქაში, რომელიც მოდის და რომელზეც აუცილებლად მოგიყვებით.

©️ ლევან ვასაძე

? 07.10.2021

? ლევან ვასაძე და მეგობრები – საუბარი #4 – “აპოკალიფსის სამი მხედარი”.

ნაწილი 1: https://bit.ly/3mzl8xh

ნაწილი 2: https://bit.ly/3oXZgyL