ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XXXIX თავი

ეს თავი რიგით არა 39-ე, არამედ მე-6-ე უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ აგვისტოში დავწერე, მაგრამ, ვერ გავიმეტე მაშინ ჩემები.

ახლა, დავრჩი რა აქამდე ცოცხალი (თუმცა წინ გრძელი და ფათერაკიანი გზა მაქვს), უკვე შემიძლია მისი გამოქვეყნება, ჩემებს ისე აღარ გავუხეთქავ გულს. ორიოდე ფრაზა შევცვალე და თითქმის უცვლელად ვაქვეყნებ, იმიტომ, რომ მიმაჩნია, სწორედ ეს თავი დაეხმარება ყველაზე მეტად იმათ, ვინც მძიმედ არის ავად. აქ რაღაცეები გამეორდება, რაც აქა-იქ მომდევნო თავებში მეწერა, მაგრამ, არა უშავს – მთავარია, ავადმყოფებს გამოადგეთ, როგორ მძიმედაც არ უნდა იყონ.

ირმა გაგვიხდა ამას წინად ავად, ჭკადუა – რაღაცნაირად, გამექცა მასზე ტელემიმართვა, რომელიც ჩავწერე და სულ ხუთი წამით მედო ქსელში, მერე გადავიფიქრე და ავიღე, მაგრამ, ვიღაცას ჩამოუტვირთავს, არც ვიცი, როგორ – იქნებ, პაროლიც კი გაუტეხეს გვერდს. შენდობას ვთხოვ ირმას და პირველ რიგში მას ვუძღვნი ამ თავს, ვიცი, რომ ყველაფერს დაძლევს და თავის საოცარ მსახურებას გააგრძელებს – ოჯახის, მეგობრებისა და სამშობლოს გასახარებლად…

ალბათ, მომავალში ამ თავს ყველაზე უფრო ვინანებ, რომ დავწერე. ვინანებ კერძო ჭრილში, ვიცი, როგორ არაკეთილსინდისიერადაც გამოიყენებს ზოგი. მაგრამ, მე მას არ ვწერ არც იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ მდგომარეობაშიც კი დამცინის, არც იმ ხალხისთვის, არაფერზე აზრი რომ არა აქვთ და არც ჩვენიანებისთვის. მე მას უბრალოდ ვწერ მათთვის, ვინც ავად არის და ავად იქნება აწი, ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს.

გადმოცემით ვიცი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი, ევგენი ევსტიგნეევი, ასე გარდაიცვალა: ლონდონის გულის კლინიკაში, ოპერაციის წინ, ინგლისელმა ექიმმა ზუსტად მოუყვა, რა გაკეთდებოდა ოპერაციის დროს მის გულზე, როგორ გაჩერდებოდა ის, როგორ გაუხერხავდნენ მკერდის ფიცარს, როგორ ამოუღებდნენ გულს, როგორ გაჭრიდნენ, როგორ შეკერავდნენ, როგორ ჩაუდებდნენ უკან, როგორ აუმუშავებდნენ ისევ. და ევსტიგნეევმა, როგორც აღმოსავლური კულტურის შვილმა, ეს დეტალები რომ მოისმინა, ასეთი ინგლისურ-პოზიტივისტური ზრდილი სიზუსტით, იქვე გათავდა, გულმა მოსმენილს ვერ გაუძლო. რომ შეეყვანათ და უბრალოდ ოპერაცია გაეკეთებინათ, გადარჩებოდა და იცოცხლებდა კიდევ, ალბათ, კარგა ხანს.

მე ამ მძიმე მოსაყოლს ასე არ მოვყვები. და ვიცი, რომ ჩემებს ამით გულს არ გავუხეთქავ, პრინციპში, არც არავის, ვინც ჩვენიანია – ყველას ესმის, რაოდენ უმსუბუქებს ადამიანს უფალი ყველანაირ განსაცდელსა და ტკივილს ლოცვაში. და ამას მინდა გავუსვა ხაზი ამ თავის ბოლოს.

ჩვენს აღმოსავლურ კულტურაში, ავადობაზე არათუ დეტალებში, საერთოდ საუბარიც კი ნაკლებადაა მიღებული. მოდერნის პოზიტივიზმი ამ მიდგომას უარყოფს, სინამდვილეში კი, ამ აღმოსავლურ მიდგომაში დიდი სიბრძნეა.

და მეც, რომ არა ის აუხსნელი სატელევიზიო აყალმაყალი, რაც ლიბერასტებმა საიდანღაც ატეხეს ჩემს მოწამვლაზე, იმ დღესვე, როდესაც მე ყოველგვარი განცხადებების გარეშე სტამბოლში გავფრინდი, ამდენს არც ვისაუბრებდი. მაგრამ, მათმა ამ საქციელმა და იმ საეჭვო გარემოებებმა, რაც უკვე საჯაროდ აღვწერე, სხვანაირად წარმართა ეს ამბავიც – აწი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერზე აისახება, მათ შორის ამ დღიურზეც.

როგორც პირველივე თავში ვთქვი, ვცდილობ, ეს კონკრეტული ნაწარმოები ისე ვწერო, რომ ყოველ ჯერზე ადამიანებს რაღაცაში დაეხმაროს. და დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა ეს ყველა სნეულისათვის ვცადო, ან თუნდაც ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც მომავალში მძიმე სნეულება შეიძლება შეხვდეს, ყველას ჯვარი სწერია.

როგორც ხედავთ, ამ დღიურის ძირითადი ნაწილი ჩემზე არ არის, მაგრამ, აქა-იქ ასეც მიწევს ხოლმე, დღიურია მაინც.

წარმოიდგინეთ, ასეთი კალეიდოსკოპი: ჩემი მიოკარდის კედელზე შხამებ დალექილი და გახისტებული გული ვერ ერევა ჩვეულებრივ წყალსაც კი და დალევისას მძიმდება. ამიტომ, უნდა მასვან სითხის გამომყვანი წამლები, რომლებიც გულს მიმსუბუქებს და მუშაობის საშუალებას აძლევს. ამ დაშრობას რა ჯობია, მაგრამ, რაც ქიმიის შეყვანა დაიწყეს, პირიქითაა – ამდენ შხამს გამოყვანა უნდა, თორემ ღვიძლი და თირკმელები ვერ გაუძლებს. ამიტომ ის, რაც აქ გულისათვის კარგია, ღვიძლისა და თირკმელებისთვის დამღუპველია. ამიტომ დასდევ გაუთავებლად უფაქიზეს ბალანსს: რამდენი მილიგრამი დალიე სითხე, თავის წვნიანად, რამდენი დაკარგე და გაუთავებლად არეგულირებ სითხის გამომყვან აბებს – გულის სიმძიმეს, ღვიძლის ტკივილსა და თირკმელების მაჩვენებლებს შორის. ეგეც არ გეყოფოდა და ქიმიასთან ერთად სტეროიდებს გიკეთებენ, რომლებიც, თავის მხრივ, გირევენ ამ სითხის ბალანსს და ხან გიმატებენ სითხის შეკავებას და ხან სტეროიდულ დიაბეტს გმართებენ, შაქრის ავარდნებით. მასეთ დროს ინსულინს გარჭობენ და გეუბნებიან ეს დროებითიაო, შენ კი, მიუჩვეველზე, ხან ეიფორიაში ხარ და ხან სავარძლამდე ძლივს მიდიხარ, რომ გაითიშო.

ამასობაში, მთავარი ბრძოლა ძვლის ტვინში მიდის – დაავადების შხამს და ამ ქიმიის შხამს შორის. მისი ქარიშხლები შენამდეც აღწევს და ლეგიონია მათი სახელი. ხან ნერვულ სისტემას ურტყამს და ონკანის ხმიდან დაწყებული თუ ახლობლის მოქმედებით დამთავრებული – ყველაფერი გაღიზიანებს და გულზე გირტყამს, ხან კი, სპაზმები ანუ კრუნჩხვები გეწყება, ხან სად, ხან სად. პირველი კარდიო რეანიმაციაში მომცა, პირველი ქიმიის გადასხმისას. ამაკანკალა, ამაკაწკაწა, დამღრიცა, ისრაელიდან ეგრევე მოიწერეს, გააჩერეთ გადასხმაო, სანამ გააჩერეს, გამიარა და უფრო ნელა გააგრძელეს. ანდა, ზიხარ ასე შენთვის და ხელის მტევანი ჯერ კანკალს იწყებს, მერე, თავისით, გველივით დაიღრიცება, დაკარგავს მტევნისათვის ჩვეულ ფორმას, შავად ამოყრის ვენებს, რაც აქვს და გაიკვანძება ისე, რომ ლამის გაყვიროს. მერე, უცებ, გადაივლის, დახედავ, თითქოს არც მომხდარა. მერე ტერფებს ამოგიტრიალებს წვივებისკენ და ცდილობ გაუძლო, მაინც აზრი არა აქვს წუწუნს. ან ნაბახუსევის და მაგარი გრიპიანის ნაზავი გრძნობით ხარ თითქმის სულ. ან წერ ამას და უცებ, თითქოს, მაუზერის ტყვია გაგივლის წელში და თირკმელებში. უცებ, გეტყვიან კონსილიუმზე, რომ უნდა მაინც გაგჭრან და გულზე დეფიბრილატორი ჩაგიყენონ, იმიტომ, რომ ღამით დაყენებულმა ჰოლტერის აპარატმა სიცოცხლისათვის სახიფათო არითმია და ზედმეტი ექსტრასისტოლიები დააფიქსირა და ამიტომ, დეფიბრილატორის გარეშე ეშინიათ – იმან უნდა დაგარტყას დენი მაგ დროს, გული რომ გაგიჩერდეს. მერე წავა კონსილიუმის კამათი, კარდიოლოგები გულის დაზიანების კლასიფიკაციით მიიჩნევენ, რომ შეგიძლია დეფიბრილატორის გარეშეც იყო, ამილოიდოზის ვიწრო სპეცები ამბობენ, ეს ხომ უბრალოდ გულის პაციენტი არ არის, უმძიმესი რამ ჭირს და ქიმიაზე გვყავსო. შენ კი, ელოდები განაჩენს. კარგი, გადადებენ დეფიბრილატორის ჩაყენებას, მაგრამ, რავარია მერე მშვიდად დაიძინო მის გარეშე. მერე აღმოჩნდება, რომ აპნოე-ტესტერმა ძილში სუნთქვის შეკავების დაავადება გამოავლინა და წავა კონსილიუმი, უმკურნალონ თუ არა აპნოეს მოხსნის მეშვეობით არითმიას. დაგინიშნავენ სიპაპის აპარატს და აწი, სულ ამ პლასტმასის ნიღაბით უნდა გეძინოს. თან გეუბნებიან, წვერი გაიპარსე, ნაკლებად შეგაწუხებსო და შენ ეუბნები, თავი დამანებეთ, თუ ძმა ხარ, მაინც უნდა ვიწვალო და რა აზრი აქვს-თქო და მერე უკვირთ, პირველი ხარ, ვინც ეგრევე იგუა, თან წვერითო. მერე ფსიქიატრია. გაივლი ტესტირებას უცხოური ფსიქიატრიული კლინიკის მთავარ ფსიქიატრთან (ჩვენთან ხომ დახურეს ამ გიჟებმა ფსიქიატრიული საავადმყოფოები), ოთხი სესია, გაკვირდება ერთი თვე, გესაუბრება, შეგამოწმებს ნებისმიერი სახის შესაძლო ფსიქიკური დარღვევაზე, იტყვის, ამ კაცს აქეთ შეუძლია მიმკურნალოს, ისეთი ფსიქიკა აქვსო, სრულიად დადებით დასკვნას დადებს და მსუბუქ ორგანულ დამამშვიდებელს დაგინიშნავს – ჰემატოლოგებს კი ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ, იტყვიან, ეგ წამალი „ისტერიჩკა“ ქალებისთვისაა, ჩვენ კი, ამ კაცის, რომელსაც გიგანტური სტრესები აქვს გადატანილი, ნერვული გამძაფრების სრული ჩაქრობა გვჭირდება, რომ ამილოიდოზის ურთულეს გულის ორგანიკას თავისუფლად ვებრძოლოთო და უფრო ქმედით დამამშვიდებლებს დაგინიშნავენ, რომლებიც მიჩვევას არ იწვევს და ფსიქოთერაპიულად არ გჭირდება, მაგრამ, ორგანო-მექანიკურად აუცილებელია. ეს ყველაფერი სამ ქვეყანას შორის, რამდენიმე ექიმი, ზოგს რა აზრი აქვს და ზოგს რა. ამ დროს, წიგნის ფურცელზე თითი გაგეკაწრება და ისე გეწვის, გეგონება, ციანიდი დაგასხეს, ან ფრჩხილებს დაიჭრი და უცებ, კუთხე ჩაგეზრდება, რაც არასოდეს მოგსვლია და დაგიჩირქდება. და წავიდა მსჯელობა რომელი ხსნარით, რომელი ფხვნილით, რომელი მალამოთი გიმკურნალონ ეს სისულელე და რომელი რა შეგიცვალონ, რატომღაც, ქიმიაში. ჯამში დღეში 20-ზე მეტ აბს და ხსნარს სვამ, ქიმია რომ არ ჩავთვალოთ.

ამასობაში, მრავალჯერადი მიელომა ანუ სისხლის კიბოც დადასტურდა. ჯერ ძვლების ჭამა არ დაუწყია, ამიტომ, „მბჟუტავის“ სტატუსი აქვს და აწი, იქნებ, ვეღარც დაიწყოს, მაგრამ ახლა ორ რამეს წყალი არ გაუვა: (1) ამ კომბინაციაში პირველადი სწორედ ისაა, როგორც სისხლის კიბოს ფორმა და ამილოიდოზი მხოლოდ მისით გამოწვეული მეორადი, მიელომაზე სახიფათო და აგრესიული დაავადებაა; და (2) მიელომას გამომწვევ შესაძლო მიზეზებში პირდაპირ წერია დასხივება და რადიაციული მოწამვლა.

და როცა კითხულობ, თუ რა, რა გელის წინ – ჯერ ძალიან ადრეა. ჯერ ოთხი თვეა მხოლოდ ქიმიიდან გასული. გრძელი გზაა, რომელსაც როგორ გაივლი, არავინ იცის და არ შეგაწყენთ მისით თავს.

და ეს ყველაფერი კაცს, რომელიც სრულიად ჯანმრთელი ვიყავი ზუსტად პოლიტიკაში შესვლამდე – აგერ, აპრილში ჩატარებული და დოკუმენტირებული კომპლექსური კვლევის მიხედვით.

სატრაბახოდ არ ვამბობ, უბრალოდ, ხაზის გასასმელად: რამდენი წლისაც ვიყავი, დღეში იმდენჯერ ვიწეოდი ძელზე, იმდენჯერვე ორძელზე, სამჯერ იმდენჯერ ვიზიდებოდი მიწიდან, ნახევარ კილომეტრს, უბრალოდ, გახურებისთვის ვცურავდი, ზაფხულში დილის ექვსი საათიდან ათამდე ბალახს ვთიბავდი შვილებთან ერთად, მერე ვსაუზმობდით სათიბში, „იუნკერები“ ამოდიოდნენ და ერთად ვაშენებდით რაგბის კლუბს და ფერმას, მერე, სადილამდე ვვარჯიშობდით რაგბს, ვსადილობდით და ვმუშაობდით საღამოს ექვსამდე, მერე, საღამოს ვწერდი და ვკითხულობდი, სანამ ბავშვებს ზღაპარს მოვუყვებოდი ან პოეზიას წავუკითხავდი და დავიძინებდით. და ეს ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდა.

თურქეთში მეორე საავადმყოფოს ექიმმა, რომელიც ამილოიდოზის სპეციალისტი იყო, დამათვალიერა და იქვე დამიდასტურა დიაგნოზის მაღალი ალბათობა, მითხრა, თქვენთვის ალბათ ეს მძიმე დღეა იმიტომაც, რომ გატყობთ, როგორ ცხოვრობდით აქამდეო. ახლაღა ვხვდები, რას გულისხმობდა.

ასეთი რამისას, მომხდარზე რეაქციის პირველი ფაზა, როცა გეტყვიან, სიცოცხლე ერთი თვე დაგრჩა, ან გულ-ღვიძლი გადაინერგე და მერე კიდევ ვნახოთო, არის უარყოფა და არ დაჯერება.

მერე, როდესაც თვეზე დიდხანს იკვლევ, მართლა გჭირს თუ არა ეს უიშვიათესი რამ, არის ლოცვა, რომ ეგებ, არ გჭირდეს. თან გრცხვენია, რომ ამას სთხოვ ჯვარცმულ მაცხოვარს.

მერე, როდესაც გავიგე, რომ ამილოიდოზი თითქმის 100%-ით მჭირს და უბრალოდ, უნდა დაედგინათ რა ტიპის, გავიგე რომ – თუ გენეტიკურია, უფრო კურნებადია და თუ AL ტიპის, რომელიც აღმომაჩნდა, უფრო აგრესიულია.

და ვლოცულობდი, რომ ეგ აგრესიული შემხვედროდა, რომ ბავშვებზე საფრთხე არ ყოფილიყო და ეს სიხარული მარგუნა უფალმა.

მერე იწყებ გაგებას, რომ არც მთლად მასეა საქმე, არკვევ ბოლო მიღწევებს ამ სფეროში, ჩნდება განკურნების იმედი, თუმცა, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ჩემი შემთხვევა მძიმეა, იმიტომ, რომ გული აუხსნელად და საოცრად სწრაფად, ძალიან დამიზიანდა.

მერე ცალკე წამებაა როგორ, ვისთან, სად, რა პროტოკოლით იმკურნალო, კოვიდს რა უყო, ამას აღარ მოგიყვებით.

მერე, როდესაც ყველაფერს გადაწყვეტ, უკვე ექიმების ხელში ხარ და მხოლოდ ლოცვა და შესრულებაღა დაგრჩენია და ხარ იმ კალეიდოსკოპში, რომლის მეასედიც ზევით მოგიყევით.

კოვიდის გამო ყოველი ბინიდან გასვლა კლინიკაში, ამ ჩემ ჯღან სკაფანდრში, სიცოცხლის რისკია, ყოველი ჩემი გაგორება კლინიკის დერეფანში, გინდა ფილტვების სკანი იყოს და გინდა ჩონჩხის პეტ-სკანი.

თან ზემოდან ღრუბელივით გაწევს ის, რაც სხვა ავადმყოფებს თითქმის არასოდეს აწევთ: მოგიწყვეს თუ შემთხვევით დაემთხვა ასეთი რამ – რასაც ვერასოდეს გაარკვევ.

და, კიდევ, ამის ზემოდან გადაწყვეტილება, რა ქნა, როგორ იცხოვრო აწი. დააღალატო ამდენ ხალხს, ვინც იმედით შემოგხედა, თუ არ გაჩერდე.

დღეში ასობით მესიჯი, როგორ ხარ ლევან, ათასობით ლოცვა და კეთილი სურვილი, და მალე გამოჯანმრთელდი, ქვეყანაა საშველი.

როგორც კი იწყებ ქვეყანაზე ფიქრს, ისევ ლოდი გულზე, ოღონდ ნამდვილი, აი, რომ ვერ სუნთქავ. ხან გინდა გაექცე და იყო ავადმყოფი, ხან გრცხვენია ამისი.

დამცინველებზე, სატელევიზიო შარჟებზე და მაგინებლებზე არაფერს ვამბობ: „პუტინმა დაგიფაროთ, ბატონო ლევან“, „მანდ რა გინდა, აქ ვერ იმკურნალებდი?“ „გიწია ცოდვებმა, შე რუსეთუმე მოღალატე“, „გაიქეცი, რაინდო, შე აფერისტო?“ „შენ თუ კაცი ხარ, შენს სკოლაში რატომ ღირს სწავლა ამდენი?“ (სკოლაში, რომლის შენახვაზეც ორჯერ მეტი მაქვს დახარჯული, ვიდრე მის აშენებაზე, რომელიც თბილისის კერძო სკოლების ოცეულშიც კი არ შედის სიძვირით და პირველ ადგილზეა ქვეყანაში საშუალო ეროვნული გამოცდების ქულით, სკოლაში, რომლის არ დასაკეტადაც ორჯერ მაქვს მოსკოვის ეს ბინა კრედიტში ჩადებული და სკოლაზე, რომელიც ერთადერთი კერძო სკოლაა, რომელიც ბიზნესი არ არის დამფუძნებლისათვის) და რა ვიცი, კიდევ რამდენი სიშლეგე. ზოგჯერ, ფიქრობ ამ ხალხს მართლა სჯერა იმის, რასაც წერს, თუ შეკვეთას ასრულებენ, თუ რა შიგნეული ალაპარაკებთ ასეთ რამეებს?!

როგორ უნდა გაუძლო ყველაფერ ამას? მხოლოდ იობის მადლიერებით უფლისადმი, ყველაფრისათვის.

მშობლები გყავს, მაგალითის ეტალონები. მამაჩემი 50 წელია მთაში, კლდიდან მოწყვეტისას შეძენილი უმძიმესი დიაბეტით ცხოვრობს და ერთი არ დაუწუწუნია კაცს. დედაჩემი, რომლიც მას აცოცხლებს, სიმტკიცისა და სიკეთის, სიხარულისა და იმედიანობის განსახიერებაა.

უწმინდესი, რომელიც ამდენი წელია მთელ ქვეყანას ზურგით ზიდავს, უახლოესი ხალხი, ვინც მან ხალხად გახადა, როგორ ღალატობს, რეებს კადრებენ და ერთს არ დაიჩივლებს – სულ სიკეთეა და კიდევ აქეთ ესარჩლება მაგ ხალხს.

ჩვენი ხალხი, რომელიც შენსავე სიცოცხლეში განახევრდა რაოდენობით და ისეთი ღირსეულია, რომ ერთხელ არ მოუწყვია ბუნტი მატერიალური გაჭირვების გამო, მხოლოდ უსამართლობისა და უზნეობის წინააღმდეგ – ანუ, ასეთი ხალხი არ არსებობს მეორე.

შენ ამის ყველაფრის შვილი ხარ.

მერე მეგობრები, რამდენიმე კაცი პირდაპირ მხარში ამომიდგა უხმოდ, თვითონ მომაკითხეს, რა გჭირდებაო, იცოდნენ, არანაირად არ ვიყავი ამისათვის მზად – არც მატერიალურად, თუმცა, ამას ჩემზე ვინ დაიჯერებს.

მოვიდნენ და გააკეთეს თავისი საქმე თვითონ, იმიტომ, რომ არავინ იცის რა დაჯდება საბოლოოდ ეს ყველაფერი, რამდენი რამის გადანერგვამდე მივალ ან ვერ მივალ – ძვლის ტვინიდან რომელ ორგანომდეც გინდა, ღმერთმა დამიფაროს.

და კი, მოვა დრო და „არ შევარჩენ“ ამ სიქველეს და ისინი უარს მეტყვიან დახმარების დაბრუნებაზე, ვიჩხუბებთ და დავაბრუნებ მაინც – მე ან ჩემი ოჯახი, მაგრამ, ხომ გინდა ასეთი განგებაც: წლების მანძილზე, ასობით უცნობ ხალხს მილიონები შეალიე და როცა შენ დაგჭირდა, დასახმარებელი გახდი, იმიტომ, რომ აღარ გქონდა. და ეს დახმარება არც გითხოვია, თვითონ მოვიდნენ კაცები და ქნეს ჩუმად ის, რასაც კაცი აკეთებს მასეთ დროს.

ან კიდევ, ჩემი კახელი ძმაკაცი ექიმი ამერიკაში, გელა მჭედლიშვილი, რომელიც ათიოდე წლის წინ გამეცნო, შენ გენაცვალე იმისთვის, რასაც სამშობლოსათვის აკეთებო, და ეს რომ გაიგო, მთელი დასავლური მედიცინა შეძრა და მოაქუჩა, ღამეები არ ძინავს, ლამის ჩამყვეს სამარეში და ლამის ვეჩხუბო, ისე მაკონტროლებს და ისე დასდევს მისივე დახმარებით არჩეულ ექიმებს და ისე ბოლომდე კახურად არ ეშვება არავის და არაფერს.

და შენ რა უფლება გაქვს იწუწუნო, ამდენ ხალხს უჭირს, კოვიდი ცელივით წყვეტს, ამდენს შვილი ყავს ავად, რამდენს შენ თვითონ ვერ გაწვდომიხარ და ვეღარ დახმარებიხარ ამ გაუთავებელი კრიზისების და ვარდნების გამო.

და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს მატერიალურს, გეგონება, მართლა ყველაფერი წამლებით და ექიმებით წყდებოდეს. აგერ, დაგიდგა განსაცდელი, რომლის ლოგიკური პარამეტრებიც ძალიან სავალალო გაქვს, მაგრამ, მისივე სულიერი მხარე საოცარი და მანუგეშებელი.

„ყველაფერი სიზმარია, ლევან“ – მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა მამამ, როდესაც პირველად ვისაუბრეთ ამაზე. დიდი ღვთისმეტყველის ნააზრევიც გამიზიარა, ამქვეყნად სტაბილური არის მხოლოდ არასტაბილურობაო და ეგრეა ზუსტად.

დღეს ერთ-ერთი წიგნაკის ნაწერებში ვეძებდი რაღაცას და გავშეშდი: ოთხი წლის წინ ლექსად მინატრია პრაქტიკულად ის, რაც დამემართა, თან ათონზე ყოფნისას. დავასრულებ მაგ ლექსს ამ დღეებში და იქნებ დავდო „პოეზია და მწერლობაზე“ ეგეც.

სითბო და ლბილი ნუგეში, რომელიც მოდის ჩემი ხატების კუთხიდან, შეუძლებელია თვითშეგნებითი იყოს. დავუდგები – კარგად ვხდები ეგრევე, მოვშორდები – ცუდად. ყველანაირი ლოცვა იწირება, ჩემი დაბნეულიც კი, ასეთ დროს. ფერება, სიმშვიდე, მე შენთანა ვარ.

მთავარი კი, წინ მაქვს. მოწიწებითი, კრძალვითი, კადნიერი, მადლიერებით სავსე, მაგრამ, მაინც სურვილი შემეცნებისა, რა განგებით, უფალო. გავიგებ, ან ამ ქვეყნად, ან იმ ქვეყნად.

და არ ვაპირებ აქ არც ჰოლივუდს და არც ბრექვას და მაგრობას, უძლურებასა შინა განმამტკიცე უფალო, მიიღე მადლობა ჩემი ყველაფრისათვის და შენ მომეც ძალი, ვიბრძოლო, იმიტომ, რომ მხოლოდ შენი ნების აღსრულებისათვის ბრძოლაში არის ქართველი ბედნიერი და იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, ამინ!

©️ ლევან ვასაძე

? 20-21.08.21 – 03.11.21