ჩემი ამ ავადობის თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი მომმართავდა ათასგვარი რჩევით. სრულიად დაუმსახურებელი ჩემთვის ლოცვის გარდა, რისთვისაც სამუდამოდ ვალში ვარ ამ ხალხის წინაშე, ათასგვარი რჩევისა და დარიგების მიმღები გავხდი.
სახალხო მალამოები და წამლები, ხატები და ჩემი დაცვისთვის საჭირო ლოცვის ტექსტები უხვად მოედინება ჩემი მისამართით. მე, შეძლებისდაგვარად, ყველას ვმადლობ და ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივია, ვარ რა სამეცნიერო კონსილიუმისა და ამ ჩემი უიშვიათესი და უმძიმესი ავადობის საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლის ქვეშ, ყველანაირ მედიკამენტურ მკურნალობას, როდესაც ესა თუ ის საშუალება ყურადსაღებად მიმაჩნია, მათ ვუთანხმებ.
ამას წინათ მსგავსი შემთხვევა განმეორდა, როდესაც მორიგი წინადადებითა და რჩევით დამიკავშირდა გამოცდილი ქართველი ექიმი, რომელიც ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს და უკანასკნელი წლებია ჩინურ ტრადიციულ მედიცინას სწავლობს და იყენებს.
მის მიერ შემოთავაზებული სამკურნალო პრეპარატების განხილვისას, უცებ, გამახსენდა, რომ როგორც სულისათვის, ასევე ხორცისათვის ყველაზე სამკურნალო საშუალებას, ღვთის მადლით, მე ყოველ კვირას ვიღებ ზიარების სახით და არ ვუფიქრდები მის მნიშვნელობასა და მაკურნებლობას.
საყოველთაოდ ცნობილია, რაოდენ დიდ პატივს სცემს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ექიმებს და ფსიქოლოგებს, ისევე, როგორც საერთოდ მეცნიერებს და რაოდენ საჭიროდ მიიჩნევს მათ შრომას.
ჩვენი პრიმიტიული აზროვნებისათვის ეს ზოგჯერ გაუგებარია: თუკი სულისათვის არ არსებობს აღსარებაზე მეტი შვება და თუ ზიარებაზე მეტი წამალი ვერ იქნება ვერაფერი, მაშ, რაღა საჭიროა ადამიანისთვის, რომელიც ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, ფსიქოლოგი და ექიმი?
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი უწმინდესის შეხედულებას ეხმიანება წმინდა მამობრივი გამოცდილებაც, ჯერ კიდევ ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის დროიდან იოანე კრონშტადტელის, პაისი ათონელის, იოსებ ისიქასტისა და ეგნატე ბრიანჩანინოვის დრომდე მოყოლებული, დედა ეკლესია არათუ არ უარყოფს, არამედ, სრულიად მხარს უჭერს ექიმებსა და მედიცინას და ზელოტია ის, ვინც საპირისპიროს ფიქრობს.
არსებობს აუარებელი რაოდენობის წმინდა მამობრივი წერილები თავიანთი მრევლის მიმართ, სადაც ისინი სულიერ რჩევა-დარიგებებთან ერთად, ექიმების დაჯერებასაც ურჩევენ სულიერ შვილებს.
რას ნიშნავს ამ ორის ეს შერწყმა? დედა ეკლესიამ ძალიან კარგად იცის ჩვენი მცირედმორწმუნეობისა და უძლურების შესახებ, რადგან ქრისტეს სხეულში გაერთიანებული, მისი თაოსნობით, ის შედგება ადამიანებისაგან, რომლებმაც საერო გზა გაიარეს და მხოლოდ შემდეგ გახდნენ სასულიერო პირები, რომლებადაც არავინ იბადება. როგორი კათარზისიც არ უნდა გაიაროს პიროვნებამ განღმრთობისაკენ უსასრულო გზაზე, მან ძალიან კარგად იცის ადამიანის სისუსტეები.
ამიტომაა, რომ ყოვლის მაკურნებელი და ყოვლად უებარი წამლის, ზიარების, სრულიად უღირსად მიღებისას, უნდა მახსოვდეს, რომ არ ვარ მისი ღირსი და რომ, მითუმეტეს, ჩემი გონი ვერასოდეს დაიტევს იმას, თუ რას ვეზიარები.
სწორედ ამ ნაკლულოვანების შემავსებელია ჩემს ენაზე ბევრად მარტივად ასახსნელი და გასაგები წამლობა ექიმთა მხრიდან და მისი უარყოფა მხოლოდ ფუჭი ამპარტავნება და გონებრივი სისუსტეა.
სხვა საკითხია, თუ რატომ გვხვდება შემთხვევები, როდესაც წმინდა მამები შეგნებულად ამბობენ უარს ექიმის დახმარებაზე.
რატომ იწვალა ასე, თავის უკანასკნელ დღეებში, მუცელში წყალჩამდგარმა წმინდა მამა გაბრიელმა? ან რატომ ამბობდა მისი უწმინდესობა წლების მანძილზე უარს უცხოეთში მკურნალობაზე (რისი მომსწრეც მე თავად გახლავართ), მიუხედავად ჩვენი უამრავი ვედრებისა?
მამათა ეს საქციელი საიდუმლოა, თითოეული ამ დიდებული პიროვნების უფალთან უღრმესი ურთიერთობების ანარეკლია და არ მგონია ეს ჩემი ჭკუის საქმე იყოს.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ამ თვეებში ამ წამებისას გამიჩნდა იყო, რატომ ვევედრებით უფალს ჩვენი ან ჩვენი ახლობლების გამოჯანმრთელებას, მიცვალებისაგან გადარჩენას და ამქვეყნად დარჩენას?
რაც უფრო მეტ ტკივილსა და ამაოებას იგემებ ადამიანი ამქვეყნად, წესით, ხომ, მით უფრო უნდა გესმოდეს, რომ ამ ვაებით სავსე სოფლის დატოვება მხოლოდ განსვენება უნდა იყოს ადამიანისათვის?!
მაგრამ არა, ჩვენ უფალს გულწრფელად ვავედრებთ ჩვენი უფროსების მრავალჟამიერ დღეგრძელობას ამქვეყნიურ განზომილებაში.
ყველაზე კარგად ეს სწორედ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის მაგალითზე ჩანს ბოლო წლებში.
სრულიად დაუძლურებული, სხვადასხვა ავადობით გაწვალებული, მოხრილი და აკანკალებული ეს დიდებული პიროვნება, არათუ გადატანითი, არამედ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თავისი უღელით მიათრევს ჩვენს ურჩ და გაუგონარ ერს უფლისაკენ.
და, თუმცა, სრულიად უდავოა, რომ მას პირადად ბევრად უკეთესი განსასვენებელი ელოდება, არც ჩვენ ვუშვებთ მას ჩვენი ვედრებით მისი მრავალჟამიერი დღეგრძელობისა და არც ის იზარებს ამ გაუსაძლისი ტვირთის ათწლეულობით ზიდვას.
მაშ რა ხდება აქ? აქ ხდება სიყვარული. უწმინდესი და უნეტარესი სიყვარული. შეურევნელი რაიმე არაწმინდასთან. სრული მსხვერპლშეწირვა საკუთარი თავის უარმყოფელი ადამიანისა, რომლისათვისაც ნებისმიერი ექიმის წამალი, ნებისმიერი დღის გაგრძელება, მხოლოდ წამების გაგრძელებაა საერთო ჯამში.
რა თქმა უნდა, ამ დღეების შიგნით არის სიხარულიც, ადამიანების სიყვარულიც, სილამაზეც, ნუგეშიც, მაგრამ ის, რომ საერთო ჯამში, უწმინდესის ცხოვრება აღსავსეა უდიდესი სიმძიმითა და აურაცხელი მწუხარებით, მხოლოდ ბრმა ვერ უნდა ხედავდეს ამას.
მაშ, როგორ მოვიქცეთ ჩვენ, მისი შვილები, უსასრულოდ დაშორებულნი მას ამ გზაზე, ჩვენი ღირსებითაც და ჩვენი ცხოვრების წესითაც?
შეძლებისამებრ, მივბაძოთ მას, როგორც ის ბაძავს დიდებულ წინაპრებს და უფალს.
ჩვენ თვითონ, ალბათ, არაფერი შეგვიძლია, გარდა მოლხენითა და მოსვენებით ნდომისა და მხოლოდ უფლის იმედად, დედა ღვთისმშობლის შეწევნით თუ მოგვეცემა საშუალება იმ გზის მემილიონედის გავლისა, რომელიც უკვე გაიარა ჩვენმა პატრიარქმა.
მრავალჟამიერ, თქვენო უწმინდესობავ და შეგვინდეთ ამისათვის და ყველაფრისათვის, რითიც გიმძიმებთ თქვენს წმინდა ჯვარს.
© ლევან ვასაძე
🗓 23.02.2022
Recent Comments