მას შემდეგ, რაც, შეძლებისამებრ, „უძლურის დღიურის“ წერას დავუბრუნდი, რამდენჯერმე ვცადე რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების თაობაზე დამეწერა და სულ უშედეგოდ, რადგან არ მინდა ვაწყენინო არც ერთ ამ ხალხს, რომლებიც პირადად მე ერთი ერისა და ერთი ცივილიზაციის ნაწილებად მიმაჩნია, რომელსაც აღმოსავლეთ სლავური ერი და ცივილიზაცია ჰქვია.
ტრაგედიაა ის, რაც იქ ხდება და მე, როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტსა და მართლმადიდებელს, შეძლებისდაგვარად, არ მინდოდა ამაზე წერა, ნახსენები მიზეზის გამო, მაგრამ ამ კონფლიქტის დაწყებულმა ცხელმა ფაზამ შეუძლებელი გახადა ჩემი დუმილი.
მაშ, დავწერ რასაც ვფიქრობ, მაქსიმალური სიფრთხილით და მომიტევოს ყველამ, ვისაც ვაწყენინებ.
თავიდანვე ვიტყვი, რომ არ ვაპირებ აქ რომელიმე მხარეს დადგომას და გულწრფელად ვევედრები უფალს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს დაწყებული ომი და რაც შეიძლება ნაკლები რუსი და უკრაინელი დაიღუპოს მისი მსვლელობისას – თუ სამხედრო, თუ სამოქალაქო პირი.
ამავე დროს, მინდა განვმარტო ორივე მხარის ჩემეული გაგება.
ორი აზრი არ არსებობს, რომ თუ საკითხს ზედაპირულად შევხედავთ, ვესტფალიის ზავის დროინდელი ნაცია-სახელმწიფოების კონცეფტიდან და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან გამომდინარე, რუსეთი ამჟამად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და ინტერვენტად იჭრება მის ტერიტორიაზე.
სუვერენული უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, ამაზე კიევის თანხმობის გარეშე, იგი უხეშად არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისე, როგორც 2008 წელს ეს საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა – აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით.
და ეს გახლავთ საკითხის ერთი მხარე.
მეორე მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ სანამ რუსეთი ამას იზამდა, ზუსტად იგივე გააკეთეს ამერიკელებმა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, როდესაც, ბელგრადთან შეუთანხმებლად, მხარი დაუჭირეს ალბანელ სეპარატისტებს სერბეთის ძირძველ მიწაზე კოსოვოში და აღიარეს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფო – კოსოვოდ.
ზუსტად ასევე, აშშ-მ და ევროპამ 2014 წელს ღიად დაუჭირეს მხარი სამხედრო გადატრიალებას კიევში და ლეგიტიმური უკრაინული ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, რასაც ქვეყანაში მოჰყვა სამოქალაქო ომი და ერთიანი უკრაინის განადგურება.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აქ ცხადზე ცხადია: რომ არა დასავლეთის მიერ ე.წ. კოსოვოს აღიარება, არ გვექნებოდა რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული სეპარატისტული რეგიონების აღიარება.
ამრიგად, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დე-იურე დარღვევაში დამნაშავე არის სწორედ დასავლეთი, რომლის ქმედებებზეც რეაგირებს რუსეთი.
ხოლო, რაც შეეხება ერთი ქვეყნის ჯარის მეორე ქვეყანაში შეჭრის დაუშვებლობას, რომელზეც ჩვენი ლიბერალები ასეთი აღშფოთებით წერენ ამ დღეებში, რაღაც არ მახსოვს მათგან კრინტი, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები იჭრებოდნენ, ანადგურებდნენ და ქაოსად აქცევდნენ ერაყს, ლიბიას, სირიას, ავღანეთს… რომელი ერთი ვთქვათ.
ის, რომ არავითარი საერთაშორისო სამართლის სისტემა არ მოქმედებს, ის, რომ ომები სულ მიმდინარეობს და ის, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვისაც რისი ძალა აქვს, იმას აკეთებს, ამის არ დანახვა ან ამ კალეიდოსკოპიდან მხოლოდ ერთი შემთხვევის დანახვა და სხვებზე სიბრმავე და დუმილი ან კრეტინიზმის ან სრული უნამუსობის დასტური უნდა იყოს.
ახლა რაც შეეხება ყბადაღებულ სენტენციას იმის შესახებ, რომ ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მოკავშირეებისა და სხვადასხვა ბლოკებში გაერთიანების არჩევის სრული თავისუფლება. იგი ეყრდნობა ძალზედ კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ჯგუფს, „ევროპის უსაფრთხოების ქარტია“ იქნება ეს (მიღებული სტამბოლში, ეუთო-ს სამიტზე), თუ სხვები, რომლებშიც ასევე წერია, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოების გამყარება არ უნდა ხდებოდეს სხვა ქვეყნის უსაფრთხოების დასუსტების ხარჯზე.
და ამრიგად, აქაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ: ამ დოკუმენტებიდან, რომლებიც, სინამდვილეში, ცოტა ვინმეს თუ წაუკითხავს, ერთი ფრაზის ამოგლეჯა და მეორეზე წაყრუება იგივე კრეტინიზმის ან უნამუსობის ნიშანია.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში ეს საკითხი ძირეულია: უკრაინის ნატო-ში შესვლა და იქ ნატო-ს სარაკეტო დანადგარების განლაგება, 15-20 წუთიდან 4-7 წუთამდე ამცირებს მოსკოვამდე მიფრენის დროს და უსარგებლოს ხდის რუსეთის საჰაერო თავდაცვის მთელ სისტემას, რასაც რუსეთი, ბუნებრივია, ვერ დაუშვებს – არა რაიმე იდეოლოგიური, არამედ, უბრალოდ, ტექნიკური მიზეზების გამო.
ამრიგად, ასეთ შემთხვევაში ხდება ერთი ქვეყნის უსაფრთხოების „გამყარება“ მეორე ქვეყნის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე, ანუ ხდება იმავე დოკუმენტების ჯგუფის პირობების დარღვევა, რომლის დარღვევის დაუშვებლობაზეც ყაყანებენ ჩვენი ლიბერალები.
და დღეს რომ ალაპარაკდა პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე, როდესაც რუსეთის არმია კიევს მიადგა, სად იყო აქამდე? რა, არ იცოდა, რომ რუსეთისათვის უკრაინის ნატო-ში წევრობა იდეოლოგიური საკითხიც კი არ არის და უბრალოდ, მშრალ, ტექნიკურ საკითხს წარმოადგენს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის?
როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, რუსებს დაჰპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით „არც ერთი დუიმით“ არ გაფართოვდებოდა და ამის მერე ამ გაფართოების ხუთი ტალღა მოუწყვეს მათ.
უფრო მეტიც, როდესაც რუსეთი თავისი სისუსტის პიკში იყო, რუსეთის დაშლაც კი სცადეს, XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში, როდესაც ამერიკელი ინსტრუქტორებით იყო გატენილი მოსკოვის ყველა დაწესებულება ძალოვანების ჩათვლით.
სწორედ მაგ მრჩეველების მოღვაწეობის პერიოდში აფეთქდა ყველა სეპარატისტული კონფლიქტი ყოფილ საბჭოთა კავშირში, არა მარტო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, არამედ, თავად რუსეთშიც.
და ვისაც არ ესმის, რომ რუსეთი რომ დაშლილიყო, ამის შედეგად საქართველოც და უკრაინაც კიდევ უფრო დაქუცმაცდებოდა, იმას არაფერი არ ესმის საერთოდ.
გასაგებია, რომ ზომბირებულ, ლიბერალური მედიის პროპაგანდით გაბრუებულ, გაუნათლებელ ადამიანს ძნელია შეაგნებინო ეს ყველაფერი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების მხრიდან ამის ვერ შეგნებით სინამდვილეში რამე იცვლება.
სინამდვილეში, ამ შეუგნებლობას მიჰყავს ჩვენი და უკრაინისნაირი მართული ქვეყნები იმ მგლის მიერ მურიას შეჭმამდე, რომელზედაც მერე „შეშფოთებას“ გამოხატავენ გლობალისტ-ლიბერალები და სინამდვილეში კი, საერთოდ არ ედარდებათ უკრაინელი და ქართველი ხალხის ტანჯვაც და ვაებაც.
მაგალითად, დღეს ამერიკის სპეცსამსახურის თანამშრომელმა, ლუკ კოფმა (Luke Coffey) გამოაცხადა, რომ „დროა, კბილებამდე შეაიარაღონ ქართველები“, ანუ, ამ მოღვაწეს უკრაინელების რუსეთზე შეკვლა არ ჰყოფნის და ახლა ჩვენზე უნდა ამ ცეცხლის გადმოტანა.
ეს ის ლუკ კოფია, რომელმაც გაბედა და 2018 წელს თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, ყველა ქართველისათვის შეურაცხმყოფელი კონფერენციის ჩატარება ითავა, თემაზე საქართველო ნატო-ში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე.
ჩემი აზრით, ასეთი პროვოკატორები არა თუ კონფერენციებს არ უნდა ატარებდნენ საქართველოში, არამედ, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან პერსონა ნონ გრატად უნდა იყვნენ გამოცხადებულები.
ახლა რაც შეეხება ინფორმირებულობას. შემზარავია ნებისმიერი ომი, მითუმეტეს, გარდაუვალი სამოქალაქო მსხვერპლის გამო. და ახლა, ტელესივრცე ნელ-ნელა გაივსება ამ შემზარავი სურათებით.
მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ არავინ გვაჩვენებდა ასეთივე სურათებს დონბასის სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლზე.
მოსკოვში მე ორ ტაძარში დავდივარ: წმინდა გიორგის ქართულ ტაძარში „ბოლშაია გრუზინსკაიაზე“ და ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში „ბოლშაია პოლიანკაზე“. ეს უკანასკნელი საბავშვო დამწვრობისა და ტრავმატოლოგიურ ცენტრთანაა შეთავსებული და მის ეზოში დგას.
ამ ტაძრის მამები ყოველი წირვის მერე იმ საავადმყოფოში გადადიან და იქ დასახიჩრებულ ბავშვებს უვლიან.
მთელი ამ წლების მანძილზე მაგ საავადმყოფოს პალატების დიდი ნაწილი სწორედ დონბასიდან ჩამოყვანილი ბავშვებითაა დაკავებული, რომლებიც დონბასის ქალაქებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სკოლებისა და საბავშვო ბაღების უწყვეტი დაბომბვების შედეგად დასახიჩრდნენ.
მე აქ არ მოვყვები იმ ენით აღუწერელ საშინელებასა და ტკივილს, რასაც წლების მანძილზე ეს ბავშვები, მათი მშობლები და ამ ტაძრის მამები ითმენდნენ.
ან კიდევ ერთი მაგალითი: ოდესის ტრაგედია, როდესაც 2014 წელს მშვიდობიანი რუსი დემონსტრანტები შენობაში ცოცხლად დაწვეს.
მე მაქვს ნანახი ხანძრის შემდგომი ექპერტიზა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ დემონსტრანტებს, სანამ შენობასთან ერთად დაწვავდნენ, მკვლელები შენობის შიგნით ელოდნენ.
მაგალითად, დეტალური ექპერტიზა დამლაგებელი ქალის გვამისა, რომელიც ფეხმძიმე მდგომარეობაში იქნა ჯერ გაუპატიურებული, მერე დახრჩობილი, მერე კი, ხანძრის შედეგად დაღუპვის იმიტაციის მიზნით, თავზე ნავთ-გადასხმული და დამწვარი, რის შედეგადაც დაიწვა მისი გვამის მხოლოდ ზედა ნაწილი, ქვედა კი, შენარჩუნდა და ექპერტიზას დაექვემდებარა. და კიდევ უამრავი მსგავსი შემზარავი ფაქტი მხოლოდ მაგ ერთ შენობაში.
ამიტომ, თუ გვინდა ვიყოთ ობიექტურები, ორივე მხარეს უნდა მოვუსმინოთ, მისი პოზიციები გავიგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ.
და ბოლოს, რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია უნდა ეჭიროს, ჩემი აზრით, ამ კონფლიქტში პატრიოტ ქართველს.
მხოლოდ მშვიდობისმყოფელური და შემრიგებლური.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არსობრივად ერთი ერია, ერთი ცივილიზაცია, რომლის სხეულზეც გადის უღრმესი ჭრილობა დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანობის დაპირისპირებისა.
ის საუკუნეებს ითვლის და ამ ცივილიზაციის უდიდეს ტრაგედიას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს არ არის არც პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი ომი რუსებსა და უკრაინელებს შორის, თუმცა, ღმერთმა ქნას, რომ უკანასკნელი იყოს.
ამ ძმათამკვლელ ომში ერთ-ერთ მხარეს დადგომა და მეორეს ხოცვა, ჩემი აზრით, ამ საშინელ წამქეზებლობაში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს და საქართველოსთვის არაფერი კარგის მომტანი არ არის.
ყველა, ვინც იჭაჭება იმის თაობაზე, რომ ამჟამინდელი უკრაინული რეჟიმი საქართველოს მეგობარია, გაიხსენოს, რამდენი წელი იფარავდა ეგ რეჟიმი ქართველების მაწამებელი სააკაშვილის რეჟიმის სისხლისმსმელებს, რომლებმაც უკრაინასაც კი დაასწრეს რუსეთზე საქართველოს შეკვლა, იმისათვის, რომ ომზე ფული ეკეთებინათ და ჩვენი გმირების სისხლი დაეღვარათ.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოგვწონს ეს, თუ არ მოგვწონს, ჩვენც, ისევე, როგორც უკრაინა, ძალთა დიდი პოლუსების შეჯახების ზონაში ვიმყოფებით და როგორც მინიმუმ, გონიერება გვმართებს, რათა საერთოდ არ დავკარგოთ სახელმწიფოები და არ დავაყენოთ ჩვენი ერები განადგურების პირას, იმ მეთოჯინეების ხელით, რომლებიც ოკეანეს მიღმა რაღაც ცინიკურ, გამამხნევებელ განცხადებებს აკეთებენ და სინამდვილეში, არაფრით გვეხმარებიან, გარდა ძვირი კრედიტებისა და ჩვენთვის უცხო, ფსევდო-ფასეულობების ჩვენს თავს მოხვევისა, რომლებიც აზარტულ თამაშებში, ნარკოტიკებსა და გარყვნილებაში ახრჩობენ ჩვენს მომავალ თაობას.
ღმერთმა უშველოს უკრაინას და მშვიდობა დაამყაროს მასსა და რუსეთს შორის, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლის ფასად.
© ლევან ვასაძე
🗓 25.02.2022
Recent Comments