ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 48 / XLVIII თავი

როგორც ჩანს, რუსულ-უკრაინული მიმდინარე ტრაგედიის თემას „დღიურის“ ერთი თავით ვერ ამოვწურავთ და ამიტომ, ნება მიბოძეთ, კვლავ მას დავუბრუნდე.

ამ დიდ მარხვას ძალიან ძნელია განცდისა და გრძნობის გარეშე მსჯელობა ამ ძმათამკვლელ ომზე. ომი უდიდესი ტრაგედიაა, ყოვლისმომცველი საშინელება, რომელიც არ ინდობს არც მოხუცს, არც ქალსა და არც ბავშვს.

ამიტომ, ამ დიდი მარხვის დღეებში ყველა ქრისტიანის ლოცვა და ვედრება ამ ომის რაც შეიძლება მალე შეწყვეტისაკენ უნდა იყოს მიმართული და ნებისმიერი სხვა პოზიცია ანტიქრისტიანული და ანტიჰუმანურია.

ამავე დროს, ეს ძმათამკვლელი ომი ჩვენს უშუალო სამეზობლოში მიმდინარეობს და უდიდეს გავლენას ახდენს, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ერის მომავალზე, შესაბამისად, მოვალენი ვართ, ნახსენები წრფელი ლოცვის გარდა, ამ საშინელი მოვლენის საღ ანალიზში ჩვენი შესაძლისი წვლილი შევიტანოთ, ყოველგვარი ემოციისა და წივილ-კივილის გარეშე.

გამომდინარე იქიდან, თუ რა დასკვნებამდე მივალთ ჩვენს საზოგადოებაში ამ მსჯელობისას, წარიმართება ნაწილობრივ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკაც და ამიტომ, ამ მძიმე დღეებში, მსგავსი მსჯელობა საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის აუცილებელ საკეთებლად მესახება.

წინა თავისგან განსხვავებით, რომელშიც მიმდინარე ომის გეოპოლიტიკურ განზომილებებზე ვისაუბრეთ, დღეს მის შესაძლო იდეოლოგიურ და დემოგრაფიულ შედეგებს შევეხოთ.

დღეისთვის დანამდვილებით არავინ იცის, თუ როგორ დამთავრდება ეს ომი და თუ ამ დასასრულის უამრავი ვარიანტებიდან ორ უკიდურესს ავიღებთ, ალბათ, გამარტივებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი დამთავრდება ან რუსეთის ან უკრაინის გამარჯვებით.

ალბათ, არცერთ ომში არავინაა ბოლომდე გამარჯვებული, მითუმეტეს, ასეთ ძმათამკვლელში და ამიტომ, სანამ მსჯელობას გავაგრძელებდეთ, აუცილებელია აქ ჩვენებურად განვმარტოთ, რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ მხარის გამარჯვებაში.

„დღიურისათვის“ აუცილებელი მოკლე, ლაკონური ენით ძალზედ ძნელია ყველაფერი მოვიცვათ და კარგად გვესმის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საზრისის ნაწილი განმარტებებს მიღმა დაგვრჩება.

მაგრამ, მაინც ვცადოთ:

უკრაინის გამარჯვება, ალბათ, ნიშნავს კიევში პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების შენარჩუნებას, რუსული სამხედრო მანქანის მოქცევას დონბასის საზღვრებში მაინც და დასავლეთის მხარდაჭერით კონფლიქტის გრძელვადიან, ნაკლები ინტენსიურობის რეჟიმში გადაყვანას.

რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის გადმოსახედიდან სრული გამარჯვება იქნებოდა რუსული ჯარის დონბასიდან გაყვანაც და ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში სამხედრო ძალით დაბრუნებაც, მაგრამ, ეს იმდენად არარეალისტურ მიზანს ჰგავს, რომ, ალბათ, ამაზე მსჯელობა არც ღირს.

ხოლო, რუსეთის გამარჯვება, ალბათ, ნიშნავს რუსეთის მხრიდან ომის დაწყებამდე დეკლარირებული მიზნების განხორციელებას: ანუ, როგორც ითქვა, უკრაინის „დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას“.

ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ეს უნდა ნიშნავდეს კიევში უკრაინის მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის ნებისმიერი სახის მძიმე, შემტევი შეიარაღების ჩამორთმევას: საჰაერო იქნება ის, საქვეითო, საზღვაო თუ სარაკეტო-საარტილერიო.

წინა თავში ჩვენ ვისაუბრეთ ამ ომის, და საერთოდ, გეოპოლიტიკური მოვლენების ავკარგიანობისა და მორალური განზომილების მისადაგების უადგილობაზე და აქაც იგივე ვქნათ.

ანუ, ამ „დღიურში“ მაინც დავანებოთ თავი გაუთავებელ კამათში მონაწილეობას, თუ რომელი იმპერია გვესახება მორალურად: დასავლური, რომელიც უკრაინის მხარესაა თუ ევრაზიული, რომელიც დონბასის მხარესაა და ვეცადოთ, ამ ორივე შედეგის შემთხვევაში განვითარებული მოვლენების მოდელირებას ანუ წინასწარ აღწერას.

უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში უნდა ველოდოთ შემდეგ მოვლენებს:

– უკრაინის მხარდაჭერის ზრდას დასავლეთის მხრიდან;

– ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასუსტებას რუსეთში;

– რუსეთის დესტაბილიზაციას, ფედერაციის შემდგომი დაშლის ალბათობით და მასში კვლავ სეპარატისტული ტენდენციების აღორძინებით დასავლეთის მხარდაჭერით, რომლის მსგავსიც უკვე ვიხილეთ 90-ან წლებში;

– ამ თვალსაზრისით, პირველ რიგში, იმიერ კავკასიის აფეთქებასა და ქაოტიზაციას.

რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში (ამ გამარჯვების ზემოთ მოყვანილი განმარტებისამებრ), უნდა ველოდოთ შემდეგ მოვლენებს:

– უკრაინის ნაწილის მოქცევას რუსეთის კონტროლის ქვეშ, დიდი ალბათობით დონბასისა და ცენტრალური უკრაინის ჩათვლით, დედაქალაქით კიევში;

– დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის დასავლეთ ნაწილის კონცენტრაციას დასავლეთის კონტროლის ქვეშ, ივანო-ფრანკივსკის, გალიციისა და სხვა რამდენიმე მხარის ჩათვლით, ცენტრით ლვოვში;

– რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების პერმანენტულ მდგომარეობაში გადაყვანას;

– რუსეთის ინიციატივით, სამი აღმოსავლურ-სლავური სახელმწიფოს ნარჩენების (რუსეთი, ბელარუსი და უკრაინის ნაწილი) რაღაც ფორმით ერთში გაერთიანებას და დაახლოებით 180-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ჩამოყალიბებას;

– კოლექტიური დასავლეთის (აშშ-ს თაოსნობით), როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯის საბოლოო დაზიანებას – არაბეთის ქვეყნების, ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებზე დაყრდნობით;

– ამის შედეგად, ე.წ. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების დაჩქარებას, პოლუსთაშორისი კონფლიქტებისა და ომების ზრდის მაღალი ალბათობით, ინდო-პაკისტანური, ჩინეთ-ტაივანის, არაბ-ისრაელის, ქურთულ-თურქული, სომხურ-აზერბაიჯანული და სხვა ტრადიციული ცხელი წერტილების დაძაბვითა და სხვადასხვა სიჩქარით ადუღებით.

როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, ამ ორიდან არცერთ სცენარში არ გველოდება მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება.

ჩვენს სუვერენიტეტს ამ ორივე სცენარში მრავალი დამატებითი საფრთხე ექმნება, რაც ჩვენი მხრიდან მოითხოვს როგორც საგარეო-პოლიტიკური, ისე შიდა პოლიტიკის ძირითადი ვექტორების ძირეულ გადახედვას, რაზეც აქ არ შევჩერდებით.

ნახსენები ომის შესაძლო ორ შედეგს თუ დავუბრუნდებით, ორიოდე სიტყვით ვიმსჯელოთ ამ ორივე სცენარის გრძელვადიან იდეოლოგიურ და დემოგრაფიულ შედეგებზე.

ამ ორს აქ იმიტომ ვაწყვილებთ, რომ ისინი ერთმანეთთან უშუალო კავშირში არიან, რის ჩვენებასაც ქვემოთ ვეცდებით.

უკრაინის გამარჯვებისა და ამის შედეგად, რუსეთის ფედერაციის დესტაბილიზაციისა და შესაძლო დეზინტეგრაციის შემთხვევაში, ამ რეგიონის შესაბამის ნაწილში იმძლავრებს ლიბერალური იდეოლოგია, რადგან სწორედ მისი ცენტრებიდან ხდება უკრაინის მხარდაჭერა.

ამ იდეოლოგიის მომძლავრება კი, თავის მხრივ, ნიშნავს მის ქვეშ მოქცეული რეგიონის ნაწილების მეტ ურბანიზაციას, სამომხმარებლო კულტურაში მეტ ჩაფვლას და იქ, სადაც რუსეთის ნახსენები დეზინტეგრაციის შედეგად მიმდინარე კონფლიქტები ამას ხელს არ შეუშლის, დემოგრაფიული მაჩვენებლების მეტ გაუარესებას.

ეს იმიტომ, რომ როგორც გასულმა ოცდაათმა წელმა გვაჩვენა, ლიბერალური იდეოლოგიის დომინირების პირობებში მოსახლეობის აქტიური, რეპროდუქტიული ასაკის მქონე ნაწილი ემიგრაციისკენ ისწრაფვის, უკეთესი შემოსავლებისა და ყოფითი პირობების ძიებაში, ხოლო, ლიბერალური მეტროპოლიის პერიფერიის პროვინციები იცლება და მოხუცი, ნაკლებად შრომისუნარიანი მოსახლეობის ამარაღა რჩება.

უკრაინისა და საქართველოს მაგალითებიც სწორედ ამაზე მეტყველებს: ამ ორი ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც უკრაინის შემთხვევაში 50 მილიონსა და საქართველოს შემთხვევაში – 5 მილიონზე მეტს შეადგენდა, ახლა, შესაბამისად, დაახლოებით 35 მილიონსა და 3.7 მილიონამდეა შემცირებული და საშუალო ასაკით, დემოგრაფიულად მნიშვნელოვნად „დაბერებულია“.

ამ შემცირებისა და „დაბერების“ ძირითად მიზეზებს სწორედ ლიბერალური იდეოლოგია და პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს ადამიანის არ-მიბმას ტრადიციასა და ოჯახზე და მასიური ემიგრაციის გარდა, ერის სხეულზე დემოგრაფიული დარტყმის მიყენებას იმ სამი საშუალებით, რომლებსაც ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა „ე.რ.ი.“-ის შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე ლიბერალურ იდეოლოგიაში „სოციალური მაზოხიზმის სამკაპს“ ვუწოდებთ. ესენია: ნარკო-ლიბერალიზაცია, აზარტული თამაშებისა და სექსუალური გარყვნილების პროპაგანდა.

საპირისპირო მაგალითები არ არსებობს. ანუ შემთხვევა, როდესაც 31 წლის წინ, მარქსისტული პოლუსის დანგრევის შემდეგ სადმე შესულმა ლიბერალურმა იდეოლოგიამ გაამრავლა, გააახალგაზრდავა, ან თუნდაც, საშუალოდ გაამდიდრა რომელიმე ქვეყანა არ მოიპოვება.

მარქსიზმთან შეჯიბრების რეჟიმში ყოფნისას, 1945 წლიდან 1991 წლამდე, ლიბერალურმა იდეოლოგიამ ერების გამრავლების ან გაახალგაზრდავების მაგალითები თუ ვერა, ქე მაინც, მათი გამდიდრების რამდენიმე მაგალითი დადო: სამხრეთ კორეა იქნებოდა ეს, დასავლეთ გერმანია, სინგაპური, ჰონგ-კონგი თუ სხვა.

მაგრამ, აი, მონოპოლიად ქცევის შემდეგ მან ამაზეც „ხელი ჩაიქნია“ და 1991 წლიდან მის ქვეშ მოყოლილი ვერცერთი სახელმწიფო ვერ დაიკვეხნის გამდიდრებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსახლეობის ზრდასა და გაახალგაზრდავებაზე, ვერც ბალტიისპირეთის, ვერც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ვერც არაბეთის ნახევარკუნძულის, ვერც ლათინური ამერიკისა და ვერც აფრიკის კონტინენტის შესაბამისი სახელმწიფოები.

რა თქმა უნდა, არსებობს ინდივიდუალური და ნომინალური გამონაკლისები, როგორიც არის, მაგალითად, მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტის) მაჩვენებლები ერთ სულ მოსახლეზე, რომელთა ზრდაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რიგ სახელმწიფოებში სახეზეა, მაგრამ, თუ სინამდვილეში ამ მაჩვენებლების ზრდის გამომწვევ მიზეზებს ჩავუღრმავდებით, ძალიან მალე აღმოვაჩენთ, რომ თითქმის უკლებლივ, მათ ზრდაზე ისეთი ერისთვის მომაკვდინებელი ტენდენციებიც ახდენდა გავლენას, როგორებიცაა: საერთო მოსახლეობის შემცირება (დეპოპულაცია), ერთ სულ მოსახლეზე პირადი ვალების კატასტროფული ზრდა, რომ არაფერი ვთქვათ ამავე ქვეყნების ახალგაზრდობის ნარკომანიზაციაზე, გალოთებაზე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაზე და გარყვნაზე.

ამ „სამკაპის“ წახალისებით ლიბერალური იდეოლოგია ახალგაზრდების გულს იგებს, ჰპირდება მათ ოჯახისა და სარწმუნოებრივი ფესვებისგან „განთავისუფლებას“, რომლებიც მას ამაში ხელს უშლიან.

ამიტომაა, რომ ძალზედ ძნელია ახალგაზრდამ, თავის ჰორმონალურ პიკში ამ პროპაგანდაზე აყოლილმა, დაუჯეროს დაღვინებულ უფროსს, რომელიც მას ამ აყოლის საფრთხეებზე აფრთხილებს.

ის უფროსი კი, ვინც ამას არ აკეთებს და მაინც ლიბერალურ პროპაგანდას ეწევა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, უნამუსო ადამიანია, იცის რა საკუთარ მაგალითზე, რისი მომტანია ლიბერალური ცხოვრების წესი და ქვეცნობიერი შურისძიების მოტივით სურს რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დააშვებინოს იგივე შეცდომები. ამ ქცევაში ასეთი უფროსი სატანას ემსგავსება, რომელსაც ადამიანების შურს, რადგან მათ სინათლესთან მიახლების იმედი გააჩნიათ და ამ შურით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მათგანის დაღუპვას.

უკლებლივ ყველგან, სადაც ლიბერალიზმი იმარჯვებს, იკლებს ოჯახური სტაბილურობის მაჩვენებლები, იზრდება განქორწინებათა სტატისტიკა, ისევე, როგორც თვითმკვლელობის და პედოფილიის მაჩვენებლები.

ყოველივე ამის შედეგად, დამოუკიდებლად მისი ეკონომიკური მაჩვენებლებისა, ასეთ ქვეყანაში იკლებს ბედნიერებისა და სიმშვიდის განცდა, რომლის სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზომვაც ძალზედ ძნელია (თუმცა, არსებობს ამის შესაბამისი საერთაშორისო ინდექსებიც, რომელთა მეთოდიკაც ჩვენში დიდ ეჭვებს იწვევს).

ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებში, როგორებიცაა: ნორვეგია, შვედეთი, იაპონია, ფინეთი თვითმკვლელობისა და ალკოჰოლიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია.

და ასევე, ე.წ. თავისუფალი მსოფლიოს ლიდერ აშშ-ში, სინამდვილეში, საერთო მოსახლეობასთან პროცენტული შეფარდებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ზის ციხეში, ყველაზე მეტი ყაჩაღობა და ძალადობა ხდება და ყველაზე მეტი უსახლკარო და ნარკომანი ლპება ცოცხლად ქუჩებში.

ეს იმიტომ, რომ ლიბერალური იდეოლოგიის ქალაქური ანუ ურბანიზირებული ყოფა ყოველივე ამის საწინდარია. იგი ადამიანის ყოფაში ძირითადად სამომხმარებლო მიზნებს ახალისებს, რაც ნიშნავს, რომ რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს ასეთ საცხოვრისში მოხვედრილ ადამიანს, განუხრელად იზრდება უფსკრული მის შესაძლებლობებსა და მის სურვილებს შორის და სწორედ ამ მატერიალისტური ტვირთის ქვეშ იჭყლიტება მისი ფსიქიკა და ყალიბდება მისი დეპრესიული მდგომარეობა.

ადამიანი ქალაქურ პარადიგმაში ადამიანურ ურთიერთობებს, ოჯახის სითბოს, სხვაზე ზრუნვას თავის ეგოიზმს ამჯობინებს და ამის შედეგად, მარტო რჩება საკუთარი ეგზისტენციალური შიშის წინაშე და როგორი დანაზოგებისა და სოციალური დაცულობის დაზღვევის ბადეც არ უნდა გააჩნდეს მას, ამ სიმარტოვეს ვერსად გაურბის და ამის გამო, სულ უფრო ცუდად ხდება.

ამრიგად, რუსეთ-უკრაინის ლოკალურ კონფლიქტში უკრაინის ანუ დასავლეთის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში უნდა ველოდოთ სწორედ ლიბერალ-გლობალისტური, ურბანული იდეოლოგიის გაძლიერებას, ზემოთ აღწერილი იდეოლოგიური და დემოგრაფიული შედეგებით.

რა ელოდება განსხვავებული ჩვენს რეგიონს იდეოლოგიურ და დემოგრაფიულ ჭრილში იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს კონფლიქტში ზემოთ აღწერილი გეოპოლიტიკური შედეგებით?

აქ ორი ვარიანტი არსებობს:

1. თუ რუსეთი იგივეს გააგრძელებს, რასაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში აკეთებდა, ანუ თუ ის უბრალოდ ლიბერალურივე რესპუბლიკის მშენებლობას ეცდება, მაშინ რეგიონს არ ელოდება არავითარი განსხვავება არც იდეოლოგიური და არც დემოგრაფიული თვალსაზრისით.

თუ რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის გზავნილებში, მათი მოღვაწეობის მთავარ დეკლარირებულ მიზნებად რჩება «рост благосостояния граждан» (1), თუ რუსეთი იმავე იდეოლოგიური მოდელით ცდილობს ანტიდასავლური ლიბერალური რესპუბლიკის მშენებლობას, სადაც მთავარია ფრანგი რევოლუციონერების მიერ გამოგონილი ე.წ. „ადამიანის უფლებები“, ხოლო მასში მცხოვრები ადამიანების მთავარი მიზნები ჩვენს მიერ წინა თავებში ნახსენები პლატონის “ღოროპოლისის” მცხოვრებთა მიზნებია, მაშინ, რუსეთმა სასწაულებრივადაც რომ მიაღწიოს ამ მიზნებს დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში, ჩვენს რეგიონს არაფერი განსხვავებული არ ელოდება, არც იდეოლოგიური და შესაბამისად, არც დემოგრაფიული თვალსაზრისით.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დემოგრაფიულ ზამთარში“ ჩავარდნილი რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა, გარდა ისლამური ქვეყნებისა, როგორებიცაა აზერბაიჯანი და შუა აზიური ხუთი „სტანი“, რაოდენობრივად გააგრძელებენ თავიანთ დაღმავალ სპირალზე მსვლელობას, დამოუკიდებლად მათი ეკონომიკური შედეგებისა. ასეთ შემთხვევაში, მათი უმეტესობა 21-ე საუკუნეშივე გადაკვეთს ერის დემოგრაფიული განადგურების შეუქცევად ზღვარს, რომელთანაც უკვე ძალზედ ახლოს იმყოფება.

2. მეორე შემთხვევაში, თუ რუსეთი ამა თუ იმ მიზეზების გამო, აირჩევს ლიბერალური რესპუბლიკის ალტერნატიულ სახელმწიფოებრივ-იდეოლოგიურ მოდელს, შესაძლოა, ჩვენს რეგიონს მიეცეს საპირისპირო განვითარების პერსპექტივა დემოგრაფიული თვალსაზრისითაც.

ჯერჯერობით, ამის ნიშნებს და წინაპირობას ვერაფერში ვხედავთ.

ამ ალტერნატიული იდეოლოგიის გამომუშავება-აღდგენის აუცილებლობა ძალზედ ძნელი ასახსნელია ლიბერალურ პოსტმოდერნში მცხოვრები ადამიანისათვის (სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის), რომელსაც მიაჩნია, რომ ყველა მისი პრობლემა ეკონომიკური უკმარისობიდან გამომდინარეობს და რომ თითოეული მათგანის გადაჭრის ერთადერთი გზა მეტი „თავისუფლება და ეკონომიკური პერსპექტივაა“.

სანამ ამ ალტერნატიული იდეოლოგიის უხეში მონახაზის აღწერაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით ვთქვათ, რატომ უნდა მოუნდეს რუსეთს ლიბერალ-რესპუბლიკანურისადმი ალტერნატიული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის შემუშავება.

აქაც ორი ვარიანტია: გააზრებულად ან იძულებით.

გააზრებულად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება მიხვდება, რომ ლიბერალურ-იდეოლოგიურ ცენტრთან ჭიდილში მას ლიბერალურივე ალტერნატივის აშენების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. და, თუმცა, ამაზე ადვილი მისახვედრი რა უნდა იყოს, მაგრამ, გასული 30 წელიწადი რუსეთის შემთხვევაში მხოლოდ საპირისპიროზე მეტყველებს.

და იძულებითი – თუ თავად ლიბერალ-გლობალისტური სისტემა იმდენად ამოაგდებს რუსეთს საკუთარი კალაპოტიდან ჩამკეტი სანქციებით, რომ რუსეთს არჩევანი აღარ დარჩება, ალტერნატიული სისტემის შექმნის გარდა.

ამ მეორე პერსპექტივაზე მსჯელობა ჯერ ადრეა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიღებული სანქციების პაკეტი ისეთივე დამაზიანებელია დასავლეთ ევროპის ეკონომიკისათვის, როგორც რუსულისათვის და რა თქმა უნდა, მათი დაწესების შემდეგ მატერიალისტური ევროპა ყველაფერს იზამს მათი შემდგომი გაბათილებისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, ზამთარში სახლებს ვერ გაათბობს და გიგანტური რუსული ბაზრის დაკარგვის გამო რამდენიმე მილიონი უმუშევარი დაემატება.

მაგრამ, თუ აშშ შეძლებს ევროპას დააძალოს ანტირუსული რკინის კედელი, რომელიც, ამ შემთხვევაში, პარადოქსულად, საპირისპირო მხარის ინიციატივით შენდება, მაშინ, შესაძლოა, ვისაუბროთ ვარიანტზე, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება პოსტ-ლიბერალური სახელმწიფოებრივი მოდელი შექმნას.

ცხადია, ასეთ შემთხვევაში ამ ნეო-ევრაზიულ იმპერიაში საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ტრადიციონალისტური ყაიდის იმპერიაზე, განსხვავებით დასავლური ლიბერალური იმპერიისაგან.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, მისი იდეოლოგიური საფუძვლები დაემყარება არა ინდივიდუალიზმს ანუ ადამიანის უფლებების წახალისებას, არამედ, ადამიანის ვალდებულებების წინ წამოწევას ოჯახისა და ქვეყნის წინაშე.

პარადოქსულად, მსოფლიო სამომხმარებლო, ურბანისტული სისტემისგან ნაწილობრივმა იზოლაციამ, რუსეთ-ბელარუსი-მალოროსიის კვლავ გაერთიანებულ ნაწილს შესაძლოა ბიძგი მისცეს ამგვარი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის განვითარებისაკენ, რადგან იგი აუცილებლად უნდა დაეფუძნოს „ერთსართულიანი“, სოფლური, ანუ რურალური ქვეყნის მშენებლობას, რომლისათვისაც რუსეთს ყველა რესურსი გააჩნია.

და აი, სწორედ ამგვარი იმპულსის შეძენისა და განვითარების შემთხვევაში (რაც სრულიად არ გამორიცხავს ნებისმიერი სახის თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებასაც), შესაძლოა გაიხსნას თანამედროვე უკრაინის მოსახლეობის ახალი დემოგრაფიული პერსპექტივა. ეს იმიტომ, რომ თუ „ველიკოროსები“ უკვე დიდი ხანია ურბანისტულ-იმპერიულ ლოგოსს ატარებენ და იმპერიის ერთგვარ ჰოპლიტებად გვევლინებიან, ე.წ. “მალოროსები” ანუ უკრაინელები, ბევრად უფრო კომფორტულად და წარმატებულად გრძნობენ თავს სწორედ რურალურ სივრცეში, რაც იმაშიც ჩანს, რომ თანამედროვე სამხრეთ რუსეთის სოფლების ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი, სინამდვილეში, სწორედ ამ „მალოროსების“ სოფლებია.

გარკვეულწილად, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბელორუსებზეც, რომლებმაც ასევე ბევრად უფრო შეძლეს ძლიერი და ჯანმრთელი სოფლის შენარჩუნება, ვიდრე „ველიკოროსებმა“ და ამ თვალსაზრისით, ისინიც დემოგრაფიული რევერსის უფრო მაღალი პოტენციალის მატარებელ მოსახლეობად გვევლინებიან.

ამრიგად, მოვლენათა ამ ვექტორის გასწვრივ განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა ვიხილოთ აღმოსავლეთ სლავური ცივილიზაციის ამ სამი შტოს ერთ სახელმწიფოდ შერწყმის შემდგომი დემოგრაფიული მატება, თუ, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვთქვით, ეს ნეო-იმპერია შობს ალტერნატიულ იდეოლოგიას, რისი ნიშნებიც, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა. გასაგებია, რომ რუსეთი არის ანტი-დასავლეთი, მაგრამ „პრო-რა“ არის რუსეთი მარქსიზმის დამხობის შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

რამდენად შეძლებს რუსეთი ასეთი გიგანტური იდეოლოგიური ნაბიჯის გადადგმას, თუნდაც გარემოს მხრიდან მისი იძულების პირობებში, ერთი საკითხია და მეორე, ასეთივე მნიშვნელობის საკითხი არის ის, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი თავი აარიდოს მარქსიზმის აღორძინების ფუჭი მცდელობის საფრთხეს.

რუსულ ანტილიბერალურ, ანუ როგორც ისინი თავად ეძახიან, პატრიოტულ ფრთაზე, სხვა მრავალი ბზარის გარდა, ძირითადი ბზარი, რა თქმა უნდა, „წითლებსა“ და „თეთრებზე“ გადის და ამ ტექტონიკური ტეხილის აღწერით აქ თავს არ შეგაწყენთ.

უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ ჩვენი დაკვირვებით ე.წ. „თეთრი“ ფლანგი ანუ თეისტურ-ტრადიციონალისტური, „წითელზე“ უფრო ახალგაზრდა და სწრაფად მზარდია, რაც ნახსენები მარქსისტული რევანშიზმის თავიდან აცილების ხელშესახებ იმედს იძლევა.

თუმცა, თანამედროვე რუსეთის წამყვანი მოაზროვნის მიერ პირად საუბარში თქმით, რუსული ლოგოსის ანუ სახალხო საზრისის ორიენტაცია, „თანასწორობაზე სამართლიანობის მიუხედავად“, წითელი რევანშის ამა თუ იმ ფორმით საშიშროებას მაინც ინარჩუნებს.

რა გზით წავა რუსეთი, თუკი ის ამ ომის შედეგად შენარჩუნდა და არ დაიშალა, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ, ცხადია, რომ გეოპოლიტიკურადაც და იდეოლოგიურადაც, ის ცხოვრება, რომლითაც ჩვენ ბოლო ოცდაათი წელი ვცხოვრობდით, დამთავრდა.

ამრიგად, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ორი ცხოვრება უკვე ვიცხოვრეთ: პირველი – ორპოლუსიან სისტემაში, საბჭოთა პოლუსის შიგნით, მეორე – ერთპოლუსიან სისტემაში, ლიბერალური პოლუსის ჭაობიან პერიფერიაზე და ახლა იწყება მესამე ცხოვრება, რომელიც ფათერაკებითა და შესაძლებლობებით იქნება აღსავსე, მათ შორის ჩვენი ერისთვისა და ჩვენი სახელმწიფოსათვის.

როგორ გამოვიყენებთ ჩვენ ამ შესაძლებლობებს და როგორ ავირიდებთ საფრთხეებს, ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ღმერთი შეგვეწიოს ამ გზაზე ყველას, არა მარტო საქართველოს მკვიდრთ, არამედ მთელი ჩვენი რეგიონის ხალხებს.

ღმერთმა მშვიდობა ინებოს რუსებსა და უკრაინელებს შორის, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება, ნაკლები მსხვერპლით. ღმერთმა გააძლიეროს და დაიცვას ყველა ამ ომისაგან შეჭირვებული ადამიანი!

✳ (1). მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდა.

© ლევან ვასაძე

🗓 09.03.2022