ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 49 / XLIX თავი

ამ დღიურის თავების განსხვავებული შინაარსიცა და სტილიც არ არის შემთხვევითი. ორ უმძიმეს ავადობასთან ჭიდილში, ჩემი გონებრივი და შეგრძნებითი ცვლილებები ყოველგვარ კალაპოტს სცილდებოდა, განსაკუთრებით, ამ ბრძოლის პირველ თვეებში, როდესაც ხელოვნური შხამები ავადობის შხამებს ებრძოდნენ.

ამაღლებული, ზოგჯერ პოეტური განწყობებიც კი, ყოფიერების უმძიმეს ფილოსოფიურ დაკვირვებებს ენაცვლებოდნენ, მსუბუქს – მძიმე ცვლიდა, გარეგანს -შინაგანი.

დავისახე რა მიზნად მცდელობა, რომ ეს ნაწერები სხვებს რამეში მაინც გამოსდგომოდათ, ყოველთვის ვცდილობ, თვალი სწორედ ამაზე მეჭიროს – რამდენად წაადგება ესა თუ ის ადამიანს.

მაგრამ, ადამიანი არ არის მარტოხელა ქმნილება, იგი როგორც რაღაცის ნაწილი, ისეა ჩაფიქრებული. და ამიტომ, ზოგჯერ ვცდილობ ისე ვწერო, რომ ეს ნაწერი არა მხოლოდ პიროვნებას, არამედ იმ რაღაცასაც გამოადგეს, რისი ნაწილიც ეს პიროვნებაა.

ეს „რაღაც“, პირველ რიგში, ადამიანის ოჯახი და ერია და ამ თვალსაზრისით, ის, რაც პიროვნებას მისი პირადი მიზნებისათვის „გამოადგება“, შესაძლოა, მისი ოჯახური და საზოგადოებრივი მიზნების საპირისპირო იყოს.

ეს რომ არა, არ იქნებოდა არც ოჯახური ერთგულება, არც სამშობლოსათვის თავგანწირვა, ის, რასაც ასე უნიჭოდ ებრძვის ლიბერალიზმი და ის, რასაც იგი ასეთი კივილ-წივილით ეპოტინება, როდესაც კუდს კარში მოაყოლებენ.

ასე მაგალითად, წლების მანძილზე ის მეთოდურად ანგრევს ნებისმიერი ქვეყნისა და ერის იდენტობას, სახელმწიფოებრივ საზღვრებსა და ინტერესებს, მაგრამ, საკმარისია ვინმემ მისი გეგმის საპირისპიროდ ხელყოს ამა თუ იმ ქვეყნისა და ერის საზღვრები, უმალვე ისტერიკაში ვარდება ამ საზღვრების ხელშეუხებლობის თაობაზე.

ანუ, მისი სანქციითა და ნებართვით ხელყოფილი და განადგურებული იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია, ტუნისი, სირია და სხვები არ წარმოადგენენ ამ საზღვრების ხელშეუხებლობის ფაქტს, იქ თითქოს არ დახოცილა მილიონობით სამოქალაქო პირი ქალებისა და ბავშვების სახით, და ამიტომ, ლიბერალური მანქანით გამობრუებული არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ „აირტყამს“ არასოდეს თავის Facebook პროფილზე ამ ქვეყნების დროშას და არ დაგმობს იქ დახოცილი ადამიანების უფლებების ხელყოფას. მაგრამ, საკმარისია მისი ინტერესებისა და გეგმების საპირისპიროდ რაიმე მოხდეს უკრაინაში და ამავე მანქანის პროპაგანდით გამობრუებული ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს გაეჯიბრებიან, ვის უფრო ეცოდება საწყალი უკრაინა.

ასევე მაგალითად, ლიბერალიზმი უმოწყალოდ ანადგურებს პიროვნების თავისუფლებას, ბევრად უფრო სასტიკად, ვიდრე თვით ფაშიზმი და მარქსიზმი. იგი იჭრება ბავშვებთან სკოლებში, საბავშვო ბაღებში და სავალდებულო პროგრამების გზით, სრულიად უჩეხავს მათ ცნობიერებას, ასწავლის გარყვნილების უკიდურესი ფორმების ნაირსახეობებს, როგორც ნორმას, რითიც პირდაპირ ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას, რადგან ხელოვნურად მიმართავს მის ცნობიერებას არაბუნებრივი და თვითმკვლელი ცხოვრების წესისაკენ, რომელიც სამედიცინო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მხოლოდ განადგურებას უქადის პიროვნებას. მაგ ცხოვრების წესით გამოწვეული უკიდურესი დეპრესიულობა, ნარკომანია, ლოთობა და თვითმკვლელობა უკვე აღარავისთვისაა საიდუმლო, საკმარისია ადამიანს ოდნავ ტვინი ჰქონდეს და ე.წ. განვითარებული ქვეყნების ამ მაჩვენებლების სტატისტიკას გადახედოს და ე.წ. განვითარებადი ქვეყნებისას შეადაროს იგი. და აქაც იგივე, ეს ყველაფერი, თურმე, ჰუმანურია, მაგრამ, საკმარისია ვინმემ ხმა ამოიღოს ამ ძალადობრივი იდეოლოგიის მახინჯი ნორმების დანერგვის წინააღმდეგ თავის ქვეყანაში, რომ მას უმალვე ანადგურებენ, ლაფში სვრიან, დასცინიან, წამლავენ და კლავენ. ნებისმიერმა ქართველმა ნამუსგარეცხილმა ჟურნალისტმა მშვენივრად იცის, რა ხდება მათი დამსაქმებლების წიაღში, თუ რაოდენ არარსებულია იქ მათი თავისუფლება და თუ რაოდენ სასტიკია იქ ნებისმიერი ადამიანისადმი მოპყრობა, ვისაც ლიბერალური დოქტრინისაგან განსხვავებული აზრი გააჩნია.

აი, ეს ყველაფერი იცვლება ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომში. ის, რომ ლიბერალ-გლობალისტური ჟანდარმი ვეღარ ერევა ალტერნატიული პოლუსების წარმოშობას, ჯერ კიდევ ქაბულის აეროპორტში ვნახეთ, თვითმფრინავის შასიდან გადმოცვენილი, მიტოვებული ამერიკის მომხრეების მაგალითზე, რაც ამ დღიურში უკვე ვახსენეთ.

საწყალი უკრაინაც მაგ შასიდან ჩამოვარდნილი სხეულია, სრულიად ტყუილად წაქეზებული და მიტოვებული ლიბერალ-გლობალისტებისაგან. იგივე ვნახეთ ჩვენც 2008 წელს.

ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ამ ახალ სინამდვილეში ჩვენმა ერმა და სახელმწიფომ შეგვიძლია დავუშვათ, არის ფუღურო მორალისტობა და ლიბერალური წაქეზების მორიგ ტალღაზე აყოლა.

ლავირებისა და ბალანსირების მცდელობის ის მაგალითი, რომელიც საქართველოს მთავრობამ აქამდე, მიმდინარე საშინელი ომის დღეებში, გვაჩვენა, თუმცა პრაგმატული და სწორია, მაგრამ, სამწუხაროდ, სრულიად არ არის საკმარისი ახალი რეალობისათვის.

შეუძლებელია ამ ვითარებაში ჩვენ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესები, თუ დაჩქარებული ტემპით არ შევუდგებით საქართველოში ლიბერალური რესპუბლიკის დემონტაჟს და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას.

პირველი ნაბიჯი ამისათვის უნდა იყოს ამ ცვლილების შესახებ სრულიად უკომპრომისო, არაორაზროვანი და უშიშარი განცხადებები ქვეყნის პირველი პირების მხრიდან.

საქართველო უნდა გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ლიბერალიზმს გაუტოლებს ფაშიზმსა და მარქსიზმ-კომუნიზმს, როგორც მიუღებელ, ასაკრძალ, ჩვენთვის უცხო ტოტალიტარულ იდეოლოგიას და ამ სამივეს იდეოლოგია ნონ გრატად გამოაცხადებს ჩვენს ქვეყანაში.

ქუთაისის მახლობლად უფუნქციოდ მდებარე, ყოფილ პარლამენტის შუშის შენობაში მსოფლიოში პირველი ტოტალიტარიზმის მუზეუმი უნდა გაკეთდეს, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ სამივე ტოქსიკური იდეოლოგიის დოკუმენტური მასალა.

შენობის ზედა სართულებსა და დარბაზებში საერთაშორისო ექსპოზიცია უნდა გაიშალოს, რომელიც აჩვენებს კაცობრიობისათვის ამ სამი იდეოლოგიის ზღაპრულ დაპირებებს, როგორებიცაა ლიბერალიზმის ნაქები თავისუფლება, მარქსიზმის ნაქები თანასწორობა და ფაშიზმის ნაქები ნაციის სისუფთავე და სუპრემატიზმი.

ხოლო შენობის ქვედა, სასარდაფე ნაწილებში ამ სამივე საშინელი იდეოლოგიის ჭეშმარიტი სახე უნდა იყოს ნაჩვენები: ფრანგი რევოლუციონერების სისასტიკიდან მოყოლებული და დღემდე განვითარებული პერვერტების აღლუმები და გარყვნილება, კომუნისტური სატუსაღე სისტემა და ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკები და ამ სამივე იდეოლოგიის შედეგად განადგურებული ადამიანების სახეები და რიცხვი, აბორტების გზით დახოცილი უმანკო ჩვილების ჩათვლით.

მუზეუმის იდეოლოგიური სტრუქტურაცა და მასალების სხვადასხვა ენებზე მიწოდების ფორმატიც მუზეუმის სტუმარს საშუალებას უნდა აძლევდეს ერთიანად, დაახლოებით ორ-სამ საათიანი ვიზიტის განმავლობაში, სვენებ-სვენებით იხილოს მოდერნის ხანის ამ სამი ერთმანეთზე საშინელი იდეოლოგიის დოკუმენტირებული, ნამდვილი სახე და თვითონ გააკეთოს საკუთარი დასკვნები მათ შესახებ.

გარდა ამისა, მუზეუმის წინ, უნდა აღდგეს სააკაშვილის რეჟიმის მიერ აფეთქებული, დიდ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა უკვდავსაყოფი მონუმენტი, რომელსაც საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული სკულპტორთა ჯგუფი შეასრულებს ქართველ მოქანდაკეებთან თანამშრომლობით.

მუზეუმი უნდა შესრულდეს თანამედროვე მოთხოვნების უმაღლესი სტანდარტებითა და ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის ტრადიციული მსოფლხედვის შესაბამისად.

იგი გახდება ახალი ეროვნული სახელმწიფოს ერთ-ერთი მძლავრი სიმბოლო და მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს მოიზიდავს.

მისი ძირითადი მიმზიდველობა იქნება ლიბერალიზმის მარქსიზმთან და ფაშიზმთან ერთად წარმოჩინების გამბედაობა, ის, რაც აქამდე ვერავის გაუბედავს.

ამგვარი პროექტის განხორციელება ჩვენს სახელმწიფოს სწრაფად შეუძლია და ძვირი არ დაუჯდება, რადგან შენობა უკვე დგას და სულ სხვა გეოპოლიტიკურ და გეოკულტურულ ელფერს შესძენს ჩვენს ქვეყანას.

სიმბოლოებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და ამგვარი სიმბოლიკის შექმნით, საქართველო პირველი გაარღვევს იმ იდეოლოგიურ ჩიხს, რომელშიც იგი მომაკვდავი დასავლური ცივილიზაციის პერიფერიად იქნა ჩათრეული და ამ იდეოლოგიური განახლებისგან არნახულ სარგებელს ნახავს.

რა თქმა უნდა, ამგვარ ჩანაფიქრს აუჯანყდებიან ჩვენს ქვეყანაში მყოფი ჭინკები, თავიანთი უცხოელი პატრონების ჩათვლით, მაგრამ, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას უამრავი მოკავშირეც გამოუჩნდება, რომელიც გააცნობიერებს პროექტის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას და მის თანხვედრას ყველა იმ დიდი ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებთან, რომლებსაც არ სურთ გლობალისტ-ლიბერალურ ლიანდაგზე მორჩილად სიარული.

უფრო მეტიც, ამგვარი კომპლექსის შექმნაში სიამოვნებით მიიღებენ მონაწილებას მსგავსი ქვეყნები.

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ დასავლეთის რიგი ქვეყნების გარდა, ამგვარი პროექტის წინააღმდეგი იქნება კომუნისტური ჩინეთიც, მაგრამ, სინამდვილეში, რამდენადაც, თანამედროვე კომუნისტური ჩინეთი მხოლოდ ნომინალურადაა კომუნისტური, ვინაიდან, ფართოდ უშვებს კერძო საკუთრებასაც და სულ უფრო იხრება მარქსიზმისაგან კონფუციანიზმისაკენ, ეს არ უნდა იყოს გადაულახავი წინააღმდეგობა.

ვინმე იტყვის, რა დროს ეგ არის ამ გაგანია ომის დროსო, მაგრამ, სწორედ ამ დაძაბულ ვითარებაში, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო ანტილიბერალური პოლიტიკის დეკლარირება და ამ დეკლარაციის შესაბამისი მსხვილი საერთაშორისო პროექტის განხორციელება განეკუთვნება ეროვნული სახელმწიფოებრივი მშენებლობისათვის აუცილებელი ნაბიჯების რიცხვს, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, იმისთვის, რომ სამშვიდობოს გავიდეს და არ იქნას ჩათრეული მიხრწნილობაში გადასული ლიბერალიზმის რეგიონალური აგონიის ორომტრიალში.


ლევან ვასაძე

15.03.2022