სუსხიან დილას ბიჭები გავაღვიძე. უფროსებმა თავი დამიკრეს და გადატრიალდნენ თავიანთ ლოგინებში, ეს ნიშნავდა, რომ უნდა შევეშვა და თავისით გამოვლენ, თუ არ ჩაეძინათ ისევ. უმცროსები ფერებით წამოვაჯინე ლოგინებზე და დაოსებული თვალებით მიცქერდნენ, სანამ გაახსენდებოდათ, რატომ ვაღვიძებ. მერე სალოცავში ავედი და კმევისას გონი გამეფანტა, ნაკურთხ წყალზე და სეფისკვერზე ფიქრისას.
სამზარეულოში უკვე უმცროსები ისხდნენ და უფროსები ჯერ არ ჩანდნენ. გარეთ გავედით, იქ დიმა გველოდებოდა მოუთმენლად და პიკაპის საბარგულში ბრუნო ბორგავდა. ჩესტერამ ერთი კი გამოყო თავისი ინგლისური ბულდოგის „სიფათი“ სახლიდან, მაგრამ მიხვდა, რომ სამისო საქმეზე არ მივდიოდით და საჭმელზე “ჩალიჩსა” და ფიქრს მიუბრუნდა.
საგზლისა და იარაღის შემოწმება-გამოტანაში უფროსებიც ჩამოვიდნენ და დავიძარით. ორი მანქანით მივდიოდით, პიკაპის საჭესთან დიმა იჯდა და გვერდზე – მე, უკან ილიკო. უკან RAV4-ით სამი უფროსი მოგვყვებოდა, საჭესთან შიო-ირაკლი, გვერდზე გიორგი, უკან ნიკოლოზი.
ჩვენი ქუჩის ქვაფენილის ჩამთავრებისას, საბურავების ხმა ასფალტისაზე გადაეწყო, ჩავიარეთ თეთრი ტაძარი, ავცდით კიკეთის გადმოსახვევს და მარცხნივ ავიღეთ გეზი ტრასაზე. უკვე გათენებულიყო.
თრიალეთიდან ჯავახეთის ზეგანისაკენ მიმავალი გზა თითქმის უკაცრიელია, სანამ მანგლისამდე არ ახვალ. პანტიანი და მერე წვერის, ღვევის, ალგეთის, თონეთის გადასახვევები, ორბეთი, მერე დიდგორის გადასახვევი, ყველაფერი დუმს, სანამ ორიოდე გორის იქით, უმუშევარ და საკუთარ შხამებში ჩამხრჩვალ თბილისს ზანტად სძინავს, გადაძეძგილს უმიზნო და უძრავი ცხოვრებით.
გამეფებული მატრიარქატის ტახტრევანი, მსოფლიო მატრიარქატთან ჩუკენურ და აუხდენელ შეერთებაზე ფუჭად მეოცნებე, გადატენილი ამ მატრიარქატის მიერ დასაჭურისებული მამაკაცური საწყისით და ამით დაუკმაყოფილებლობისგან გასიებული, თავისი თავის ჭმევაზე გადასული დედაკაცური გადაღრეცილობით, urbanization at its best, დიდებული ქართული კულტურის კვლავ მოახლებული სიკვდილი, ოღონდ, ამჯერად არც მონღოლის, არც ოსმალოს, არც ვინმე სხვისი მახვილით, არამედ ფლიდი, წეპიანი, მოტკბო, ტყუილი დაპირებით სადღაც შესვლისა და იქ ბედნიერებისა.
ჯავახეთის ზეგანზე ჩამოყირავებული ცა ჩამონგრეული ლაჟვარდის უფსკრულს გავდა, მასში მოცურავე თეთრონი გედებით. სვლისას მანქანისა და იარაღის სუნი ბუნების სურნელს ჩვენამდე არ უშვებდა და მე და დიმა წყნარად ვსაუბრობდით ნადირობაზე, ძაღლებზე, თოფებზე და რატომღაც, ბაყაყებზე, ილიკო განაბული გვისმენდა.
წალკას მიახლებულზე, გზიდან აღმოსავლით გადავუხვიეთ, ახალი ადგილი უნდა გვეცადა ჩვენს ადგილობრივ, სვან მეგობართან ერთად. გზა დანგრეული იყო და მასზე მობრაგუნე ვიბრაციებში საუბრის ხმაც ნაკლებად ისმოდა.
ეს ჩვენი მეგობარი გზაზე გაჩერებული გველოდა. გადმოვედით, გამარჯვება ვუთხარით ერთმანეთს, ბიჭებს მშვიდად გაუღიმა და გაგვიძღვა. მალე დანგრეული გზაც მიგდებულ სოფელს შეელია და ბალახიან ნაკვალევზე გადავედით. ათიოდე წუთის მერე ადგილზე ვიყავით.
ტყის ქათმის დრო იყო, მინდვრების პირა წიწვოვანის ნაპირები უნდა დაგვეარა, რაც შეიძლება მეტი. ტყიდან ტყემდე მინდორში ჯაჭვად მივდიოდით, სხვა მონადირეები საერთოდ არ ჩანდნენ.
სვლისას, ფიქრი ისევ ზურგს უკან დატოვებული გიგანტური ქალაქის მატრიარქატზე მიბრუნდებოდა. ვფიქრობდი, როგორ წივის და განიკითხავს ის ყველაფერ კაცურს, მამის ვაჟებთან ერთად ჩიტზე ნადირობასაც კი და როგორ ანაზებს და აქალაჩუნებს ის მისით დაღლილ მამაკაცს, რომელიც ვერც კი ამჩნევს, როგორ იწყებს დათმობას და როგორ აზრი არა აქვს არცერთ მაგ დათმობას. რაც უფრო ასაჭურისებს მატრიარქატი მამაკაცს, მით უფრო კაცნაკლული, დაუკმაყოფილებელი და გასიებული რჩება იგი თავად, მით უფრო ბობოქრობს და მით უფრო ასაჭურისებს ყველაფერს ირგვლივ. მზეჩაკლულზე მთვარის ვერ მზეობა, ზევსზე ზურგშექცეული ჰერა, და მის ურჩობაში შობილი, არანორმალური ძალისა და სიმახინჯის ჰეკატონხეირები და ტიტანები. მატერია დაობლებული იდეისაგან, მშობელი ბევრისა, მაგრამ, მახინჯისა, მნდომელი უფრო მეტისა და ვერ შემქმნელი ვერაფერი მშვინვიერისა, სულის, ჰელიოსის, ეიდოსის გარეშე. მისი ჩიხური ყოფიერება, ბრტყელი შუშის ეკრანები, გადალესილი ქალაჩუნა ნაკაცარებითა და საზარელი მანდილოზავრებით, პოსტმოდერნის აპოკალიპტიკური კალი-იუგისეული სინამდვილე, მანვანტარაში განახლების ილუზიის გარეშე, მომლოდინე ერთადერთი და ნამდვილი განახლებისა.
ერთ-ერთი ტაფობის გავლისას, უკნიდან აგვიფრინდა, ძალიან სწრაფად, უკვე ხეებში, ჩემგან მარცხნივ იყო. ნიკუშამ მოასწრო და არ ააცდინა. მერე ყრუდ მთხოვა, „მამი, იქნებ შენ მიხედო, რა!“ – შევატყვე, რომ დაჭრილი ჩიტის მიწაზე მოძრაობა დაინახა და მის მზერაში უსასრულო შეცოდება და სინანული წავიკითხე. კაცად აღზრდის ინიციაცია, ბუნების სინამდვილესთან შეხების მარგებლობა, რომელსაც ბურგერითა და კარპაჩოთი პირგამოტენილი მატრიარქატი უყვირის, ნუ ხართ ასე სასტიკები, გეგონება, იმ ხბოს ჩიჩია, რაც კბილებზე უკიდია, ხეებზე იკრიფებოდეს მისთვის. ტვინგაყინული და გაუბედურებული ქმნილების სიყრუე და ჰუმანიზმის ძიებაში დეჰუმანიზირებული უტვინო ხორცი.
ერთი ნადავლი ამხელა გზისათვის ძალიან გვეცოტავა, თან, სპორტისთვის ვინ ნადირობს ამ ჩვენს ნადირგაწყვეტილ საქართველოში, სამზარეულოში რა გვეთქვა, და ჩვენს სვან მეგობარს შევყევით გაუვალი ტყის ღრმულებში. ეს ახოვანი სვანი საოცარ ძალას და სიმტკიცეს ასხივებს, საოცარ უდრეკობას და იმედიანობას. მანვე ივაჟკაცა და ორი შემატა ჩვენს მწირ მონაგარს, დაგვაძალა თქვენ წაიღეთო, ჩვენ უარზე ვიყავით, მაგრამ, არ ჰქნა.
მანქანებთან მისულზე ცოტა წავიხემსეთ: პურით, ხახვით, ძეხვითა და პომიდვრით, სარაჯიშვილის კონიაკიც მივაყოლეთ ოდნავ, დიდად არაფერი გვინდოდა, ძუნწი ნადირობა გამოგვივიდა, მაგრამ, ლოგინში გდებას იმდენადვე სჯობდა, რამდენადაც ჩამომთბარზე ფიჭვნარის სურნელი – ქალაქის ზლაზვნით გამოღვიძებას.
კმაყოფილები ვბრუნდებოდით ოდნავ ნაგემი თავისუფლების ყლუპებით. სახლში ნინო და გოგოები გველოდნენ და სატრაბახო არაფერი გვქონდა. მხოლოდ ცოტა ქათამი სადილისათვის…
ფანჯრიდან გავიხედე. მოსკოვში თენდება. გუშინ მარტმა აქაც მაგარი კუდი მოიქნია და დაბარდნა ქალაქი.
რამდენს დაუწერია ნადირობაზე და თევზაობაზე, რუსთაველიდან ტურგენევამდე, თუ ჰემინგუეიმდე, რა კარგია ამ ყველაფრის გახსენება.
ქიმიის შემდეგ წამლებისაგან გათავისუფლების რთულ გზაზე, დამაწყნარებლების ნაწილს გავუთამამდი და სხეულმა ვერ იგუა, ტერფების მოყინვის ნეიროპათიული სინდრომით ამომაგდო ძილიდან, ასე, დილის სამზე, მაწრიალა, „სიპაპის“ დანადგარის საძულველი ნიღაბი მომახსნევინა და ხატებთან დამაყენა. წესის შესრულების შემდეგ ფეხებში ყინულმა არ გაიარა და გონი თრიალეთსა და მის ამბებს მიუბრუნდა, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები მეგულებიან…
ლევან ვასაძე
29.03.2022
Recent Comments