ჩვენს დროში, ნებისმიერი საქმის დამთავრება, თავისთავად, ფასეული მოვლენაა.
ეს იმიტომ, რომ აზროვნების დაქუცმაცებისა და სულიერების ვარდნის ხანაში, ძალზედ ძნელია დაწყებული საქმის დასასრულამდე მიყვანა: არ არსებობს არც ნიშნულები და არც წესები ამ დასრულებისა. იქნებ, იმიტომაც, რომ კაცობრიობა თავად გაყინულა საერთო აღსასრულის მორიგ მოლოდინში.
ასეა ეს დღიურიც. იგი ნაწილია ჩვენი ერის და საერთოდ, ჩვენი კაცობრიობის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მე, როგორც მის მწერალს, ძალზედ გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ ვამთავრებ მას აქ.
იქნებ, იმიტომ, რომ აქამდე მოვედი და სამშობლოში, ჩემს საყვარელ ოჯახთან დავბრუნდი. იქნებ, იმიტომ, რომ გაზაფხულდა და ქრისტეს აღდგომასთან ერთად განახლების იმედი გაჩნდა კვლავ.
ან იქნებ იმიტომ, რომ სხვა საქმეც ბევრია: ჩემი დიდი ოჯახის მოვლა იქნება ეს, ჩვენი სკოლის ბავშვების აღზრდაზე ზრუნვა, „ე.რ.ი.“-ს მშენებლობა, წერილების წიგნის გამოცემა, ტელემიმართვების წიგნის გამოცემა, ლექსების ახალი კრებულის გამოცემა, 20 წლის წინ დაწყებული რომანის – „IMMIGRANT” დამთავრება, ახალი მოთხრობების წერა, ჩემთვის მთავარი – ლექსის წერა, თუ უბრალოდ კითხვა, კითხვა და კითხვა, რომ არაფერი ვთქვათ განახევრებული ჯანის აღდგენაზე მიმართულ მტკივნეულ და განუხრელ, რობოტისებრ შრომაზე, რომელშიც, იქნებ, კვლავ ჩემი ძველი ლელობურთელობა დამეხმაროს, როგორც ეს 9 აპრილის შემდეგ იყო, აგერ, 33 წლის წინ.
ასეა თუ ისე, ამ დღიურმა მე განმიახლა და კვლავ ჩამახუტა დღიურის წერის კულტურას და „უძლურის დღიური“ კი მთავრდება, მაგრამ, იქნებ, რამე სხვა დღიური დაიწყოს. ვერ დაგპირდებით, როგორც იქნება.
ჩემთვის ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩება ყველაფერი, რაც თავს გადამხდა გასული წლის გიორგობიდან მოყოლებული (მას შემდეგ, რაც საკუთარი, და ოჯახის ყველა წევრის წრფელი არ-სურვილის მიუხედავად, ჩემთვის საძულველ პოლიტიკაში შევედი), ვიდრე გასული კვირის გიორგობამდე, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ამ დღიურის ზოგიერთი თავი ზოგ ადამიანს მაინც დაეხმარება ცხოვრებაში, გასაჭირში, უძლურებაში, აზროვნებაში, ქმედებაში.
ალბათ, მადლიერების უნარი მთავარი ადამიანური თვისებაა – არა მხოლოდ გამჩენის, არამედ მოყვასის მიმართაც და ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ მე უნდა ვუმადლოდე უამრავ ჩემს ახლობელ და ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს, ერსაც და ბერსაც, იმ წრფელი ლოცვისათვის, რამაც მე ორი, ერთდროული, სასიკვდინე და ხშირ შემთხვევაში, უკურნებელი ავადობისგან გადამარჩინა, რამაც სამი ქვეყნის ექიმები განაცვიფრა და გაახარა.
შეუძლებელია ვიცოდეთ, რა გველის წინ, გარდა ერთისა – სიკვდილისა ანუ გარდაცვალებისა, როგორც მას ქართველები ვუწოდებთ. ამდენი ხნის მანძილზე მასთან ასეთ სიახლოვეში ცხოვრებამ, იმედია, ცოტა ჭკუა მაინც მასწავლა და უფალს შევთხოვ, მომცეს უნარი, არ დავფლანგო და არ დავივიწყო ეს გაკვეთილები განახლებული ცხოვრების აურზაურში.
ვერაფერი გამიმრთელებს ჩემს ავადობას გადაყოლილი, ჩემი საყვარელი და შეუდარებელი მამის დაკარგვით დამსხვრეულ გულს, საყვარელი მამისა, რომლის ავადმყოფობაზე მრავალწლიანი ზრუნვაც მესაქმეობაში ჩემი ჩაბმის ერთადერთი მიზეზი იყო, რომელიც ვერც კი დავასაფლავე ჩემი ხელით და რომელსაც, როგორც კი თბილისში შემოვედი, ვეახლე, სანამ საოცრად დაზრდილ და თვალ-დარდიან შვილებს ვნახავდი სახლში ნინოსთან ერთად. და როდესაც ვფიქრობ, რომ მამა შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო, რომ არა ჩემი ეს ნაბიჯი, არათუ ამ დღიურის წერა, აღარაფერი აღარ მინდება.
უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად ჩემი წრფელი არ სურვილისა დამეჯერებინა, რომ რაც მე შემემთხვა დამმართეს, იძულებული ვარ, დავნებდე უამრავ ფაქტს, არა მარტო სამედიცინოს, არამედ პოლიტიკურ-სოციალურს, რომლებიც მთელი ეს წელი ჩემს გარშემო ხდებოდა და რომლებიც, სამწუხაროდ, სწორედ ჩემი რადიაციული მოწამვლისა და დასხივების ვერსიაზე მეტყველებს, როგორც მეტად სავარაუდოზე.
ვფიქრობ, ესეც ბუნებრივია ჩვენი დამპალი დროებისათვის: ვერაგობისა და ცბიერების არნახულ ხანაში, მტერიც კი ეფემერული და თითქოს არარსებულია. როგორც ერთ ლექსში მიწერია, აღარ გვწყალობს ღმერთი ხილული მტრებით და ჩვენს მხარდამხარ მოაბჯრე ძმებით. ყველაფერი ხომ, ვითომ, „ცივილიზებული და არაძალადობრივია“ და სინამდვილეში, ვინც ყველაზე მეტს გაჰკივის, არა ძალადობასო, ისაა ყველაზე დიდი მოძალადე, როგორც მატერიის მსახური და ეიდოსის მტერი.
ყველაფერი ეს კი, ბუნებრივია, თუნდაც ოფიციალურად დაუმტკიცებელ სტატუსშიც კი, დაღს ასვამს ჩემი აწინდელი ცხოვრების წესსაც და ჩემს აზროვნებასაც:
ცხოვრების წესის მხრივ, ეტყობა, უნდა ვეცადო, ბევრად ფრთხილად ვიყო, ვიდრე აქამდე გახლდით, პირველ რიგში, ჩემი რვა შვილისათვის.
აზროვნების მხრივ კი, თუ ეს ასეა, კიდევ ერთხელ უნდა ვაღიარო, რომ, სამწუხაროდ, ეტყობა, ბოროტება ბევრად უფრო მეტი და ბევრად უფრო ნამდვილია ამ ქვეყნად, ვიდრე ეს ხშირად ჩემისთანა იდეალისტს ეჩვენება.
უცნაურია, მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემში მაინც არანაირ ცვლილებას არ განაპირობებს ძირითად ქცევით მიმართულებებზე: არც ეროვნული იდეოლოგიის დაცვაში მხდის მოსურნეს ერთი იოტის ოდენი კომპრომისისა და არც რაიმე შურისგების სურვილს აღძრავს ჩემს გულში იმ ძალების მიმართ, ვისი ხელიც, როგორც ჩანს, ურევია ამ ბინძურ საქმეში. უფალო, შეუნდე, რამეთუ, არა იციან, რასა იქმან!
ამასობაში, უკრაინაში დაწყებულმა ომმა ყველაფერი შეცვალა და თავისი გლობალური, გეოპოლიტიკური მნიშვნელობით თვით საბჭოთა კავშირის დანგრევასაც კი გაუტოლდა.
რა ელის ჩვენს სამშობლოს ამ ახალ დროებაში და როგორ შეძლებს ის თავის გატანას ამ საუკუნეში, რომელიც, სამწუხაროდ, მეტ ნგრევასა და უბედურებას გვპირდება, ვიდრე თვით მეოცე საუკუნეც კი, ამას დრო გვიჩვენებს.
ჩვენ კი, მოწოდებულნი ვართ შიშსა და მოწყენას არ მივეცეთ და დაუღალავად ვიშრომოთ და ვილოცოთ მშვიდობისათვის, აღმშენებლობისათვის და მარადისობასთან ღირსეულად შეხვედრისათვის.
რამდენი დღეცა და წელიც დამრჩა, მხოლოდ ამას ვაპირებ და ჩემს ურყევ იმედს ვამყარებ გულთამხილველ შემოქმედზე.
რატომღაც, ამ დღიურის ბოლო სტრიქონების წერისას, თვალწინ მიდგას ჩემთვის უცნობი მეომრის კუშტი და საყვარელი ხატება, რომელსაც ოდნავ დამცინავადა და თანაგრძნობით ეღიმება მომავალზე ზედმეტად მოდარდე ადამიანის სმენისას და რომელიც დინჯად ისინჯავს ხუთი თითივით ნაცნობ აბჯარს, ტკბილი ღიღინით ლესავს ხმალს, თბილად ეფერება თავის ბედაურს და მარადიული სიმშვიდით ემზადება შემდეგი ბრძოლისათვის.
არ ვიცი, რა ჰქვია მაგ მეომარს, რა ეროვნებისა და სარწმუნოების არის ის, ან, იქნებ, ვიცი კიდეც, მაგრამ, ბავშვივით მინდა კი, რომ მისი მადლი მეც მომეცხოს, რომ მას მეც ვგავდე, რომ მე ვიყო ის.
ლევან ვასაძე
10.05.2022
Recent Comments