ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. VIII თავი

აი, ისევ მიწევს პირადს დავუბრუნდე, მას მერე, რაც წინა თავში მისგან ცოტა მოვისვენეთ.


გრძელდება ჩვენი ბლოკადა „მსოფლიო საოჯახო კონგრესი”-ს გვერდზე, ჩემი წერილის – „ჩემი ავადმყოფობის უცნაური გარემოებები“-ს გამო, ფორმულირებით, „სიძულვილის ენის გამოყენება“. ახლა კი შემატყობინეს, რომ ეს გვერდი, რომელიც ამდენი წელია გვაქვს და ამდენ საოჯახო და ეროვნულ თემატიკას ემსახურება და ამდენმა ხალხმა იცის, ფეისბუქმა „გააწითლა,“ რაც, როგორც ამიხსნეს, მაღალი ალბათობით, მის წაშლასა და მასზე განთავსებული უამრავი მასალისა და ვიდეოს განადგურებას ნიშნავს.

საოცრებაა. არც ველოდი ასეთ რეაქციას. მე ხომ იმ წერილში ცნობილი კითხვები დავსვი და ეტყობა, რაღაც საიდუმლო და მტკივნეულ სიმს გამოვკარი ხელი ლიბერასტების გულისნაცვალ ორგანოზე.


კიდევ საოცრება ისაა, რომ ამ სიკვდილთან ბრძოლის მდგომარეობაში (ხალხი რა საყვარელი და მიამიტია, ვიღაც დადებს ნაწყვეტს ჩემი ორი წლის წინანდელი ვიდეოდან ნარკომანების მკურნალობაზე, და იწერება: უი, რა კარგად გამოიყურებით, ბატონო ლევან, ესე იგი, მალე გამოჯანმრთელდებითო), როდესაც, არც კი იცი ადამიანმა, რაც დაგემართა მოგიწყვეს, თუ თავისით მოხდა, და როდესაც ნებისმიერი ნერვიულობა ამ ჩემს დაზიანებულ გულს სასტიკად ვნებს, რატომღაც, საერთოდ არ ვნერვიულობ ამ ბარბაროსულ შეტევაზე ჩვენს მიმართ.


უბრალოდ, ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები მას და ვეკითხები ჩემ თავს, ნუთუ, მართლა შესაძლებელია ასეთი ბოროტება ამ ძალების მხრიდან, ნუთუ, მართლა ისეთი მიამიტი ვარ, რომ ის, რასაც ალბათობად ვუშვებ, სინამდვილეში ჩემს ცხვირწინ მდებარე რეალობაა.


აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ნაც-ქოცურმა ალიანსმა თითქოს მოგვსპო, გაგვაქრო, წარბიც კი არ შეუხრია, ისე გაისუსა – თუმცა, რამდენს ვიცნობ – რაც თბილისური და ქართული წესებით საერთოდ სირცხვილია და წარბშეუხრელად გააგრძელა თავისი ტანგო გახარიასა და ლჭყპტ პარტიებთან. არა მგონია, მეყოს ცინიზმი დავიჯერო, რომ ხელოვნურადაც რომ ხდებოდეს ეს ჩემს თავს, მათ (ნაცებს არ ვგულისხმობ) ყოფნოდათ ამის სისასტიკე და გასაგებია, რომ დიდი ალბათობით, მაშინ ეს მათმა უცხოურმა უფროსობამ დაგეგმა და შეასრულა, მაგრამ, ამათ რა შეეშინდათ ასეთი, რომ ყველა გაჩუმდა. ის კი არა, რომ მე ეგ არ გაჩუმება რამეში მჭირდება ან დამეხმარება, მაგრამ, დამეთანხმეთ, საოცარი სილაჩრისა და გულგრილობის, სიმხდალისა და მედროვეობის სურათი გვაქვს.


და ახლა ეს არ ყოფნით, ვებგვერდებს გვიბლოკავენ და გვინადგურებენ, რომ ჩვენი სახსენებელიც არ იყოს.


ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა ვკითხო ყველა ჩვენს მტერსა და კრიტიკოსს, განსაკუთრებით მოტყუებული ახალგაზრდების ნაწილს: დარწმუნებულნი ბრძანდებით, რომ რაც ამდენი წელია ჩემზე და ჩვენზე იცით თქვენი დაღრეცილი სარკეებიდან, რომლებსაც მატრიცა მართავს, ობიექტური და ნამდვილია?


ახალგაზრდას, და საერთოდ, ადამიანის მოწოდება ხომ ჭეშმარიტების ძიებაა და მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელსაც გაგნებინებენ, რომ თქვენთვის თავისუფლება უნდათ, რომელიც თქვენს ყველაზე მდაბიო ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე თქვენს დამონებაში გამოიხატება, და რომ ამ თქვენი „თავისუფლების“ შემზღუდველები და მტრები თქვენი მშობლები, თქვენი ეკლესია და ჩემნაირი ხალხი არიან: ნუ, ნუ მოატყუებინებთ თავს, შვილებო, ამ გაბოროტებულ ჭინკებს, ნუ დახვალთ მათი ზედაპირული, ფსევდოსამეცნიერო ლექციების სანაგვე დონეზე, ნუ შეუშვებთ თქვენს წმინდა გულებში კომპრომისს, დააკვირდით, გნებავთ, ამ ჩემს შემთვევას, და გნებავთ, ნებისმიერ სხვას და ჰკითხეთ თქვენს თავს, რა მირჩევნია, გამაბაიბურონ და მომთაფლონ, თუ ვიყო ჭეშმარიტების მაძიებელი, ანუ ნამდვილად თავისუფალი ადამიანი?


იდიოტი კარლ პოპერის ნაცვლად წაიკითხეთ რენე გენონი, ბერნარ-ანრი ლევის ნაბოდვარის ნაცვლად – იულიუს ევოლა, ფრანკფურტის სკოლის პროვოკატორების ნაცვლად – მირჩა ელიადე, ჟაკ ლაკანის ნაცვლად – პიტირიმ სოროკინი, ზიგმუნდ ფროიდის ნაცვლად დიმიტრი უზნაძე და რადიარდ კიპლინგის ნაცვლად ლევ გუმილიოვი, ან კლოდ ლევი-სტროსი. უფრო სწორად, ეს ყველა წაიკითხეთ, ოღონდ, ესენიც წაიკითხეთ, მას მერე, რაც პლატონს მაინც გაიცნობთ, რომ ორივე მხარე იცოდეთ და მერწმუნეთ, რამდენიც არ უნდა იკითხოთ, ჭეშმარიტებას ვერ მიაგნებთ ქრისტეს გარეშე.


მე კი ხვალ ვერ დავწერ – ისევ ქიმია მაქვს – და ზეგ შეგეხმიანებით ახალი ფურცლით, რომელიც ეგებ ისევ რამდენიმე კაცმა მაინც ნახოს, ამ თავისუფლების მოყვარულთა ბლოკადის პირობებში.

ლევან ვასაძე

23.08.2021