რადგან არ მსურს ეს დღიური მოსაწყენი და ბლაგვი გახდეს, ზოგ დღეს ვდგები რთული არჩევანის წინაშე: შთაგონებით წერას განწყობა უნდა, ყოველდღიურს კი – გონებრივი წესრიგი, რომელსაც რომაელები დისციპლინას ეძახდნენ.
ამიტომ, როდესაც მდგომარეობა მიუარესდება, შთაგონებამდე ყოველთვის ვერ მივდივარ და მაწუხებს, რომ კიდევ ერთ დღეს გაღალატებთ.
ამიტომ, ვაძალებ თავს წერას, მაგრამ, თუ ნაწერი ჩემი გემოვნების შინაგან მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დამარცხებული ვუბრუნდები ხოლმე ლოგინს ან წაწოლილ სავარძელს. ამით აიხსნება დათქმული, ქიმიის 1 დღეზე მეტი გამოტოვებები, და არა იმით, რომ ვიზარებ, ან ვაღალატებ მკითხველს.
ყველა იტყვის, იმკურნალე, ეგ რა სადარდებელიაო, მაგრამ, აქ საქმე უფრო რთულადაა. იგი ჩვენს ეროვნულ თვისებებს ეხება, რომლებზე მუშაობასა და რომელთა გააზრებასაც მე მთელი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი და ვცდილობ, ჩვენი სკოლის ბავშვებს საუკეთესო მივცე.
რადგან ასეა, მოდით, ამ გონებრივ წესრიგზე და ჩვენთვის მის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ.
ჩინგიზ-ყაენის იმპერიაში, რომელიც ამაყობდა იმით, რომ ქალწულს შეეძლო მისი ერთი კიდიდან მეორემდე ხელუხლებელს გაევლო, ამ გონებრივ წესრიგს ჩინგიზ-ყაენის მეომრების გრძელი ნება ერქვა.
იგი გულისხმობდა უზადო წესრიგს და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში – უსასტიკეს სასჯელს.
ეთნოლოგებსა და კულტუროლოგებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ნების გამომუშავებას ხელი შეუწყო ევრაზიის სტეპების უკიდეგანობამ, რომლის სივრცეებში ცხოვრებისას ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია უდიდესი მოთმინებისა და გამძლეობის გარეშე, და რომ თავად ბუნება ახდენს გადარჩევას ისეთი გენეტიკისა და ისეთი ჯიშის ადამიანებისა, ვისაც შეუძლიათ მისი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
გეოპოლიტიკის მეცნიერების გაჩენამდე, XVIII – XIX საუკუნის პირველი გერმანელი მოაზროვნეები, ვინც ეთნოფსიქიკაზე ლანდშაფტის გავლენაზე ალაპარაკდნენ – როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ რატცელი და გაგიკვირდებათ, მაგრამ, თავად ჰეგელიცა და შელინგიც – თავიდანვე მიხვდნენ ამ ორის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობას და საფუძველი ჩაუყარეს გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, და ანგლო-საქსონური, საპირისპირო გეოპოლიტიკური სკოლის, ალფრედ მაჰენისა და, რაც მთავარია, სერ ჰელფორდ მაკინდერის ნააზრევს. ფრანგულმა და რუსულმა გეოპოლიტიკურმა სკოლებმა, სამწუხაროდ, ნაკლები განვითარება ჰპოვა, თორემ მეოცე საუკუნის ისტორია ცოტა სხვანაირი იქნებოდა.
ეთნოლოგიაში ჩემი ორი საყვარელი ავტორის, დიდი რუსი პოეტების, ნიკოლოზ გუმილიოვისა და ანა ახმატოვას შვილის, ციმბირის ბანაკებში ნაწამები დიდი ლევ ნიკოლაევიჩ გუმილიოვის ეთნოგენეზის თეორიაა ყველაზე საგულისხმო და სრულიად განმაცვიფრებელია კლოდ ლევი-სტროსის ნაშრომების აბსოლუტური უმრავლესობა. ამათზეც დიდი გავლენა მოახდინეს ნახსენებმა გერმანელებმა.
გახსოვთ დიმიტრი უზნაძის ცნობილი დახასიათება ჩვენი ერისა, როდესაც იგი ბრძანებს, რომ ჩვენ ადვილად ავენთებით, მაგრამ, მაჯა და გული მალე ცივდება და საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებთ? ანუ, საერთოდ არ გვეტყობა ჩინგიზ-ყაენის მეომრების გრძელი ნების ნასახიც კი. არ გვაქვს უნარი, წინააღმდეგობის პირობებში, რაიმე დიდხანს, განმეორებით ვაკეთოთ.
ამ დახასიათებას ალბათ ბევრნი ვეთანხმებით, და თუ გვინდა, რომ ქვეყანა თავზე არ დაგვენგრეს და თან ავაშენოთ კიდეც, ალბათ ამ ჩვენს მდგომარეობას რაღაც უნდა ვუყოთ. ლიბერალურ პარადიგმაში ამის შველის წამლები მექანიკურია და ე.წ. ეკონომიკური მეცნიერების წვრილმანებში ძევს. ლიბერალური წესწყობილებისათვის ფაშიზმის ნიშნებია იმის თქმა, რომ ერები რამით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, და რომ მათი ყოფისა და განვითარების ბედზე რამე მოქმედებს, გარდა ამ მექანიკური კანონებისა.
მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, მთელი მსოფლიოს ისტორიაცა და ჩვენი უახლესი ისტორიაც იმაზე მეტყველებს, რომ ერი მით უფრო სწორად ვითარდება, რამდენადაც იგი ახერხებს თავისი ისტორიისა და თავისი ამჟამინდელი ეთნოფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაბამისი იდეოლოგიური და შესაბამისად, პოლიტ-ეკონომიკური წესწყობილების შერჩევას.
ერთ დიდ რუს პატრიოტსა და მოაზროვნეს ვკითხე, რა უნდა რუს ერს-მეთქი, და თუმცა, ძნელია წარმოიდგინო მაგ ადამიანზე დიდი მოტრფიალე თავისი სამშობლოსი, მან განმაცვიფრა საოცრად თვითკრიტიკული და გულახდილი პასუხით. მან მიპასუხა, რუსებს უნდათ თანასწორობა დამოუკიდებლად სამართლიანობისგანო.
ამ პასუხის სიზუსტისა და სიღრმის გარდა, დამაფიქრა, რამდენად გვყოფნის ჩვენ უნარი ასე გულახდილნი ვიყოთ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური მდგომარეობის გააზრებისას, რომელიც აუცილებელია სწორი გზის შესარჩევად, რათა ქვეყანა გადავარჩინოთ.
პირველ რიგში, საჭიროა ვკითხოთ ჩვენს თავს, იყო თუ არა ეს უზნაძისეული მოკლე ნება ჩვენი თვისება მუდმივად, რაღაც კლიმატური და ეთნოგენეტიკური მიზეზების გამო, როგორც ამას გენიალური გუმილიოვი იტყოდა თავისი ეთნოგენეზის თეორიაში.
ცნობილია, რომ ასეთივე თვისებები ახასიათებთ ევროპის სამხრეთელ ხალხებს და ნებისმიერ ქვეყანაშიც კი, სამხრეთი უფრო მჭვრეტელი, დაუდევარი და ზარმაცია, ვიდრე ჩრდილოეთი. გოას მუქი ბრახმანული საწყისიც ძირეულად გასხვავდება რაჯასტანელი მარვარის ლეგენდარული მესაქმეობისგან, და მილანის ინდუსტრიული იტალია სხვა პლანეტაა და ჩვენებური ძველი ბიჭებივით ფეხ-შეკეცილი სიცილიელების პალერმო სხვა.
ამასწინათ, ტელეარხ „კულტურაზე“ გამოქვეყნდა ინტერვიუ იური როსტთან, სადაც ის იხსენებს დაავადებულ ბავშვთათვის ჩვენს მიერ საქველმოქმედოდ მოწყობილ მოტო-მოგზაურობას ლონდონიდან თბილისამდე და ამ ინტერვიუს ამონარიდი ჩვენს გვერდებზეც დავდეთ.
და თუმცა იური მიხაილოვიჩი, თავისი ძალიან თბილი და საქართველოსადმი ჩვეული სიყვარულით განმსჭვალული საუბრისას და მოგზაურობის სიძნელეების და დაცემების გახსენებისას, ამბობს, რომ დაძაბული რალისტი გზის გარდა ვერაფერს ხედავს, მე მაინც ბევრი რამ ვნახე მაგ ჯირითისას.
რადგან ბენზინის ბაკის დღეში სამჯერ-ოთხჯერ შევსება მიწევდა, თერთმეტივე ქვეყანაში, რომელიც დიდი სისწრაფით გავიარეთ, მქონდა ურთიერთობა ხალხთან და ბუნებრივია, ბევრად უკეთესი საშუალება ბუნებასა და გარემომცველ ინფრასტრუქტურაზე დაკვირვებისა, ვიდრე ეს მანქანიდან ხდება.
და აი, რა აღმოვაჩინე: დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მოძრაობისას (არავის წყენინება არ მინდა), უარესდებოდა ინფრასტრუქტურა და უმჯობესდებოდა ურთიერთობაში ხალხი. თიბათვე იყო და ბელგიის სათიბებზე დადგმული უზარმაზარი ოქროსფერი თივის დოლები თეთრი შურით აღავსებდნენ ნებისმიერ სოფლის მეურნეობის მოყვარულს და ჩამავალი მზის ელვარებაში მხოლოდ თანამედროვე ვან გოგის ფუნჯს ითხოვდნენ, ბავარიის მთების ზღაპრულ სურათებში, ისეთი განცდა მქონდა, რომ დამლაგებლები იქ მთებსაც კი ალაგებენ, და, რა თქმა უნდა, ზედაპირულ ღიმილში, ზრდილ მიღებასა და სოსისით და კარტოფილით გამასპინძლებაში ბიურგერს არაფერი დაეწუნებოდა. მაგრამ, აი, სამხრეთ სლავურ მიწებზე შესვლისას სურათმა ამოტრიალება დაიწყო: კათოლიკურ ხორვატიაში ერთგვარი სინთეზი იყო, არც მთლად დასავლური ინფრასტრუქტურისა და არც მთლად გულგრილი ხალხისა. აი, სერბებთან და ბულგარებთან კი, უკვე წავიდა დაღრეცილი ღობეები და გულში რომ ჩაგიხუტებენ და დაგკითხავენ, ფულს რომ არ გადახდევინებენ სადილზე, მასეთი ხალხის რიგი. ანომალია იყო თურქეთი, რომელზეც ბევრს არ ვისაუბრებ, ვინმეს რომ არ ვაწყენინო, ჯიგარი ხალხიც შეგვხვდა, მაგრამ, მძღოლების აგრესიულობა ჩვენს მიმართ საოცარი იყო.
ამიტომ, ზემოთ ნახსენებ ჩრდილო-სამხრეთულ დიქოტომიას, უნდა დავუმატოთ, თუ გნებავთ, სარწმუნოებრივიც, ძირეული განსხვავება ამქვეყნიური სამოთხის მაგვარის მშენებლობაში წარმატებულ, მაგრამ, ნაწილობრივ გულდაკარგულ დასავლურ ქრისტიანობასა და ამქვეყნიურ საზრუნავზე ნაკლებად მოდარდე, მაგრამ, შეუდარებლად უფრო თბილი ხალხის აღმოსავლურ ქრისტიანობას შორის. რა თქმა უნდა, ბოროტებაცა და მზაკვრობაც, სიკეთეცა და სიალალეც ორივეგანაა, მაგრამ, სურათი მკვეთრად კონტრასტულია.
ამიტომაა, რომ საკუთარი ხალხის გადაკეთების მსურველი უვიცი ახალგაზრდა, თუ მითუმეტეს ცინიკურ უცხოელ პატრონს იპოვის, როგორც ეს საქართველოში მოხდა ნულოვანი წლების დასაწყისში, პროლეტარული სიძულვილით რეცხავს და ანადგურებს თავის საზოგადოებას, რადგან საკუთარი გაუნათლებლობისა და მენივთე ოჯახში აღზრდის გამო მიაჩნია, რომ ხალხის გადაკეთება შესაძლებელია.
ასე მიაჩნდათ ლიბერალებამდე ბოლშევიკებსაც და ფაშისტებსაც. მაგრამ, მერე საოცარი მეტამორფოზა ხდება, ესვე ახალგაზრდა, თავისსავე, თუნდაც ნახევრად ნარევ, სისხლს ვერსად გაურბის და ხელისუფლების ხიბლში ჩავარდნილი, უარეს ბანჯგვლიან ღორს ემგვანება, ვიდრე ის „ღიპიანი ბიძები“, ვისაც ის თავის სიბეცეში ებრძვის, ცდილობს ეს დამალოს რაღაც ახალგაზრდული ჩაჯაჯული ”ზმანებითა” და სათვალეებით და საერთოდ ჯამბაზი ხდება და ზარავს თავისსავე პატრონს, იმდენ კომპრომატს უგროვებს მას თავის თავზე, თავისი გარყვნილი, ნარკოტიკებით გაჟღენთილი და უნამუსო ცხოვრებით.
და რა თქმა უნდა, მის პატრონს რომ დასავლური მორალური კოდექსის სინდის-ნამუსის ნარჩენები მაინც ჰქონდეს, იგი მას გამოცვლიდა, მაგრამ, ეს არ ხდება მისივე სრული უნამუსობის გამო და კოჰაბიტაცია და ნაც-ქოცური დიქოტომიის გზით დიფუზია გრძელდება „our son of a bitch”, ანუ „ჩვენი ნაბიჭვრის“ ცინიკური პრინციპით.
თუ ვინმე გაბედავს და დაუკითხავად შეჰყოფს ცხვირს მაგ იდილიაში, ან უნდა მოისყიდონ, ან კომპრომატი ჰქონდეთ, ან თუ არცერთი არ გამოსდით, ის შეიძლება უეცრად ძალიან ავად გახდეს და ან დაიღუპოს, ან მრავალთვიანი მკურნალობა დასჭირდეს, და რომც რამეს წერდეს სარეცელიდან, იმ ნაწერსაც კი დაუბლოკავენ, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ხალხმა გაიგოს მის შესახებ.
დიმიტრი უზნაძის ჩვენს არასახარბიელო დახასიათებას რომ დავუბრუნდეთ, ამავე დროს ჩვენი ქვეყანა სავსეა ნივთიერი მტკიცებულებებით, ჩვენი ციხეებისა და ტაძრების სახით, რომლებიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ვერც დიდი აბულის ციხეს და ვერც ჯვრის მონასტერს ჩვენნაირი ხალხი, ხარებითა და ურმებით, კვერცხის გულებითა და დაწნული თოკებით ვერ ააშენებდა, ამ ჩვენი მოკლე ნებით. ეს ცხადია.
მაგრამ, აი, რა არის უფრო საყურადღებო: სად არის თავდაცვითი და სასულიერო ნაგებობების გარდა, რომლებშიც არავის ტოლს არ ვუდებთ მსოფლიოში, სხვა ნაგებობები ჩვენი საცხოვრისისა, ვგულისხმობ, სახლებსა და სასახლეებს.
ის, რაც ჩვენ შემოგვრჩა, ან წინა რუსული ან რუსული ეპოქის ბევრად უფრო გვიანდელი რამ არის, ვიდრე ის, რითიც სავსეა თუნდაც იერუსალემი, ისპაჰანი, ევროპაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჩვენი ისტორიოგრაფია ამას ცალსახა პასუხს სცემს – დამპყრობლური ომები, რომლებმაც ყველაფერი გაანადგურა.
მაგრამ, მე ბავშვობიდან მიჭირდა ამ თხრობის ასე ცალსახად დაჯერება, რადგან არ მესმოდა, მაშინ რატომ არ გაანადგურეს მათვე ის, რაც შემორჩა, თუ ისიც იგივე ხუროთმოძღვრული ცოდნით იყო აგებული, როგორც ეს?
მგონია, რომ პასუხი ცოტა სხვა ჭრილში ძევს.
ჩვენი გასაოცარი კულტურა, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებას წუთისოფელს უწოდებს, არასოდეს აგებულა შვილების მიერ ერთმანეთის საშუღლო და დასახოცი ქვის სახლების ირგვლივ, რომლების ძეგლებსაც წარმოადგენს ნებისმიერი პიაცა ან პლაცი ევროპაში.
ეს მერე მოგვეძალა, მოდერნში. ამას ჩემი სახლის მაგალითზეც მივხვდი, რომელსაც ვერ გავხერხავ 8 შვილზე. ამიტომ, მისი ნახევარი უკვე სკოლის ბავშვების განკარგულებაშია. და როდესაც დრო მოვა, თუ ოჯახს საშუალება ექნა, იქნებ მთლიანადაც სკოლასთან გადავიდეს, ან რამე სხვა საზოგადოებრივ ობიექტად გადაკეთდეს.
საერთოდ ის, ვინც ფიქრობს რომელ შვილს რა დაუტოვოს, ვერ გააჩენს 1-2-ზე მეტს, როგორც ეს საბჭოთა დროს ხდებოდა.
სახლი, ქართულ კულტურაში, იმავე ჩვენი ბუნებრივი პირობების წყალობით, უმეტესად ხის იყო და არ გულისხმობდა მარადისობასთან ადამიანის საცხოვრებლის ჭიდილს, ის ერთი-ორ თაობასთან ერთად ამოიზრდებოდა და მერე, როგორც უფალი ფუძეს გაახარებდა, ის ბედი ეწეოდა. რა თქმა უნდა, სამცხესა და ქართლ-კახეთში იყო დიდი კულტურა ქვით ნაგები საცხოვრებლებისა, მაგრამ, იგი თავდაცვითი საჭიროებებით იყო განპირობებული, მთაში საგვარეულო კოშკებისა და ბარში ყორეების ჩათვლით, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დენთის შემოსვლისა და ლეკიანობის გახშირების მერე.
ამიტომ არ გვაქვს ჩვენ ქალაქური კულტურის ქართული მემკვიდრეობა, ჩვენ სოფლური კულტურა ვართ, და ისეთი სიტყვებიც, როგორიცაა მსოფლიო, მსოფლმხედველობა, წუთისოფელი, ქვე-ყანა, სწორედ ამაზე მეტყველებს.
ეს იმდენად ღრმა თვისებაა ქართველური ლოგოსისა, რომ ჩვენ მხოლოდ მაგ მიმართულებით შევძლებთ ამოსუნთქვასა და განვითარებას, ამ ჩვენი დამახინჯებული ქალაქების კლანჭებში, ოღონდ, არა ამ აზრთან სიტყვით დათანხმებით, არამედ საქმით, ანუ ქალაქში სიმწრით საშოვნი დოვლათის მამულზე, შეძლებისდაგვარად, გადანაწილებით და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანის იქ ცხოვრებით.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ ხელში თოხი უნდა დაიჭიროს, გინდა, მაღალ ტექნოლოგიებში ვიმუშაოთ და გინდა, განათლების სფეროში, მაგრამ, ჩვენი ჰაბიტატი კვლავ უნდა გახდეს ერთსართულიანი საქართველო.
ხალხი, ვინც ამ აზრს ეთანხმება, ხშირად შეცდომით თვლის, რომ ამას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი და კარგია, თუ ამას ოდესმე მივაღწევთ, მაგრამ, ურბანოცენტრულ ლიბერალურ რესპუბლიკაში, და, რაც მთავარია, მისსავე კულტურულ კოდში, ეს ძალიან ძნელია და არ არის მთავარი.
მთავარი არის ჩვენი სურვილი, დაფუძნებული ამ ცვლილების არა მატერიალურ, თვლად, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან, სულიერ გააზრებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანისათვის ამქვეყნადაც ბევრად მეტი სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური დოვლათი.
ამის საწინააღმდეგოდ სპილენძის საყვირში დაუდუმებლად იყმუვლებს ბაბილონის მეძავის საშო, რომელიც ეცდება დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვაკლდებით სარგებლისათვის შეჯიბრს ქალაქში და ამით ვჩაგრავთ საკუთარ შვილებს. მე ეს არაერთხელ მინახავს ჩვენი სკოლის მაგალითზე, როდესაც, თავად მოუსვენარ მშობელს მიჰყავს ბავშვი ამ მიზეზის გამო, მიუხედავად ყველა რაციონალური არგუმენტისა ამის წინააღმდეგ და მერე ბავშვი ტირის და განიცდის ამ ცვლილებას და სკოლაში უნდა დაბრუნება.
საბოლოო ჯამში, მაგ საყვირის ჩაჩუმება და მისდამი სიყრუე სრულიად შეუძლებელია, ისევე, როგორც ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილ თავში ნახსენები ოდისევსის „კალიფსოს“ ბინადართა მხრიდან სირენების ძახილის უგულვებელყოფა, მაგრამ, ეს უკვე უძღები შვილის იგავის მრუდეა, რომელიც ყველა ადამიანმა და ყველა ოჯახმა უნდა გაიაროს.
მაგრამ, იგავი ვერ შედგება და კარგად ვერ დამთავრდება ჩვენს ახალგაზრდებთან მიმართებაში, თუ მათ, უძღები შვილისაგან განსხვავებით, მამასთან დასაბრუნებელი მამული არ აქვთ, და მხოლოდ უკეთეს ბეტონის გალიას „ჩალიჩობენ“, ვიდრე ის, რომელშიც იგი მშობლებმა გაზარდეს.
ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ბოლო ორიოდე თაობის სიცოცხლის განმავლობაში და რამე თუ ახლავე არ შევცვალეთ, საბოლოოდ შეიძლება ახდეს რეფორმატორების უტოპია და ჩვენც, როგორც ერი, შევიცვალოთ, ოღონდ ეგ აღარ იქნება ქართველი ერი, ეგ იქნება სახელწოდებით ქართველი, სინგაპურიზირებული ერი და ამის არ დაშვება, გრძელი ნების ჩვენში ჩამქრალი თვისებების მოხმობითა და აღდგენით, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, თუ ჩვენ ეროვნულობასთან რამე გვესაქმება საერთოდ.
მიტოვებული მამულისათვის ქვითინის დრო მორჩა, დადგა დრო მიტოვებული მამულის ჩვენი ხელით, ჩვენი გულით, ჩვენი გონებით აღორძინებაში ქმედებისა, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა. და ეს ერთნაირად საჭიროა დაღვინებული ხალხისთვისაც და ახალგაზრდებისთვისაც. და რაც მეტი ახალგაზრდა ოჯახი გაისიგრძეგანებს ამას, ოღონდ არა პირველი ენთუზიაზმის ჩაქრობამდე, როგორც საბჭოთა დროს რამდენიმე ასეთი წამოწყება ჩავარდა, არამედ სიღრმისეულად, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.
ეს კი შეუძლებელია ასეთი აღორძინებული, ან თავიდან შექმნილი დაბისა თუ სოფლის გულის – ტაძრის გარეშე, რომელიც არის აზრთა აზრი ამგვარი მოქმედებისა.
ბიბლიოლოგიაში და მამათა ნააზრევში ხშირად საუბარია არა ადამიანის სამოთხეში მოხვედრაზე, არამედ, მის იქ დაბრუნებაზე. და ეს დაბრუნება, ბევრად უფრო ადვილია ადამიანისათვის, თუ იგი, წინააღმდეგობის მიუხედავად, მას მიწიერ სიცოცხლეშივე დაიწყებს.
თუ მეოცე საუკუნე ჩვენი მხრიდან ქართული მიწის ღალატის საუკუნე იყო, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, XXI საუკუნე მისთვის შენდობის თხოვნისა და მასთან დაბრუნების საუკუნედ უნდა ვაქციოთ.
ერთ-ერთი პირველი ქართველოლოგი, უილიამ ალენი, XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე საინტერესო დაკვირვებას აკეთებს ჩვენზე. იგი ამბობს, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ ესპანელებსა და ირლანდიელებს იმით, რომ გვახასიათებს მათი მსგავსი კოლექტიური უპასუხისმგებლობა.
2013 წელს დაწერილ ჩემს ნაშრომში „ერი და სახელმწიფო“, მე ვამბობდი, რომ ეს დაკვირვება საგულისხმოა არა მარტო იმით, რომ ალენმა უნებლიედ იწინასწარმეტყველა იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობი და შემდგომში დადგენილი ფაქტი დასავლეთ იბერიული და კელტური კულტურების ნათესაობისა ჩვენთან, არამედ იმითიც, რომ ჩვენ ამ კოლექტიური უპასუხისმგებლობის მაგალითებს ყველგან ვხედავთ.
თბილისი, რომლის ე.წ. ელიტაც ყველაზე მეტად იჭაჭება ევროპელობაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დედაქალაქებიდან, ერთადერთია ამ დედაქალაქებს შორის, რომელმაც თავისი საცხოვრებელი კორპუსების საქვაბეები ჯართში გაზიდა და თავისი თავი ქვის ხანაში გადაისროლა. ეს იმიტომ, რომ ბინის ინდივიდუალურად გათბობის სინამდვილე, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, გარდა იმისა, რომ სამჯერ მეტი ჯდება ამ ჩვენი ღატაკი მოსახლეობისათვის, ვიდრე საქვაბით გათბობა, ზუსტად შეესაბამება იმას, როგორც ქვის ხანაში ათბობდა ადამიანი საკუთარ გამოქვაბულს. ეს სხვაგან არსად მომხდარა, არც ერევანში, არც მინსკში, არც კიშინიოვში, ამავე რესპუბლიკების მეორადი ქალაქების ჩათვლით.
და ეს ქვეყანაში, სადაც, ამავე ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადარბაზოში ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველასთან შერბის გოზინაყითა და ტკბილეულით ახალ წელს, ჭიქებს აჭახუნებს და ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებს, მაგრამ, ძირძველი ქართული კეთილმეზობლური კოდექსიც იმდენად გადაღრეცილი და გაყალბებულია ქართველისათვის არაორგანულ გარემოში, რომ მას ურჩევნია იწყინოს ჭორი, მეკვლემ ფული არ დადო საქვაბისთვისო და ჯართში გაზიდოს ის, ვიდრე კოლექტიური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. ჩვენივე უნიკალური და მსოფლიოში ერთადერთი გამოგონებაა, ამავე ეთნოფსიქოლოგიური მიზეზით, ლიფტებში ხურდის ჩასაგდები აპარატები, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
ეს უნიკალური ყოფითი მაგალითი, ჩვენი სადარბაზოების სამარცხვინო სიბინძურეს რომ თავი დავანაბოთ, ბევრისათვის, სიტყვის დონეზე, დიდი სირცხვილია. გამოდის, რომ ჩვენ წითელი იმპერიის ფარგლებში, დაგვძალდა ინდო-ევროპული ყოფის სტანდარტი და როდესაც ის აქედან წავიდა, ჩვენ მეტი ევროპა გვინდას ძახილში მეტი აზია აღმოვჩნდით.
მაგრამ, გარდა ამ შეხედულებისა, მინდა დავუბრუნდე ზემოთ ხსენებულ აზრს ჩვენი კულტურის სოფლურობისა და მაგ კუთხით წარმოვაჩინო ეს მოვლენაც. ჩვენ არ ვართ ქალაქის კულტურა და გრიშაშვილის ლექსები და ცაბაძის ლირიკა აქ არაფერ შუაშია.
უკაცრავად, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ, ცუდად ყოფნის დროს, ტკივილის დაძლევითა და გრძელი ნების მოხმობის მცდელობისას, ჩვენ, ამ თვისება დაკარგული ქართველები, პარადოქსულად კარგად ვხდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ. ასე მოხდა ახლაც.
ერთხელ, მყინვარწვერზე ლეგენდარულ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად ყოფნისას, რომ მეგონა, მწვერვალზე საერთოდ აღარ დამრჩა ძალები და ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დავეშვა ქვევით, ბიძინამ მითხრა, რომ სინამდვილეში, მისი დაკვირვებით, მაგ დროისთვის მე ჩემი სხეულის შესაძლებლობების მხოლოდ 3-4% მქონდა გამოყენებული, და მსოფლიოში ამ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მთამსვლელის შეგონებამ ჩემში სწორედ ის გრძელი ნება გააღვიძა, რომელმაც „მეტეომდე“ საკმაოდ ადვილად ჩამომიყვანა.
და ბოლოს, კიდევ ერთი დაკვირვება ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებით.
კიკეთში, ჩვენთან ერთად წლების მანძილზე მშრომელი მუშები და ხელოსნები, თავიანთი ხელმძღვანელით, არაჩვეულებრივი და სინდისიერი ადამიანის, ნიაზ გაფრინდაშვილის თაოსნობით – რომლებთან ერთადაც მე არაერთი წელია, ჩემს შვილებთან ერთად, ვშრომობ და ხან ვეჩხუბები და ხან ვაქებ და დიდ პატივს ვცემ – შეიძლება თვითონ ვერ ამჩნევენ, მაგრამ, მკაფიოდ განსხვავდებიან მუშაობის მარგი ქმედების თვალსაზრისით, სამუშაოს სახეობიდან გამომდინარე.
ყველაფერი, რაც ეხება ბოსლის, საქათმის, თივის შესანახის, მარნის აშენებას, ან თუნდაც, სახლის საფუძვლისა და მისთვის საჭირო დაწნა-ჩასხმა-მშენებლობას, ყველაფერი ადვილად მიდის. მაგრამ, როგორც კი საქმე ეხება რაიმე სხვას, საცხოვრებელი სახლის შეკეთება-გაკოპწიავება იქნება ეს, თუ სკოლისა, იქ საქმე იწელება და ნაკლები ხალისით მიდის. თუმცა, საკმარისია იმავე სახლში რაიმე მიწის სამუშაო გავაკეთოთ, ბაღში ქვის კიბე იქნება ეს, თუ ეზოში ტალავერი, ხალისი კვლავ ბრუნდება.
და ეს არ არის ხელოსნისა და მუშის კვალიფიკაციის საკითხი, ჩემი აზრით, ეს არის სიღრმისეული ეთნოფსიქოლოგიური ანარეკლი იმ მივიწყებული მიმართულებისა, რომლის გარეშეც ჩვენს ქვეყანას ჩვენ ვერ გადავარჩენთ და ვერ ავაღორძინებთ.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი განვითარების მოდელი ვინმესაზე ნაკლებად წარმატებული იქნება, პირიქით. უბრალოდ, ყველას თავის გზა აქვს. ჩვენი გზა არის მიტოვებული საქართველოს კვლავ დასახლება მისი ერთგული ოჯახებითა და იმ მტვერსასრუტების გამოთიშვა, რომლებსაც ქართული უპერსპექტივო და ჩახერგილი ქალაქები ჰქვია.
© ლევან ვასაძე
? 07.09.2021
➡️ დღიურის სრული ვერსია: https://eri.ge/2021/09/05/mtlianiversia/
Recent Comments